რა ელის ციხეში დამნაშავეს, რომელიც ოჯახის წევრებსა და ნათესავებს სასიკვდილოდ იმეტებს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

მშობლების მკვლელი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

მიმდინარე წლის 30 აპრილს, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. თავდაპირველი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ოჯახის ორი წევრი, ცოლ-ქმარი დაიღუპა. სატელევიზიო კადრებში ნათლად ჩანდა წყვილის შვილი, გიორგი ბეროზაშვილი, რომელიც ბოლო ხმაზე მოთქვამდა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მშობლები ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს და ის... გიორგი ბეროზაშვილი აღმოჩნდა. თავდაპირველად გავრცელებული ინორმაციის თანახმად, ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის მკვლელობა შვილმა აღიარა და აღნიშნა, რომ ყველაფერი თანხის დაუფლების მიზნით გააკეთა, ცეცხლი კი კვალის დაფარვის გამო გააჩინა, თუმცა წინასასამართლო მეოსმენა დაიწყო და გიორგი ბეროზაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. მან და დაზარალებულად ცნობილმა მისმა დამ, სასამართლო სხდომის დახურვა მოითხოვეს, რადგან განმარტეს, რომ ეს მათი ოჯახის საქმეა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სამაგიეროდ, დაკმაყოფილდა ბრალდებულის ადვოკატების მოთხოვნა და გიორგი ბეროზაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

ამ კონკრეტულ საქმეზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ბოლო დროს დამკვიდრდა ტრადიცია, მკვლელობისთვის გასამართებული ადამიანები და უფრო მეტად ისინი, ვინც ფაქტზე დააკავეს, ჯიუტად ცდილობენ, საქმე სწორედ ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. გათვლა მარტივია - ნაფიცი მსაჯულები არ არიან პროფესიონალი იურისტები, არ არიან ცივსისხლიანი პროკურორები და არსებობს შინაგანი განწყობა, რომ ისინი შეიძლება პროცესის დროს „დაიკერონ“, მსჯავრდებული შეიცოდონ ციხეში გასაშვებად.

როგორ არ გავიხსენო, ათიოდე დღის წინ მოკლული მირიან კუკავას საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა რომ თქვა, ციხეში გაშვებით ცხოვრებას მინგრევთ, პროკურორმა ვერ მოითმინა და იქვე მიუგო, ცხოვრება კუკავას ოჯახს დაენგრა, თორემ შენი ადგილი ციხეშიაო. სავარაუდოდ, სწორედ ამის იმედი აქვს ბეროზაშვილსაც, რომელმაც პირველ ეტაპზე დანაშაული არათუ აღარა, არამედ, დეტალურად მოჰყვა, რა და როგორ გააკეთა. შემდეგ, როცა პირველმა შოკმა და... სინანულმაც გადაიარა, საკუთარ თავზე დაიწყო ფიქრი.

ვინც ციხეში მოხვედრილა, ზუსტად იცის, რომ ასიდან 99 შემთხვევაში, პირველი შოკის გადავლის შემდეგ, ყველა იმაზე იწყებს ფიქრს, რომ ციხეს თავი დააღწიოს და მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულის სიმძიმეს, რადგან ყველას შინაგანად სჯერა, რომ შეეშალა, შეცდომა დაუშვა და ერთი შეცდომის უფლება ყველას აქვს, თუმცა იყო ისეთი შემთხვევაც, როცა პატიმარმა მოსამართლეს სასჯელი გაუსაჩივრა, მეტს ვიმსახურებ და მხოლოდ სამი წელი რატომ მაკმარეო. მაშინ იმ ბიჭმა ავარიაში საკუთარი დეიდაშვილი იმსხვერპლა, საჭესთან თავად იჯდა, ნასვამი და დეიდაშვილი გვერდით. ჰოდა, ამბობდა, დეიდას თვალებში ვერ შევხედავ, ვერც ახლა და ვერც სამი წლის შემდეგო. საქმე სააპელაციოში წავიდა, რათა მისთვის სამწლიანი „სროკი“ გაეზარდათ, თავად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მისი ნასვამობა დამამძიმებელი გარემოება იყო და აუცილებლად მკაცრად უნდა დაესაჯათ.

ზოგადად, პატიმრებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დახოცეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კარგის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. მათ მუდმივად (ვიმეორებ, მუდმივად) ახსენებენ, რომ ოჯახის წევრები გაიმეტეს სასიკვდილოდ და ტექსტი - „შენ დედ-მამა (ძმა, და, შვილი, ცოლი) მოკალი და მე დამინდობ?!“ ყოველთვის აქტუალურია.

ისე, გამონაკლისიც არსებობს, თუ პატიმარმა ცოლი მაშინ მოკლა, როცა ღალატის დროს შეასწრო. ასეთებს არაფერს ეუბნებიან და ეს „ქურდულ ლოგიკაში“ გადასარევად ჯდება, მაგრამ იმას, რომ იმავე ცოლს, რომელსაც ღალატის დროს შეუსწარი, უბრალოდ, დაშორდე და მშვიდად იცხოვრო, „ქურდული კარაბადინი“ არ განიხილავს, რადგან კაცი თუ ხარ, კაცურად უნდა მოიქცე და რამდენად კაცურია ამ დროს მკვლელობა და საკუთარი თავის საშვილიშვილოდ დაღუპვა, თავად განსაჯეთ.

უდიდესი ალბათობით, ბეროზაშვილსაც კარგი დღე არ დაადგება. მას ციხეში შეუძლია მშვიდად ყოფნა, ცალკე კამერის მოთხოვნა და არც ის გამორიცხოთ, რომ სანამ საბოლოო განაჩენი არ დადგება, მასთან ერთად საკანში ყოფნის სურვილი არავის ჰქონდეს. მიზეზი მარტივია - კაცი, რომელიც დედ-მამის დახოცვაშია ეჭვმიტანილი, არ გინდა, შენს გვერდით იყოს, არ გინდა, ერთი თეფშიდან ჭამდეთ, არ გინდა, იმ ჰაერს სუნთქავდეს, რომელსაც შენ.

ასე ხშირად მომხდარა, ოჯახის წევრების ან წევრის მოკვლისთვის ბრალდებული სხვა პატიმრებს საკნიდან გაუგდიათ, ადმინისტრაციისთვის მოუთხოვიათ გაყვანა და დამუქრებიან კიდეც, თუ ჩვენთან დატოვებთ, დავლეწავთო.

ცნობისთვის: ბეროზაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და რაც მთავარია, არავის აქვს უფლება, ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

სამწუხაროდ, თითქმის არავის გახსენებია, რომ 4 ივლისს, 4 წელი გავიდა ხადის ხეობაში მომხდარი დანაშაულიდან. 2018 წლის 4 ივლისს, სმითების ოჯახი ამოწყვიტეს. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს და  მალხაზ კობაურმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მართალია, შემდეგ ყველაფერი უარყო, მაგრამ მტკიცებულებები იმდენად უტყუარი იყო, რომ მის ბრალეულობაში ეჭვი არავის შეპარვია.

სხვათა შორის, მაშინაც, ადვოკატებისა და ბრალდებულის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების თანდასწრებით წარიმართა და ვერდიქტიც მათი იყო - დამნაშავეა!

კიდევ ერთი: ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბრალდებული დამნაშავე ან უდანაშაულოა, ხოლო სასჯელის ზომაზე გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს.