როგორ იქცა ეჭვიანი ქმარი სერიულ მკვლელად - მეგობრის სახუმარო წერილით დაწყებული დიდი ტრაგედია

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 ქართული ფილმი „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“, ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი. ფოსტალიონის პროფესია, რომელიც ადრე ძალიან დასაფასებელი იყო და ფოსტალიონების გამოჩენას ბევრი მოუთმენლად ელოდა, ახლა, უბრალოდ, აღარ არსებობს. არიან ფოსტის კურიერები და რაც მთავარია, აღარავის მოაქვს შინ ჟურნალ-გაზეთები. სამწუხაროდ, ჩვენში ეს ტრადიციაც მოკვდა. ფოსტალიონს იცნობდა ყველა - ერთი ადამიანი რამდენიმე კორპუსს ემსახურებოდა, სოფლებში კი საკუთარი ფოსტალიონები ჰყავდათ და, რა თქმა უნდა, მათაც ყველა იცნობდა.

 „დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში, ფოსტალიონი ქალი მოკლეს. იმის გათვალისწინებით, რომ ფოსტალიონობა ჩვეულებრივი პროფესია არ იყო -  დაჰქონდა წერილები, დეპეშები, ამანათები და შეიძლებოდა, რამე ისეთი გაეგო, რაც კანონსაწინააღმდეგო გახლდათ, საქმე განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეს და მივლინებით დასავლეთში გამიშვეს“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გარდაცვლილ ფოსტალიონს ოთხი შვილი ჰყავდა, ოთხივე ბიჭი და სოფელში, როგორც თავად ქალი, ისე მისი შვილები ავტორიტეტით სარგებლობდნენ. წესიერი, მშრომელი ადამიანები იყვნენ და ვერავინ ხვდებოდა, ვის და რატომ უნდა მოეკლა ქალი, რომელიც მთელ სოფელს უყვარდა. მკვლელობა სოფლის განაპირას, ტყეში მოხდა. ამ ტყეში ბილიკი გადიოდა, რომელიც ცენტრალურ გზას საგრძნობლად ამოკლებდა და მთელი სოფელი ამ ბილიკით სარგებლობდა. ქალს თავში მძიმე საგანი ჰქონდა ჩარტყმული, არც გაძარცვული იყო, არც არავის უძალადია. ფოსტაში ყველა წერილი და გაზეთი გადაამოწმეს, რომელიც იმ დღეს ფოსტალიონს გაატანეს და გაარკვიეს, რომ ჩანთაში ყველაფერი ხელუხლებლად იდო. გადაამოწმეს სხვა დღეები, არაფერი განსაკუთრებული, არავის ამანათი არ მიუღია და წერილებიც ისეთი იყო, სამართალდამცავებში ეჭვს რომ არ იწვევდა. სამაგიეროდ, მეზობლებმა თქვეს, ორი კვირის წინ, სოფელში, ერთ-ერთ ოჯახში კონფლიქტი მოხდა, ქალი სახლიდან გაიქცა და სწორედ ფოსტალიონი ჩაერიაო, მაგრამ რა ფორმით, არავინ იცოდა.

გამომძიებლები აღნიშნულ ოჯახში მივიდნენ. მართლაც, ცოლ-ქმარს კამათი მოუვიდათ, რის შემდეგაც ქალი სახლიდან წავიდა. თურმე, ფოსტალიონი წერილებს წერდა ხან ერთს, ხან - მეორეს და ისინი ასე შეარიგა ანუ გარდაცვლილმა მაქსიმუმი გააკეთა, რომ ოჯახი არ დანგრეულიყო და როცა სიმართლე გაირკვა, ცოლ-ქმარმა ფოსტალიონს მადლობა გადაუხადა, შოკოლადის ფილაც კი აჩუქა და ახლა ისინი მისი გარდაცვალების გამო ძალიან წუხდნენ.

„გადავამოწმეთ ყველა, ვისი გადამოწმებაც კი შეიძლებოდა. მისი შვილების მეგობრები, მოვიძიეთ, ჰქონდათ თუ არა მათ კონფლიქტი, მაგრამ ვერაფერს მივაგენით. ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა - ამ ოჯახს მტერი არ ჰყავდა, სოფელში ყველას უყვარდა და პატივს სცემდა. შესაბამისად, წარმოიშვა მეორე ვვერსია - ტყის ბილიკზე ფოსტალიონმა დაინახა ისეთი რაღაც, რაც არ უნდა დაენახა და ამიტომ მოიშორეს, თუმცა აღნიშნულ სოფელში, კრიმინალის მიმართულებითაც ყველაფერი რიგზე იყო. ერთადერთ კაცს ჰქონდა სასჯელი მოხდილი და მასაც ავარიის გამო, თუმცა ის კაცი, აგერ, უკვე მეშვიდე წელი იყო, რაც ციხიდან გამოვიდა და ჩვეულებრივი, მშრომელი გლეხი იყო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მომხდარიდან სამ კვირაზე მეტი იყო გასული, როცა იმავე ბილიკზე, ახალგაზრდა გოგოს დაესხნენ თავს. გოგონა სკოლის მოსწავლე იყო, შინ ბრუნდებოდა, როცა ვიღაცამ უკნიდან თავში მძიმე საგანი ჩაარტყა და ადგილზე დატოვა. გოგონა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. სოფლელებიცა და სამართალდამცავებიც მიხვდნენ, რომ ყველაფერი ეს, შემთხვევითი არ იყო და ვიღაც შეგნებულად ესხმოდა თავს ქალებს. დაიწყო იგივე პროცედურები, შეისწავლეს გოგონას სამეგობრო და ისევ არაფერი - ჩვეულებრივი სოფლელი გოგო, რომელიც სკოლას ამთავრებდა და იქვე, რაიონში არსებულ ტექნიკუმში სურდა გამოცდების ჩაბარება. არც გოგონას მშობლებს ჰყავდათ მტრები და ამიტომ, შურისძიების მიზნით თავდასხმის საბაბს ვერავინ ხედავდა.

ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ვიღაც ყველაფერს შეგნებულად აკეთებდა, ხოლო მეორე მხრივ, არ არსებობდა მოტივი არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში. თუ ფოსტალიონს რამდენიმე მანეთი ჰქონდა, გოგონას ოქროს საყურეები და ოქროს ყელსაბამი ეკეთა. თავდამსხმელმა ხელი არცერთს არ ახლო, არც იძალადა, ამის მცდელობაც კი არ ჰქონია. მაშ, რა იყო მიზეზი, რომ ვიღაც ქალებზე ნადირობდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა ასაკს?!

იყო კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში, ქალებს გაქცევა არ უცდიათ. ეს ნიშნავდა, რომ ისინი თავდამსხმელს არ მორიდებიან ანუ იცნეს, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ თავდამსხმელი იმავე სოფლიდან იყო და მისგან საფრთხეს არ ელოდნენ. ყველა ლოგიკით, თავდამსხმელი კიდევ უნდა გამოჩენილიყო და ასეც მოხდა - ერთი კვირის შემდეგ, ტყის ბილიკზე მიმავალ ქალს უკნიდან კვლავ რაღაც ჩაარტყეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, სამართალდამცავებს მოწმეც ჰყავდათ - ტყეში კენკრის საკრეფად წასულმა სხვა ქალმა დაინახა, როგორ ჩაუქროლა ვიღაც ცხენიანმა კაცმა ქალს და როგორ ჩაარტყა თავში ჯოხისმაგვარი საგანი, მაგრამ დარტყმის სიძლიერითა და ჭრილობით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ თავდასხმის იარაღი რკინის ნაჭერი იყო და არა - ჯოხი. მიხვდნენ სამართალდამცავები, რომ ორივე შემთხვევაში, დაზარალებულების გარშემო ფეხის ანაბეჭდი იმ მიზეზით არ იყო, რომ თავდასხმელი ცხენზე იჯდა.

ცხენი სოფელში ექვს ოჯახს ჰყავდა. აქედან საეჭვო ერთიც არ იყო, მაგრამ მათი ძირეული შესწავლა მაინც დაიწყეს. მცირე ეჭვი ერთ ახალგაზრდა კაცზე მიიტანეს, რომელსაც ცოლი და ორი შვილი ჰყავდა. როგორც ამბობდნენ, კაცი ოჯახზე გიჟდებოდა, ცოლ-შვილი ძალიან უყვარდა, მაგრამ ბოლო დროს შეიცვალა და თუ მანამდე, ცოლის გარეშე არსად დადიოდა, ახლა ქალი შინ გამოკეტა და უკვე 6 თვე იყო, არსად უშვებდა. სამართალდამცავები მის დასაკითხად მივიდნენ და როგორც კი ეზოში შევიდნენ, ცხენი დაინახეს, უნაგირის სამაგრში კი რკინის მოკლე ნაჭერი იყო გაჩრილი. როგორც კი მასპინძელმა მილიციის თანამშრომლები ეზოში დაინახა, ღობეს გადაევლო და გაიქცა, თუმცა მაინც დააკავეს.

სახლის ჩხრეკამ არაფერი მოიტანა, ან რა უნდა მოეტანა, როცა დანაშაულის იარაღი უკვე ნანახი ჰქონდათ, მოტივი კი...

„დაკავებულის ცოლს სხეულზე ადგილი არ ჰქონდა, დალურჯებული რომ არ ყოფილიყო. ექსპერტიზის დასკვნით, ქალს ყოველდღიურად სცემდნენ და ჩალურჯებები, როგორც ახალი, ისე ძველი გახლდათ. დაკითხვაზე დაკავებულმა თქვა - ცოლი სიგიჟემდე მიყვარდა, საკუთარ თავზე მეტად, შვილებზე მეტად. ერთ დღეს, ანონიმური წერილი მივიღე, მწერდნენ, ცოლი გღალატობს და მეორე შვილი საერთოდ შენი არ არისო. გონება დამებინდა, ბავშვს დავაკვირდი და ჩემთან მსგავსება, მართლაც, ვერ აღმოვაჩინე. არადა, ოჯახისთვის ვაკეთებდი ყველაფერს და ყველაფერი მხოლოდ მათთვის მსურდა. როცა წერილი წავიკითხე, მივხვდი, რომ ქალის გამოსწორება არ იქნება, არასდროს უნდა ენდო ქალს. მთელი მოდგმა შემძულდა და გადავწყვიტე, როგორც კი მომენტი ჩამივარდებოდა, ნებისმიერი ქალი, ვინც უნდა ყოფილიყო, მომეკლა. პირველი ფოსტალიონი შემხვდა და მოვკალი, შემდეგ ის ახალგაზრდა გოგო... თუ არ დამხვრეტენ, ციხიდან რომ გამოვალ, იგივეს ვიზამ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სასამართლომ დაკავებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც ყველაზე საინტერესოა, სამართალდამცავებმა იპოვეს წერილი, რომელზეც მკვლელი საუბრობდა და დაადგინეს, რომ კაცს ის იმავე სოფელში მცხოვრებმა, მკვლელის ცოლის მეგობარმა მისწერა. მან იცოდა კაცის დიდი სიყვარულის ამბავი და უნდოდა, უბრალოდ, გახუმრებოდა, მას შემდეგ კი, რაც მიხვდა, რომ წერილის წაკითხვისთანავე, მამაკაცი ცოლს ყოველდღიურად სცემდა, შეეშინდა და გაჩუმდა. რეალურად, ქალს ქმრისთვის არასდროს უღალატია.