13 წლის ბავშვმა სამი ადამიანი მოკლა - როდის, რატომ და როგორ დაგეგმა მკვლელობა (სკანდალური კრიმინალური საქმის დეტალები)

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადრე ასე იყო – სამართალდამცავები სკოლებში დადიოდნენ და მოზარდ თაობას ლექციებს უტარებდნენ იმის შესახებ, რატომ უნდა დაიცვან კანონი, რატომ არ უნდა დაეხმარონ დამნაშავეს და რა შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული დანაშაულის ჩადენას. არცთუ იშვიათად, საქართველოში, რუსულენოვანი სკოლებისთვის, აღნიშნული ლექციების წასაკითხად თუ გაკვეთილების ჩასატარებლად, მილიციის მაღალჩინოსნები რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან ჩამოდიოდნენ. არც ის იყო უცხო, რომ რუსულის კარგად მცოდნეებს, გაკვეთილების ჩასატარებლად, სხვა რესპუბლიკაში საქართველოდანაც აგზავნიდნენ. რეალურად, ეს ერთგვარი აგიტაციაპროპაგანდა იყო და ამასთან, საბჭოთა მილიცია მაქსიმალურად ცდილობდა, ერთი მთლიანი ჯაჭვის რგოლი ყოფილიყო ყველა უწყება, ამიტომ რაც მეტი სანაცნობო თუ სამეგობრო ეყოლებოდათ თანამშრომლებს საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მით უკეთესი იქნებოდა.

„ასე მოვხვდი მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში გაკვეთილებზე. 13-14 წლის ბავშვებს ვასწავლიდით, რა არის ცუდი და კარგი, სისხლის სამართლის კოდექსიდან მუხლებსაც კი ვუკითხავდით. მაშინ კაპიტნის ჩინი მქონდა, ჩემთან ერთად, მაიორიც იყო, ადგილობრივი, რუსი“, – იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი საქმეს, რომელიც პირად კონტროლზე, საბჭოთა კავშირის შს მინისტრმა, ნიკოლაი შჩოლოკოვმა აიყვანა, მაგრამ რად გინდა – ეს ამბავი 1982 წლის სექტემბერში მოხდა, ნოემბერში კი, მისი მფარველი, ლეონიდ ბრეჟნევი გარდაიცვალა და მალე შჩოლოკოვიც თანამდებობიდან მოხსნეს.

სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გაჭიანურდა მაშინ ამ (და არა მარტო) საქმის გამოძიება – ერთმანეთს შსს და ძლევამოსილი „კა-გე-ბე“ დაეჯახა და ის ბრძოლა მაშინ უშიშროებამ მოიგო.

მოკლედ, მორიგი გაკვეთილის შემდეგ, რუსი მაიორი ეზოში სიგარეტის მოსაწევად გავიდა, მისი ქართველი კოლეგა კი სამასწავლებლოში წყლის დასალევად შევიდა. ამ დროს, სამასწავლებლოში ბავშვები შემოვარდნენ და ყვირილი დაიწყეს – „მოკლეს, მოკლეს!“

ქართველი კაპიტანი გარეთ გიჟივით გავარდა და დაინახა, რომ სკოლის ეზოში, მისი კოლეგა სისხლში ცურავდა. სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე 20 წუთში მივიდა, მაგრამ ამაოდ – მაიორი გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, მაიორი სიგარეტს ეწეოდა, როცა მასთან ნიღაბჩამოფარებული ბავშვი მივიდა, შენ სიკვდილის ღირსი ხარო, უთხრა და დანა ორჯერ დაარტყა. მოსწავლეები ამტკიცებდნენ, ბავშვის ტანის დიდი ადამიანი კი არა, ბავშვი იყო, რადგან ხელებიც ბავშვის ჰქონდა და ხმაცო. სახე არავის დაუნახავს, აგებულება კი ისეთი ჰქონდა, როგორიც, თუნდაც იმ სკოლაში, რამდენიმე ათეულ ბავშვს. სანამ გამომძიებლები მივიდოდნენ, მოსწავლეები ქართველმა კაპიტანმა გამოჰკითხა.

„იმ კლასში, სადაც ბოლო გაკვეთილი ჰქონდა, მცირე ინციდენტი მომხდარა. მაიორს უთქვამს, ყველა, ვისაც 14 წელი შეუსრულდა, პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზეო და რომელიღაც მოსწალვეს წამოუყვირია, მე 13 წლის ვარ და შენ რომ მოგკლა, არ დამიჭერენო. სასწრაფო წესით, იმ მოსწავლის მოძებნა მოვითხოვე, მაგრამ ვერსად მიაგნეს. შედეგად, ის ნომერ პირველი ეჭვმიტანილი გახდა“, – იხსენებს ბატონი თენგიზი.

ბავშვი ერთ საათში იპოვეს, თუმცა მას ძალიან მყარი ალიბი ჰქონდა. გაკვეთილის დასრულებისთანავე, ორ მეგობართან ერთად, სკოლის ეზოდან გავიდა და დაახლოებით, ნახევარი საათი, სიგარეტს ეწეოდა. მკვლელობა კი შესვენებაზე მოხდა და ის ორი მეგობრის მხედველობის არეში იყო. გამომძიებლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელი და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამ ამბავს უცნაური გაგრძელება ექნებოდა.

მეორე დღეს, სკოლაში მისულებს, ერთ-ერთი საკლასო ოთახის დაფაზე დახვდათ წარწერა – „ეს ბოლო მკვლელობა არ არის, კიდევ იქნება“. კარისკაცი იფიცებოდა, უცხო არავინ შემოსულაო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მკვლელი, სწორედ აღნიშნული სკოლის მოსწავლე იყო, მაგრამ ვინ და ვის ემუქრებოდა კიდევ მოკვლით?

„ჩემს კოლეგებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მეორე, შესაძლოა, მე ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რატომ მე და სიმართლე გითხრათ, ვერც წარმომედგინა, 13-14 წლის ბავშვს დანით როგორ უნდა მოვეკალი?! მოულოდნელობის ეფექტი გასაგებია, სავარაუდოდ, ამას ემსხვერპლა ჩემი კოლეგაც, ვერ წარმოიდგინა, რომ ბავშვი გაიმეტებდა, მაგრამ მე ხომ უკვე ვიცოდი, ფრთხილად ვიყავი და გამორიცხული იყო, სიახლოვეს შეიარაღებული ბავშვისთვის მუცელი მიმეშვირა“, – გვიყვება ბატონი თენგიზი.

მომხდარიდან მესამე დღეს, სკოლასთან ახლოს, ბაზარში, ვიღაც ნიღბიანმა ბავშვმა მამაკაცს დანა მუცელში ორჯერ გაუყარა და ადგილზე მოკლა. გარდაცვლილი იმავე ბაზრის დირექტორი, ქალაქში საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი პირი იყო. იგივე ხელწერა, იგივე ბავშვი, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში, ვინ და რატომ კლავდა ადამიანებს? როგორც მოსალოდნელი იყო, გამომძიებლებმა გარდაცვლილ მამაკაცებს შორის კავშირის ძიება დაიწყეს და მალე მიაგნეს: სამი წლის წინ, ბაზრის დირექტორმა გზაზე ქალი გაიტანა და მოკლა. პირველადი დასკვნით, ის ნასვამი იყო, თუმცა შემდეგ, მასალებიდან ეს ფაქტი გაქრა, ნასვამობა ქალს (?!) დაუდგინდა და ავტოსაგზაო შემთხვევაც გარდაცვლილს დაბრალდა. საქმეს მაშინ სწორედ გარდაცვლილი მაიორი იძიებდა. გაჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ შურისძიებას ვიღაც იმ საქმის გამო ახორციელებდა.

გადაწყვიტეს, გარდაცვლილი ქალის ოჯახი მოენახულებინათ. შინ მისულებს, მოხუცი ქალი დახვდათ, გარდაცვლილის დედა, რომელიც შვილიშვილს მარტო ზრდიდა, რადგან მამამ ოჯახი მეუღლის სიკვდილიდან ერთ თვეში მიატოვა და სხვა ქალთან გადასახლდა. შვილიშვილი შინ არ იმყოფებოდა, სკოლაშიაო, ბებიამ. სანამ სამართალდამცავები ბავშვს ნახავდნენ, მამის ნახვა გადაწყვიტეს, მისი სახლის მისამართი გაიგეს და კორპუსთან ელოდნენ.

„მეც იქ ვიყავი, ეზოში ბავშვები თამაშობდნენ, მხოლოდ ერთი ბიჭი იჯდა ცალკე, ბორდიურზე და აქეთ-იქით ნაღვლიანად იხედებოდა. ის, ვისაც ველოდით, გამოჩნდა, სწორედ იმ ბავშვის წინ გაჩერდა და მთელი ტანით დაფარა. მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ბავშვი წამოდგა და დაახლოებით, ხუთ წამში, ადგილიდან მოწყდა. მამაკაცი ნელ-ნელა ჩაიკეცა, თან მუცელზე იკიდებდა ხელს. ჩვენს თვალწინ მკვლელობა მოხდა და მკვლელი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. ჩემს გარდა, მას კიდევ ერთი ოპერმუშაკი დაედევნა, მეორემ კი სასწრაფოში დარეკა“, – გვიყვება ბატონი თენგიზი. სასწრაფომ ვერც ამ მამაკაცს მოუსწრო, ბავშვი კი ოპერმუშაკებმა მარტივად დააკავეს.

„დედაჩემი, ჩემი და მამის თვალწინ მოკლა ბაზრის დირექტორმა, გალეშილი მთვრალი იჯდა საჭესთან. რა თქმა უნდა, მამამ იჩივლა, მერე მიგვატოვა და როცა ვუთხარი, ოღონდ ის ამიხსენი, იმ კაცს რამდენი მისცეს-მეთქი, მითხრა, 7 წელი, მეტს არ აძლევენო. დავმშვიდდი და იმის მიუხედავად, რომ წლები მეცოტავა, მაინც ბედნიერი ვიყავი. დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, ეს კაცი დავინახე სრულიად ჯანმრთელი და თავისუფლებაზე. მამას მივაკითხე, მითხრა, დედას მაინც ვერ გავაცოცხლებდით და ათი ათასი მანეთი მოგვცესო. მან მითხრა გამომძიებლის სახელი და გვარი, იმანაც ასე მირჩიაო. ვიცნობდი ამ მაიორს, მივხვდი, ვისზეც იყო საუბარი და იმას ვნანობდი, რომ ძალიან პატარა ვიყავი. ვარჯიში დავიწყე, კუნთები რომ გამზრდოდა და ძალა მქონოდა. სამივეს მოკვლა ორი წლის წინ გადავწყვიტე და შანსი ახლა მომეცა. ჩადენილს არ ვნანობ“, – თქვა ბავშვმა დაკითხვაზე.

ის, რაც შემდეგ მოხდა, ალბათ, არავინ ელოდა. ბავშვი საგამოძიებო ექსპერიმენტზე ჯერ ბაზარში წაიყვანეს, შემდეგ – სკოლის ეზოში. ხელბორკილი არავის გაუკეთებია, ვინ იფიქრებდა, რომ გაქცევას გაბედავდა. ბაზარში ყველაფერი მარტივად ჩატარდა, სკოლის ეზოში კი ბავშვი მილიციის თანამშრომლებს ხელიდან გაუსხლტა და შენობაში შევარდა. სამართალდამცავები ფეხდაფეხ მიყვნენ, თუმცა ბავშვმა პირველი სართულის ფანჯრიდან ისკუპა, მერე სკოლის ღობეში დატანებულ ხვრელში გაძვრა, იქიდან ავტოფარეხის სახურავზე ავიდა და გაიქცა. მისი ძებნის ბრძანება პირადად შჩოლოკოვმა გასცა, მაგრამ ამაოდ.

„სულ ვკითხულობდი ხოლმე, იპოვეს თუ არა გაქცეული ბავშვი და მუდმივად მეუბნებოდნენ, ვერაო. მხოლოდ 9 წლის შემდეგ დააკავეს, სულ სხვა საქმეზე და სულ სხვა ქალაქში. თურმე, მთელი ამ ხნის განმავლობაში, უზბეკეთში იმყოფებოდა, იქ როგორ მოხვდა, კაცმა არ იცის და ვიღაცის ოჯახს ცხვრების მწყემსვაში ეხმარებოდა. სრულწლოვანი რომ გახდა, რუსეთში დაბრუნდა, თუმცა მოსკოვს არ გაეკარა, მაგრამ კრიმინალურ წრეებში ტრიალებდა და დააკავეს. იმის გამო, რომ სამი მკვლელობის ჩადენის დროს, 13 წლის იყო, ვერაფერი მიუსაჯეს, თუმცა სხვა დანაშაულები გაუხსნეს და ციხეში ხანგრძლივი დროით გაისტუმრეს“, – დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

 

ბათო ჯაფარიძე