ვინ არის და რა ქონებას ფლობს თბილისის მერის ახალი მოადგილე

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კახა გულედანი ილია ელოშვილის საქმიანობას გააგრძელებს

თბილისის მერმა საზოგადოებას ახალი მოადგილე გააცნო. 8 ივნისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ კახა გულედანის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა, რომელიც ამ დრომდე, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა.  

 

თბილისის მთავრობის სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მერის მოადგილე ილია ელოშვილის ხსოვნას, რომელიც 1 ივნისს, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. 47 წლის ილია ელოშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, მანამდე - ენერგეტიკის მინისტრი, უფრო ადრე კი - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გახლდათ.

როგორც 8 ივნისის დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია, თუმცა დედაქალაქის მუნიციპალიტეტი მის მიერ წამოწყებულ ყველა საქმეს ბოლომდე მიიყვანს:

„დღეს უმძიმესი მთავრობის სხდომაა. დავკარგეთ საუკეთესო მეგობარი, ადამიანი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული საკუთარ საქმეზე, ქვეყანაზე, უპატიოსნესი, პროფესიონალი. მინდა, კიდევ ერთხელ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ილიას ტრაგიკული გარდაცვალებით გამოწვეული დიდი ტკივილი და დანაკლისი სამუდამოდ დაგვრჩება, თუმცა ჩვენი ვალია მისი ხსოვნის წინაშე, რომ ილიას მიერ დაწყებული ყველა საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, ღირსეულად განვახორციელოთ ის პროექტები, რასაც წარმატებით უძღვებოდა. მინდა, მივმართო შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულებს: არცერთი პრობლემა მოუგვარებელი არ დარჩება, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ამ მიმართულებას ილია უძღვებოდა და სწორედ მისი დამსახურებაა ისეთი ურთულესი საკითხების მოგვარება, როგორებიცაა „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „ცენტრ პოინტისა“ და სხვა დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების საქმეები. ის ადამიანები, რომლებიც საცხოვრებელ ბინებს ელოდებოდნენ და ილიას იმედით შეჰყურებდნენ, აუცილებლად მიიღებენ ბინებს მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამის შემდეგ, კალაძემ საზოგადოებას კახა გულედანის კანდიდატურა წარუდგინა და დასძინა, რომ იმ მიმართულებას, რასაც ილია ელოშვილი უძღვებოდა, ამიერიდან, გულედანი ჩაიბარებს:

„საზოგადოებას მინდა წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა. კახა წლების განმავლობაში მუშაობს მუნიციპალიტეტში და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის დღეს ხელმძღვანელობს მუნიციპალურ ინსპექციას, წლების წინ, იკავებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, იყო სამგორის რაიონის გამგებელი. მინდა, კახას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე და დარწმუნებული ვარ, წამოწყებული საქმეები და უდიდესი გამოწვევები,რომელსაც ილია ელოშვილთან ერთად შევეჭიდეთ, ბოლომდე ღირსეულად იქნება მიყვანილი. ყველა ის ოჯახი და ადამიანი, ვინც იმედით შეჰყურებდა ილიას, რომ ეს თემა ბოლომდე მივიდოდა, ჩვენ ამას თავს ღირსეულად გავართმევთ და რა თქმა უნდა, მისი სულიც გაიხარებს“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, კახა გულედანი უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის ათივე რაიონის გამგეობას, მუნიციპალურ ინსპექციას და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურსაც გაუწევს კურატორობას:

„მინდა, წარმატებები ვუსურვო კახას და ცხადია, დაუსრულებელი მშენებლობები იქნება მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება“,- დასძინა თბილისის მერმა.

 

რა ქონებას ფლობს კახა გულედანი

მართალია, დიდი ხანია, საჯარო სამსახურშია, მაგრამ ფართო აუდიტორიას აინტერესებს, ვინ არის და რა ქონებას ფლობს კახა გულედანი. ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გულედანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობით დაამთავრა.

ვნახოთ, როდის და სად მუშაობდა კალაძის ახალი მოადგილე, რომლის კანდიდატურაც თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. 1995-2007 წლებში, კახა გულედანი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უფროსი იყო; 2007-2008 წლებში - თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის გენერალური დირექტორის მრჩეველი გახლდათ; 2008-2010 წლებში - შპს ხორცპროდუქტების ქარხანა „ვაკეს“ გენერალური დირექტორი იყო; 2010-2012 წლებში - სსიპ „საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა; 2012-2015 წლებში - შპს „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ; 2016 წელს - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, პროექტის მენეჯერის პოსტს იკავებდა; 2016 წელს - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო; 2016 წლის 28 ნოემბრიდან - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახლდათ; 2018-2019 წლებში - თბილისის მუნიციპალიტეტშია და სამგორის გამგებლის პოსტს იკავებდა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც კახა გულედანმა ბოლოს, 2020 წლის 19 მაისს შეავსო, ირკვევა, რომ ჰყავს მეუღლე - ირინე ნეფარიძე და ორი შვილი - მარიამი და გიორგი.

გულედანის საკუთრებაშია 1998 წლის Toyota Land Cruiser-ი, რომელიც 2012 წელს უჩუქებიათ. ყოველ შემთხვევაში, ქონებრივ დეკლარაციაში ზუსტად ასეა მითითებული. მეორე ავტომობილი - 2012 წლის „ლექსუსი“ შვილის, გიორგის საკუთრებაშია, რომელიც 2019 წელს, 15 000 აშშ დოლარად შეუძენიათ. გარდა ამისა, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად, 65 000 აშშ დოლარი მიუღია. 

დეკლარაციის შევსების დროს, გულედანის საკრედიტო ბარათზე - 8 000 ლარი, ხოლო სახელფასო ანგარიშზე - 2401.91 ლარი ჰქონდა, მეუღლეს, ირინე ნეფარიძეს - 4 010 ლარი, რაც მისი ყოველთვიური სახელფასო შემოსავალია.