რა კავშირი ჰქონდა 35 წლის მამაკაცს სკოლის მოსწავლე გოგონასთან

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

საბედისწერო ბრილიანტის ქვები

ბათო ჯაფარიძე

გაგიკვირდებათ და, იყო დრო, როცა სამსახურის არქონა ისჯებოდა ანუ სახელმწიფო ყველას უზრუნველყოფდა სამსახურით და მას, ვინც მუშაობას თავს არიდებდა,  სჯიდნენ, დევნიდნენ და ასე განსაჯეთ, ციხეშიც კი ისტუმრებდნენ. ამიტომ, მთელი ქვეყანა დასაქმებული იყო და სკოლის დასრულების შემდეგ, გოგონები ან ტექნიკურ სასწავლებლებში მიდიოდნენ, ან უმაღლესში აბარებდნენ, ბიჭებიც იგივეს აკეთებდნენ, ოღონდ ერთი სხვაობით - სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაევლო, პრაქტიკულად, ყველას, ვისაც კი უმაღლეს სასწავლებელში სამხედრო კათედრა არ ჰქონდა. შესაბამისად, როცა ვინმე სამსახურში არ მივიდოდა, შინ ურეკავდნენ და არკვევდნენ, რა იყო გამოუცხადებლობის მიზეზი, ეძებდნენ... სწორედ ასე, ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც რიგით ზეინკლად მუშაობდა, სამსახურში არ გამოცხადდა, არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა და საღამოს შინ მეგობარმა მიაკითხა იმის გასარკვევად, თუ რა იყო სამსახურში არყოფნის მიზეზი.

„როცა ის ბინის კართან მივიდა, იქვე, მეზობლის ქალი კიბეს ხვეტდა. მეგობარმა კარს ხელი მოკიდა და ცივად გაუშვა, რადგან სახელურზე სისხლი იყო და მაშინვე მილიციაში დარეკეს. ადგილზე ხელოსანიც მივიყვანეთ, რომელმაც საკეტების შემოწმების შემდეგ დაბეჯითებით თქვა, კარი შიგნიდან არის ჩაკეტილიო. მის სიტყვებში მაშინ დავრწმუნდი, როცა კარის ორივე საკეტი გახსნა, მაგრამ ვერ შევაღეთ, შიგნიდან ჯაჭვით იყო დამაგრებული. ჯაჭვიც გადავჭერით და ბინაში შევედით. ბინის პატრონი სავარძელში იწვა, წინ, პატარა მაგიდაზე, თასით წყალი ედგა, ხელში სისხლიანი ნაჭერი ეკავა და თავიდან სისხლი მოჟონავდა. ის გარდაცვლილი გახლდათ და როგორც ექსპერტმა თქვა, სავარაუდოდ, 12-14 საათის მკვდარი იყო. უფრო დეტალურ დასკვნას, დაახლოებით, 48 საათი სჭირდებოდა და დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნის იმედიც არ იყო“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სანამ ექსპერტიზის დასკვნა მომზადდებოდა, სამართალდამცავებმა მეზობლები გამოკითხეს. არავის დაუნახავს, როგორ დაბრუნდა სახლში გარდაცვლილი, თუმცა მეეზოვემ თქვა, დავინახე, მანქანა ავტოფარეხთან რომ დააყენა, კარი გააღო, ვიღაც კაცი მიესალმა, მერე ორივე შიგნით შევიდა და მეც ჩემს საქმეებზე წავედიო. ძალოვნებმა ავტოფარეხი ნახეს, მანქანა ისევ გარეთ იდგა, კარიც ღია იყო და შიგნით სისხლის კვალი ჩანდა. ცხადი იყო, გარდაცვლილს ფიზიკურად სწორედ იქ გაუსწორდნენ, მაგრამ არც ნაკვალევი, არც რამე სამხილი... ერთადერთი იმედი ექსპერტის დასკვნა გახლდათ, თუმცა...

„გარდაცვლილს თავის არეში სამი მძიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. სამივე ბლაგვი საგნით და ამან ტვინის ორი კაპილარის დაზიანება გამოიწვია. გარდაცვლილმა ვერ აღიქვა დაზიანების სიმძიმე, ამიტომ საავადმყოფოში არ წავიდა, თუმცა რომც წასულიყო, საეჭვოა, ექიმებს ოპერაციის გაკეთება მოესწროთ“, - ეწერა ექსპერტის დასკვნაში.

გამოდიოდა, რომ მამაკაცი საკუთარ ავტოფარეხში სცემეს, შემდეგ ის შინ ავიდა, კარი ჩაკეტა, შეეცადა, პირველადი დახმარება საკუთარი თავისთვის თავად გაეწია, მაგრამ გარდაიცვალა.

რაც მთავარია, მეეზოვის ჩვენების მიხედვით, მამაკაცი, ვინც მას დაზიანება მიაყენა, გარდაცვლილს კარგად იცნობდა, რადგან ისინი ერთმანეთს მეგობრულად მიესალმნენ და კეთილგანწყობის ნიშნად, მხარზე ხელიც კი მოუთათუნეს.

„ქურდობის მიზნით, სხეულის დაზიანება გამოირიცხა, რადგან გარდაცვლილს ჯიბეში 300 მანეთამდე ფული ჰქონდა, ხელზე ძვირფასი საათი ეკეთა და ოქროს ყელსაბამიც ხელუხლებელი იყო ანუ თავდამსხმელს ძვირფასეულობა და ფული არ სჭირდებოდა. მეორე მხრივ, მას ყველა დადებითად ახასიათებდა, 35 წლის, უცოლშვილო კაცი უკონფლიქტო პიროვნება გახლდათ, ჰქონდა სახლი, სამსახური და წარმოდგენაც კი არ გვქონდა, მკვლელი სად უნდა გვეძებნა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამაგიეროდ, მისმა უახლოესმა მეგობარმა გაიხსენა, რომ გარდაცვლილს შეყვარებული ჰყავდა და ის გოგონა... სკოლის მოსწავლე იყო. მეტიც, გოგონას მამა იმუქრებოდა, ჩემს შვილს თუ არ შეეშვები, მოგკლავო, ერთხელ, სამსახურთანაც დახვდა და მუშტი-კრივიც გაიმართა. ძალოვნები ამ ვერსიას ჩაეჭიდნენ, რადგან სხვა გზა, უბრალოდ, არ ჰქონდათ. რაც მთავარია, პირველი დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ იმ დროისთვის გოგონას მამას ალიბი არ ჰქონდა.

„თქვენი შვილი სკოლის მოსწავლე რომ იყოს და 35 წლის მუტრუკმა თავ-გზა აუბნიოს, რა ხასიათზე დადგებით? დიახ, ვაღიარებ, რომ ვცემე და კიდევ არაერთხელ ვცემდი, თუმცა არ მომიკლავს და არც მის ავტოფარეხში ვყოფილვარ. რაც შეეხება ალიბის, იმ დღეს ქალაქიდან ვიყავი გასული, უკან გვიან დავბრუნდი და ვიღაცის უცხო მანქანა გავაჩერე. 3 მანეთი მივეცი და აბა, რა ვიცი, ის კაცი სად ვეძებო. ერთი ეგ ვიცი, საუბარში ახსენა, რესპუბლიკურში ძმა მიწევს, ხიდან ჩამოვარდა და ხერხემალი აქვს დაზიანებულიო“, - ამბობდა გოგონას მამა.

სამართალდამცავები რესპუბლიკურში მივიდნენ, გაარკვიეს, რომ ხერხემლის დაზიანებით კაცი მართლაც იწვა, შემდეგ მისი ძმა მონახეს, რომელმაც ყველაფერი დაადასტურა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ძალოვნებს არც ვერსია ჰქონდათ და არც ეჭვმიტანილი ჰყავდათ. ამ დროს კი ისეთი რამ მოხდა, რასაც არავინ ელოდა. გარდაცვლილის დასაფლავების შემდეგ, მისი ბინა დაიკეტა და მეორე დღეს მეზობლებმა დარეკეს, ბინა გატეხესო. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა გაოცებისგან კვლავ პირი დააღეს - სახლი გადატრიალებული იყო, ყველა კუთხე და კუნჭული გაჩხრეკილი, რამდენიმე ადგილზე კედელიც კი იყო ამონგრეული და... წაღებული არაფერი გახლდათ ანუ ვიღაცა ეძებდა კონკრეტულ ნივთს და არა - ძვირფასეულობას. სამაგიეროდ, ერთ-ერთ ლარნაკთან, რომელიც დალეწილი იყო, სისხლის მოზრდილი კვალი ჩანდა ანუ ქურდმა ხელი გაიჭრა. ის, რასაც ეძებდნენ, მცირე ზომის უნდა ყოფილიყო, რადგან გატეხეს ლარნაკი, გამოანგრიეს კედელი, დაშალეს ხის კარადა... გამომძიებლებმა ახლიდან დაჰკითხეს გარდაცვლილის მეგობრები, ნათესავები, მაგრამ ყველა ერთხმად ამბობდა, რომ მას არაფერი ჰქონდა ისეთი, რის გამოც შეიძლებოდა მოეკლათ.

„ექსპერტმა თქვა, სისხლის კვალით თუ ვიმსჯელებთ, ქურდს საკმაოდ ღრმა ჭრილობა უნდა ჰქონდეს და ეს ჭრილობა აუცილებლად ხელზე უნდა იყოსო. არ იყო ეს მცირე დეტალი, მაგრამ სად უნდა გვეძებნა ადამიანი ხელზე ჭრილობით, ეგ არ ვიცოდით. საბოლოოდ, იმ ქარხნის დირექტორს ვთხოვეთ, გაეკონტროლებინა ყველა თანამშრომელი და თუ რომელიმეს ხელზე დაზიანება ექნებოდა, ჩვენთვის ეცნობებინა. ჩვენ კი მისი სანათესაოს შემოწმება დავიწყეთ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

დირექტორმა მეორე დღეს დარეკა და აღნიშნა, რომ ხელზე ჭრილობა არავის ჰქონდა, თუმცა ავადმყოფობის გამო, სამმა თანამშრომელმა სამსახურიდან ერთკვირიანი შვებულება აიღო. ძალოვნებმა სამივე გადაამოწმეს, ერთს მაღალი სიცხე ჰქონდა, მეორეს - ფეხის თითი მოტეხილი, ხოლო მესამეს - ხელზე საკმაოდ ღრმა ჭრილობა. პოტენციური ეჭვმიტანილი რომ არ დაეფრთხოთ, გამომძიებლებმა იმ ექიმს სთხოვეს სისხლის სინჯის აღება, რომელიც გადახვევებს აკეთებდა და ბინაში ნაპოვნს შეადარეს. დამთხვევა ასპროცენტიანი იყო ანუ სამართალდამცავებს, მინიმუმ, ბინის ქურდი ხელში ჰყავდათ. ის მაშინვე დააკავეს. ძალოვნებმა ხერხი იხმარეს და თქვეს, რომ მეეზოვემ მასში სწორედ ის კაცი ამოიცნო, ვინც გარდაცვალებამდე ავტოფარეხში შევიდა და დაკავებულმაც ჩვენების მიცემა დაიწყო.

„ექვსი თვის წინ, გარდაცვლილთან ერთად, სათევზაოდ ვიყავით. ჭიები გაგვითავდა და მიწის თხრა დავიწყე. მოულოდნელად რაღაც კოლოფს წავაწყდი, რომელშიც დაუმუშავებელი ბრილიანტის ოთხი ქვა იდო. ბრილიანტთან შეხება არასდროს მქონია, მან კი მთხრა, ვიცი, სადაც უნდა გავყიდო, 50 ათას მანეთს მარტო შენ წილად მოგცემო. აგერ, ნახევარი წელი გავიდა და მეუბნებოდა, არ გამიყიდია, არ გამიყიდიაო. ამასობაში, კლიენტი მე ვნახე და ჩემი წილი ქვები მოვითხოვე, იმან კიდევ, ვერ გენდობი, რომ ჩავარდე, მეც დამიჭერენო. სწორედ ამის გასარკვევად მივედი იმ დღეს და როცა მივხვდი, ქვების მოცემას არ აპირებდა, იქვე, აგურის ნატეხი ავიღე და თავში რამდენჯერმე ჩავარტყი. მოკვლა არ მინდოდა, მითხრა, ხვალ მოგცემ, ისეთ ადგილზე მაქვს დამალული, ასე დასისხლიანებული ვერ წავალო. მერე გავიგე, რომ მოკვდა და ბინაშიც იმ ქვების პოვნის იმედად შევედი“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით დაკავებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.