მოჭიდავემ საუნაში რევიზორი მოკლა - გახმაურებული საქმის დღემდე უცნობი დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ობეხე“, რევიზორი, ცენტრალური შემოწმება“ - ეს ის სიტყვებია, რომლებიც კომუნიზმის დროს, მაღალჩინოსნებს შიშის ზარს სცემდა. შემოწმების ყველას ეშინოდა, რადგან რეალურად, არ არსებობდა ერთი დაწესებულებაც კი, სადაც ვინმე რამეს არ იპარავდა და სადაც გეგმა მხოლოდ ქაღალდზე არ სრულდებოდა. შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა მსუყე ქრთამით სრულდებოდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა გეგმის შესასრულებლად, თუ სხვების დასანახად, ვიღაცებს ციხისთვის იმეტებდნენ და თუ განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, საბჭოთა სასამართლოსთვის არც დახვრეტის მუხლი იყო უცხო.

 

ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ქაოსი დაიწყებოდა, როცა ერთ მშვენიერ დღეს, შემოწმება იმ ბაზას დაადგა, სადაც მზადებას სპორტსმენები გადიოდნენ. ისინი იქ, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ - ჭამდნენ, ეძინათ, ვარჯიშობდნენ.

სადაც კვების ობიექტია, იქ ფული ყოველთვის „კეთდება“, ამას დაუმატეთ სპორტული ტანისამოსი, ინვენტარი და ლოგიკურად მივალთ იქამდე, რატომ შეშფოთდა ან შეწუხდა ყველა. მით უმეტეს, ორი რევიზორიდან, ორივეს მოუსყიდავის სახელი ჰქონდა. ქალი და კაცი ცალ-ცალკე დააბინავეს, ერთი კვირის შემდეგ, ისინი დირექტორის კაბინეტში მივიდნენ და პირდაპირ თქვეს, რომ დასკვნა ძალიან ცუდი იქნებოდა, დირექტორი კი ციხისთვის უნდა მომზადებულიყო.

„მოკლედ რომ გითხრა, იმ ბაზაზე იყო საუნას ტიპის აბანოც, სადაც ეს კაცი დაპატიჟეს, აქაოდა, წასვლამდე, ორგანიზმს გაიკაჟებთო. ბაზა აჭარისკენ იყო, გარეთ თოვლი, საუნაში - სითბო და ორთქლი და კაცმაც უარი არ თქვა. როდესაც ოთახიდან არ გამოვიდა, კარი შეაღეს და გარდაცვლილი იპოვეს. რა თქმა უნდა, მაშინვე მილიციაში დარეკეს, ადგილზე აჭარელი სამართალდამცავები მივიდნენ, თუმცა რევიზორის მკვლელობა მარტივი დანაშაული არ იყო და ამიტომ, საქმე თბილისს გადასცეს. ჩვენი მოთხოვნით, გვამს ხელი არ ახლეს, ექსპერტიც აქედან წავიყვანეთ და აჭარაში წავედით“, - იხსენებს ზღვისპირეთში, 80-იანი წლების დასაწყისში მომხდარ რეზონანსულ მკვლელობას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ყველაზე უცნაური ის გახლდათ, რომ ექსპერტი ვერც პირველადი დათვალიერების და ვერც სრულყოფილი ექსპერტიზის შემდეგ ვერ მიხვდა, რა იყო მკვლელობის იარაღი. გარდაცვლილს ყელთან, ხორხის ქვემოთ, ერთადერთი შემავალი ჭრილობა ჰქონდა. ჭრილობა, სავარაუდოდ, მრგვალი ფორმის მყარი საგნით მიაყენეს, მაგრამ ეს არ იყო არც ხე, არც - რკინა, არც - პლასტმასი ანუ შესაბამისი კვალი არაფერმა დატოვა და ექსპერტს პირი ჰქონდა დაღებული, ასეთი რამ პრაქტიკაში არ მქონიაო, გვიამბობს ბატონი თენგიზი.

იმ ოთახის დათვალიერების დროს, სადაც მკვლელობა მოხდა, ექსპერტმა თმის ორი ღერი იპოვა, ორივე გრძელი და შეღებილი. ცხადი გახლდათ, 55 წელს გადაცილებულ რევიზორს, აბანოში ქალი ჰყავდა და გამოძიებამ ეჭვი მის მეწყვილეზე მიიტანა. მით უმეტეს, თმის ფერი აშკარად ემთხვეოდა, მაგრამ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ თმა მეორე რევიზორის არ იყო.

ყველაფერი თავდაყირა მას შემდეგ დადგა, რაც რევიზორის ცოლმა ჩვენება მისცა, გამორიცხულია, მას ქალი ჰყოლოდა, რადგან ორი წლის წინ, რაღაც უცნაური დაავადება გადაიტანა, რის შემდეგაც ქალთან ურთიერთობა აღარ შეეძლო, მე ის ძალიან მიყვარდა და ამის გამო დაშორება არც მიფიქრია, თანაც რაღა დროს ჩვენი ეგეთები იყო, 60 წელს მივუკაკუნეთო.

„საერთოდ დავიბენით. თუ რევიზორს ქალთან ურთიერთობა არ შეეძლო, რა უნდოდა ქალს მის ოთახში და თანაც, ხომ ლოგიკური იქნებოდა, რომ ოთახში, სადაც ორთქლის აბაზანებს იღებდნენ, ქალიცა და კაციც, მაქსიმუმ, ზეწრებით იქნებოდნენ? იყო კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი - ბაზის ტეროტორია დახურული გახლდათ ანუ იქ სპეციალური საშვის გარეშე, ვერავინ მოხვდებოდა და გარედან ქალის შემოყვანა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ამას დაამატეთ ისიც, რომ ყველაზე მეტად, რევიზორის სიკვდილი დირექტორს აწყობდა, მაგრამ ცოცხალი იყო მეორე რევიზორი, რომელიც დასკვნას ნამდვილად არ შეცვლიდა. აქედან გამომდინარე, ბაზის დირექტორი დავკითხეთ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

დირექტორის დაკითხვამ მხოლოდ ის გამოააშკარავა, რომ ბაზაზე ფინური საუნის მოწყობა მისი ინიციატივა არ იყო და ამის გაკეთება ზემოდან უბრძანეს. მისივე თქმით, არცთუ იშვიათად, საუნას აჭარელი მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ იმის იმედად, რომ იქ სხვა ვერავინ შევიდოდა და მშვიდად ატარებდნენ დროს. არ იყო აუცილებელი, მაინცდამაინც ქალები მიეყვანათ, უბრალოდ, საძმაკაცო მიდიოდა, ორთქლის აბაზანებს იღებდა, ქეიფობდა... დირექტორმა ისიც თქვა, აქ ისეთი ადამიანები მოდიან, რევიზორის მკაცრი დასკვნის ნამდვილად არ მეშინოდა და მას მოსაკლავად არ გავიმეტებდი, თუ გავიმეტებდი, მეორესაც მივაყოლებდი, რადგან ერთის სიკვდილით, ხეირი არ მექნებოდაო. რაოდენ მწარეც უნდა ყოფილიყო მისი სიტყვები, დირექტორი სიმართლეს ამბობდა. ასევე, იმასაც ამტკიცებდა, გამორიცხულია, ჩემი ნებართვის გარეშე, ქალი გარედან შემოსულიყო, თუ ვინმე მასთან ერთად აბაზანას იღებდა, ის მაშინაც ტერიტორიაზე იყო და ახლაც ტერიტორიაზე იქნებაო.

გამოძიებამ ბაზაზე მყოფი ყველა გოგონა შეკრიბა და მათგან ისინი აარჩია, ვისაც აბაზანაში ნაპოვნი თმის ღერის ფერის თმა ჰქონდა. ექსპერტმა ყველას ჩამოუარა, თუმცა მისი წვალება ამაო გამოდგა - ერთ-ერთმა გოგონამ მკაფიოდ თქვა, აბაზანაში რევიზორთან ერთად მე ვიყავიო. რაღა თქმა უნდა, ის დაკითხვაზე წაიყვანეს.

„ბაზის სასადილოში, რევიზორი შემთხვევით გავიცანი. სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა, მართლაც მამა-შვილური საუბარი გამიბა, ბევრ საკთხში პროფესიონალის დონეზე იყო ჩახედული, ლექციასავით წამიკითხა რამდენიმე თემა, რამაც ძალიან დამაინტერესა. ამის შემდეგ, კიდევ რამდენჯერმე შევხვდი, ორჯერ - სასადილოში, ერთხელაც  ბაზის ტერიტორიაზე ვისეირნეთ. აბაზანაში კი შემთხვევით აღმოვჩნდი, ვარჯიშიდან დავბრუნდი, როცა ის დავინახე და ღიმილით მითხრა, თუ გინდა, ორთქლის აბაზანა ერთად მივიღოთ, ხომ იცი, წესიერი კაცი ვარ, არაფერს ვიკადრებო. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად დავუჯერე და აბაზანაში შევყევი. ვსაუბრობდით, მერე მითხრა, ტანი უნდა გავიხეხო და დამტოვეო, მეც წამოვედი და მერე გავიგე, რომ მოკლეს“, - ეს არის ამონარიდი გოგონას ჩვენებიდან.

მისი სიტყვების დაჯერება ცოტა წარმოუდგენლად ჩანდა და გოგონა ექსპერტიზაზე გაუშვეს. ექსპერტს უნდა დაედგინა, ხომ არ ჰქონდა მას სქესობრივი კავშირი ან სხეულზე სისხლნაჟღენთები, რაც გაუპატიურების მცდელობას მოასწავებდა. ექსპერტიზამ დასკვნა დადო - გოგონა ლამის წმინდანად შერაცხა ანუ ყოველგვარი ინტიმი და ძალადობის მცდელობა გამოირიცხა. სამართალდამცავები ჩიხში შევიდნენ. ყველა ეჭვმიტანილი ხელიდან იმ ფიფქებივით გაუქრათ, რომელიც გარეთ მრავლად ცვიოდა. დირექტორმაც ღიმილით შენიშნა, კიდევ კარგი, გოგონა იმ რევიზორთან არ მაიმუნობდა, თორემ მაგას ისეთი ეჭვიანი შეყვარებული ჰყავს, კიდევ ერთ მკვლელობას არ ავცდებოდითო.

შეყვარებული მოჭიდავე აღმოჩნდა, რომელიც იმავე ბაზაზე ცხოვრობდა, თუმცა ბიჭებისა და გოგონების საცხოვრებლები უმკაცრესად იყო გამიჯნული და ასევე, მკაცრად კონტროლდებოდა. დაკითხვაზე ამჯერად მოჭიდავე დაიბარეს.

„დაახლოებით, ორმეტრიანი მუტრუკი უდარდელად შემოვიდა, სკამზეც უდარდელად ჩამოჯდა და მივხვდი, დაკითხვას აზრი არ ექნებოდა, რადგან ყველაფერს უარყოფდა. მოულოდნელად, მზერა ჩემს მაგიდაზე გააშტერა და მის მზერას გავყევი - შეყვარებულის დასკვნას მოჰკრა თვალი. ფურცელი მაშინვე ამოვაბრუნე და შევატყვე, არ მოეწონა. ამიტომ, კითხვა პირდაპირ დავუსვი, ის კაცი იმიტომ მოკალი, შენს შეყვარებულს საუნაში რომ დაათრევდა-თქო? სახე შეეცვალა, მერე თქვა, ტყუილიაო და მე კიდევ ის ფურცელი ავაფრიალე, რა ტყუილია, აგერ ექსპერტი მიწერს, რომ ბოლო ერთი კვირაა, იმ გოგოს მუდმივი ინტიმური კავშირი აქვს-მეთქი. სახე წაეშალა, გალურჯდა, მერე გაფითრდა და ბოლოს თქვა, სწორად მომიკლავსო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ეს უკვე აღიარება იყო და დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. როგორც მოჭიდავემ თქვა, ის გოგო მისი საცოლე იყო, რამდენჯერმე დაინახა, მოხუც რევიზორს რომ ტკბილად ესაუბრებოდა, იეჭვიანა და თვალთვალი დაუწყო. საუნაში რომ შევიდა, ამან სულ გადარია, გარეთ გამოვიდა, ინერვიულა, შემდეგ კი ორივეს მოკვლა გადაწყვიტა და უკან შებრუნდა, მაგრამ გოგო აღარ დახვდა, მხოლოდ რევიზორი იყო წამოწოლილი ხის თაროზე, ამიტომ ის მოკლა და გოგოს საძებნელად წავიდა, მაგრამ ვერ იპოვა. გამოძიებას ყველაზე მეტად მკვლელობის იარაღი აინტერესებდა. მოჭიდავემ არ დამალა - აბანოს შესასვლელთან, სახურავიდან ყინულის რამდენიმე ლოლო იყო ჩამოკიდებული, ერთი ცალი მოვტეხე, ყელში ის შევარჭე და იქვე დავაგდეო. ექსპერტების მისვლამდე ყინული გადნა და მკვლელობის იარაღიც გაქრა.

სასამართლომ მოჭიდავეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მკაცრი დასკვნის მიუხედავად კი, ბაზის დირექტორს ხელი არავინ მოჰკიდა. როგორც ჩანს, ის საუნა მართლაც ზემდგომების მითითებით იყო აშენებული...