როგორ აბამენ უცხოეთში მყოფი „კანონიერი ქურდები“ მოზარდებს მახეში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ვერ გეტყვით, იმუშავებს თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტი ნარკოლიბერალიზაციის გაუქმების მიმართულებით, მაგრამ ფაქტია, რომ ნარკოტიკები საქართველოს ახალგაზრდობისთვის უდიდეს პრობლემადაა ქცეული. ახლა, სწორედ აგვისტოში, განსაკუთრებით რეგიონებში, ხშირად გაიგონებთ მოზარდების კითხვას - „როგორი მოსავალი გაქვს?!“ და ეს პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, თუ ვის როგორი „მარიხუანა“ მოუვიდა. დიახ, სწორედ რომ რეგიონებში, „მარიხუანას“ უამრავი ნერგია გასახმობად ჩამოკიდებული და დიდ ქალაქებშიც, აივნებზე, ბევრი ახარებს ამ მცენარეს უპრობლემოდ. უპრებლემოდ კი იმიტომ, რომ სამართალდამცავები ვერაფერს ეუბნებიან, ვერაფერს ცვლიან, „მარიხუანას“ მოხმარებაზე ჩვენთან ციხე არ არის.

ბოლო კვარტალში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, საერთო ჯამში, 1 200 პირი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 828 პირს დაუდასტურდა. ეს კი სუფთა 69%-ია ანუ ციფრი მაღალი კი არ არის, კატასტროფული და საგანგაშოა. ამ 828 პირიდან, 26 მდედრობითი სქესის იყო და მათგან ნარკოტიკული თრობა 7-ს დაუდასტურდა (25%), ხოლო 5 არასრულწლოვანიდან, ნარკოტიკული თრობის ქვეშ 2 იყო (თითქმის 50%).

 

მოდით, ვაღიაროთ, რომ ბოლო დროს მომრავლებული წვრილ-წვრილი დანაშაულები, ძირითადად, იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს ნარკოტიკის საყიდელი ფული არ აქვთ. რაც მთავარია, ამის შესახებ იცის აბსოლუტურად ყველამ, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ სწორედ ნარკოლიბერალიზაციის გამო, სამართალდამცავებს ხელ-ფეხი აქვთ შეკრული და, პრაქტიკულად, ვერაფრის გაკეთებას ახერხებენ. უფრო ცუდი კი ის გახლავთ, რომ ამ წვრილ-წვრილ დანაშაულებში, ძირითადად, არასრულწლოვნები არიან ჩართულნი და ისევ შესაბამისი კანონის არქონის გამო, მაათი დაკავება ვერ ხერხდება. ამიტომ ვამბობ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტს, აუცილებლად მართებს ამ მიმართულებით დაფიქრება და ვინც უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების მომავალი.

თავად განსაჯეთ, ექსპერტიზა ჩაუტარდა 1 200 ადამიანს და აქედან, ლამის 70%, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო ანუ ყოველი ათი ადამიანიდან, შვიდი ნარკოტიკების მომხმარებელი გამოდის. ეს, უხეშად რომ დავიანგარიშოთ, მაგრამ არც დაანგარიშება გვჭირდება და არც გაანგარიშება - უბრალოდ, გაიარეთ, გნებავთ, დიდ ქალაქებში, გნებავთ, რეგიონებში იქ, სადაც საღამოობით, შებინდებულზე ახალგაზრდები არიან შეკრებილნი და ათიდან ცხრა შემთხვევაში, „მარიხუანას“ სუნს იგრძნობთ. ვიღაც იტყვის, სამართალდამცავების გარდა, ამას ყურადღება მშობლებმაც უნდა მიაქციონო, მაგრამ ვაი, რომ მოზარდებმა უკვე ისწავლეს და კარგად გაითავისეს ის, რომ მშობლის მხრიდან ყვირილი, შენიშვნა, დატუქსვა, მარტივად შეუძლიათ, 112-ში დარეკვითა და ჩივილით აიცილონ და მერე მშობელიც ცდილობს, უფრო ლმობიერი იყოს, რადგან ერთი გაფრთხილების შემდეგ, შესაძლოა, ციხეში 3 წლით მოხვდეს, ამიტომ ხელ-ფეხი მასაც ეკვრება.

ყველაზე დიდი უბედურება კი ის გახლავთ, რომ ნარკოტიკის შეძენა ინტერნეტის მეშვეობით უმარტივესად შეიძლება, აკი, იძენენ და მოიხმარენ კიდეც. თუმცა, ამას უფრო მაშინ აკეთებენ, როცა საქმე ძლიერ ნარკოტიკს ეხება, „მარიხუანა“ კი ხელის ერთ გაწვდენაზეა, ლამის, ყველა ღამის კლუბთან იყიდება და ძალოვნები ვერც ამ შემთხვევაში ცვლიან რამეს - ერთი ადამიანისთვის საკმარისი დოზა მოხმარების საგნად ითვლება და „ბარიგაც“ მიდის, გაყიდის ორ სიგარეტ „მარიხუანას“, შემდეგ ლოკაციას ტოვებს, ახალი ორი ღერი მოაქვს და ასე დაუსრულებლად. ღამის კლუბებთან კი, მათი მუშტარი, ძირითადად, არასრულწლოვნები არიან, რომლებსაც ცელოფნიდან წებოს ყნოსვა მობეზრდათ და ახლა „კაიფს“ „მარიხუანით“ „ისწორებენ“.

სხვათა შორის, სწორედ ამ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებით იწყება შემგომ „კაი ბიჭობაზე“ პრეტენზია, იმის მტკიცება, რომ მომავალში „კანონიერი ქურდი“ უნდა გახდეს, რადგან, როცორც სხვა ნარკოტიკი, ისე „მარიხუანაც“ იწვევს მიჩვევას და მისთვის ყოველდღიური ფულის გამონახვა დიდებისთვის არის პრობლემა და არასრულწლოვნებისთვის ხომ, საერთოდ. ამიტომ, ჯერ წვრილმან ქურდობებს სჩადიან, მერე ამსხვილებენ და ამ გზას თავისთავად მიჰყავს იქამდე მომავალი თაობა, რასაც კრიმინალური ცხოვრება ჰქვია.

„ყველაფერი ეს ძალიან კარგად იციან საზღვარგარეთ მყოფმა „კანონიერმა ქურდებმა“ და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა, რაც შეიძლება მეტი არასრულწლოვანი გააბან თავის მახეში. მერე, ამ არასრუწლოვნებს ეუბნებიან, რომ „ქურდული ობშჩიაკისთვის“ ფულია საჭირო და ის უბედურები რასაც იპარავენ, დიდ ნაწილს ან საზღვარგარეთ რიცხავენ, ან აქვე, საქართველოში აძლევენ „კანონიერი ქურდების“ ოჯახის წევრებს. მერე, თანატოლებში „ბლატაობენ“, რომ ქურდებს იცნობენ, რომ „ობშჩიაკს“ ავსებენ და თანატოლებსაც უნდათ იგივე. ამ ასაკში ხომ გგონია, რომ ყველაფერი ეს რომანტიულია, კარგია და ფიქრობ, რაღაც მიზანი გაქვს. სინამდვილეში კი, იქაურებს ესენი აინტერესებთ იქამდე, სანამ „იწველებიან“, მერე კი, უბრალოდ ივიწყებენ“, - გვეუბნება სამართალდამცავი.

არავინ მალავს, რომ ნარკოტიკების გავრცელების მიმართულებით, უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ლიდერობენ. მათ შორის, მრავლად არიან, როგორც რუსები, ასევე უკრაინელები, მაგრამ უდიდესი ნაწილი აზიური ქვეყნებიდან არიან ანუ იქიდან, სადაც ნარკოტიკების გავრცელება სიკვდილით ისჯება და სიკვდილი კიდევ არავის სურს. ადრეც არაერთხელ დამიწერია და კიდევ გავიმეორებ, გარკვეულ დანაშაულებსა და, მათ შორის, უპირველესად ნარკოტიკების გამსაღებლებზე, უნდა იყოს სამუდამო პატიმრობა პირველი 25 წლის განმავლობაში, შეწყალების მოთხოვნის უფლების გარეშე!

ახლაც, ხელისუფლება სექტემბრისთვის მორიგ ამნისტიას ამზადებს და დიდი ნაწილი, სწორედ ნარკოტიკების მომხმარებლებს შეეხება. ისინი გარეთ გამოვლენ და როგორ გგონიათ, ისევ მოიხმარენ თუ არა ნარკოტიკს? პრაქტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა 80%-ზე მეტი, სასჯელის მოხდის შემდეგ, კვლავ მომხმარებელთა სიაში ეწერება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასჯელის მოხდა გამოსავალი არ არის. რა თქმა უნდა, შესაძლებელია იძულებითი მკურნალობის დანიშვნა, მაგრამ არც ეს არის გამოსავალი, რადგან ისევ პრაქტიკა აჩვენებს, რომ იძულებითი მკურნალობის შემდეგაც კი, მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა, ნარკოტიკის მოხმარებას უბრუნდება.

როგორ უნდა ინატრო და თქვა იმ პერიოდზე, როცა, მაგალითად, წინახელისუფლება, იმავე „მარიხუანას“ მოხმარებისთვის, 10 და 15 წელს საახალწლო კანფეტებივით არიგებდა, მაგრამ ვაღიაროთ - ამან მაშინ შედეგი მოიტანა და ნარკოტიკების მოხმარება მინიმუმამდე დავიდა. კი, ყველაფერ ამას, თავისი დიდი მინუსიც ჰქონდა, რეალურად, მაშინ მძიმე ნარკოტიკის გაყიდვას, მაღალჩინოსანი ძალოვნები მფარველობდნენ, მაგრამ შედეგი ის იყო, რომ ნაარკოტიკების მოხმარება, სწორედ დიდი სასჯელის შიშით შემცირდა და ნარკოლიბერალიზაციის შემდეგ, ეს სასჯელი კი არ შეამოკლეს, არამედ, მთელ რიგ შემთხვევებში, გააუქმეს და გაანულეს. თავად განსაჯეთ, „მარიხუანას“ იმ მომხმარებელს, რომელსაც ნაციონალების დროს, 10 წელი მისცეს და ციხიდან საყოველთაო ამნისტიის მიღების შემდეგ გამოუშვეს, ეუბნები, რომ შეგიძლია ის გააკეთო, რის გამოც 10 წელი მოგისაჯეს და ახლა ამისთვის არავინ დაგსჯის. ეს არის თავი და თავი მიზეზი, რომ ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებული ადამიანების 70% მომხმარებელია. აი, მათ რომ დაკავება-დაპატიმრების შიში ჰქონდეთ, მათ რომ იცოდნენ, ამის გამო ციხეში მოხვდებიან, მერწმუნეთ, ციფრი არათუ განახევრდება, ამის მეოთხედიც კი არ იქნება.

ახლა, ვიღაც აუცილებლად იტყვის, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანი ავადმყოფია, მაგრამ მოდით, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი. მე თუ ავადმყოფი ვარ, ვმკურნალობ და თუ სამკურნალო ფული არ მაქვს, არ ვიპარავ. მე თუ ავადმყოფი ვარ, საკუთარ თავს არ ვვნებ, არ ვიღებ ისეთ რამეს, რაც ჩემს ჯანმრთელობას აზიანებს და ახლა არ დაიწყოთ, „მარიხუანა“ სასარგებლოა, არაფერს ვნებსო. არა, ბატონებო, სამედიცინო ენაზე რომ აგიხსნათ, როდესაც ადამიანი „მარიხუანას“ ეწევა, კვამლი ზედა სასუნთქი გზებიდან, ფილტვებში ხვდება. კვამლში არსებული ფსიქოტროპული ნივთიერებები ფილტვებიდან სისხლში გადადის, სისხლს კი, ის ტვინსა და მთელ დანარჩენ ორგანიზმში მიაქვს. მოწევისას, სისხლში კანაბინოიდების დონე პიკს, დაახლოებით, ათ წუთში აღწევს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქიკური და ფიზიკური ეფექტები, დაახლოებით, 20-30 წუთის შემდეგ დგება.

ტეტრაჰიდროკანაბინოლი უდიდეს გავლენას ახდენს ტვინის უჯრედების ფუნქციაზე. „მარიხუანა“ მოქმედებს ტვინის იმ უბნებზე, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებაზე, კოორდინაციაზე, შეგრძნებაზე, განსჯის უნარზე. შესაბამისად, ადამიანი კარგავს აღქმისა და შეგრძნების უნარს, ეს ყველაფერი იწვევს უაზრო სიცილს, ეიფორიას, დროის შეგრძნების ცვლილებას, სხეულის მოძრაობის დარღვევას, მადის მომატებას, ფიქრისა და პრობლემის გადაჭრის უნარის დაქვეითებას, ჰალუცინაციებს, ბოდვებს... და ეს არასრული ჩამონათვალია.

 

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე