56 ახალი სტატია

რატომ არ მიუსაჯეს მეძავის მკვლელებს დახვრეტა - თავდასხმა "ბორდელზე"

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

თავდასხმა „ბორდელზე“ და „მამაშას“ მკვლელობა

„ბორდელი“ - საბჭოთა კავშირის დროს, ამ სიტყვას ძალიან ჩუმად ამბობდნენ და ზოგადად, მისი მნიშვნელობა ბევრმა არც კი იცოდა. „საბჭოთა კავშირში სექსი არ არის“ - ეს ფრაზა არ იყო ჰაერიდან მოტანილი. სექსზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა, ეს ამორალურად ითვლებოდა და ამორალური ცხოვრება კი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა. ამის მიუხედავად, დედაქალაქსა და რეგიონებშიც არსებობდა ბინები, სადაც მამაკაცები ცოლებისგან მალულად დადიოდნენ და ვნებას თუ ჟინს იკმაყოფილებდნენ. სამართალდამცავებმა, პრაქტიკულად, ყოველთვის იცოდნენ, სად იყო ასეთი ბინა, თუმცა არცთუ იშვიათად, სათავისოდ იყენებდნენ, რადგან შესაძლებელი იყო, ამ ბინაში რომელიმე მაღალჩინოსანიც გამოჩენილიყო, რაც ძალოვანებს კომპრომატის შესაძლებლობას აძლევდა. „სწორედ ამიტომ, როცა შეტყობინება შემოვიდა, რომ ერთ-ერთ ასეთ ბინაში „მამაშა“ მოკლეს და იქ მყოფი კიდევ ერთი ქალი დაჭრეს, საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო. იქაურობის ბატონ-პატრონი ქალი ჩვენი აგენტი იყო და რაც მთავარია, ეს „ბუდე“ არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. იქ მხოლოდ შეძლებული ადამიანები და, ასე განსაჯეთ, პარტიული ჩინოვნიკები დადიოდნენ. ძალიან ბევრ რამეს ვიგებდით ამ დაწესებულებიდან და მომხდარი ჩვენთვისაც საგანგაშო გახლდათ“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. „მამაშას“ დანით 44 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ეს, იმის მიუხედავად, რომ მეორე ჭრილობა უკვე სასიკვდილო გახლდათ. რაც შეეხება გადარჩენილ ქალს, ის კომაში იყო და ექიმები მისი სიცოცხლის შანსს უმნიშვნელოდ აფასებდნენ. დაჭრილი ქალის ვინაობა გაარკვიეს და სამართალდამცავებმა „კულტურული შოკი“ მიიღეს. ეს ქალბატონი აშკარად ახალი იყო, შესაბამისად, გამოწყობილი გახლდათ ანუ კლიენტს რომ მოსწონებოდა და... ის ოფიციალურ ქორწინებაში... მილიციის თანამშრომელთან იმყოფებოდა. მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ ქმარმა ცოლის საქმიანობის შესახებ გაიგო, მივიდა და შური იძია, თუმცა ვერსია მაშინვე გამოირიცხა, რადგან სამი დღით, ქმარი მივლინებაში იმყოფებოდა ერთ-ერთ რეგიონში. იმ დროს, როცა ცოლი დაუჩეხეს, ჩასაფრებაში იმყოფებოდა მეწყვილესთან ერთად და ვიღაც დამნაშავის გამოჩენას ელოდა. კოლეგებს მისი დაკითხვა მაინც მოუხდათ. „ერთხელ, ნათესავმა ქალმა მითხრა, შენი ცოლი წმინდა წყლის არ უნდა იყოს, საეჭვო ქალების გვერდით ვხედავო. თვალთვალიც კი დავუწყე და ისეთი ვერაფერი შევამჩნიე, ეჭვის საფუძველი მქონოდა. ამიტომ შევეშვი, მაგრამ მერე და მერე, მეც ეჭვის თვალით ვუყურებდი, რადგან ზედმეტად გულახდილ თეთრეულს ყიდულობდა, სუნამოებიც მხოლოდ უცხოური სურდა, პარფიუმერიაც... რას წარმოვიდგენდი, მეძავი თუ იყო“, - ეს არის ამონარიდი ქმრის ჩვენებიდან. სამართალდამცავებს იმ ბინის კლიენტურა კარგად ჰყავდათ შესწავლილი, მაგრამ არავინ იყო ისეთი, ვინც შეიძლებოდა, მკვლელობაზე წასულიყო. ფული არავის უჭირდა და რაც მთავარია, ასეთ დროს, დანაშაულის ჩადენას ყველა ერიდება. მკვლელს ან მკვლელებს ადგილზე არაფერი ჰქონდათ დატოვებული, ექსპერტებმა მცირედი ხელჩასაწიდიც კი ვერ იპოვეს, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ დანაშაული გამოცდილი ბოროტმოქმედების ჩადენილი იყო და ახლა იმათი შემოწმება დაიწყეს, ვინ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ისეთი, ვისაც ასე მარტივად შეეძლო მოკვლა. იმედი, რომ ქალი კომიდან გამოვიდოდა და რაიმეს იტყოდა, სულ უფრო მცირე იყო. რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა პალატასთან დაცვაც დააყენეს, რათა მკვლელს ან მკვლელებს დაწყებულის დასრულების სურვილი არ გასჩენოდათ, თუმცა თუ ისინი გაიგებდნენ, რა მდგომარეობაში იყო ქალი, აღარ გარისკავდნენ. დრო რაც უფრო გადიოდა, ექიმები გადარჩენის შანსს ნაკლებად იძლეოდნენ. გამოძიებამ ბოლო გაბრძოლებაც სცადა - ხმა გავრცელდა, თითქოს ქალი კომიდან გამოდიოდა და 2-3 დღეში ჩვენების მიცემას შეძლებდა. პარალელურად, პალატასთან დაცვა არ გაუძლიერებიათ, მაგრამ იმ სართულზე, ექიმის ფორმაში გადაცმული შვიდი ოპერმუშაკი მორიგეობდა. ამან შედეგი არ მოიტანა, ქალის მოკვლა არავის უცდია და გამომძიებლებმაც ყურები ჩამოყარეს. „სხვა გზა არ იყო, გადავწყვიტეთ, ის ქალები დაგვეკითხა, რომლებიც კლიენტებს ემსახურებოდნენ, შეიძლება, მათ სცოდნოდათ რამე, მაგრამ ეს საიდუმლოდ უნდა მომხდარიყო. ოფიციალურად, საბჭოთა კავშირში პროსტიტუცია არ იყო და ახლა, ქალების რიგი რომ დაგვეყენებინა, სკანდალი აგორდებოდა. ამასთან, მათი არცთუ მცირე ნაწილი ჩვეულებრივი, მეოჯახე ქალი იყო, სამეზობლოშიც ავტორიტეტით სარგებლობდნენ და ოჯახსაც არ ჰქონდა წარმოდგენა, რას საქმიანობდნენ. ამიტომ, მათი დაბარება უდიდესი სიფრთხილით დავიწყეთ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი. სწორედ ქალბატონების დაკითხვიდან გამოიკვეთა ერთი საყურადღებო მომენტი, რომელიც სამართალდამცავებს მანამდე გამორჩათ. ქალების უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ „მამაშა“ დღეში, მინიმუმ, 200 მანეთს თავის წილად აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში, დიდ თანხამდე მიდიოდა ანუ შესაძლოა, დანაშაული არა ეჭვიანობის, ან ყოფითი ნიადაგის ფონზე, არამედ, სწორედ ამ თანხის გამო მომხდარიყო. უფრო მეტიც, ქალებმა ისიც თქვეს, ათი ათას მანეთამდე, „მამაშას“ სახლში მუდმივად ედო და კლიენტებს არა მარტო ქალებით ემსახურებოდა, არამედ, მათზე ფულსაც აპროცენტებდაო. სამართალდამცავებმა სახლი კიდევ ერთხელ გაჩხრიკეს და რვეულიც იპოვეს, სადაც მოვალეთა მხოლოდ ინიციალები იყო და გვერდით თანხა ეწერა. ახალი აღმოჩენის მიუხედავად, გამოძიება ბედნიერი აშკარად არ იყო. მართალია, სია არცთუ მცირე გახლდათ, მაგრამ მაქსიმუმ, 2 ათასი მანეთი იყო გასესხებული და მსესხებლებს ისე ნამდვილად არ უჭირდათ, რომ ამ თანხის გამო მკვლელობაზე წასულიყვნენ. გამოძიება ისევ ჩიხში შევიდა და გაჩერდა. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა აგენტურული ქსელით შეიტყო, რომ დედაქალაქში, ახლადგათავისუფლებული, ცნობილი კრიმინალი იყო ჩამოსული ქუთაისიდან და... ერთ-ერთ იმ ქალთან ცხოვრობდა, რომელიც აღნიშნულ „დაწესებულებაში“ მუშაობდა. მათი თვალთვალი გადაწყდა და 24-საათიან რეჟიმში, ოპერმუშაკები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. თვალთვალმა არაფერი მოიტანა, გარდა იმისა, რომ წყვილი ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, ფულს უაზროდ ფლანგავდა, თუმცა ოფიციალურად ისინი არსად არ მუშაობდნენ. პერიოდულად, მათთან კიდევ ერთი კრიმინალი მოდიოდა, ისხდნენ, ქეიფობდნენ, იშლებოდნენ. „ამ დროს გამახსენდა ქალბატონების მონაყოლი. „მამაშა“ ზედმეტად ფრთხილობდა და უცხოს კარს არასდროს უღებდა, თუ ვინმეს ახალი კაცის მოყვანა სურდა, მასთან ერთად უნდა მისულიყო და კარიც მხოლოდ ამ შემთხვევაში იღებოდა ანუ თუ დამნაშავეები ესენი იყვნენ, საქმეზე ქალიც უნდა ყოფილიყო, კარს მხოლოდ მას თუ გაუღებდნენ. ამიტომ, ქალის დამუშავება გადავწყვიტეთ. მას სოფელში მოხუცი დედა ჰყავდა და დეპეშა გავუგზავნეთ, რომ ის უკანასკნელ დღეში იყო და შვილის ნახვა სურდა. გათვლა მარტივი გახლდათ - სოფელში საყვარელს არ წაიყვანდა, დედას კი აუცილებლად ნახავდა. ასეც მოხდა, დეპეშის მიღებიდან ორ საათში, ქალი სოფელში... ტაქსით გაემგზავრა ანუ მას ტაქსის ფულიც ჰქონდა. თბილისის გასასვლელთან ტაქსი „გაიშნიკებმა“ გააჩერეს და ქალი განყოფილებაში მივიყვანეთ“, - გვიყვბა ბატონი თენგიზი. გოგონას სახეზე ეწერა, რომელი კითხვის ეშინოდა ყველაზე მეტად. ამიტომ, გამომძიებლები საქმეზე გადავიდნენ და პირდაპირ უთხრეს, კომაში მყოფმა ქალმა გაიღვიძა და ხელი შენ დაგადოო. ქალმა ცრემლები აღვარღვარა, მე არაფერ შუაში ვარ, მე არ მომიკლავსო, შემდეგ კი მოყოლა დაიწყო. კრიმინალს ადრე იცნობდა, გიჟდებოდა და დნებოდა, მაგრამ როცა ციხეში ჩასვეს, სრულიად მარტო დარჩა და თავის რჩენის ასეთ გზას მიაგნო. მერე, როცა მეგობარი გათავისუფლდა, გადაწყვიტა, „ბორდელისთვის“ თავი დაენებებინა, თუმცა წამოსცდა, „მამაშას“ სახლში, მინიმუმ, 10 ათასი მუდმივად უდევსო. შემდეგ ყვველაფერი მარტივად მოხდა - კრიმინალებმა გოგო წაიყვანეს, კარზე დააკაკუნებინეს და რადგან „მამაშამ“ ყვირილი დაიწყო, დანა დაარტყეს და მოკლეს, თუმცა სახლში 5 ათას მანეთზე მეტი ვერ იპოვეს. ჰოდა, მეორე ქალს შეშინება დაუწყეს და უკვე გარდაცვლილს, დანას მის დასანახად ძალუმად არჭობდნენ. რა თქმა უნდა, მილიციის თანამშრომლის ცოლმა დანარჩენი ფულის ადგილსამყოფელი არ იცოდა და ვერაფერი თქვა. შედეგად, ისიც დაჩეხეს და წავიდნენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილეების დაკავება ტექნიკის საქმე იყო და ამ დავალებას მილიციის თანამშრომლებმა თავი კარგად გაართვეს. მათ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს, რომ... მეძავები დახოცეს. მიზეზი მარტივია, საბჭოთა კავშირში, მაშინ სექსი არ იყო.

ავტორი - ბათო ჯაფარიძე