ვინ მოკლა ცნობილი ექიმი და რატომ მოიკლა თავი გარდაცვლილის ქალიშვილმა - სისხლიანი დრამის ექსკლუზიური დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 დღესაც ასეა - როცა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს სამშობლოდან ამანათს უგზავნიან, მასში აუცილებლად დებენ სხვადასხვა სუნელს, რათა ქართული გემო იქ, უცხო ქვეყანაშიც იგრძნონ. სწორედ ქართული სუნელით დაიწყო ისტორია, რომელსაც საოცარი ფინალი ჰქონდა. ფინალამდე კი გამომძიებლებს არაერთი ღამის გატეხვა მოუხდათ.

 „არის მოსკოვში კორპუსი, რომელსაც „მედიკების“ კორპუსს ეძახიან. ის კომუნისტების დროს აშენდა და წარჩინებული ექიმები შეასახლეს. ამ კორპუსში ცხოვრობდა ჩემი მეგობარი, სოსო სურგულაძეც, მასაც ერგო ბინა და ძალიან ბედნიერიც იყო. მეუბნებოდა კიდეც, ახალმოსახლეობა რომ მექნება, უნდა ჩამოხვიდეო. 1983 წელი იდგა და არ ჭირდა მაშინ ფრენა. ჰოდა, გადავიდნენ ახალ სახლში და მეორე დღეს, სოსოს ცოლი მირეკავს, დაიჭირეს შენი მეგობარი, მკვლელობას აბრალებენო. გავოცდი, სამსახურში მივლინება გავაფორმე, შევუთანხმდი რუს კოლეგებს და მეორე დღესვე მოსკოვში ვიყავი. ყველაზე საგანგაშო ის იყო, რომ სოსო სურგულაძეს არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ, მსოფლიოში ცნობილი ექიმის, არაერთი ნაშრომის ავტორის, ონკოლოგ ანატოლი სავუშკინის მკვლელობას ედავებოდნენ“, - გვიყვება რეზონანსულ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

მაშინ, როცა მთელი კორპუსი ახალმოსახლეობას ზეიმობდა, გარდაცვლილი ექიმის ცოლი მეზობლებთან იყო, შამპანურს წრუპავდა და ქმრის დაბრუნებას ელოდა. როცა ქმარი არ გამოჩნდა, ქალი შინ წავიდა და მისაღებში, ჭაღზე, საკუთარი ჰალსტუხით ჩამოკიდებული ქმარი ნახა. სამართალდამცავებმა არ დაიჯერეს, რომ ასეთი წარმატებული ექიმი, რომელსაც არაფერი აკლდა, თავს მოიკლავდა. შინ იყო ექიმის 17 წლის ქალიშვილიც, რომელსაც ეძინა და არაფერი გაუგია. ექსპერტიზამ დაადასტურა - სავუშკინი ჯერ გაგუდეს, შემდეგ ჩამოკიდეს. ექსპერტებმა ისიც თქვეს, რომ გარდაცვლილს პერანგზე რაღაც ბალახების კვალი ჰქონდა ანუ ის, ვინც მას კიდებდა, ხელები ამ ბალახებით ჰქონდა დასვრილი. ექსპერტიზის ბიუროში ერთი კავკასიელიც მუშაობდა, რომელმაც სუნზე უცხო სუნელი იცნო და თქვა, იმ კორპუსში თუ ვინმე კავკასიელი ცხოვრობს, ეჭვმიტანილიც ისააო და... ასე შერჩათ ხელში სოსო სურგულაძე, რომელსაც შინ ნაირ-ნაირი სუნელები და, მათ შორის, უცხო სუნელიც ჰქონდა.

„პირველი, რაც მოვითხოვე, მეგობართან შეხვედრა იყო. ვუთხარი კიდეც გამომძიებლებს, თუ შევატყობ, რომ მკვლელია, დამიჯერეთ, ხელს არ დავაფარებ-მეთქი და მართლა არ დავაფარებდი. შემიშვეს საკანში და შევხედე თუ არა, შვებით ამოვისუნთქე. არ ჰგავდა სოსო მკვლელს და არც თამაშობდა - მომხდარით გაოგნებული იყო, ვერაფრით გაეგო, რატომ მიიტანეს მასზე ეჭვი და თან მაშინ, როცა გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა, ახალ სახლში საქართველოდან გაგზავნილ ვარიებს წვავდა და მეზობლებს კახურ „რქაწითელთან“ ერთად აძალებდა. სოსომ არც ის დამალა, რომ წიწილებს ჯერ სუნელებში ზელდა და მერე წვავდა ანუ ხელები მართლაც გასვრილი ჰქონდა სუნელში, მაგრამ სავუშკინის ბინაში კი არა, მის სადარბაზოშიც კი არ იყო ნამყოფი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გარდა იმისა, რომ მეგობრის უდანაშაულობაში დარწმუნდა, საქართველოდან ჩასულმა მაძებარმა კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გაარკვია. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა იმ შვიდი ადამიანის ვინაობა დაასახელა, რომლებსაც საქართველოდან ჩატანილი სუნელები უწილადა. გამომძიებლებმა სწორედ ამ ადამიანების შესწავლა დაიწყეს და ზუსტად ერთ საათში, ეჭვმიტანილთა სია ერთამდე შემცირდა. ვლადიმირ ჟევცოვი მოკლული ექიმის კოლეგა და მეგობარი იყო. ისინი ერთ კურსზე სწავლობდნენ, ბინაც ერთდროულად მიიღეს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჟევცოვი რიგში 15 წელი იდგა, სავუშკინი კი მხოლოდ - 3 და რაც მთავარია, ამ უკანასკნელს ერთი ქალიშვილი ჰყავდა, ჟევცოვს - ორი შვილი, მაგრამ მას უფრო პატარა ბინა ერგო.

სანამ გამომძიებლები ახალ ვერსიაზე მუშაობდნენ, გარდაცვლილი ექიმის 17 წლის შვილი საკუთარ ოთახში მკვდარი ნახეს. ექსპერტიზის დასკვნით, მას დიდი ოდენობით წამალი ჰქონდა დალეული ანუ გოგონამ თავი მოიკლა. ექსპერტებმა ისიც თქვეს, რომ 17 წლის გოგონა სამი თვის ფეხმძიმე იყო. ახალი გარემოების გამო, სამართალდამცავებმა ჟევცოვის ვერსია მიივიწყეს და გარდაცვლილი გოგონას მეგობარი ბიჭის ძებნა დაიწყეს. გოგონას დედამ მხრები აიჩეჩა, არაფერი ვიციო, მაგრამ იმავე საღამოს, ძველი საცხოვრებლის მეზობელ კორპუსში, 23 წლის ბიჭს დაესხა თავს და დანა ორჯერ დაარტყა. ექიმებმა დაჭრილი ახალგაზრდის გადარჩენა შეძლეს, ქალი დააკავეს და მკაცრად დაკითხეს.

„ჩემს გოგოს ეს ბიჭი უყვარდა, არაფრის მაქნისი მუშა, რომელსაც მომავალი არ აქვს. ამიტომ, მე და ჩემი მეუღლე შეხვედრას ვუკრძალავდით, მაგრამ როგორც ჩანს, არ დაიშალეს და აგერ, შედეგიც სახეზეა. მაგის გარდა, ვერავინ აიძულებდა ჩემს შვილს თავი მოეკლა და დანაც იმიტომ დავარტყი. ქმარი მე აღარ მყავს, შვილი და რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას“, - თქვა ქალმა დაკითხვისას.

გადარჩენილის დაკითხვა ორ დღეში გახდა შესაძლებელი, მან შეყვარებულის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. გოგოს პირობა მისცა, რომ უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებდა და მერე მათ სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგებოდა. მართლაც, ბიჭმა იმ დროისთვის თითქმის შეუძლებელი შეძლო და საავიაციო ინსტიტუტში მოეწყო. როცა სტუდბილეთს აიღებდა, მაშინ აპირებდა შეყვარებულის ოჯახში მისვლას. მან არც ორსულობის შესახებ იცოდა და სიკვდილს ძლივს გადარჩენილმა, ლამის თავი მოიკლა.

სამართალდამცავები კვლავ ჟევცოვის ვერსიას დაუბრუნდნენ, თან ისიც აინტერესებდათ, რა გზით ერგო გარდაცვლილ ექიმს ზომაზე მეტი ფართი. ბინების განაწილების განყოფილებაში მშვიდად აუხსნეს, რომ ექიმს ფართი იმ მიზეზით მოუმატეს, რადგან მისმა ცოლმა საბუთი წარადგინა, სადაც ეწერა, რომ იგი ხუთ თვეში, ტყუპის დედა გახდებოდა. გამომძიებლებმა პირი დააღეს, ქალი ექიმებს შეამოწმებინეს და მათი დასკვნით, არც ორსულად ყოფილა უახლოეს წარსულში და არც იმჟამად იყო. გამოდიოდა, საბუთი ყალბი გახლდათ და მას ხელს... ჟევცოვი აწერდა.

„ჩემი ქმარი და ვოვა კურსელები იყვნენ, მეც იქ ვსწავლობდი. ვოვა ჩემზე გიჟდებოდა, მაგრამ მე უფრო პერსპექტიულს გავყევი. სწორედ ამიტომ, ქმარმა მითხრა, ძველი სიყვარულის ხათრით, ამ საბუთს მოგცემს და ფართს მოვიმატებთო. მომცა, თუმცა უანგაროდ არა. მამამისი სიმსივნით იყო დაავადებული და სანაცვლოდ, მისთვის ჩემს ქმარს უნდა ემკურნალა. რა თქმა უნდა, დავთანხმდით“, - ასეთი იყო ქალის ახსნა.

როგორც გაირკვა, ჟევცოვის მამის გადარჩენა ვერ მოხერხდა და თან, ოჯახის წევრის სიკვდილის შემდეგ, ჟევცოვს საცხოვრებელი ფართი შეუმცირეს, მისთვის გადასაცემი ბინა კი... სავუშკინს მისცეს.

ჟევცოვის გარშემო წრე იკვრებოდა. მისი კაბინეტის არაოფიციალური ჩხრეკისას, ისიც გაირკვა, რომ სავუშკინის ქალიშვილი კონსულტაციებზე მასთან დადიოდა და ამის შესახებ ჟევცოვი მშობლებს არაფერს ეუბნებოდა ანუ მან იცოდა გოგონას ორსულობის შესახებ და ყველაფერი ეს, არა მარტო მშობლებს, არამედ, სამართალდამცავებსაც დაუმალა - არასრულწლოვანის ორსულობა მაშინაც კრიმინალი იყო. სწორედ ეს გახდა მისი დაპატიმრების ოფიციალური მიზეზი, არაოფიციალურად კი, სამართალდამცავები მკვლელად თვლიდნენ, თუმცა მტკიცებულებები არ ჰქონდათ.

„ერთადერთი მტკიცებულება ის იყო, რომ სურგულაძეს მისთვის სუნელები ჰქონდა მიცემული და მისი ნაწილაკები გარდაცვლილის სხეულზე იპოვეს. სხვა რამ იყო საჭირო, რაზეც დაკავებული წამოეგებოდა და ის სხვაც ძალიან მალე გამოჩნდა“, -იხსენებს ბატონი თენგიზი.

გამომძიებლებმა დაკავებულს წინ წამლის ფოლგა დაუდეს და უთხრეს, რომ ეს ფოლგა გარდაცვლილი გოგონას ოთახში ნახეს და მასზე სწორედ ჟევცოვის ანაბეჭდები იყო ანუ გოგოს მოწამვლაში დასდეს ბრალი. მეტიც, მარტივად უთხრეს, რომ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა დახვრეტით დაისჯებოდა. დამფრთხალმა გინეკოლოგმა კოლეგის მკვლელობა აღიარა, თუმცა...

„როცა ყველა ზეიმობდა, მასთან მივედი და ვუთხარი, რომ ქართული სუნელებით კარგი საკვები მოვამზადე და მსურდა, დამეპატიჟებინა. მან კი აგდებულად მომიგო, შენი ადგილი იცოდე, ჩვენ სხვადასხვა სიმაღლეზე ვართო. ამას არ ველოდი, ვეცი და ჰალსტუხი ყელში წავუჭირე. როცა მოძრაობა შეწყვიტა, ავიხედე და ყველაფერ ამას მისი შვილი უყურებდა. ჩუმად მითხრა, მეტის ღირსია, საყვარელ ბიჭზე გათხოვების უფლებას არ მაძლევსო. სწორედ მისი იდეა იყო თვითმკვლელობის გათამაშება და როგორც ვიცი, თავი იმიტომ მოიკლა, რომ საქმრო სხვა გოგოსთან დაინახა ჩახუტებული (მოგვიანებით გაირკვა, ბიჭი ინსტიტუტში ჩაბარებას შემთხვევით გამვლელთან აღნიშნავდა და გზად ყველას ეხვეოდა). ამიტომ, მე ჩემი კოლეგის მკვლელობა აფექტის ნიადაგზე ჩავიდინე, რამდენიმეწლიანი ბოღმა ერთიანად ამოვანთხიე“, - ლუღლუღებდა ჟევცოვი.

საბჭოთა სასამართლომ მას გამოჩენილი ექიმის მკვლელობა არ აპატია და მაინც დახვრეტა მიუსაჯა.