ყოფილი ცოლის შურისძიება - როგორ გადაურჩა სიკვდილს შუახნის მამაკაცი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოჯახური ძალადობა კვლავ რჩება იმ დანაშაულთა რიგებში, რომელიც ყველაზე ხშირად ხდება საქართველოში. ჰო, საქმეების უდიდესი ნაწილი, სწორედ ოჯახურ ძალადობაზე მოდის და ორიოდე თვის წინ, ციხიდან გამოსულმა ერთ-ერთმა „კაი ბიჭმა“ დაიწუწუნა კიდეც, აღარ ღირს ზონაზე ყოფნა, მოძალადეების გვერდში ზიხარ, 70%-ზე მეტი სასჯელს, სწორედ ძალადობისთვის იხდისო.

ძალოვნებს თუ დავუჯერებთ, მათაც დიდად არ სიამოვნებთ, ოჯახური ძალადობის გამო რომ მიდიან გამოძახებაზე, ოჯახურ საქმეებში რომ ერევიან და ეს იმ შემთხვევაში, თუ საქმე, მაგალითად, ხმამაღალ საუბარს ან დაყვირებას ეხება. რა თქმა უნდა, როცა ფიზიკური დაპირისპირებაა, სულ სხვა თემაა, მაგრამ 13-14 წლის გოგო ბოლო ხმაზე რომ წიკვინებს, დედამ ან მამამ დამიყვირა და შინ დაგვიანებისთვის დამტუქსაო, ყველა ხვდება, რომ მშობელი, ძირითადად, მართალია. 13-14 წლის გოგონა სახლში ღამის ორ საათზე რომ მოვა და დაყვირების უფლებასაც აღარ გაძლევს, ცოტა არ იყოს, „ტეხავს“.

 

პოლიციის განყოფილებაში ასაკოვანმა ქალმა დარეკა, მიშველეთ, მეზობელი კვდება, სასწრაფო უკვე გამოვიძახე, ახლა კი თქვენ იმიტომ გირეკავთ, რომ ეს კაცი, სანამ გაითიშებოდა, მეუბნებოდა, მომკლესო. რა თქმა უნდა, სამართალდამცავები მითითებულ მისამართზე გავიდნენ.

„კარზე კაკუნი კი არა, ფხაჭუნი გავიგონე, შიშით გავიხედე, არავინ ჩანდა, მერე კიდევ გავიგონე და შიშის მიუხედავად, გავაღე. კართან ეს, ჩემი მეზობელი იწვა, ჩურჩულით მითხრა, პოლიციაში და სასწრაფოში დარეკეო, მერე კი, ისიც დააყოლა, პოლიცია რომ მოვა, უთხარი, რომ მომკლეს, საჭმელში ან სასმელში რაღაც ჩამიყარესო“, - ამბობდა ქალი.

ექიმებმა აშკარად ივარგეს, კაცს პირველადი სამედიცინო დახმარება ჯერ შემთხვევის ადგილზე აღმოუჩნეს, მერე - სასწრაფო დახმარების მანქანაში. ის საავადმყოფოში არ ჰყავდათ მიყვანილი, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ გადარჩებოდა, რადგან სასიცოცხლო ორგანოები აშკარად ფორმაში ჩადგა. მეტიც, მათ სამართალდამცავებს უთხრეს, რომ დაზარალებულის სრულფასოვანი დაკითხვა დილით უკვე შესაძლებელი იქნებოდა. მანამდე კი, ძალოვნებმა სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და საკვებში (წვნიანში) დიდი დოზით დასაძინებელი საშუალება აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, მამააკაცი მალე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო, თორემ წვნიანი ბოლომდე რომ შეეჭამა, გადარჩენის შანსი, უბრალოდ, არ ექნებოდა. ახლა, ის იყო საინტერესო, ვინ მოუმზადა წვნიანი და ვინ ჩაუყარა მასში წამლის მომაკვდინებელი დოზა.

„წლებია, ეს კაცი მარტო ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ცოლს დაშორდა, გოგონას მარტო ზრდიდა, ცოლი კი ღალატისთვის გააგდო. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობდა. სამი თვეა, გოგონა აღარ მინახავს, ცოტა უხეში კაცია, ვერ ვეკითხებოდი, სად წავიდა ბავშვი. საკვებსაც თავად ამზადებდა, ეხერხებოდა და არ გამიკვირდება, თუ წვნიანი თავად გააკეთა. უცხო აქ არავინ შემიმჩნევია, მაგრამ ავადმყოფი ქალი ვარ, სავარძელში რომ ჩავჯდები ხოლმე, შეიძლება, მთელი დღე არ გავინძრე“, - განაცხადა იმ ქალმა, რომელმაც პოლიციაში დარეკა.

სამართალდამცავებს შვილის მოძებნა არ გასჭირვებიათ. გოგონა აშკარად ორსულად იყო და როცა მამის ამბავი გაიგო, შეიცხადა და საავადმყოფოში მასთან წაყვანა ითხოვა. გოგონასთან ერთად, საავადმყოფოში დაზარალებულის სიძეც წავიდა და გზაში სიძის გამოკითხვა მოხერხდა.

„აბა, რა გითხრათ? არასდროს გვქონია სიძე-სიმამრის ტიპური ურთიერთობა. მუმდივად წინააღმდეგი იყო, რომ მისი გოგო მომეყვანა ცოლად, ხელითაც კი შემეხო ერთხელ. მერე, ჩემმა შეყვარებულმა მითხრა, ერთად ვიყოთ, თუ დავორსულდები, ფაქტს ვერსად გაექცევა და მიგიღებსო. ხელი ჩუმად მოვაწერეთ და როცა ორსულად დარჩა, მამას გამოუცხადა, ასეთი მდგომარეობააო. მე აქაური არ ვარ, ჩემი ბინა არ მაქვს და ქირაობას ვერიდებოდი, რადგან არ გამაჩნია ისეთი შემოსავალი, მეუღლე ყველაფრით უზრუნველვჰყო და თან ქირა ვიხადო. მამამ სახლიდან გამოაგდო და იძულებული გავხდი, ბინა მექირავებინა“, - განაცხადა სიძემ.

ეს მონათხრობი იმას ნიშნავდა, რომ სიძეს მოტივი ჰქონდა, სიმამრი სასიკვდილოდ გაემეტებინა და ბინა დარჩებოდა, მაგრამ იმ დღისთვის მას ალიბი ჰქონდა, მთელი დღე სამსახურში გახლდათ და ესეც არ იყოს, არ ჰგავდა ბიჭი ისეთს, კაცი მოსაკლავად ასე მარტივად რომ გაემეტებინა. მთავარი ის იყო, რას იტყოდა დაზარალებული და ამიტომ, გამომძიებლები მეორე დღის გათენებას მოუთმენლად ელოდნენ.

„მე მგონია, რომ სიძემ გამიმეტა, რადგან სახლის გასაღები მხოლოდ ჩემს ქალიშვილს ჰქონდა, მან წაიღო. გოგო არ მომკლავდა, მამა ვარ, აი, სიძე კი მარტივად მოახერხებდა ამის გაკეთებას. ამიტომ, მისი ალიბი გადაამოწმეთ. მე წვნიანი დილით გავაკეთე, მერე სამსახურში წავედი, ქვაბი მაცივარში შევინახე. მოვედი, გავათბე და მივირთვი. მესამე კოვზზე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და აბაზანისკენ წავედი, მინდოდა კუჭი ამომერეცხა, მაგრამ მივხვდი, ვერ მოვასწრებდი და აბაზანის ნაცვლად, გარეთ გავედი, მეზობელს დავუკაკუნე და მერე არაფერი მახსოვს“, - განაცხადა დაზარალებულმა.

სამართალდამცავებმა სიძის ალიბი მართლაც წუთებით და წამებით გადაამოწმეს, მაგრამ რამე საეჭვო ვერ აღმოაჩინეს - ის სამსახურში გახლდათ და მუდმივად, ყველაზე ცოტა, სამი ადამიანი ხედავდა, თანაც მისი სამსახურიდან სიმამრის სახლამდე 30 წუთის სავალი მაინც იყო და ამდენხანს მის გაქრობას ყველა შეამჩნევდა. გადაამოწმეს გოგოს ალიბიც - ის იმ დღეს პირად გინეკოლოგთან იყო გეგმიურ შემოწმებაზე, შემდეგ - სახლში ანუ დრო ჰქონდა, შინ შეერბინა და წვნიანში საწამლავი ჩაეყარა, მაგრამ... არც ძალოვნებს სურდათ იმის დაჯერება, რომ შვილმა მამა გაიმეტა და არც - მამას სჯეროდა.

„იცით, მე მთელი დღე აივანზე ვზივარ და გამახსენდა, რომ სწორედ მაგ დღეს, ჩვენს სადარბაზოში უცხო ქალი შემოვიდა. უცხო იმიტომ იყო, რომ თავშალი ჰქონდა შემოხვეული და სახესაც მალავდა. ვერ ვიცანი, კი ვიფიქრე, ნეტავ, ვისთან შეიძლება მიდიოდეს-მეთქი, მაგრამ მერე ფიქრს თავი დავანებე. ახლა კი, ვფიქრობ, რომ დანაშაული სწორედ იმ ქალმა ჩაიდინა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა და სამართალდამცავებსაც ხელჩასაჭიდი გაუჩნდათ. საინტერესო იყო, ხომ არ ჰყავდა დაზარალებულს მეგობარი ქალბატონი, რომელიც გააბრაზა და რომელსაც ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე შეეძლო წასვლა.

„არა, მეგობარი ქალი არ მყავს. როცა ქალი მინდა, არსებობს შესაბამისი დაწესებულება, სადაც მიხვალ, ფულს გადაიხდი, ჟინს დაიკმაყოფილებ და წამოხვალ. ამიტომ, ეს ვარაინტი გამორიცხეთ“, - განაცხადა დაზარალებულმა და... სამართალდამცავებმა გოგონას დედის შესახებ ჰკითხეს.

„დედა ძალიან ცუდად მახსოვს. მამამ მითხრა, რომ მან უღალატა, რომ მეც მიმატოვა და მისი მჯერა. იცით, რატომ მჯერა? ამ ხნის განმავლობაში, მას ერთხელაც არ ჰქონია სურვილი, თუ მცდელობა, ვენახე. არც კი ვიცი, სად ცხოვრობს, როგორ ცხოვრობს... შინ მოსვლას თუ უშლიდა მამა, ხომ არსებობს სკოლა, მანამდე არსებობდა ბაღი, ბოლოს და ბოლოს, უმაღლესი სასწავლებელი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მამა სწორად მოიქცა, როცა ასეთი ქალი მოიშორა“, - განაცხადა გოგონამ.

ძალოვნებმა მისი ძებნა მაინც განაგრძეს და... იქვე, იმავე უბანში იპოვეს. როგორც მეზობლები ამბობდნენ, ქალი იმ უბანში, დაახლოებით, ათი წლის წინ დასახლდა, მაგრამ აღვირახსნილ ცხოვრებას არ ეწეოდა, ჩუმი, მშვიდი ქალბატონი იყო. ის დასაკითხად წაიყვანეს და პარალელურად, მისი ბინის ჩხრეკაც ჩაატარეს. განყოფილებაში მისულ გამომძიებელს ქალის ბინიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მის სახლში ძილის წამლის ზუსტად ის ფლაკონი იპოვეს, რომელიც კაცის წვნიანში იყო ჩასხმული.

„როგორც ვხვდები, დამალვას აზრი არ აქვს და არც ვაპირებ. მთელი ცხოვრება გამიმწარა მაგ კაცმა, მერე, დაშორება რომ გადაწყვიტა, ღალატში დამდო ბრალი და ბავშვი წამართვა. არადა, არასდროს მიღალატია. ბავშვთან მიახლოება ამიკრძალა, მითხრა, თუ გავიგებ, მოგკლავ ან შენს თავს დავაჭერინებო. მაშინ დიდი გავლენები ჰქონდა და მეშინოდა, ჩემს გოგოს მხოლოდ შორიდან შევავლებდი ხოლმე თვალს. მერე აქ, ახლოში დავსახლდი და როცა გავიგე, რომ ჩემი შვილი გათხოვებას აპირებდა, მამა კი უშლიდა, გავმწარდი. ჩემზე უკეთეს დღეში არც ის ჰყავდა. მერე ისიც გავიგე, რომ შვილი სახლიდან გააგდო და შურისძიება გადავწყვიტე. ჰო, მინდოდა, ჩემი შვილისთვის ეს დესპოტი მომეშორებინა და გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. სახლის გასაღები ჯერ კიდევ მაშინ, წლების წინ გამყვა და ბედის ირონიით, მას არც საკეტი შეუცვლია და არც გაფუჭებულა. დასაძინებელი წამალი მე ჩავყარე და არ ვნანობ“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე