სოხუმში ცნობილი სომეხი მოკრივე მოკლეს - მკვლელობის ოქროს მოწმის სკანდალური აღიარება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

ბათო ჯაფარიძე

საქართველოს მუზეუმებში არაერთი ისეთ ნივთი ინახება, მსოფლიო ღირებულება რომ აქვს და შეუფასებელია. მართალია, საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთი ცდილობდა, ბევრი რამ, სწორედ მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში გაეტანა, მაგრამ ქართული მხარე ახერხებდა და უმნიშვნელოვანეს ექსპონატებს აქ ტოვებდა...

1972 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მძიმე წონაში სომეხი მოკრივე გახდა. სამიოდე წლის შემდეგ, მან კარიერა დაასრულა და საცხოვრებლად აფხაზეთში გადავიდა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ექიმებმა პირდაპირ უთხრეს, თუ სიცოცხლე გინდა, ზღვის სანაპიროზე უნდა იცხოვრო და ზღვის ჰაერი ისუნთქოო. საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებამ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩემპიონისთვის ოროთახიანი ბინა სოხუმში „იჩალიჩა“ და იმის მიუხედავად, რომ სამოთახიანს სთავაზობდნენ, მან უარი თქვა, ცოლ-შვილი არ მყავს და ორი ოთახიც მეყოფაო. ჰოდა, სწორედ ეს კაცი ნახეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი სამართალდამცავებმა,  მაგრამ ხმაური რომ არ ამტყდარიყო, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ დაადეს. მკვლელობის გამოსაძიებლად, სომხურმა მხარემ ორი კაცის ჩართვა ითხოვა ჯგუფში, საქართველომ ერთი დაუკმაყოფილა.

„ყველაზე საინტერესო ექსპერტიზის დასკვნა იყო. ექსპერტი ამბობდა, ეს კაცი თავისი სიკვდილით მოკვდა, ადრენალინის დოზა მოემატა სისხლში ბუნებრივად და გულმა ვერ გაუძლოო. ამის მიუხედავად, აშკარად ჩანდა, რომ გარდაცვალებამდე, მოკრივემ საკუთარ სახლში ვიღაცასთან იჩხუბა და თან, როგორ? ხელზე კანი გადატყავებული ჰქონდა ანუ იმ ვიღაცას მაგრად მოსცხო და ბინაშიც არეულობა იყო, ყველგან სისხლი იყო მიშხეფებული, თუმცა იმავე ექსპერტიზის პასუხით, სისხლი ორ უცნობ მამაკაცს ეკუთვნოდა, ხელებზე გადამძვრალ ტყავს თუ არ ჩავთვლით, სომეხ ჩემპიონს არაფერი სჭირდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

როგორც მეზობლებმა თქვეს, გარდაცვლილს სახლს ერთი ადგილობრივი რუსი ქალი ულაგებდა, რომელიც მასთან ყოველ მეორე დღეს მიდიოდა და ქალის ასაკის გათვალისწინებით, გამორიცხული იყო, მასთან რაიმე ურთიერთობა ჰქონოდა. როცა სამართალდამცავებმა დამლაგებელი ნახეს, ამაში თავადაც დარწმუნდნენ - 80 წელს მიტანებული ქალბატონი, სანდომიანი სახითა და მზრუნველი საუბრით, ცრემლებს ვერ იკავებდა, თქვენ კიდევ არ იცით, რა კაცი მოკლესო. ჰო, მეზობლებმა ისიც თქვეს, რომ მოკრივე იქვე, მის ახლოს მცხოვრებ სომეხ მამაკაცთან მეგობრობდა, თითქმის მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ და პრაქტიკულად, დილიდან საღამომდე, სულ ერთად იყვნენო. მოიკითხეს და ის მეგობარი საავადმყოფოში აღმოჩნდა, გულის შეტევა დამართნია მომხდარიდან სამი დღით ადრე. მეგობრის სიკვდილი უკვე იცოდა და როცა გამომძიებლები მივიდნენ, ბოლო ხმაზე, მოთქმით ტიროდა.

„შეუძლებელია, ასე ვინმემ ითამაშოს. ამიტომ, დავრწმუნდი, რომ ის გარდაცვლილ მეგობარზე წუხდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ წარსულში რამდენჯერმე იყო ნასამართლევი და ყოველთვის საქმეში ოქროული ფიგურირებდა ანუ ის მოპარულ ძვირფასეულობას ყიდულობდა, ოქროს ადნობდა და ახალ სამკაულებს აკეთებდა. ყველამ იცოდა, რომ სასწაული ხელი ჰქონდა, მაგრამ აგერ, უკვე 10 წელი იყო, პატიოსნად ცხოვრობდა და მის სახელს, ეჭვითაც კი, ერთი საქმეც არ დაკავშირებია. ამის მიუხედავად, ვიცოდი, რომ ჩემს წინ გამოცდილი კრიმინალი იდგა და ამიტომ, ფრთხილად დავკითხე“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

კრიმინალს ბევრი არაფერი უთქვამს, საავადმყოფოში ვიყავი, წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლება  მოეკლა ან რისი გულისთვის, რადგან მას ძვირფასი ნივთები არ ჰქონია და საბჭოთა კავშირის ჩემპიონის მედალიც სომხეთში, სახლში ჰქონდა დატოვებულიო. ექიმებმა დაადასტურეს, რომ მკვლელობის დროს, მამაკაცი ნამდვილად პალატაში იყო და ეს იმ მოხუცმაც დაადასტურა, რომელიც ჩემპიონის მეგობართან პალატას იყოფდა, თუმცა მოხუცს ეტყობოდა, კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა და ამიტომ, ის ექიმს პალატიდან გააყვანინეს.

„წინა დღეს, ორი ბიჭი იყო მოსული ამ კაცთან, ჯერ ხმადაბლა საუბრობდნენ, შემდეგ უკვე ხმას აუწიეს და რაღაც ხანჯალი ახსენეს. ძალიან გაბრაზებულები წავიდნენ, ეს კი საერთოდ არ აღელვებულა“, - თქვა მოხუცმა.

ხანჯლის ხსენებაზე გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს. სამ დღეში, სოხუმში, გამოფენა ეწყობოდა, სადაც მთავარი ექსპონატი, სწორედ ხანჯალი იყო, აფხაზეთში ნაპოვნი მეექვსე საუკუნის ხელნაკეთი საოცრება, რომელსაც თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ. ძალოვნები გამოფენის ორგანიზატორებთან მივიდნენ და ხანჯალი მოიკითხეს. ორგანიზატორებმა მთავარი საუნჯე დიდი რუდუნებით გამოაბრძანეს და ანახეს ანუ ყველაფერი ადგილზე იყო.

„მივხვდით, რომ თუ ვინმე რამეს გვეტყოდა, ეს ისევ და ისევ, გარდაცვლილის მეგობარი გახლდათ და ამიტომ, მისი დაკავება გადავწყვიტეთ, მაგრამ როცა საავადმყოფოში მივედით, გვითხრეს, რომ ჩვენი წასვლის შემდეგ, ექიმთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ისიც წავიდა და თან ისე ჩქარობდა, ტანსაცმლის ნაწილი საავადმყოფოში დატოვა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

გამომძიებლებმა გაქცეულის ბინის ჩხრეკის ორდერი მოიპოვეს და მოწმეებთან ერთად, ბინაში შევიდნენ. იქ პატარა სახელოსნო იყო მოწყობილი, ისეთი ინსტრუმენტები ჰქონდა, ნებისმიერ ოქრომჭედელს შეშურდებოდა და იქვე იყო ნაკეთობებიც, ბიჟუტერია და ვერცხლეული, რომელიც ზღვის სანაპიროზე იყიდებოდა. ნახეს კიდეც რამდენიმე ქალბატონი, რომლებმაც აღიარეს, რომ მისგან ბიჟუტერიას იძენდნენ და ტურისტებზე ჰყიდდნენ, თუმცა იაფფასიანი პროდუქციის გარდა, არასდროს არაფერი შეუძენიათ, რადგან მას ასეთი ნივთები არ ჰქონდა.

გაქცეულზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა ამაოდ, მესამე დღეს, ის განყოფილებაში თავისი ფეხით გამოცხადდა და გამომძიებელს მაგიდაზე ნაჭერში შეხვეული ხანჯალი დაუდო.

„ქუთაისელი კრიმინალი რომ არის (მოსულმა სახელი და გვარი დაასახელა), სანაპიროსთან, ბუჩქნარში გდია მკვდარი. მე მოვკალი და მოვკალი იმიტომ, რომ ჩემი ძმაკაცის სიკვდილი მაგის კისერზეა. ის ორიც ვიცი, ვინც ჩემს მეგობართან იყო, მაგრამ იმათ არ მოუკლავთ, ამის ბრალია ყველაფერი. ეს ხანჯალი ორიგინალია, მუზეუმში ჩემს მიერ გაკეთებული აქვთ შენახული, წადით, გაცვალეთ, ექსპერტებს შეამოწმებინეთ“, - თქვა მოსულმა, თავი ხელებში ჩარგო და ატირდა.

გამომძიებლებმა ცოტა ხანს აცადეს, შემდეგ კი სთხოვეს, ყველაფერი დეტალურად ეამბნა.

„დაახლოებით, ორი თვის წინ, ჩემპიონ მოკრივეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, უთხრეს, სერიოზული მკურნალობა გჭირდება და ერთი და ორი ათასი არ გეყოფაო. არ ვიცი, გადარჩებოდა თუ არა, მაგრამ ხელი ჩაიქნია, ამდენი ფული მე არ მაქვს და სახელმწიფოსაც ვერ შევაწუხებ, ისედაც, აქ რომ წამოვედი, ყველაფერი გამიკეთეს, ბინა მომცეს და ახლა კიდევ ფულზე რომ მივადგე, თავმოყვარეობა საბოლოოდ შემელახებაო. გადავწყვიტე, ფული როგორმე მეშოვნა, მაგრამ როგორ? ჰოდა, გამოჩნდა ეს ქუთაისელი და მითხრა, ერთ დიდ კაცს იმ ისტორიული ხანჯლის მაგვარი უნდა ვაჩუქოთ და ზუსტად იგივეს გაკეთება შენ შეგიძლიაო. 10 ათას მანეთს დამპირდნენ და მივხვდი, ეს ჩემი მეგობრის ხსნა იყო. იმის მიუხედავად, რომ საქმისთვის წლებია, ხელი არ მომიკიდია და თავს რაღაც სისულელეების კეთებით ვირჩენ, დავთანხმდი. როგორც ვიცი, მუზეუმის ხელმძღვანელი შეაშინეს და ხანჯალი დროებით გამოართვეს. როცა ვაკეთებდი, მაშინ შემეპარა ეჭვი, რომ მუზეუმში ორიგინალს არ დააბრუნებდნენ და ჩემს ნახელავს დადებდნენ. ამიტომ, ერთის ნაცვლად, ორი ცალი დავამზადე, ორიგინალი მე დავიტოვე, ყალბები მივეცი და ერთზე ვუთხარი, ორიგინალი ეს არის, მუზეუმში ეს უნდა დააბრუნოთ-მეთქი. მერე გავარკვიე, რომ დირექტორს ფული მისცეს და ორიგინალი წაიღეს. როცა ის მყიდველს გადასცეს და არა ვიღაც დიდ კაცს, იმან შეამოწმა და უთხრა, რომ ეს ხანჯალი ყალბი იყო. უკვე საავადმყოფოში ვიწექი, ჩემი სახლი გადაქექეს, ვერ იპოვეს და იფიქრეს, რომ ძმაკაცთან ვინახავდი. იმას მიაკითხეს და მოხდა ის, რაც მოხდა, ორივე მაგრად ცემა, მაგრამ თავადაც მოკვდა. ვინც ყველაფერ ამის უკან იდგა, ის მოვიშორე და დანარჩენი თქვენ იცით, მუზეუმის დირექტორი იქნება თუ სხვა, თქვენ მოძებნეთ და თქვენ გაარკვიეთ მტყუან-მართალი. მე სინდისთან ვარ მართალი და დანარჩენი არ მაინტერესებს“, - დაასრულა მოყოლა მოსულმა.

სამართალდამცავებმა ქუთაისელი კრიმინალის გვამი მალე იპოვეს, იმ ორსაც მიაგნეს, რომლებიც მოკრივემ სცემა, მუზეუმის დირექტორიც დააკავეს და ხანჯლის მყიდველიც, უზბეკი მაღალჩინოსანი.