რუსთავის ციხიდან პატიმარი გაიქცა - როგორ დაგეგმა ქალმა ინვალიდი ქმრის მკვლელობა კრიმინალ საყვარელთან ერთად

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური 

ბათო ჯაფარიძე

როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, ახალი ციხეები ააშენა. თავიდან უცნაურად ჩანდა დიდი და ახალი ციხეების მშენებლობის სწრაფი ტემპები, თუმცა შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა - ციხეში ხალხი ვაგონებით შეჰყავდათ და ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, იქიდან გაქცევა წარმოუდგენელი იყო. ასეა ახლაც: ბოლოს როდის გაიგეთ, რომ ქართული ციხიდან ვინმე გაიქცა? სასამართლო დარბაზიდან კიდევ, ჰო, მაგრამ ციხიდან ვეღარავინ გარბის იმიტომ, რომ მავთულხლართიც მყარია, კედელიც და დაცვის რამდენიმე სისტემაცაა გასავლელი.

ადრე კი ასე არ იყო და რუსთავის „ზონებიდან“ თუ ორთაჭალის ციხიდან არაერთხელ გაქცეულან. ყოფილა შემხვევა, როცა რამდენიმე ათეული ადამიანი გაიქცა, იშვიათად - ერთეულები. ზოგადად, ძნელია მარტო გაქცევა და ეს მაშინაც ძნელი იყო, როცა ფიზიკურად, საშუალოზე ოდნავ მაღალ დონეზე მომზადებული ადამიანი, ორთაჭალის ციხისა თუ რუსთავის „ზონის“ კედელს მარტივად გადაახტებოდა.

1983 წელს, რუსთავის ციხიდან სწორედ ასე გაიქცნენ. ერთ-ერთი პატიმარი, რომელსაც 15 წელი ჰქონდა მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის მისჯილი, „ზონაზე“ ახალი მიყვანილი იყო. მას ორი წელი ჰქონდა მოხდილი და წინ 13 წელი ელოდა. ჰოდა, გაქცევა სცადა და გადასარევადაც გამოუვიდა: ჯერ ერთ კედელს გადაევლო, მერე - მეორეს და სანამ საყარაულო კოშკზე „ვიშკიორი“ აზრზე მოვიდა, იქვე გაჩერებულ მანქანაში ჩახტა და გაუჩინარდა. მანქანა სამართალდამცავებმა მალევე იპოვეს, ისევ რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დაგდებული, თვითმხილველებმა თქვეს, იქიდან ორი კაცი გადმოხტა და გაურკვეველი მიმართულებით გაიქცაო. გადაკეტეს რუსთავი-თბილისის გასასვლელი, მთელი ქალაქი, პრაქტიკულად, ბლოკადაში მოაქციეს, მაგრამ ამაოდ - ცხელ კვალზე ვერც გაქცეულის დაკავება მოხერხდა და ვერც - მისი თანამზრახველის.

„მკვლელობისთვის ის კაცი ციხეში მე ჩავსვი და იმის მიუხედავად, რომ გაქცეული ძებნა ჩემი საქმე არ იყო, საგამოძიებო ჯგუფში მაინც ჩამრთეს. ეს იმიტომ, რომ მაშინაც, სანამ დავაკავებდით, რვა თვე ვეძებდით, გვემალებოდა, ხან სად ვუწყობდით ჩასაფრებას და ხან - სად. ბოლოს, ერთ ქალთან მოვიხელთეთ, საყვარლად ჰყავდა და ბოლო ოთხი თვე მის სახლს ვდარაჯობდით, ოღონდ ისე, რომ ვერავინ ეჭვს ვერ აიღებდა. იმ ქალის სახლის გვერდით, ომის ვეტერანი ცხოვრობდა ცოლთან ერთად, მასთან ორი ოპერმუშაკი შევასახლეთ, რომლებიც შინიდან არ გამოდიოდნენ, მთელი დღეები ისხდენენ და სახლს უთვალთვალებდნენ. ეს გრძელდებოდა ოთხი თვე და ბოლოს, როგორც იქნა, ჩავარდა. იგივე ილეთის გაკეთება არ გამოვიდოდა, დაკავებულმა ზუსტად იცოდა, როგორ დავიჭირეთ და ამიტომ, ქალს აღარ გაეკარებოდა. ჰო, იმ ქალს ლოგინად ჩავარდნილი ქმარი ჰყავდა, რაც მის საქციელს უფრო ამაზრზენს ხდიდა. ლოგინს მიჯაჭვული კაცი უყურებდა და ისმენდა, როგორ ერთობოდა მის ცოლთან ვიღაც კრიმინალი, მეორე ოთახში“, -გვიყვება  მორიგ ამბავს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავები ქალთან ჯიქურ მივიდნენ და საყვარლის ადგილსამყოფელი ჰკითხეს. ისიც შეახსენეს, რომ ხელის დაფარების შემთხვევაში, მასაც ციხე ელოდა. ქალმა თავი გაიგიჟა, რა კაცი, ან რა კრიმინალი, იმის შემდეგ ისეთი შერცხვენილი ვარ, სოფლიდან უნდა წავიდე, სხვა ქალაქში გადავსახლდე, აგერ, სახლს ვყიდი, როგორც კი გაიყიდება, აქედან გუდა-ნაბადს ავიკრავ და ვეღარც თქვენ მომაგნებთ და ვეღარც - ის ცხოველიო. მისი სიტყვები სიმართლეს ჰგავდა, რადგან მეზობლებმა დაადასტურეს, ორ თვეზე მეტია, სახლის გაყიდვა გადაწყვიტა, ყველგან კლიენტს ეძებს, მაგრამ ძვირს აფასებს და ვერ ყიდისო.

გაქცეულის ძებნა უშედეგოდ გრძელდებოდა. სამაგიეროდ, ძალოვნებმა ნახეს პიროვნება, რომელმაც მისი თანამზრახველი კარგად დაინახა, დაიმახსოვრა, ფოტორობოტიც შეადგინა და მასში ოპერმუშაკებმა ადრე რამდენჯერმე ნასამართლევი პირი ამოიცნეს. ის მარტივად იპოვეს და დააკავეს, სახლში იყო, არ ელოდა, რომ სამართალდამცავები ასე იოლად გაშიფრავდნენ. აღიარებასაც არ აპირებდა, მაგრამ რამდენიმე მოწმე დააყენეს პირზე და სხვა გზა აღარ ჰქონდა, აღიარა. სამაგიეროდ, წარმოდგენა არ ჰქონდა, სად წავიდა მისი ძმაკაცი. ის, უბრალოდ, გაქცევაში დაეხმარა, ჯიგრულად, 3 ათასი მანეთიც გამოართვა და გაქცევის დღის შემდეგ, აღარც უნახავს და აღარც შეხმიანებია.

დაიწყო ხანგრძლივი დევნისა და ძებნის პროცესი, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოდიოდა. როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც გაქცეულმა ძალიან კარგად იცოდა, როგორ უნდა დამალულიყო და თუ სხვა ქალს იპოვიდა, მაშინ სამართალდამცავებს შეეძლოთ, ხელიც ჩაექნიათ, რადგან წინა საქმიდან ნაძარცვი ფული ვერ იპოვეს და მისი ოდენობა 20 ათას მანეთს აჭარბებდა, რაც გაქცეულს შესაძლებლობას მისცემდა, ერთი წლის განმავლობაში, მშვიდად ყოფილიყო, კარგი ეჭამა, კარგი ესვა და თუ კარგ ქალსაც იპოვიდა, გარეთ საერთოდ არ გამოვიდოდა. გადაამოწმეს გაქცეულის ყველა მეგობარი, ყოფილი თანამესაკნე, რომელიც არსად ჩანდა. მეტიც, რამდენიმე კრიმინალს სასჯელის შემსუბუქებას, ზოგს კი გათავისუფლებას სთავაზობდნენ, მაგრამ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი გაიგეს. ერთადერთ იმედად ისევ ის ძველი საყვარელი დარჩათ, მაგრამ მეზობლები ამბობდნენ, საეჭვო არაფერი შეგვინიშნავსო და უბნის რწმუნებულიც, რომელიც განსაკუთრებით აკვირდებოდა ქალის სახლის მიმდებარე ტერიტორიას, ადასტურებდა, საეჭვო არაფერი მინახავსო.

ასე გავიდა ოთხი თვე და გაქცეულის ძებნა უკვე ფორმალობად იქცა, სადმე, მოვალეობის მოხდის მიზნით თუ მოიკითხავდნენ გაქცეულის ამბავს და იქაც ვერაფერს იგებდნენ. ალბათ, არც არავინ შეიწუხებდა თავს, რომ არა უბნის რწმუნებული, რომელმაც განყოფილებაში დარეკა, იმ ქალმა სახლი გაყიდა და საცხოვრებლად სხვა ქალაქში მიდის, მაინც, რომ იცოდეთო და იქვე დააყოლა, საეჭვო კვლავ არაფერი შემინიშნავსო. ოპერმუშაკებმა გადაწყვიტეს, ერთიც გაებრძოლათ და ქალს გაჰყოლოდნენ. მან სხვა ქალაქში ავეჯით დატვირთული მანქანა გაუშვა, თავად კი მატარებლის სადგურზე გავიდა და ეტლში მყოფ მეუღლესთან ერთად, კუპეში შევიდა. ეჭვის გასაფანტად, ძალოვნებმა მას ორი ოპერმუშაკი ქალი გააყოლეს. მათი კუპე ორი ნომრის გვერდით იყო და ესეც მოვალეობის მოხდას ჰგავდა - ყველა დარწმუნებული გახლდათ, რომ გაქცეული მატარებელში არ მიაკითხავდა საყვარელ ქალს და მით უმეტეს, კუპეში არ შეუხტებოდა. ასეც მოხდა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და გამოძიებამ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი, თუმცა...

კიდევ ორიოდე თვე გავიდა, საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო და... განყოფილებაში ისევ უბნის რწმუნებულმა დარეკა, იმ ქალის ეზოში, სახლის ახალმა პატრონმა ჭის ამოთხრა დაიწყო და დაახლოებით, ერთ მეტრში, ადამიანის ჩონჩხს მიაგნოო. ძალოვნები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ, ექსპერტებიც წაიყვანეს და ძვლები საგულდაგულოდ მოაგროვეს. ექსპერტის დასკვნით, ჩონჩხი მამაკაცს ეკუთვნოდა და რაც მთავარია, გადატანილი ტრავმის გამო, მამაკაცს სიარული არ შეეძლო.

„როგორც კი დასკვნა წავიკითხე, აღარც კი დავფიქრებულვარ, ისე გავვარდი იმ ქალის სახლისკენ, რომელიც სხვა ქალაქში, ეტლს მიჯაჭვულ ქმართან ერთად გადავიდა. ცხადი იყო, რომ გაგვაბითურეს, მამაკაცი მოკლეს, ქმრად სწორედ ციხიდან გაქცეული კაცი გაასაღეს და ჩვენ წვერსა და გაბურძგნულ თმებში, დიდად არ დავკვირვებივართ, ვინ იყო მისვენებული ლოგინზე. ვერაფერს იტყვი, იდეალური გეგმა გახლდათ, გეგმა, რომელმაც იმუშავა და რაც მთავარია, სახლის ახალ მეპატრონეს ჭის ამოთხრა კონკრეტულად იმ ადგილზე რომ არ დაეწყო, გვამი ისე ღრმად იყო ჩამარხული, ვერავინ იპოვიდა“, - ამბობს ბატონი თენგიზი.

კრიმინალი რომ არ დაეფრთხოთ, კარზე მეზობლის ქალს დააკაკუნებინეს და როგორც კი კარი გაიღო, ბინაში ოთხი ოპერმუშაკი შევარდა. კაცი დივანზე იყო წამოწოლილი და გაზეთს კითხულობდა. როცა მისკენ მიშვერილი იარაღი დაინახა, გაოცდა და ჩუმად იკითხა - „როგორ?“

მას ყველაფერი საკანში აუხსნეს და თავი მწარედ გადააქნია, ბედი არ მქონიაო. მისი თქმით, ქალს დაჭერამდე მოელაპარაკა, იდეალური გეგმა შეადგინა, ქალმა ხმა სახლის გაყიდვის შესახებ, კაცის ციხიდან გაქცევამდე რამდენიმე თვით ადრე დაყარა, გაქცეული პირდაპირ მასთან მივიდა, წვერი და თმა ციხეში უკვე მოშვებული ჰქონდა, ქმარი მაშინვე გაგუდეს და ღრმად დამარხეს. შედეგად, ერთი შეხედვით, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, თუმცა...