ცოლმა ქმარი ტაფით მოკლა - ვისი დახმარებით გავიდა გამოძიება დამნაშავეზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

რა ინციდენტი უძღვოდა მკვლელობას და ვისი დახმარებით გავიდა გამოძიება დამნაშავეზე

ბათო ჯაფარიძე პრაქტიკული გამოცდილება - ეს არის ის, რასაც ვერსად შეიძენ და თუ არ გექნება, ვერასოდეს ისწავლი. თეორიული ცოდნა ძალიან კარგია, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება ბევრად მეტია. ამიტომაცაა, ახალგაზრდებს მეტი შეცდომები რომ მოსდით, ვიდრე - ასაკოვანებს. მათ ის გზა უკვე გავლილი აქვთ, იმ ნაღმებზე დაბიჯებული აქვთ, რომელზეც ახალგაზრდები ფეთქდებიან და თუ ახალგაზრდას ჭკუა აქვს, უფროსი კოლეგის რჩევები უნდა გაითვალისწინოს.

„ახალი ოპერმუშაკი ვიყავი, ჩვენს განყოფილებას პენსიისთვის გამზადებული ილო ძია ხელმძღვანელობდა. პირდაღებული ვუსმენდით მის თითოეულ სიტყვას, რადგან ყველაფერი ჰქონდა ნანახი და ძალიან, ძალიან ბევრი რამ იცოდა. დარეკეს, მკვლელობა მოხდაო და ჩვენც ერთად გავედით. ჩვეულებრივ „ხრუშჩოვკაში“, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი იყო გარდაცვლილი და მკვლელობის იარაღიც იქვე ეგდო - თუჯის მძიმე ტაფა, რომლითაც, სავარაუდოდ, მოკლულს თავი გაუჩეჩქვეს და არაერთხელ ჩაარტყეს. ძია ილომ დახედა და უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა - განზრახ მკვლელობა არ არის, ეს გამოძიებაში ხელს შეგვიშლისო. გაოცებისგან პირი დავაღე, როგორ შეიძლებოდა თვალის ერთი გადავლებით, ესოდენ მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება? თითქოს მიმიხვდა, ჩუმად გააგრძელა - როცა ადამიანი მკვლელობას აპირებს, მინიმუმ, დანით მიდის. აქ კი ტაფა გამოიყენეს ანუ ვინც ეს უბედური მოკლა, არაფერს აპირებდა, შემდეგ წარმოიშვა რაღაც გარემოება, რამაც აიძულა, რომ მოეკლა და მოეკლა ასეთი მეთოდით. ტარზე ანაბეჭდები არ იქნება, რადგან ყველამ იცის, რომ ანაბეჭდები უნდა წაშალოს, არც - სახელურზე. ასე მგონია მე. მართლაც, ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ კარისა და ტაფის სახელურები საგულდაგულოდ იყო გაწმენდილი, კარზე მხოლოდ ცოლის თითის ანაბეჭდი იყო. აი, ეს არის გამოცდილება“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. გარდაცვლილი მამაკაცი ცოლმა იპოვა, რომელიც შინ დილით დაბრუნდა და რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, ის უნდა დაეკითხათ. „საღამოს, მეგობრებთან ერთად, ჩემი სახლის გვერდით, რესტორანში წავედი. ყველა ლოგიკით, ქმარი მივლინებაში უნდა ყოფილიყო, ამიტომ არ ვჩქარობდი. ასე შევრჩით დილამდე და დილით, როცა მოვედი, ეს საშინელი სურათი დამხვდა. მაშინვე პოლიციაში დავრეკე“, - განაცხადა ქალმა. სამართალდამცავებმა გადაამოწმეს და მართლაც, კაცი მივლინებაში უნდა წასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში რაღაც შეიცვალა და შინ დარჩა. ამის შესახებ მხოლოდ სამსახურის ხელმძღვანელმა იცოდა, რომელმაც კაცს სახლის ტელეფონზე პირადად დაურეკა. რესტორნის თანამშრომლებმა და ქალის ორმა დაქალმა კი დაადასტურა, რომ მთელი საღამო რესტორანში იყვნენ, ქალი არსად წასულა და რაც მთავარია, მთელი ღამე განუწყვეტლივ ცეკვავდა და ასე განსაჯეთ, სიმღერა მუსიკოსებს თავად ქალმაც შვიდჯერ შეუკვეთა. თითო შეკვეთა ათი მანეთი ღირდა, 70 მანეთი კი მაშინ პატარა ფული ნამდვილად არ იყო. სამაგიეროდ, გამოჩნდა მოწმე, რომელმაც თქვა, რომ საღამოს კაცს სტუმრად მეგობარი ეწვია, გვარიანად ნასვამი და ის იქ ადრეც ჰყავდა ნანახი. სამართალდამცავები მეგობართან გაემგზავრნენ და შინ მძინარე იპოვეს, ტანსაცმლიანი ეგდო ლოგინზე და ეძინა. შარვალსა და პერანგზე სისხლის ლაქები აშკარად ჩანდა. სავარაუდოდ, ეს იმ კაცის ყველაზე ცუდი გამოღვიძება იყო. მის წინ ოპერმუშაკები იდგნენ და აუწყეს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყო. „შეიძლება, მე მოვკალი, არაფერი მახსოვს.. თუმცა ეს სისხლი... რა თქმა უნდა, მე მოვკალი, ალბათ იმიტომ, რომ თავიდან კარს არ მიღებდა, ნასვამი ხარო, მეუბნებოდა. მერე კიდევ დავლიე და... მერე აღარ მახსოვს, სახლში ვინ მომიყვანა“,-გაურკვევლად საუბრობდა კაცი. გამომძიებლები სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტდნენ. ერთი შეხედვით, უიმედო მკვლელობა ლამის ორ საათში გახსნეს და ახლა მხოლოდ ერთი რამ იყო საჭირო - სისხლის ლაქები გარდაცვლილის სისხლის ჯგუფს დამთხვეოდა. სწორედ ამიტომ, ოპერჯგუფს მეტი არაფერი გაუკეთებია, ყველა განყოფილებაში დაბრუნდა და მშვიდად ელოდა ექსპერტის დასკვნას, დაკავებული კი წერდა, რომ არაფერი ახსოვდა, თუმცა არ გამორიცხავდა მეგობრის მკვლელობას, რადგან ახსოვდა, რომ ის დალევას უკრძალავდა და კარს არ უღებდა. ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ დაკავებულს მოეწონა - ტანსაცმელზე აღმოჩენილი სისხლი, სავარაუდოდ, ძაღლის იყო. ყოველ შემთხვევაში, ადამიანის არ გახლდათ და სად ნახა სისხლიანი ძაღლი, ან როგორ მოხვდა მის ტანისამოსზე ცხოველის სისხლი, გამოძიებას არ დაუდგენია. დაკავებული გაათავისუფლეს და ვერსიების ძიება განაგრძეს. ასეთ დროს ყველაზე კარგი მთხრობელები მეზობლები არიან და მათაც პირი მოაღეს. განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა, რომელიც ჯიუტად ამტკიცებდა, მაგ კაცს მეზობლის ქალი მოკლავდა, წინა დღეს კარგად მესმოდა, როგორ ეჩხუბებოდა, მეორედ არ გაბედო და მაგ საკითხზე ჩემთან არ მოხვიდეო. ახალი ეჭვმიტანილიც მარტოხელა იყო და ისიც დაკითხეს. „არაფერი განსაკუთრებული. ქმარს ეჭვი გაუჩნდა, რომ ცოლი ღალატობდა და მთხოვა, როცა შინ არ ვიქნები, ყურადღება მიაქციე, ეჭვი მაქვს, ჩემს არყოფნაში, საყვარლები შინ დაჰყავსო. მე ოჯახურ საქმეში ჩარევა არ ვისურვე და უარი ვუთხარი, მაგრამ როცა იგივე გამიმეორა, მკაცრად ვუპასუხე, მეორედ არ გაბედო და მაგ საკითხზე ჩემთან არ მოხვიდე-მეთქი“, - განაცხადა ქალმა. მართალია, გამოძიებას ეს ძაფიც ხელიდან გაუსხლტა, მაგრამ სამაგიეროდ გაიგეს, რომ ქმარი ცოლზე ეჭვიანობდა და ახლა მისი ალიბი კიდევ ერთხელ შეამოწმეს. მომსახურე პერსონალი, მუსიკოსები, დაქალები ერთ ხმაში იმეორებდნენ, რომ მთელი ღამე ქალმა ლამის საცეკვაო სცენაზე გაატარა და გამორიცხული იყო, ვინმე მოეკლა. ის სვამდა, ჭამდა, ცეკვავდა ანუ ბოლომდე ერთობოდა და თან ამბობდა, კიდევ კარგი, ქმარი მივლინებაშია, თორემ ასეთ მთვრალს რომ მნახავდა, გადაირეოდაო. რესტორნიდან ისინი გამთენიისას გავიდნენ და მილიციაში ზარი, დაახლოებით, 15 წუთში გაისმა ანუ ქალს შინ მისვლისას რომ მოეკლა ქმარი, ყველაფერი ახალი მომხდარი უნდა ყოფილიყო, ექსპერტი კი ამტკიცებდა, მკვლელობა, მაქსიმუმ, ღამის 1 საათზე მოხდაო. იყო კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო დეტალი - რესტორნის ცენტრალური კარი დაკეტილი გახლდათ და გასაღები ერთ-ერთ ოფიციანტს ჰქონდა. მისთვის კარის გახსნა არავის უთხოვია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქალი რესტორნიდან ვერ გავიდოდა. „ყველამ ყურები ჩამოვყარეთ. ილო ძია მართალი გამოდგა, შემთხვევით მკვლელობასთან გვქონდა საქმე და არა - გამოცდილ მკვლელთან, რომელსაც შეიძლებოდა რაღაც მიზანი და მიზეზი ჰქონოდა. სახლში კი ძვირფასეულობა ადგილზე იყო, არც ფული იყო წაღებული და ცოლიც ამტკიცებდა, არაფერი გვაკლიაო ანუ მკვლელმა ნივთები არ წაიღო, მან მოკლა კაცი, პანიკურად გაწმინდა ყველაფერი და კარი გაიხურა, თუმცა იყო კიდევ ერთი საინტერესო რამ - ღამით კაცი უცხოს კარს არ გაუღებდა ანუ მოკლული მკვლელს იცნობდა, მაგრამ ვინ იყო ეს მკვლელი, ვინ?!“ - გვიყვება ბატონი თენგიზი. მომხდარიდან ორ კვირაში, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების თანამშრომლებმა, ნარკოტიკების მოხმარებისა და გასაღების ფაქტზე იმ რესტორნის ოფიციანტი დააკავეს, რომელშიც მოკლული კაცის ცოლი ერთობოდა. მას სოლიდური სასჯელი ელოდა და მოულოდნელად სამართალდამცავებთან გარიგება მოითხოვა - თუ გამიშვებთ, მკვლელობას გაგახსნევინებთო. რაღა თქმა უნდა, მაშინვე მკვლელობის განყოფილებას დაუძახეს და შეთანხმდნენ, რომ სულ გაშვება არ გამოვიდოდა, პირობით სასჯელს გააყოლებდნენ, პარალელურად კი მას ისიც უნდა ეთქვა, ვისგან იღებდა ნარკოტიკს. ოფიციანტი დათანხმდა და დაიწყო: „სულ ტყუილად გგონიათ, რომ ქალმა რესტორნიდან გასვლა ვერ მოახერხა. მას იქ მყოფი ჩვენი მზარეულის თანაშემწე მოეწონა, მთვრალი იყო და მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილ საპირფარეშოშიც შეიყვანა. მე ნარკოტიკს ვიღებდი და მესმოდა, როგორ ეუბნეოდა ქალი, ადამიანურად მინდა ყველაფერი, აქვე ვცხოვრობ, წავიდეთ, ქმარი სახლში არ იქნებაო. მზარეულის თანაშემწემ უთხრა, ჯერ გადაამოწმე და მერე წავიდეთო. ქალი წავიდა, რესტორნიდან უკანა შესასვლელით გავიდა, უკან მალე დაბრუნდა და თქვა, ის იდიოტი შინ დამხვდა, ტაფა ჩავარტყიო. მისი გასვლა მარტივი მიზეზის გამო ვერ გაიგო ვერავინ - ყველა ნასვამი იყო და მერე იმდენს ცეკვავდა, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მუდმივად იქ ტრიალებდა“,-დაასრულა მოყოლა ოფიციანტმა. სამართალდამცავებმა დაქალებს გამოკითხეს, რა ეცვა მომხდარის ღამეს მათ მეგობარს და ტანსაცმელი ექსპერტიზაზე წაიღეს. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ტანისამოსზე სისხლის შხეფები იყო და რაღა თქმა უნდა, გარდაცვლილის ცოლი დააკავეს. „იდიოტი იყო ჩემი ქმარი. ორი წლის წინ გაცივდა და სექსუალური თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები შეექმნა. გაყრა ვთხოვე, უარი მითხრა, რაც გინდა ქენი, ოღონდ არ მიმატოვოო. მეც შეძლებისდაგვარად ვიკავებდი ხოლმე თავს, მაგრამ გადაცდომებიც მქონდა. იმ ღამეს, შინ რომ დავბრუნდი, დავინახე, სამზარეულოში იჯდა და სვამდა. გულზე შემომეყარა, ყველაფერი ჩამწყდა შიგნით და ტაფა ანგარიშმიუცემლად ჩავარტყი თავში. ჯერ ერთხელ, მერე მეორედ და მივხვდი, მოვკალი. უკან მალე დავბრუნდი და ბოლომდე დავთვერი, რათა მომხდარი დამევიწყებინა, შემდეგ კი, დილით მილიციაში დავრეკე. მე მისი მოკვლა არ მინდოდა“, - ასეთია დაკავებულის ჩვენების ამონარიდი. საბჭოთა სასამართლო ქალების მიმართ ყოველთვის ლოიალური იყო და ქმრის მკვლელსაც მხოლოდ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ავტორი - ბათო ჯაფარიძე