გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი პანდუსის მშენებლობა დაიწყო

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი პანდუსის მშენებლობის საწყისი ეტაპის სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვინაიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გოთუას ქუჩის დამაკავშირებელი ორმხრივი პანდუსი ვერ უზრუნველყოფს საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, მოეწყოს კიდევ ერთი პანდუსი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა. გათვალისწინებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობაც.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პანდუსის მშენებლობა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩასვლა პრობლემას წარმოადგენს და საავარიო სიტუაციები იქმნება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ალტერნატიული პანდუსის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული გზა იქნება ცალმხრივი და მასზე იმოძრავებენ სანაპიროდან გოთუას ქუჩისკენ წამოსული ავტომანქანები, ხოლო ახალი პანდუსი გათვალისწინებული იქნება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება. სამი თვე დასჭირდება სამუშაოებს“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე.