ვინ არის მამაკაცი, რომელმაც გერი და მისი ყოფილი შეყვარებული მოკლა - ორმაგი ტრაგედია ჯანდარის ტბის სანაპიროზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 შურისძიების სურვილი ის გრძნობაა, რომელიც, შესაძლოა, ათეული წლები გაგყვეს და ელოდო მომენტს, როცა შეძლებ, შური იძიო. შურისმაძიებლები ხშირად სასტიკები არიან, იმაზე სასტიკებიც, ვიდრე თავად შეუძლიათ წარმოდგენა და ყველაფერი ეს წლების განმავლობაში დაგროვილი ბრაზის გამო ხდება. არცთუ იშვიათად, საქართველოს მთაში ყოფილა შემთხვევა, როცა შური ათი და ოცი წლის მერეც კი იძიეს - სისხლი აიღეს, თუმცა შემთხვევას, რომელზეც ახლა გიამბობთ, სისხლის აღებასთან კავშირი არ აქვს. არადა, პირველ ეტაპზე, გამოძიების მთავარი ვერსია სწორედ ეს იყო.

 80-იანი წლების დასაწყისში, ჯანდარის ტბის მიმდებარედ, მეთევზეებმა ახალგაზრდა კაცის გვამი იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები ეტყობოდა და ისე ჩანდა, სანაპიროზე, მაქსიმუმ, ერთი ღამე გაატარა. ადგილზე მისულმა ექსპერტმაც თქვა, 24 საათზე მეტი არ იქნება გასული გარდაცვალებიდანო. თითის ანაბეჭდების შესწავლის შემდეგ კი გაარკვიეს, რომ გარდაცვლილი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, სამი დღის წინ გათავისუფლდა და ვიღაცამ სასტიკად მოკლა.

„აღნიშნული პიროვნება სასჯელს ყოფილი შეყვარებულის მკვლელობისთვის იხდიდა. სასამართლომ მას 10 წელი მიუსაჯა, იყო აღიარებითი ჩვენებაც ანუ მისთვის არავის არაფერი დაუძალებია. სასამართლოზე ტიროდა კიდეც, ნასვამი ვიყავი და ეჭვიანობის ნიადაგზე შემომაკვდა, ალბათ, დეტალები არ მახსოვსო“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

წყვილს ერთმანეთი წლების მანძილზე უყვარდა, სწორედ ჯანდარის ტბაზე დადიოდნენ ხოლმე დასასვენებლად და სწორედ ამ ტბაზე გაიცნო გოგომ ადგილობრივი მცხოვრები. მოგეხსენებათ, ადრე ჯანდარის ტბის მიმდებარედ, პატიმართა ჩასახლება იყო ანუ იმ ადამიანებისა, რომლებიც არცთუ საშიშები არიან, რომ ციხეში ისხდნენ და არცთუ უსაფრთხონი, თავისუფლად რომ იარონ. ამიტომ, ჩასახლებაში ცხოვრობდნენ „თავისუფლად“ და თან - მკაცრი კონტროლით. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ოჯახის შვილი იყო ბიჭი, რომელიც გოგოს მოეწონა, შეუყვარდა და ძველ შეყვარებულს დაშორდა. ათი წლის წინ, ახალი შეყვარებულის დაბადების დღეზე მყოფი გოგო სუფრიდან ადგა, ეზოში გავიდა და გაქრა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ის ტბის სანაპიროზე იპოვეს. მკვლელობაში გასამართლებული, მის წინ მუხლებზე იყო დაჩოქილი და ისეთი მთვრალი გახლდათ, ვერ ლაპარაკობდა. მას ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი და მკვლელობის აღიარების მიუხედავად, სამართალდამცავებმა დანა ვერ იპოვეს. გამოძიებამ ჩათვალა, რომ ბიჭმა დანა ტბაში გადააგდო და ლამში ჩაიძირა.

რაღა თქმა უნდა, გაჩნდა ვერსიაა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბიჭი გოგოს ყოფილმა შეყვარებულმა იპოვა, მკვლელობის ადგილზე მიიყვანა და მოკლა. სამართალდამცავებმა მისი ძებნა დაიწყეს და მალე იპოვეს. მას თვალი დალურჯებული და ტუჩი გახეთქილი ჰქონდა. გამომძიებლებს მაშინვე გაახსენდათ, რომ მოკლულ ბიჭს მუშტებზე ბრძოლის კვალი ეტყობოდა და კანის ფრაგმენტებიც ჰქონდა შერჩენილი. ანალიზმა დაადასტურა - გარდაცვლილის ხელზე აღებული კანისა და სისხლის ფრაგმენტი, სწორედ გარდაცვლილი გოგონას შეყვარებულის იყო. ის დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს.

„ტბის ნაპირზე ვიყავი, როცა ის დავინახე, ჩემი ყოფილი შეყვარებულის მკვლელი. მან ვერ მიცნო, მე კი მაშინვე მივხვდი, ვინ იყო და ცემა დავუწყე. კარგა ხანს ვიჩხუბეთ, ყვიროდა - მომისმინე, მომისმინეო. მოვუსმინე და მითხრა, ციხეში მივხვდი, რომ გოგო მე არ მომიკლავს, ისიც კი აღვიდგინე, რომ მთვრალი მოვედი შენს სახლთან, გოგონა რომ გარეთ გამოვიდა, ვიღაც კაცმა დაუძახა, სანაპიროსკენ წაიყვანა და მოკლა, მაგრამ იმ კაცის მხოლოდ სილუეტი მახსოვს და ამ ადგილზეც იმიტომ მოვედი, რომ ყველაფერი აღმედგინა, მაგრამ ვერაფერს ვახერხებო. რა თქმა უნდა, არ დავუჯერე, იქ დავტოვე და სახლში წავედი. მე რომ დავტოვე, ცოცხალი იყო და დამიჯერეთ, არ მოვკლავდი. ცოლი და სამი შვილი მყავს, ოჯახს ძლივს ვარჩენ და ჩემს გარეშე, შიმშილით მოკვდებიან, ციხეში იმ ნაძირალას გამო მართლა არ წავიდოდიო“, - ეს იყო, რაც დაკავებულმა თქვა.

„თავიდან ყველაფრის დაჯერება გამიჭირდა, მაგრამ მერე გამახსენდა ჩემი კოლეგის სიტყვები, რომელმაც გოგოს მკვლელობა გამოიძია. ის ამბობდა, დანა გოგოს მარცხენა ხელით აქვს დარტყმული, ეს ბიჭი კიდევ ცაცია არ არის და, მით უმეტეს, მთვრალზე, მარცხენა ხელით ასეთ ზუსტ და ძლიერ დარტყმას ვერ განახორციელებდაო, თუმცა მაშინ გამოძიებას არც სხვა ეჭვმიტანილი ჰყავდა, არც სხვა ვერსია ჰქონდა და რაც მთავარია, მაშინ მკვლელმა ყველაფერი აღიარა. ამიტომ, ძველი საქმე არქივიდან გამოვითხოვე და ყურადღებით ჩავუჯექი“, - ამბობს ბატონი თენგიზი.

გარდა იმისა, რომ პირველ საქმეში ბევრი შეუსაბამობა აღმოჩნდა, ექსპერტმა ისიც დაასკვნა, რომ გოგონაც და ბიჭიც ერთი და იგივე დანით მოკლეს და რაც მთავარია, ორივე შემთხვევაში, მკვლელი ცაცია იყო ანუ როცა გარდაცვლილი ამტკიცებდა, რაღაცები აღვიდგინე და მე არ მომიკლავსო, მართალი იყო, თანაც თუ გოგონა მან მოკლა, ვერ მოახერხებდა, საკუთარი თავიც ზუსტად ისე მოეკლა, იგივე დანით, თან მარცხენა ხელით. ოჯახის წევრებიდან გარდაცვლილს მხოლოდ მამინაცვალი დარჩა. დედისერთა იყო, დედა ციხეში ყოფნის დროს მოუკვდა და შერჩა მამინაცვალი, რომელსაც გამომძიებლებმა შინ მიაკითხეს.

„დედამისი ამაზე ნერვიულობას გადაჰყვა - გულმა ვეღარ გაუძლო. გათავისუფლების შემდეგ შინ მოვიდა, რაღაც სისულელეები იბოდიალა, მკვლელის სილუეტი აღვიდგინეო, იმ ადგილზე უნდა წავიდე, ყველაფერი რომ გამახსენდესო. მე ერთი კვირაა, წელი მტკივა, სამსახურიდანაც კი დავეთხოვე ამის გამო, ოთახიდან ოთახში გასვლაც მიჭირს. ამიტომ ვთქვი უარი მის შინ გადმოსვენებაზე, პირდაპირ მორგიდან დაასაფლავონ, მე წინააღმდეგი არ ვარ“, - თქვა მამინაცვალმა.

ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზე იყო, საავადმყოფოში დაადასტურეს, რომ კაცს წელი ხშირად სტკიოდა და ამის ნიადაგზე, არაერთხელ გათავისუფლებულა სამსახურიდან. ახლაც, გერის გამოსვლამდე 3 დღით ადრე, სასწრაფო დახმარების ექიმი გამოიძახა ძლიერი ტკივილის გამო და ბიულეტენზე იმყოფებოდა, თუმცა სახლიდან გამოსვლის დროს, გამომძიებლებმა ფეხსაცმელი შენიშნეს, რომელსაც ტალახი გვარიანად ჰქონდა შერჩენილი, გარეთ კი გადასარევი ამინდი იდგა. სამართალდამცავმა იმდენი ქნა, რომ სწორედ იმ ფეხსაცმელთან ჩაიმუხლა, ტალახის ნაწილი ცხვირსახოცში გაახვია და ექსპერტიზაზე წაიღო. ექსპერტის პასუხმაც არ დააყოვნა - ტალახი ახალი გახლდათ და ის შემადგენლობა ჰქონდა, როგორიც ტბების (და არა ზღვის) სანაპიროზეა. ასე გახდა მამინაცვალი მთავარი ეჭვმიტანილი და მისი გარემოცვის შესწავლაც დაიწყო. კაცი ცუდად არავინ დაახასიათა არც - სამსახურში, არც - სამეზობლოში და ის იყო, ამ წამოწყებაზე ხელი უნდა ჩაექნიათ, როცა ერთ-ერთმა მეზობლემა თქვა, ეგ კაცი ადრე რაიონში ცხოვრობდა და იქიდან იმის გამო გამოაგდეს, რომ მეზობლის ახალგაზრდა გოგოს, სკოლის მოსწავლეს სიყვარულს ეფიცებოდა და ლამის შეაცდინაო. ეს რაღაც ახალი იყო, სოფელში მაშინვე იპოვეს ოჯახი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მეზობლის კაცმა მათი მცირეწლოვანი შვილის შეცდენა სცადა და სოფლიდან ამიტომ გააძევეს. რაც ყველაზე საინტერესოა, მას ცოლი არ გაჰყვა, ასეთ კაცთან როგორ ვიცხოვრო, რომელიც ბავშვებზე იწევსო. შემდეგ, ქალაქში, მოკლული ბიჭის დედას შეხვდა, მათთან დასახლდა და ახლა ბინის ერთადერთი მემკვიდრე იყო - იმ ბინისა, რომელიც დედა-შვილს ეკუთვნოდა. იყო თუ არა ბინა მიზეზი, რომ კაცს მკვლელობა ჩაედინა, გამომძიებლებმა არ იცოდნენ და რაც მთავარია, ტალახიანი ფეხსაცმლის გარდა, სხვა სამხილი არ ჰქონდათ. მხოლოდ ამის გამო კი ციხეში არავინ გაუშვებდა.

გამომძიებლებმა მეზობლები კიდევ ერთხელ დაკითხეს და აინტერესებდათ, რამე უცნაური ხომ არ ნახეს ბოლო დღეებში. ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა, ამას წინათ დავინახე, ავტოფარეხის წინ, ბარით ორმო ამოთხარა და მერე ისევ ამოავსო, ვერ მივხვდი, რატომ გააკეთაო. მოწმეების თანდასწრებით, ავტოფარეხის წინ მიწა სამართალდამცავებმაც ამოთხარეს და... იქიდან სისხლიანი დანა ამოიღეს.

„ეს უკვე სამხილი კი არა, გახსნილი საქმე იყო. მამინაცვალი დავაკავეთ და არა მარტო გერის, არამედ, 10 წლის წინ, გოგონას მკვლელობის ბრალდებაც წავუყენეთ, თან სამხილების გარდა, მთავარი კოზირიც ხელში გვეჭირა - მამინაცვალი ცაცია იყო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

„ათი წლის წინ, გერთან ერთად, სახლში ვსვამდი, როცა აიტეხა, გინდა თუ არა, ჩემი შეყვარებული უნდა ვნახოო და აქ წამოვედით. გზაში კიდევ დაამატა, არყის ბოთლი ხელიდან არ გაუშვია. სახლთან მე მივედი და ბედად, გოგო გარეთ გამოვიდა, ჩეჩმა გარეთ ჰქონდათ და სავარაუდოდ, იქ მიდიოდა. დავუძახე, მოვიდა, მიცნო და ვუთხარი, აქ არის, მთვრალია და იქნებ, დაამშვიდო, თორემ სახლში შემოვა, შარს გადაგყრის-მეთქი. წამომყვა და ტბის სანაპიროზე გავედით. გერს არაყი ბოლომდე ჰქონდა ჩაცლილი და ვეღარც აზროვნებდა. არ ვიცი, რა დამემართა, ტბის ნაპირი, ღამე, ახალგაზრდა გოგო... გავიწიე და მან ხელი მკრა. მერე ყველაფერი წამებში მოხდა, დანა რატომ დავარტყი, ვერ ვხვდები, ალბათ, შემეშინდა. მთვრალი გერი გვამთან დავტოვე და წამოვედი. ყველაფერი ჩემთვის კარგად დასრულდა, მაგრამ ციხიდან გამოსულმა გერმა მითხრა, ტბაზე წამყევი, რაღაცები უნდა აღვიდგინოო. წავყევი, ნერვიულობაზე ფაღარათი დამემართა და მოშორებით გავედი. იქიდან დავინახე, როგორ იჩხუბა ვიღაც ბიჭთან, მერე გამოვედი და პირდაპირ ხელი დამადო, ჩემი შეყვარებული შენ მოკალიო. დანა მასაც დავარტყი და ადგილზე დავტოვე. სულ ეს იყო“, - აღიარა მამინაცვალმა.

წესითა და რიგით, სასამართლოს მისთვის დახვრეტის მუხლი უნდა გამოეტანა, მაგრამ... 15 წელი აკმარა.