ტაქსისტების სერიული მკვლელობები თბილისში - სამი ძმის ბანდა, რომელიც მანქანებს იტაცებდა და უზბეკეთში ყიდდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს მანქანა არავის უკვირს. მეტ-ნაკლებად შეძლებულ ოჯახებს ავტომობილი ჰყავთ და არცთუ იშვიათად, ოჯახში რამდენიმე ავტომობილია. ადრე კი ასე არ იყო, მანქანას მარტივად ვერ იყიდდი - რიგში უნდა ჩამდგარიყავი და ამ რიგს, შესაძლოა, ათ წელიწადში მოეღწია. აი, ასეთი მოლოდინითა და ტანჯვით ნაყიდ მანქანას ძნელად თუ ვინმე ელეოდა. უცხოური ავტომობილები იმაზე დიდი იშვიათობა იყო, ვიდრე ახლა - საბჭოთა მანქანები. რესპუბლიკაში ერთ-ორ კაცს თუ ჰყავდა უცხოური ავტომობილი და ასე იყო ყველგან, დანარჩენ მოძმე რესპუბლიკებშიც. ამიტომ, თუ ვინმეს მანქანის გაყიდვა სურდა, ამას მარტივად ახერხებდა იმიტომ, რომ შეძენის მსურველი უამრავი გახლდათ. სხვადასხვა რესპუბლიკებიდანაც ხშირად ჩამოდიოდნენ, თუ გაიგებდნენ, რომ ვინმე კარგ ავტოს ყიდდა. ჰო, მაშინ „ვოლგა“ ფუფუნების საგნად ითვლებოდა და ყაზახეთისა თუ უზბეკეთის მოსახლეობა, რომელიც წლიდან წლამდე უამრავ ფულს შოულობდა, მზად იყო, „ვოლგაში“ სამი ბინის ფულიც კი გადაეხადა. ეს მაშინ, როცა იგივე „ვოლგა“, ტაქსად დარბოდა მთელ საბჭოეთში.

 

„თბილისში, ტაქსის ერთ-ერთი მძღოლი გარდაცვლილი იპოვეს, ყელზე ზონარი ჰქონდა წაჭერილი, გულში კი დანა ჩარტყმული. როგორც ჩანს, პროფესიონალი მოქმედებდა, რადგან დარტყმის შემდეგ, დანა ჭრილობაშივე იყო მოტრიალებული. დანის ჭრილობაში ტრიალი მსხვერპლს გადარჩენის შესაძლებლობას უკარგავს. გამქრალი იყო მისი „ვოლგა“ და, რა თქმა უნდა, მანქანა გამოვაცხადეთ ძებნაზე, რადგან მისი აღმოჩენა მკვლელის ან მკვლელების კვალზე გაგვიყვანდა. მკვლელების იმიტომ, რომ ექსპერტმა გვითხრა, ზონარი უკნიდან შემოუჭირეს ყელზე, დანა კი წინ მჯდომმა დაარტყაო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ავტომობილის ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო, თანაც გვამი, დაახლოებით, 14-16 საათის შემდეგ იპოვეს და ამ დროის განმავლობაში, მკვლელებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეეძლოთ მისვლა. სამართალდამცავები მძღოლის სამუშაო ადგილზე მივიდნენ და მისი კოლეგები გამოჰკითხეს, რომლებმაც თქვეს, რომ დაახლოებით, ორი კვირის წინ, მოკლულს „ტაქსოპარკის“ ხელმძღვანელთან სერიოზული უთანხმოება მოუვიდა და ერთმანეთს ხელითაც კი შეეხნენ. მიზეზი არავინ იცოდა, ამიტომ, უშუალოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაკითხეს.

„მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ტაქსისტები მხოლოდ ხელფასზე არ მუშაობენ, ამიტომ მათ ყოველდღიურად, 15-20 მანეთის გადახდის ვალდებულება აქვთ იმ თანხის გარდა, რომელსაც მრიცხველი დაუწერს. ეს კი არაფერს იხდიდა, პატიოსნად მუშაობდა, რასაც მრიცხველი წერს, ის მომაქვსო. რამდენჯერმე გადავამოწმე კიდეც, ნაცნობები ჩავუსვი, მათ შესთავაზეს, მრიცხველი არ ჩართო, ისე მოვრიგდეთო, მაგრამ ყოველ ჯერზე, ის მხოლოდ მრიცხველით დადიოდა. აეროპორტში წაყვანაზეც კი ზედმეტს არავის ართმევდა. ერთი უცხოელი მეგობარი მყავდა სტუმრად, ისიც კი მივუგზავნე, მაგრამ ზედმეტი არც მას გამოართვა. მე ჩემი გადასახადი მაქვს იქ, ზემოთ, ამიტომ ვუთხარი, რომ სხვა სამსახური მოეძებნა. მან არ დამიჯერა და შევკამათდით“, - განაცხადა „ტაქსოპარკის“ ხელმძღვანელმა და მეორე დღეს სამსახური დაკარგა. აი, იქ, ზემოთ კი არავის შეხებიან.

მეზობლები, მეგობრები, ყველა ამბობდა, რომ გარდაცვლილი უწესიერესი კაცი იყო, ორი შვილი დარჩა და მათაც ასე, პატიოსნად ზრდიდა. სხვა ტაქსისტებისგან განსხვავებით, არასდროს ედო ჯიბეში ბევრი ფული და მოკრძალებულად ცხოვრობდა.

სანამ სამართალდამცავები ამ მკვლელობით იყვნენ დაკავებულნი, მეორე შემთხვევა მოხდა. ისევ ტაქსის მძღოლი, ისევ ყელზე ზონარი და ისევ დანა, თუმცა...

„მძღოლი გადარჩა - დანა გულამდე ძვალმა არ მიუშვა, მაგრამ ტკივილისგან გონება დაკარგა. ამ დროს, უკნიდან, ტაქსს სხვა მანქანა მიადგა, თავდამსხმელებს შეეშინდათ, მძღოლი მიწაზე გადააგდეს და ავტომობილი გაიტაცეს. სწორედ შემთხვევითმა ავტომობილის მძღოლმა უშველა დაჭრილს, საავადმყოფოში მიიყვანა და მილიციაშიც თავად დარეკა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ახლა მილიციას მოწმეც ჰყავდა, რომელმაც თქვა, რომ გატაცებულ ავტომობილში სამნი ისხდნენ, მათი სახეები კი ვერ გაარჩია. მთავარი იყო, დაჭრილი გადარჩენილიყო და გადარჩა კიდეც - ექიმებმა ოპერაცია დროულად გააკეთეს და რაც მთავარია, დაჭრილი შემთხვევითი გამვლელის წყალობით, საავადმყოფომდე დროულად იქნა მიყვანილი. მილიციამ ყოველი შემთხვევისთვის მოწმეც გადაამოწმა, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახა და მისი შესაძლო მონაწილეობა გამორიცხა. ერთ კვირაში, დაჭრილს საუბარი შეეძლო.

„სამი მამაკაცი ჩავისვი, სამივე არაქართველი. მგონი, შუა აზიიდან უნდა იყვნენ, სახის შესაბამისი მოყვანილობა და თვალის სპეციფიური ჭრილი ჰქონდათ. კონკრეტულ ადგილზე წაყვანა მთხოვეს, დაახლოებით, 3 კილომეტრის გავლის შემდეგ კი მანქანა გამაჩერებინეს. ამ დროს, უკნიდან ყელზე რაღაც მომიჭირეს, მერე მკერდთან ტკივილი ვიგრძენი, მერე კი აზრზე საავადმყოფოში მოვედი“, - სულ ეს იყო, რაც მძღოლმა გაიხსენა, თუმცა ესეც საკმარისი გახლდათ. ახლა მილიციამ იცოდა, ვინ უნდა მოეძებნა და რაც მთავარია, იცოდა ისიც, რომ საქმე შუა აზიის რესპუბლიკების წარმომადგენლებთან ჰქონდათ.

საქართველოს მასშტაბით, ყველა შუააზიელის დოსიე შეგროვდა, განსაკუთრებით სანდოები დაკითხეს კიდეც, აინტერესებდათ, ხომ არ იყო ვინმე ისეთი, ვინც მანქანებზე „ჩალიჩობდა“ და იაფად ყიდდა, თუმცა ვერავინ ნახეს. მოთხოვნა გაგზავნეს ყაზახეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში, თუმცა საიმედო პასუხი ვერც იქიდან მიიღეს. „ვოლგის“ შეძენის მსურველი მათთან ბევრი იყო, მაგრამ მანქანები არ იშოვებოდა. ეს კიდევ ერთხელ ამყარებდა ეჭვს, რომ აქ დაკარგული ავტომობილები, დიდი ალბათობით, სწორედ იქ მიდიოდა. გააფრთხილეს ყველა ტაქსის მძღოლი, თუ მათ შუა აზიის წარმომადგენლები გააჩერებდნენ, ყურადღებით ყოფილიყვნენ, ხოლო ღამის საათებში, სამი ასეთი მამაკაცისთვის მანქანა, უბრალოდ, არ გაეჩერებინათ და მაშინვე მილიციაში დაერეკათ. ამ ღონისძიებამ შედეგი გამოიღო, თვე ისე გავიდა, თავდასხმა არ განხორციელებულა, მაგრამ არც მძღოლები ამბობდნენ, რომ შესაბამისი აღწერილობის პირებმა ტაქსით მგზავრობა სცადეს. თავდამსხმელები, უბრალოდ, გაქრნენ და გაჩნდა ეჭვი, რომ ორი ავტოს გაყიდვის შემდეგ, მათ „მოღვაწეობა“ დაასრულეს, თუმცა...

ოფიციალური ტაქსის მძღოლების გარდა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც საკუთარი ავტომობილით, ფულის გაკეთება შეეძლო. მიდიხარ მშვიდად, ხელს დაგიქნევს ვინმე, მიიყვან დანიშნულების ადგილამდე და დამატებით რამდენიმე მანეთი გაქვს. ასე გადაწყვიტა ერთ-ერთმა თბილისელმა, როცა ადგილამდე, სამი შუა აზიელი მამაკაცის მიყვანა დააპირა, მაგრამ გზაში იგივე განმეორდა. მძღოლი მხოლოდ იმან იხსნა, რომ ჯარში, სადესანტო ნაწილში მსახურობდა, არ დაიბნა, ფეხები ტორპედოს მიაბჯინა, ყულფისგან თავი გაითავისუფლა და მანქანიდან გადახტომა შეძლო, თუმცა ავტომობილი გაიტაცეს. გამომძიებლები მიხვდნენ, მკვლელებს თუ არ დაიჭერდნენ, ეს არასდროს დასრულდებოდა, რადგან ყველა ავტომობილის მფლობელს, უბრალოდ, ვერ გააფრთხილებდნენ.

შუა აზიის ქვეყნებში ახალი მოთხოვნა გაიგზავნა - ხომ არ იყო სამკაციანი დაჯგუფება, რომელიც ადრე, სწორედ აღნიშნული პროფილით მოქმედებდა და ამჯერადაც უარი მოვიდა. სამართალდამცავებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ და საშველი ისევ ტაქსის მძღოლებისგან გამოჩნდა. ერთ-ერთმა ტაქსისტმა, საღამოს საათებში, სამ შუააზიელს მანქანა არ გაუჩერა, მაგრამ მილიციაში დარეკა და მათ თვალთვალი დაუწყო. ადგილზე მისულმა თანამშრომლებმა გადაწყვეტილება მარტივად მიიღეს - ტაქსის მძღოლად ერთ-ერთი მილიციელი დაჯდა და როცა სამეულმა ხელი დაუქნია, „ვოლგა“ ფეხებთან მიუჩერა, მათ უკან კი ოპერმუშაკების მანქანა დადგა, დახმარება სამართალდამცავებმა რაციით გამოიძახეს. ტაქსი დაიძრა და ქალაქიდან გავიდა. ოპერმუშაკების უკვე სამი ავტომობილი, დაახლოებით, 40-50-მეტრიან დისტანციაზე მისდევდა. მცხეთის შესასვლელთან, ტაქსი გზიდან გადავიდა და გაჩერდა. ოპერმუშაკების ერთ-ერთი ავტომობილი ნელა გასცდა და დაინახა, როგორ ფართხალებდა საჭესთან მჯდარი გადაცმული მილიციელი. შემდეგ ყველაფერი ელვისუსწრაფესად მოხდა, მანქანა ალყაში მოექცა, სამართალდამცავის დაჭრა ვერ მოასწრეს, თუმცა ყულფი ისე ჰქონდა მოჭერილი, ძლივს ამოისუნთქა. სამართალდამცავებმა უზბეკეთის სამი მოქალაქე, სამი ძმა, გვარად ჰუსეინოვები დაიჭირეს.

„გეგმა შუათანა ძმის მოფიქრებული იყო და რაც მთავარია, უფროსსა და უმცროს ძმებს მისი ძალიან ეშინოდათ. მოპარულ მანქანებს შავი ზღვით უშვებდნენ და საბოლოოდ, უზბეკეთამდე ჩაჰყავდათ, იქ კი მარტივად ყიდდნენ. შუათანა ძმა საბრძოლო ხელოვნების ოსტატი იყო, ამიტომ ძლიერი და ზუსტი დართყმა ჰქონდა. რაც მთავარია, მან სადღაც ამოიკითხა, რომ ჭრილობაში დანის დატრიალება სიკვდილის შანსს ზრდიდა და ამიტომ, სიხარულით ატრიალებდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

სასამართლომ მხოლოდ ბანდის ორგანიზატორი და უშუალოდ მკვლელობის შემსრულებელი დასაჯა სიკვდილით, ორ ძმას კი 14 და 10 წელი მიუსაჯა. საბჭოთა სასამართლო ერთი ოჯახის სამივე წევრს, უბრალოდ, არ დახვრეტდა, რადგან... მაშინ ყველაზე ჰუმანური სახელმწიფოს პრეტენზია გვქონდა.

 

 

ბათო ჯაფარიძე