მკვლელი მზარეული -როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავის კვალზე - საარქივო მასალების დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო დროს, კულინარიული გადაცემები მხოლოდ საქართველოში არაა პოპულარული. საჭმლის კეთების ხელოვნება, მართლაც, სხვა მასშტაბებს იძენს და ახლა მთავარი მხოლოდ ის აღარ არის, საჭმელი გემრიელი იყოს, ვიზუალურადაც ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ მომხმარებელს შეჭმა დაენანოს. ამიტომ, მზარეულები ათასგვარ ხრიკს იგონებენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან და ტექნიკას ყოველდღიურად ხვეწენ. ადრე კი ასე არ იყო. განსაკუთრებით ეს საბჭოთა სასადილოებზე, „ზაბეგალოვკებზე“ ითქმის, სადაც გემრიელად და კომფორტულად ჭამა თითქმის შეუძლებელი გახლდათ. ამის მიუხედავად, თითქმის ყველა სასადილოში იყო ერთი, განსაკუთრებული კერძი, რომელსაც მზარეული დიდი მონდომებით აკეთებდა და კლიენტს სწორედ იმ ერთი კერძით იზიდავდა. ამიტომ, კარგი ხაში ერთ ადგილზე შეიძლებოდა გეჭამა, მწვადი - სხვაგან, ქაბაბი სხვა დაწესებულებაში და ასე დაუსრულებლად.

 

„ახლა ყველა კუთხეში რესტორანი ან ბარია, ამიტომ ძნელია, გაარკვიო, ვინ სად დადის საჭმელად. ერთი უპირატესობა ისაა, რომ პრაქტიკულად, ყველგან ვიდეოთვალია და ეს სამართალდამცავებს საქმეს უიოლებს. აი, ჩვენ დროს, ვიდეოთვალი არსად იყო და ყველაზე უმნიშვნელო დეტალსაც კი უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

საკუთარ სადარბაზოში, ქამრით გაგუდილი მამაკაცი მეზობელმა კიბეზე ნახა და, რაღა თქმა უნდა, მილიციაში დარეკა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ხელჩასაჭიდი არაფერი დახვდათ - როგორც ჩანდა, თავდამსხმელი მსხვერპლს უკნიდან მიადგა, ქამარი ყულფივით მოარგო და გაგუდა. თავდამსხმელი ფიზიკურად ძლიერი უნდა ყოფილიყო, რადგან გარდაცვლილი პატარა და უღონო ნამდვილად არ ჩანდა. მოკლული უცოლშვილო, რიგითი მუშა გახლდათ, რომელსაც მეზობლები დადებითად ახასიათებდნენ. რაღა თქმა უნდა, უცოლშვილო კაცის სამეგობროში ქალის ძებნა დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ - არც მეზობლები და არც მეგობრები არ ადასტურებდნენ, რომ გარდაცვლილი მექალთანე იყო და ამ მხრივ თავგადასავლებით ვერ დაიკვეხნიდა.

ერთადერთი ხელჩასაჭიდი ის გახლდათ, რომ მამაკაცი სამსახურიდან 17.00 საათზე წამოვიდა, მეზობელმა კი 19.30 საათზე იპოვა. სამსახურიდან სახლამდე, ფეხითაც კი, 15 წუთის სავალი იყო და ახლა ის დარჩა გასარკვევი, სად და ვისთან იყო ამ დროის განმავლობაში.

ცხადი გახდა, მკვლელის ვინაობა, სწორედ ამ მონაკვეთში უნდა ეძებნათ.

ექსპერტიზის დასკვნით, მამაკაცმა რომელიღაც სასადილოში შეიარა, რადგან გამორიცხული იყო, „ვინეგრეტი“ სახლში მოემზადებინა. ორგანიზმში უმნიშვნელო რაოდენობით ალკოჰოლის კვალიც იყო. როცა ექსპერტიზის დასკვნა ოპერმუშაკებმა წაიკითხეს, ერთ-ერთმა თქვა, ვიცი, სადაც ჭამდა, „ვინეგრეტს“ ზეთისხილით, თბილისში, მხოლოდ ერთ ადგილზე აკეთებენ და ის ადგილიც სწორედ იმ გზაზეა, გარდაცვლილს რომ უნდა გაევლოო. სასადილოში დაადასტურეს, რომ მამაკაცი იმ დღეს მათთან ნამდვილად იმყოფებოდა, ვიღაც მეგობარი ახლდა, ჭამეს, მზარეულს აგინეს, რადგან რაღაც არ მოეწონათ, შემდეგ კი იქაურობა დატოვეს და რაც მთავარია, ალკოჰოლი არ მიუღიათ ანუ ისინი იქიდან ფხიზლები გავიდნენ.

თანმხლები მამაკაცის მოძებნა არ გასჭირვებიათ. ის მისი მეგობარი აღმოჩნდა, რომელმაც დაადასტურა, რომ სასადილოდან გამოსვლის შემდეგ, ერთი ბოთლი ლუდი იყიდა, მეგობარმა ორიოდე ყლუპი მოსვა, შემდეგ კი ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

„ათასჯერ რომ მკითხო, რატომო, ვერ გიპასუხებ - არ დავკითხე მზარეული, რომელთანაც ჩხუბი მოუვიდათ. იმდენად აგდებულად და უმნიშვნელოდ თქვა მიმტანმა, მზარეულს აგინესო, ჩვეულებრივ ამბად ჩავთვალე. არადა, წესით უნდა გამომეკითხა და ამის გამო მალე, ძალიან მალე ვინანე“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მომხდარიდან ორ კვირაში, ისევ სადარბაზოში, მორიგი თავდასხმა მოხდა. ღამით, შინ დაბრუნებულ ახალგაზრდა კაცს, ზურგიდან მიეპარნენ და ყელზე ქამარი შემოუჭირეს. საბედნიეროდ, თავდამსხმელს კიბეებზე ფეხი დაუცდა და მსხვერპლიცა და მოძალადეც დაგორდნენ, რის შემდეგაც თავდამსხმელი გაიქცა. მომხდარი ძალიან ჰგავდა წინა მკვლელობას და ამიტომ, დაზარალებული დეტალურად გამოჰკითხეს. ისიც გაოცებული იყო, ვერაფრით აეხსნა, ვის შეიძლებოდა გაემეტებინა. გვიამბო, რომ სამსახურიდან ორ მეგობართან ერთად წამოვიდა, სასადილოში შეიარა, ჭამა, იქიდან კი სახლისკენ ფეხით გაუყვა გზას. როგორც გადარჩენილი აცხადებდა, არც კონფლიქტი ჰქონდა ვინმესთან, ცოლის ერთგული იყო - საყვარელი არ ჰყავდა და დაახლოებითაც ვერ ხვდებოდა, ვის შეიძლებოდა გემეტებინა. ჯიბეშიც 20 მანეთამდე ედო და ამის გამო, ადამიანებს მაშინ არ კლავდნენ. სამართალდამცავებმა ის ორი მეგობარიც დაკითხეს და მათ ერთი-ერთში გაიმეორეს დაზარალებულის ჩვენება. წინასწარ მოლაპარაკება გამორიცხული იყო, ამისათვის მათ დრო და შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ან რაში სჭირდებოდათ ტყუილი?!

„ერთადერთი, რაც ამ ორ შემთხვევას საერთო ჰქონდა, ქამრით მკვლელობის მცდელობა და სასადილო იყო. ამიტომ, სასადილოში წავედით და ახლა იქაური პერსონალი გამოვკითხეთ. ყველამ ერთხმად დაადასტურა, რომ სამეული მათთან სადილობდა, ალკოჰოლი არ მიუღია, თუმცა... წასვლამდე მზარეულს დაუძახეს და დედა აგინეს. მათ რაღაც სალათა არ მოეწონათ და გაბრაზების მიზეზიც ეს იყო. ამჯერად მზარეულით დავინტერესდი და მისი მოყვანა მოვითხოვე. მან მშვიდად თქვა, გემოვნებაზე ჩვენთან არ დაობენ, მაგრამ ასეც ხდება ხოლმეო. იმდენად მშვიდი იყო, რომ ეჭვი არაფერზე გამჩენია“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

მკვლელობა გაუხსნელი რჩებოდა, ცოდვა გამხელილი სჯობსო და, სამართალდამცავებს მორიგი თავდასხმისა და მკვლელის მიერ შეცდომის დაშვების იმედი ჰქონდათ, თუმცა არც მორიგი თავდასხმა ჩანდა და საქმეც ნელ-ნელა თაროსკენ იწევდა, როგორც გაუხსნელი. ვერ გეტყვით, ახლა როგორ არის, მაგრამ ადრე, სანამ საქმეს დახურავდნენ, ყველა დეტალს ახლიდან გაივლიდნენ, გადაამოწმებდნენ, მოწმეებს დამატებით გამოჰკითხავდნენ და თუ რაიმე ახალი გამოჩნდებოდა, ძიება კიდევ ორი თვით გრძელდებოდა. ამჯერადაც ასე მოხდა, საქმე გადაათვალიერეს და აღმოაჩინეს, რომ სრული კომპლექტისთვის, მკვლელობის საქმეზე, მზარეული არ იყო დაკითხული ანუ პირი, ვისთანაც კონფლიქტი მოუვიდა გარდაცვლილს. ამიტომ, გამომძიებელი იმ სასადილოში წავიდა და აღმოაჩინა, რომ მზარეული კონფლიქტის მეორე დღესვე გაუგდიათ სამსახურიდან.

როგორც სასადილოს დირექტორმა ახსნა, მას კლიენტებთან მუდმივად უთანხმოება ჰქონდა, მარტივ კერძებში რაღაცეებს ამატებდა, იგონებდა, რაც კლიენტებს არ მოსწონდათ და მუდმივად ჩხუბობდნენ.

„მზარეულის სახელი და გვარი ჩავიწერე და პირი დავაღე. ეს ის მზარეული იყო, მეორე შემთხვევის დროს რომ დავკითხე ანუ ისე გამოვიდა, რომ მას ჯერ ამ სასადილოში ეჩხუბა კაცი და ის კაცი მოკლეს, შემდეგ სხვა სასადილოში აგინეს და ის კაცი კინაღამ მოკლეს. პროკურორთან ორდერზე წავედი, პირდაპირ დაპატიმრებას ვითხოვდი და პროკურორმაც, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და რაღაცებზე მეგობრულად თვალს ხუჭავდა, თანხმობა მომცა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

დაკავებულს პირდაპირ უთხრეს, მოწმე გვყავს, რომელმაც დაგინახა მეორე მკვლელობის მცდელობის დროს, პირველი მკვლელობა შენი ჩადენილი რომ არის, სადარბაზოში კედელზე დატოვებული ანაბეჭდებით დავამტკიცებთო. რაღა თქმა უნდა, გამოძიებას არც ანაბეჭდები ჰქონდა და არც თვითმხულველი იყო ვინმე, მაგრამ ამ მიდგომამ გაჭრა და მზარეულმაც მოყოლა დაიწყო.

„მე კულინარიის გენიოსი ვარ. საჭმელების მომზადება არა მარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიოში, ჩემზე უკეთ არავის შეუძლია. არცერთ დიდ რესტორანში არ მიმიღეს და სასადილოებშიც ამიტომ ვმუშაობდი. საუცხოო საკვებს ვაკეთებდი, ამ ადამიანებს კი გემო არ აქვთ და მუდმივად მაგინებდნენ, მეც სამსახურის გამოცვლა მიწევდა. ის კაცი იმიტომ მოვკალი, რომ ჩემი საფირმო სალათი გავაკეთე - „ვინეგრეტში“ ზეთისხილის ჩამატება მოვიფიქრე და მან კიდევ მაგინა, ზეთისხილი არ მიყვარსო. იმსახურებდა სიკვდილს. მეორეც იმსახურებდა, ნახევრად უმ ხორცს ბევრად უკეთესი გემო აქვს და იმან კიდევ, სისხლიანი ხორცი რატომ მაჭამეო. ვნანობ, რომ არ მოვკალი“, - ასე მარტივად ახსნა ყველაფერი მზარეულმა.

სანამ საქმე სასამართლოს გადაეცემოდა, დაკავებული ფსიქიატრებმა შეამოწმეს და დასკვნა დადეს - ჯანმრთელია! როგორც ჩანს, გემოს რეცეპტორებით ვერც მოსამართლე და პროკურორი დაიკვეხნიდნენ, რადგან განზრახ მკვლელობისთვისა და მკვლელობის მცდელობისთვის, დაკავებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.