ეჭვიანმა ქმარმა ომის თვითმარქვია ვეტერანი მოკლა: „ჯიბიდან დანა ამოვიღე და დავარტყი“ - მკვლელის აღიარებითი ჩვენება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

ბათო ჯაფარიძე

სამაჩაბლო და აფხაზეთი - დღემდე მოურჩენელი ორი იარა, რომელიც არ შეხორცებულა და არც მაშინ შეხორცდება, როცა საქართველოს მიწებს დავიბრუნებთ. არ შეხორცდება იმიტომ, რომ ათასობით საჯიშე ბიჭი შეიწირა უთანასწორო ომმა, ისინი, რომლებიც სამშობლოს დასაცავად გულანთებულები წავიდნენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ იქ ერთადერთი რამისთვის - საქართველოსთვის, სამშობლოსთვის მიდიოდნენ. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წარმოებული ბრძოლები ინახავს უამრავ ისტორიას გმირებისას, რომლებიც თავს არ ზოგავდნენ მეგობრების გადასარჩენად, თითო გოჯისთვის ეომებოდნენ მტერს და მაშინაც კი, როცა იცოდნენ, რომ სიკვდილი ელოდათ, უკან არ იხევდნენ.

სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ომის წინა ხაზზე კი არა, ზურგში მიდიოდნენ ანუ იქ, სადაც უსაფრთხოდ იქნებოდნენ, ხელში ავტომატს დაიკავებდნენ, სურათებს გადაიღებდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. შემდეგ კი, თანატოლებში სურათებს აფრიალებდნენ, მე იქ ვიბრძოდი, გმირი ვარო. ის ბიჭები კი... ნამდვილი გმირები... ზოგის ფოტოც კი არ შემორჩენილა საბრძოლო მოქმედებებიდან... მათ არ ეცალათ პოზიორობისთვის, ისინი იბრძოდნენ... ბიჭების უმრავლესობამ უკან მხოლოდ ჭრილობები ჩამოიტანეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ქართველთა დოვლათი გამოზიდეს, მხოლოდ ძვირფასეულობა კი არა, მანქანა მიაყენეს და ავეჯიც კი წამოიღეს. ეს მაშინ, როცა იმ ავეჯისა თუ ძვირფასეულობის პატრონები ჭუბერის ცივ და სუსხიან გზაზე იყვნენ შემდგარნი და არ იცოდნენ, ჩავიდოდნენ თუ არა ცოცხლები ადგილამდე.,.

აფხაზეთის ომის შემდეგ, დანარჩენი საქართველო დევნილებით გაივსო. ეს განსაკუთრებით თბილისში შეინიშნებოდა და თითქმის ყველა ცდილობდა, მათთვის ხელი გაემართა, სადმე დაებინავებინა, შეღავათი მიეცა. მაშინ არც ქვეყანას ულხინდა და ბევრს ვერაფერს სთავაზობდა დევნილებს და ისინიც ხან თვითნებურად იკავებდნენ მიტოვებული საწარმოებსა თუ სასტუმროებს, ხანაც რუსთაველზე, ხელისუფლებას სთხოვდნენ შველას...

„ღამის სამ საათზე, სახლის ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, რომ თბილისში მამაკაცი მოკლეს. არეული დრო იყო და მკვლელობა არავის უკვირდა, მაგრამ როცა მითხრეს, მოკლული აფხაზეთის ომის ვეტერანიაო, ავნერვიულდი. კაცი იქ გადარჩა და აქ, თითქოს მშვიდობიან ქალაქში მოკლეს. მაშინვე ჩავიცვი და შემთხვევის ადგილისკენ წავედი. გარდაცვლილს დანა ჰქონდა დარტყმული და არც გამკვირვებია, წინააღმდეგობა რომ ვერ გაუწია მკვლელს - ხელის მტევანი ჰქონდა მოწყვეტილი. სავარაუდოდ, ომში დაკარგა. ის საკუთარი კორპუსის წინ მოკლეს და დილით მეზობელმა იპოვა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილი გულდასმით დაათვალიერეს და მოშორებით, დაახლოებით, 20 მეტრში, მედალი ნახეს. ასეთ ჯილდოებს აფხაზეთში ნაბრძოლ ბიჭებს აძლევდნენ და ისინიც ან სათუთად ინახავდნენ, ან სიაამაყით ატარებდნენ. მეორე დღეს, ამ მედალზე ექსპერტიზა იტყვის, რომ გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები იყო, თუმცა მედალს მეორე მხარეს ქსოვილის ნაგლეჯი ჰქონდა შერჩენილი, ეს ქსოვილი კი გარდაცვლილის ერთ სამოსსაც არ ემთხვეოდა.

ძალოვნები მოკლულის მეზობლებთან წავიდნენ, ყველამ გამოიტირა, უწესიერესი ბიჭი იყო, ცდილობდა, ლუკმა-პური თავისით ეშოვა, ხელებში არავის უყურებდა და მეგობარიც ჰყავდა, ჯარის ძმაკაცი, სულ ერთად დადიოდნენ, ხან რას აკეთებდნენ, ხან - რასო. გამომძიებლებმა მეგობარიც ნახეს, რომელიც ახალმა ამბავმა იმდენად დაზაფრა, კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო. მერე კი მოყვა:

„გუშინ ერთ კაცს ავეჯის გადაზიდვაში ვეხმარებოდით. გაგვიმასპინძლდა და მაყვლის ღვინო დაგვალევინა, ფულიც გვაჩუქა, როგორც წესი, შუაზე გავყავით, მერე, სახლში წასვლამდე კიდევ დავამატეთ სასმელი და დავიშალეთ. დავინახე სადარბაზოში როგორ შევიდა და მეც სახლისკენ წავედი. მანამდე კი ვიღაცას ეჩხუბა. მე გასული ვიყავი, როცა დავბრუნდი, ვიღაცასთან გაწევ-გამოწევა ჰქონდა, ის ყვიროდა, შენისთანებმა დაღუპეს ქვეყანა და გაგვიტეხეს სახელიო, ძლივს დავაშოშმინეთ, გავაგდეთ, სხვებიც მოგვეხმარნენ, ცალხელა კაცს, ომის ვეტერანს, როგორ უბედავ ცემასო და ისიც წავიდა“, - თქვა მეგობარმა.

სამართალდამცავებმა ძალიან კარგად იმუშავეს და შედეგმაც არ დააყოვნა. მათ გაიგეს, ვინ იყო პირი, ვისთანაც გარდაცვლილს ჩხუბი მოუვიდა და ის საკუთარ სახლში დააკავეს.

„ვაღიარებ: მე მოვკალი. უფრო ზუსტად, შემომაკვდა, მაგრამ ვერ მოვითმინე. ვერ მოვითმინე ის, როცა დავინახე კაცი, რომელიც ამბობდა, რომ აფხაზეთში იბრძოდა და დაასახელა ის დრო და ადგილი, სადაც ჩემი ბატალიონი იდგა, ის კი არ მახსოვდა. არადა, როცა კაცი ბრძოლაში ხელს კარგავს, უნდა გახსოვდეს. ვუთხარი, იტყუები-მეთქი, ვიძიძგილავეთ და სახლში მოსულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი მედალი, სისხლით მოპოვებული ჯილდო აღარ მქონდა, მკერდიდან ჩამომგლიჯა, ალბათ, ძიძგილაობის დროს. სახლის მისამართი გავიგე და დაველოდე, სანამ მოვიდოდა. გვიან მოვიდა, მეგობარი ახლდა, დაემშვიდობნენ და სადარბაზოში შევიდა. შევყევი და ვთხოვე, მედალი დამიბრუნე, შენი არაფერი მინდა-მეთქი. გარეთ გამოვედით, სკამზე ჩამოვსხედით და იქ მომიყვა, რომ აფხაზეთში საბრძლველად გულანთებული წავიდა, თუმცა პირველივე დღეს, „ლიმონკის“ კაფსულა აუფეთქდა ხელში, მტევანი დაკარგა და მისი ომიც იქ დასრულდა. ასაღებდა, ვითომ იბრძოდა, არ იყო ცუდი ბიჭი, საქართველო მიყვარსო, ამბობდა. მერე ჩემი მედალი ამოიღო ჯიბიდან, დახედა და რატომღაც შორს მოისროლა. გავბრაზდი და ფეხი სახეში ჩავარტყი. მოწყვეტით დაეცა, მე ჩემი მედლის ძებნა დავიწყე, ვერ ვიპოვე, მოვბრუნდი და დავინახე, სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა. მივხვდი, შემომაკვდა და წავედი“,-დაასრულა მოყოლა დაკავებულმა.

გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს, ეჭვმიტანილი თითქოს გულწრფელად საუბრობდა, მაგრამ ერთხელაც არ უხსენებია მკვლელობის იარაღი დანა. ამიტომ, პირდაპირ ჰკითხეს, დანა როგორ დაარტყი და მკვლელობის იარაღი სად არისო? დაკავებულმა გაოცებისგან პირი დააღო, რა დანა, მხოლოდ ფეხი დავარტყი, დანა არ მიხმარიაო. გაოცება იმდენად გულწრფელი იყო, სამართალდამცავები მიხვდნენ, ის მკვლელი არ იყო, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში მაინც გაუშვეს.

„ისე გამოვიდა, რომ ცხელ კვალზე დანაშაულის გახსნა ვერ მოხერხდა და ამიტომ, გრძელვადიან მოქმედებებზე გადავედით. უნდა შეგვესწავლა გარდაცვლილის გარემოცვა, სანათესაო, ხომ არ ჰქონდა ვინმესთან წარსულში კონფლიქტი. თანაც, თავდაცვის სამინისტრომაც დაგვიდასტურა, რომ ის რეალურად ვეტერანი არ იყო და ერთი დღეც არ უბრძოლია. ბიზნესი არ ჰქონდა, ვინმესთვის რომ გზაზე გადაერბინა და მკვლელობა თითქოს შემთხვევითსაც ჰგავდა, ვიღაცამ დაინახა გათიშული და დანა დაარტყა. ასეთებიც ხდებოდა მაშინ, გასართობად ვხოცავდით ერთმანეთს ქართველები“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

რადგან მოკლულს ყველაზე კარგად მეგობარი იცნობდა, ის ახლიდან დაკითხეს და მანაც ჩუმად თქვა, გათხოვილ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ სახიფათო არაფერი იყო, იმ ქალის ქმარი ციხეშია და სასჯელს იხდისო. გადაამოწმეს და გაარკვიეს, რომ კაცი, რომელიც ციხეში უნდა ყოფილიყო, მკვლელობამდე სამი დღით ადრე ე.წ. უდო-თი გამოუშვეს. ის სახლში არ მისულა და ცოლმა არც კი იცოდა, გათავისუფლებული რომ იყო, თუმცა... ერთ-ერთმა მეზობელმა თქვა, რომ მკვლელობის დღეს, სახლთან ახლოს დაინახა, მაგრამ მან სახე აარიდა, თითქოს ვერ იცნო. მასზე ძებნა გამოცხადდა და ეჭვმიტანილს სოფელში მიაგნეს.

სამართალდამცავების დანახვისთანავე მან გაქცევა სცადა, რაც აღიარების ტოლ-ფასი იყო.

„ციხეში გავიგე, რომ ცოლი მღალატობდა. ისიც ვიცოდი, ვისთან და დასჯა გადავწყვიტე. სახლთან გვიანობამდე ვყარაულობდი და რომ დაბრუნდა, ვიღაცასთან უთანხმოება მოუვიდა. იმ ვიღაცამ ისეთი ძალით დაარტყა, გათიშა და რაც მთავარია, მერე ეგონა, რომ მოკლა. ყველაფერ ამას ახლოდან ვვუყურებდი, ხის უკან ვიყავი დამალული. როცა ის წავიდა, ერთი მხრივ, გამიხარდა, რომ ჩემი გასაკეთებელი სხვამ გააკეთა, მეორე მხრივ კი, გული დამწყდა, მე რომ ვერ დავსაჯე. ჯიბიდან დანა ამოვიღე და დავარტყი. დარწმუნებული ვიყავი, რომ უკვე მკვდარი იყო, მაგრამ ბოლო გაფართხალება სწორედ დარტყმის შემდეგ ჰქონდა. დანა გადავაგდე, მე კი სოფელში წავედი. დარწმუნებული ვიყავი, თუ ვინმეს იპოვნიდნენ, ეს სწორედ ის კაცი იქნებოდა, რომელიც მას ჩემამდე გაუსწორდა“, - განაცხადა დაკავებულმა.

რაღა თქმა უნდა, ის ციხეში შეაბრუნეს და... მხოლოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.