სადისტური მკვლელობა, რომელმაც სამართალდამცავები დაშოკა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

უცნობმა ბავშვები აბაზანაში მოხარშა, მათი დედა კი გააუპატიურა და მოკლა

90-იანების მიწურულს, საქართველოში ეროვნული მოძრაობა არნახულად გაძლიერდა. საბჭოთა ხელისუფლება ხვდებოდა, რომ საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ვეღარ დაიჭერდა. იქეთ აზერბაიჯანი არ ჩერდებოდა და საჭირო იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც წარმატებით განახორციელა საბჭოთა ჯარმა საქართველოსა და აზერბაიჯანში:

1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ, დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები და ბარებით აჩეხეს, 1990 წლის 20 იანვარს, იგივე მოხდა აზერბაიჯანში, თუმცა ბევრად დიდი მსხვერპლით - საბჭოთა ჯარმა იქ 130 ადამიანი მოკლა. ამ დროს ხდებოდა არა მარტო იმპერიის დაშლა, არამედ, იშლებოდა ყველა სტრუქტურული ერთეული, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„ჯერ 9 აპრილის ტრაგედია არ იყო მომხდარი, 1989 წლის თებერვალი იდგა, როცა ჩემმა ძველმა მეგობარმა, ვოლგოგრადის მეორე განყოფილების უფროსმა, ვიტია ბიკოვმა დამირეკა და მთხოვა, თუ დრო მექნებოდა, ვოლგოგრადში ჩავსულიყავი. კეკლუცობას არ დავიწყებ, კარგი მაძებრის სახელი მქონდა და მით უმეტეს, მკვლელობის მიმართულებით, ჩემზე გამოცდილი ძალიან ცოტა იყო. ვიტიას უარი არ ვუთხარი, მაგრამ რომ მცოდნოდა, რისთვის მეძახდა, ალბათ, არ წავიდოდი“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ვოლგოგრადში გაუგონარი დანაშაული მოხდა. ვიღაცამ შერბაკოვების ოჯახი ამოწყვიტა: დახოცა დედა, მამა და ორი ბავშვი - 6 წლის ბიჭი და 8 წლის გოგონა. მეტიც, დახოცილი ბავშვები აბაზანაში ჩაყარა და მდუღარე წყალი მიუშვა. შედეგად, ისინი, პრაქტიკულად, მოხარშულები იყვნენ. ამასთან ერთად, ოჯახის დიასახლისი გაუპატიურებული იყო და მერე გახლდათ მოკლული, ოჯახის უფროსს კი თავში რამდენიმე ჭრილობა ეტყობოდა, რომელიც სავარაუდოდ, რკინის ნაჭერით მიაყენეს. იგივე იარაღით იყვნენ დახოცილები ოჯახის დანარჩენი წევრებიც. ექსპერტმა საინტერესო დასკვნა დადო - ოჯახის უფროსი და ბავშვები, პრაქტიკულად, ერთ დროს იყვნენ მოკლულნი ანუ დილის საათებში, დიასახლისი კი - საღამოს, დაახლოებით, რვა საათის შემდეგ. როგორც სამართალდამცავებმა გაარკვიეს, იმ დღეს, უფროსმა შერბაკოვმა სამსახურში დასვენების დღე აიღო, რადგან ბავშვები სათევზაოდ უნდა წაეყვანა. რაც შეეხება დიასახლისს, მან იგივეს გაკეთება ვერ მოახერხა, რადგან მისი შემცვლელი სწორედ წინა ღამით გახდა შეუძლოდ და იძულებული იყო, სამსახურში წასულიყო. დანარჩენებმა თევზაობა მაინც არ გადაიფიქრეს, მაგრამ მკვლელს სახლიდან ვერ გაასწრეს. ვინ იყო ისეთი ცივსისხლიანი, რომელმაც ასეთი სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა და რაც მთავარია, შემდეგ მშვიდად ელოდა დიასახლისის დაბრუნებას, რათა ჯერ გაეუპატიურებინა, შემდეგ კი მოეკლა? საინტერესო იყო გვამების აღმოჩენის ისტორიაც: ღამით, ერთ-ერთმა მეზობელმა დაინახა, რომ სადარბაზოდან ავეჯი გაჰქონდათ. მან ავეჯი იცნო, შერბაკოვებისააო და მტვირთავებს მიუვარდა, ბინას რატომ ქურდავთო. მტვირთავებმა ხელი აიქნიეს, ჩვენს საქმეს ვაკეთებთო და მეზობელმა მილიციაში დარეკა. სამართალდამცავები ადგილზე მალე მივიდნენ და როგორც აღვნიშნეთ, აბაზანაში, ცხელ წყალში ჩახარშული ბავშვები, სამზარეულოში კი - ცოლ-ქმარი იპოვეს. რა თქმა უნდა, მტვირთავები დააკავეს, რომლებიც იფიცებოდნენ, ჩვენ ფული გადაგვიხადეს და ისიც კი არ ვიცით, ავეჯი სად უნდა მივიტანოთო. „ყველაფერი ეს იმავე დღეს ანუ ჩემს ჩასვლამდე მოხდა და სწორედ ამის შემდეგ დამირეკეს. ავეჯი ვინმე ვიტალი სიმონენკოვთან უნდა წაეღოთ. ეს კაცი გარდაცვლილის უახლოესი მეგობარი იყო, რომელმაც ახალი ბინა მიიღო და როგორც თავად ამბობდა, მეგობარმა კარგი ავეჯი იაფად მისცა, თავად კი ახლის ყიდვას აპირებდა. მან სამართალდამცავებს ისიც უთხრა, მეგობარმა გასაღები დამიტოვა, თავად ოჯახთან ერთად სათევზაოდ აპირებდა წასვლას და დამიბარა, მისაღებ ოთახში რაც იქნება, ყველაფერი წაიღეო. მართლაც, მტვირთავებს მისაღების გარდა, სხვა ოთახის კარი არც შეუღიათ, ისე დაიწყეს დატვირთვა. სხვა ოთახები არც სიმონენკოვს დაუთვალიერებია და არც აბაზანაში შესულა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი. უახლოესი მეგობრის დაკითხვამ კიდევ ერთი დეტალი გამოავლინა: სიმონენკოვი გარდაცვლილი ქალის თანამშრომელი იყო და ამბობდა, რომ ორი თვის წინ, კონფლიქტი მოხდა. კერძოდ, მან დაინახა, რომ მისი საუკეთესო მეგობრის ცოლი, საამქროს ერთ-ერთ სათავსოში, სხვა თანამშრომელთან ერთად შევიდა და სიყვარულს მიეცა. ყველაფერი მეგობარს, შერბაკოვს უამბო, მან კი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, ცოლის საყვარელი ქალაქგარეთ გაიყვანა, გააშიშვლა და ქალაქამდე შიშველი არბენინა. არ იყო გამორიცხული, ასეთი სირცხვილის გამო, შეურაცხყოფილ მამაკაცს შური ეძია, ამიტომ გამომძიებლები მასთან მივიდნენ. „დღემდე ვერ ვხვდები, რას მერჩოდა შერბაკოვი. მის ცოლთან არასდროს არაფერი მქონია და ვერც მექნებოდა, რადგან ქალი ოჯახზე გიჟდებოდა, სულ შვილებსა და ქმარზე საუბრობდა.

მე უცოლო კაცი ვარ, მაგრამ გარდაცვლილთან ურთიერთობა არასდროს მიცდია, საამქროში ათამდე ქალი მაინცაა, რომლებიც უარს არასდროს ამბობენ, ამიტომ ამის პრობლემა არ მქონდა. ვიღაცამ ის მოატყუა და სავარაუდოდ, მერე სიმართლეც გაიგო, სხვაგვარად, ცოლს ხომ დაშორდებოდა“, - უთხრა გამომძიებლებს ეჭვმიტანილმა.

საამქროში სხვებმაც დაადასტურეს, რომ გარდაცვლილ ქალზე ქმარს საეჭვიანო ნამდვილად არ ჰქონდა. მაშ, რატომ მოიგონა ეს ისტორია სიმონენკოვმა? ის, პირიქით, ამტკიცებდა, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა. ამ დროს, მოულოდნელი მოწმე გამოჩნდა - მეზობელი ქალი, რომელიც მილიციაში საკუთარი ფეხით მივიდა და განაცხადა, რომ შიში დაძლია და შეუძლია მკვლელი ამოიცნოს. უფრო ზუსტად კი, ქალმა სავარაუდო მკვლელის ჩაცმულობა აღწერა, გრძელი, ნაცრისფერი ლაბადა ეცვა და თავზე თეთრი ცილინდრი ეხურა, რომელიც სახეზე ჩამოიწია, როცა გვერდით ჩამიარაო. დაიწყეს ნაცრისფერლაბადიანი და თეთრცილინდრიანი კაცის ძებნა. რაოდენ დიდი იყო მათი გაკვირვება, როცა ამ „საფირმო“ ტანსაცმლის მატარებლად, ლამის მთელმა ვოლგოგრადმა... სწორედ ის კაცი დაასახელა, რომელიც შერბაკოვმა შიშველი არბენინა. გამოძიებამ ის უხმაუროდ აიყვანა, რათა მკვლელის გამოვლენას მთელი ქალაქი ითხოვდა და მისი ლინჩის წესით გასამართლებაც სურდა. ახალი ბრალდების გამო, დაკავებული გადაირია. მას ან ალიბი უნდა დაესახელებინა, ან ციხეში წასულიყო, ამიტომ იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მთელი დღე, საამქროს დირექტორის ცოლთან, ერთ-ერთ სასტუმროში გაატარა და ეს მაშინ, როცა დირექტორს უთხრა, შეუძლოდ ვარ, დღეს ვერ მოვალო და მანაც დიდსულოვნად გაუშვა... საკუთარ ცოლთან. ალიბი გადაამოწმეს და როგორც სასტუმროს პერსონალმა, ისე ქალმაც დაადასტურა, რომ მთელი დღე, სწორედ ამ კაცთან ერთად იყო. დაკავებული მილიციამ საკნიდან გაუშვა, დირექტორმა - სამსახურიდან. „ხელში აღარაფერი შეგვრჩა, საერთოდ არაფერი. მკვლელი, უბრალოდ, გაქრა, მეტი არც ეჭვმიტანილი გვყავდა და არც ვერსია გვქონდა. ისიც ნათელი იყო, რომ ვიღაცამ ძალიან კარგად იცოდა, შერბაკოვმა ცოლის სავარაუდო საყვარელი შიშველი რომ არბენინა, მაგრამ რაღა ვიღაცამ, ამის შესახებ ნახევარი ვოლგოგრადი ჭორაობდა და იცინოდა. ყველაფერი კი სატელევიზიო გადაცემამ გადაწყვიტა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი. ქართველი მაძებარი სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა და სასტუმროს ნომერში, მეგობართან ერთად, ტელევიზორს უყურებდა, თან ქართულ კონიაკს წრუპავდა. სწორედ ამ დროს, გადაცემა „600 წუთი“ დაიწყო. ჰო, სწორედ 600 და არა - 60 წუთი. ამ გადაცემაში ღიად საუბრობდნენ რუსეთში მომხდარ კრიმინალზე, არაფერს მალავდნენ, სამართალდამცავებს ამუნათებდნენ და სწორედ აქ გაჩნდა გენიალური იდეა. გადაცემაში საქმის მთავარი გამომძიებელი მივიდა, რედაქტორს დეტალებზე შეუთანხმდა და მკვლელობის გარშემო საუბარი დაიწყო. გადაცემა საღამოს საათებში გადიოდა და მოულოდნელად, სტუდიაში ზარი გაისმა. ვიღაც მოხუცი ქალი ჯიუტად ამტკიცებდა, მე მოპირდაპირე სახლში ვცხოვრობ, ერთი სართულით ზემოთ და ჩემი აივნიდან ყველაფერი დავინახე, რა და როგორ მოხდა, ჩემს ბიჭს აივანზე ტელესკოპი აქვს და იმით ვაკვირდებოდიო. მეტიც, ქალმა ისიც თქვა, პროფესიით მხატვარი ვარ და ამ ხნის მანძილზე, მკვლელის სახეს ვხატავდი, ახლა მოვრჩი და გირეკავთო. გამომძიებელი დაპირდა, რომ მას დილითვე დაკითხავდნენ. ეს ქალი იქაური მილიციის მაიორი გახლდათ. სამართალდამცავებმა მოპირდაპირე სახლის ერთ-ერთ აივანზე ტელესკოპი ნამდვილად დადეს, გარედან კარგად შესამჩნევი რომ ყოფილიყო და ჩასაფრება მოაწყვეს. ღამის პირველ საათზე, შესასვლელი კარი გარედან ვიღაცამ ფრთხილად გახსნა და ოთახში რკინის კეტით შეიარაღებული კაცი შევიდა. „ჩასაფრებაში მეც ვიყავი და როცა გავიაზრე, რომ ჩემს წინ ოჯახის მკვლელი იყო, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მესროლა, თუმცა ის ცოცხალი გვჭირდებოდა და ცოცხლადაც ავიყვანეთ. როცა შუქი ავანთეთ, ჩვენს წინ, იატაკზე, გარდაცვლილის საუკეთესო მეგობარი, ვიტალი სიმონენკოვი იჯდა. „ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით იქამდე, ვიდრე ის ცოლს მოიყვანდა. შერბაკოვის მეუღლე მანამდე მე მიყვარდა, თუმცა მან ჩემი მეგობარი აირჩია. ეყოლათ ორი საუცხოო ბავშვი, ზუსტად ისეთები, როგორებზეც ვოცნებობდი, ჰქონდათ ბინა, ზუსტად ისეთი, როგორიც მე მინდოდა და ბედნიერებისგან ტკბებოდნენ. საყვარლის ისტორია მე მოვიგონე, მეგონა, ცოლს გააგდებდა და შანსი მექნებოდა, იმან კი ჯერ კაცთან გაარჩია საქმე, მერე ცოლს ჰკითხა და როცა უთხრა, შენთვის არასდროს მიღალატიაო, უბრალოდ, დაუჯერა და თემა დახურა. ამან საერთოდ გამაცოფა და გადავწყვიტე, ჩემი ტანჯვა დამესრულებინა. მხოლოდ ბავშვების დახოცვას ვნანობ, ცოლ-ქმრის მოკვლას - არა, თან რა მაქვს სანანებელი, წლების ოცნება ავისრულე და ყველაზე სასურველ ქალთან ვიწექი“, - განაცხადა დაკითხვაზე სიმონენკოვმა. ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამ დაკავებული შერაცხადად სცნო და სასამართლოს ვერდიქტმაც არ დააყოვნა - დახვრეტა. ვოლგოგრადელმა სამართალდამცავებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რომ განაჩენი, გამოტანიდან, ორ თვეში აღსრულებულიყო.

ავტორი - ბათო ჯაფარიძე