როგორ უღალატა ახალგაზრდა ცოლმა ქმარს გერთან

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კარგი ადვოკატი ყოველთვის ფასობდა და მით უმეტეს ახლა, როცა საქმეების ძირითადი ნაწილი სასამართლოში წყდება. კარგი ადვოკატები ძალიან ბევრ ფულს შოულობენ, თუმცა აქაურ ადვოკატებს არ ვგულისხმობთ, აქ ათეულობით მილიონის შოვნა ამ პროფესიით ძნელია, საზღვარგარეთ კი - სავსებით რეალური და მისაღები. ამიტომ, არავის უკვირს, უცხოეთში ცნობილი ადვოკატები ერთ-ერთ უმდიდრეს კასტად რომ ითვლებიან და არის საქმეები, რომლებშიც რამდენიმე მილიონს იღებენ ჰონორარად.

 

თავისი გმირები კომუნისტურ წყობასაც ჰყავდა. ადვოკატი მაშინაც ძვირად ფასობდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა პროფესიონალი იყო, არამედ იმიტომ, რომ იყვნენ ადვოკატები, რომლებიც პროკურორსა თუ გამომძიებელთან, მოსამართლესა თუ სხვა ზემდგომ ორგანოებთან საქმეებს „აიმასქნებდნენ“ და დამნაშავეებს თუ არ ათავისუფლებდნენ, სასჯელს გვარიანად უმსუბუქებდნენ. ჰოდა, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადვოკატი მივიდა მილიციის განყოფილებაში, გამოცდილი გამომძიებლის გვარი იკითხა და მასთან აუდიენცია ითხოვა. გამომძიებელმა ადვოკატი ინტერესით მიიღო, არ ჰქონდა წარმოებაში ისეთი საქმე, ეს ადვოკატი რომ დაინტერესებულიყო და ამიტომ, ცნობისმოყვარეობა კლავდა, რას ეტყოდა მოსული.

„აგერ, ფოტო, რომელიც გამომიგზავნეს. პრინციპში, რაღა ფოტო, ნახატია და ეს არის ჩემი პორტრეტი, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ თავზე რქები მადგას. ეს არ არის შემთხვევითი, ადრე, რამდენჯერმე მიმანიშნეს, რომ ცოლი მღალატობს, მაგრამ მე ეჭვის საფუძველი არ მაქვს. რამდენჯერმე, თავადაც ვუთვალთვალე, რამდენჯერმე - ჩემმა ბიჭმა გააკეთა იგივე, ეჭვი ვერ შევიტანე. ახლა კი... ახლა, გული მიგრძნობს, ვინც ეს გამომიგზავნა, ზუსტად იცის, რა ხდება და როგორ ხდება. მზად ვარ, თქვენი ნებისმიერი თხოვნა შევასრულო, ოღონდ გამარკვიეთ, მღალატობს თუ არა ცოლი. არ მინდა, სასაცილო ვჩანდე, როგორც კოლეგების, ისე მეზობლების თვალში“, -განაცხადა ადვოკატმა.

მის განცხადებაში ყველაზე მთავარი ფრაზა „მზად ვარ, თქვენი ნებისმიერი თხოვნა შევასრულო“ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამომძიებლის თხოვნის შემთხვევაში, მას შეეძლო კლიენტი უბრალოდ გაეწირა, ეთქვა, რომ საქმეს ვერ აკეთებდა და ასეთი პირობა გამომძიებელს... ძალიან აწყობდა. მან მოსულს მხოლოდ ინფორმაციის მაქსიმალურად მიწოდება სთხოვა, იმასაც დაჰპირდა, ოფიციალურ საქმეს არ აღვძრავ და ბიჭებს ჯიბის ფულს თუ მისცემ, ცუდი არ იქნებაო. ადვოკაატმა ჯიბიდან ფულის შეკვრა ამოიღო, მაგიდაზე დადო და ჩუმად თქვა - „აქ 2 ათასი მანეთია და დანარჩენს მოგიყვები“...

იმ დროისთვის 2 ათასი მანეთი ძალიან დიდი ფული იყო, ბევრად მეტი, ვიდრე - ჯიბის ფული და გამომძიებლისთვის 100 მანეთიც რომ მიეცა ოპერებისთვის გადასაცემად, ის თანახმა იქნებოდა. რაც შეეხება ისტორიას...

„ერთი ბიჭი მყავს, 22 წლისაა, სწავლობს, იურისტი იქნება ისიც, ოღონდ არ მინდა, ადვოკატი გამოვიდეს. ის მეხმარებოდა ცოლის თვალთვალში, როცა სამსახურის გამო არ მეცალა, მაგრამ ვერც მან და ვერც მე, საეჭვო ვერაფერი შევნიშნეთ. რაც შეეხება ცოლს... პირველი მეუღლე სიმსივნით გარდამეცვალა და ბიჭი სანამ სრულწლოვანი არ გახდა, მეორე ცოლი არ მომიყვანია, მარტომ გავზარდე. მერე კი, ცოლი შევირთე და იმის მიუხედავად, რომ ჩემი მეორე ნახევარი ჩემს შვილზე მხოლოდ 5 წლით არის უფროსი, ერთმანეთს კარგად ვუგებთ, უსიტყვოდ გვესმის. ასეთ ქალს, ალბათ, ვეღარსად ვნახავ და ამიტომ მსურს, რომ ოჯახი შევინარჩუნო. თუ თქვენ მეტყვით, რომ ცოლი არ მღალატობს,  ყველაფერს - ნახატს, მინიშნებებს უსიამოვნო სიზმრად და ჩემი მტრების ნახელავად ჩავთვლი“, - განაცხადა ადვოკატმა.

გამომძიებელმა თავი დაიქნია და დაპირდა, სიმართლეს აუცილებლად გავარკვევ, ოღონდ საბოლოოდ რომ დავრწმუნდეთ, შეიძლება, ერთი თვეც კი დამჭირდესო, რაზეც თანხმობა მიიღო. დაახლოებით, ნახევარ საათში, გამომძიებლის წინ სამი ოპერმუშაკი იჯდა და უფროსს ყურადღებით უსმენდა. გამომძიებელმა მათ 500-500 მანეთი ჩაუთვალა (ორი თვის ხელფასი) და დავალების არსი მოკლედ გააცნო. ქალისთვის მხოლოდ ერთს უნდა ეთვალთვალა, დანარჩენ ორს კი, იმ ერთის საქმე სამსახურში ეკეთებინა. მეორე დღეს, სათვალთვალოდ მეორე წავიდოდა, მერე - მესამე და ასე შემდეგ. ოპერები სიხარულით დათანხმდნენ, რადგან ჯამაგირი აშკარად კარგი იყო.

თვალთვალი დაიწყო, თუმცა სამივე ოპერის მორიგეობამ ჩაიარა და გამომძიებელთან სათქმელი არაფერი ჰქონდათ. მართალია, ქალი არსად მუშაობდა, მაგრამ მუდმივად გარეთ იყო, ხან ერთ დაქალს გაუვლიდა, ხან - მეორეს, სადმე შევიდოდა, ყავას დალევდა, მაღაზიებში საათობით დაეხეტებოდა, მაგრამ თითქმის არაფერს ყიდულობდა და შინ აშკარად დაღლილი ბრუნდებოდა, მაგრამ დაღლილი არა საქმით, არამედ იმ ფიზიკური აქტივობით, რომელიც ყოველდღე ჰქონდა. ძალოვნები ხედავდნენ ადვოკატსაც, მის შვილსაც, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, ყველა თავის საქმით იყო დაკავებული, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ოჯახი გახლდათ. ამის მიუხედავად, ნათქვამი იყო, რომ ქალისთვის ერთი თვის განმავლობაში უნდა ეთვალთვალათ, შესაბამისი ანაზღაურებაც გადახდილი იყო და ამიტომ ოპერმუშაკები თავს არ ზოგავდნენ და დაკისრებულ მოვალეობას მთელი პასუხისმგებლობით ეპყრობოდნენ. მეოთხე თუ მეხუთე მორიგეობა იყო, ერთ-ერთი ოპერი სამსახურში ცხვირჩამოშვებული მივიდა.

„ობიექტი გამეპარა. მაღაზიაში შევიდა, მე გარეთ ველოდებოდი, კარგა ხანს რომ დააგვიანდა, შევიხედე და მეორე კარიდან იყო გასული. იმ მაღაზიაში ხშირად ყოფილა, მეორე გასასვლელით არასდროს უსარგებლია და მეც არხეინად ამიტომ ვიყავი. ისე, შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ დღეს უცნაურად იქცეოდა, თითქოს უკან იყურებოდა, თითქოს ეჭვი ჰქონდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. იმედია, დამკვეთს არაფერი წამოსცდა“, - თავს იმართლებდა ოპერმუშაკი.

გამომძიებელმა, ყოველი შემთხვევისთვის, ინფორმაცია დამკვეთთან გადაამოწმა და იმან ხელები გაასავსავა, მაგას როგორ ვეტყოდი, ჩემი შვილის მეტმა არავინ არაფერი იცისო. ძალოვნებს არც ის მოეწონათ, შვილმა რომ იცოდა, მაგრამ აღარ გააპროტესტეს და თვალთვალი განაგრძეს. ისევ არაფერი შეიცვალა, ისევ ისე ხდებოდა და რომ არა იმ ერთი დღის ჩავარდნა, ოპერებს ხელმოსაჭიდი არაფერი ჰქონდათ. ასე მიილია ერთი თვე და...

„შინაგანად არ მჯერა, რომ ის ქალი პატიოსანია. რატომ არ მჯერა? აი, იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში, გზაც კი არ გადაუკვეთავს არასწორად. რატომღაც მგონია, რომ მან ზუსტად იცოდა, ჩვენი თვალთვალის შესახებ და ყველაფერს ჩვენი თვალის ასახვევად აკეთებდა. იმ დღეს კი სწორედ საყვარელთან გაგვეპარა, ჩვენთვის რომ დაეცინა. ამიტომ, ვფიქრობ, დამკვეთს უნდა ვუთხრათ, რომ ყველაფერი რიგზეა, თვალთვალი მოვხსენით და ორი-სამი დღე, მართლაც, მოვხსნათ, მერე კი, განვაახლოთ და ერთი კვირა შევამოწმოთ, ორი-ორი მორიგეობა მოგვიწევს თითოს, რაც არცთუ ბევრია“, - თქვა ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა და დანარჩენებიც დაეთანხმნენ.

დამკვეთი შედეგით კმაყოფილი იყო, გამომძიებელს ხელი მაგრად ჩამოართვა და შინ ბედნიერი სახით წავიდა. ძალოვნებმა ორი-სამი დღე დაისვენეს, შემდეგ თვალთვალი პროფესიონალურ დონეზე დაიწყეს ანუ კონსპირაციით და გაშიფვრის გამორიცხვის მაქსიმალური უზრუნველყოფით. მეორე მორიგეობაზევე, ქალმა დადგენილ მარშრუტს გადაუხვია, ტაქსი გააჩერა და ქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთ კორპუსში მივიდა, მანქანიდან გადავიდა და სადარბაზოში შეკუნტრუშდა. ძალოვნებმა აგენტურული ქსელი ჩართეს.

„ეგ ქალი აქ კვირაში ორჯერ მაინც დადის, საყვარელი ჰყავს, ისიც ახალგაზრდა ბიჭი, ერთად არასდროს მოდიან, მაგრამ ბინიდან, ძირითადად, ერთად გამოდიან ხოლმე“, - ასეთი იყო აგენტურული ქსელის ინფორმაცია. ახლა, მთავარი გახლდათ, როგორმე, იმ ახალგაზრდა ბიჭისთვის გადაეღოთ სურათი, რომ დამკვეთისთვის ენახებინათ. ესეც მაღალ დონეზე მოახერხეს და დამკვეთი განყოფილებაში დაიბარეს.

„ვიცნობ თუ არა ამ ახალგაზრდა კაცს? რატომ მეკითხებით? ვიცნობ კი არა, ეს ჩემი შვილია, ჩემი ბიჭი“, - თქვა ადვოკატმა და ნერვიც არ ატოკებია. გამომძიებელს კი გაუჭირდა, მაგრამ მაინც ამოღერღა, სწორედ ეს არის თქვენი ცოლის საყვარელიო. ადვოკატი ჩაფიქრდა, მერე მტკიცედ შეხედა გამომძიებელს თვალებში და უთხრა - „ვაფასებ თქვენს პროფესიონალიზმს, მაგრამ სანამ საკუთარი თვალით არ დავინახავ, ვერ დავიჯერებ, არ დავიჯერებ. მე უნდა მივიდე იმ ბინაში, მე უნდა გავაღო კარი და ისინი ერთად ვნახო“, - გამომძიებელმა თავი დაუქნია.

ორდღიანი ლოდინი დასჭირდათ ჩასაფრებულებს. ადვოკატმა დაინახა, როგორ შევიდნენ სადარბაზოში მისი შვილი და მისი ცოლი, 15 წუთის შემდეგ, კარზე მეზობლის ქალს დააკაკუნებინეს. კარი ბიჭმა გააღო და ოთახში მამა შევარდა...

განქორწინება ძალიან უხმაუროდ მოხდა, ხმაური არავის აუტეხავს, თუმცა ცოლთან ერთად, მამამ სახლიდან შვილიც გაუშვა, ის საცხოვრებლად ნაქირავებში გადავიდა. ჰო, ბიჭმა ფაკულტეტიც შეიცვალა და სწავლა იურიდიულის ნაცვლად, ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე