ვინ და რატომ დაუწვა უსინათლო ქალს სახე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ იყო დრო, როცა საქართველოში უსინათლო ადამიანების მიმართულებით მთელი ინფრასტრუქტურა იყო აწყობილი. ისინი მუშაობდნენ სპეციალურად აღჭურვილ საწარმოებში და ქმნიდნენ არაერთი და ორი მილიონი მანეთის ღირებულების პროდუქტს. მათთვის იყო აშენებული საერთო საცხოვრებლები, არსებობდა სპეციალური სკოლა, სადაც სწავლობდნენ, სპეციალური ტექნიკუმი. მოკლედ, ამ მიმართულებით, ცხოვრება მართლაც დუღდა და სამწუხაროდ, როგორც ბევრი სხვა რამ, ესეც მოიშალა. უსინათლოები ხშირად ქორწინდებოდნენ ერთმანეთზე, ჰქონდათ საერთო ინტერესები, ჰქონდათ ბიბლიოთეკა, სადაც სპეციალურად მათთვის დაბეჭდილი წიგნები იყო და კითხულობდნენ, ეცნობოდნენ არა მარტო იმ დროის ლიტერატურას, არამედ, კლასიკოსებს.

 

ჰოდა, უსინათლოთა კავშირის ერთ-ერთ წევრს დიდი უბედურება დაატყდა - ტყეში სეირნობდა, უცნობმა თვალებზე ანთებული ჩირაღდანი მიადო და არა მარტო წარბები და წამწამები, არამედ, სახის დიდი ნაწილიც დაუწვა. პარალელურად, დაეწვა თვალის შიდა გარსიც. გოგონა შემთხვევით გამვლელმა იპოვა და საავადმყოფოში წაიყვანა. მალე კლინიკაში მისი ქმარიც მივიდა.

„ღმერთო, ეს რა ხდება? ვინ არის ასეთი ბოროტი? იცით, ეს გოგო ჯერ კიდევ მაშინ შემიყვარდა, როცა მართლა უსინათლო იყო და ამბობდნენ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნებოდა. მერე, როცა ცოლად მოვიყვანე, ორი ბინიდან ერთ-ერთი გავყიდე, აღებული ფულით და მთელი სანაცნობოს ჩარევის შემდეგ, ჯერ საზღვარგარეთ წავიყვანე კვლევებზე, შემდეგ კი იქიდან გამოგვაყოლეს პროფესორი, რომელმაც აქაური ექიმის ასისტენტობით, საოცარი ოპერაცია ჩაატარა და ჩემმა სიყვარულმა დღის სინათლე იხილა. ახლა კი... ახლა აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ექიმებმა თქვეს, წინასწარი დათვალიერებით, თვალის გარსი ისეა დაზიანებული, რომ გამორიცხულია, ოდესმე, რამე დაინახოსო. გემუდარებით, გთხოვთ,  გვიშველეთ, იპოვეთ დამნაშავე და უმკაცრესად დასაჯეთ“, - ბოლო ხმაზე მოთქვამდა ქმარი.

რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავები საქმეში ჩაერთვნენ, პირველ რიგში, ის ადამიანი დაკითხეს, ვინც გოგონა იპოვა, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაიგეს - მან ყვირილი გაიგონა, ადგილამდე მივიდა, ნახა გოგო, რომელსაც სახე დამწვარი ჰქონდა, ჩასვა მანქანაში, საავადმყოფოში მიიყვანა და მილიციაშიც თავად დარეკა, მერე სამართალდამცავებს დაელოდა და შემთხვევის ადგილის ჩვენებას დაჰპირდა.

რეალურად, ძალოვნების ყველაზე დიდი იმედი ის გახლდათ, რომ დაზარალებულს შესაძლოა, ეცნო თავდამსხმელი, აღეწერა მაინც, ან რამე დამახასიათებელი ნიშანი დაესახელებინა, მაგრამ ექიმები ჯერჯერობით დაკითხვის უფლებას არ იძლეოდნენ, გაუსაძლისი ტკივილის გამო, მუდმივად ტკივილგამაყუჩებლების ქვეშ გვყავს და ნახევრად გათიშულიაო. შემთხვევის ადგილზეც საინტერესო ბევრი არაფერი იყო, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, ას მეტრში, სავარაუდოდ, ის ჯოხი იპოვეს, რომელზეც ტილო იყო დახვეული და დამწვარი გახლდათ. სავარაუდოდ, სწორედ ეს ხელნაკეთი ჩირაღდანი მიადეს თვალებზე დაზარალებულს, მაგრამ გამხმარ ტოტზე რამე კვალის აღმოჩენა გამორიცხული იყო, მაგრამ რაღა თქმა უნდა, ნაპოვნი ნივთმტკიცება ექსპერტიზაზე გაგზავნეს.

ამასთან, აუცილებელი იყო გოგონას გარემოცვის შესწავლა, ჰყავდა თუ არა მტერი, შეიძლებოდა თუ არა, ეს შურისძიება ყოფილიყო. მისმა მეგობრებმა გაიხსენეს, რომ სანამ გათხოვდებოდა, დაზარალებულის მეუღლეს ჰყავდა საცოლე, დაზარალებულის საუკეთესო მეგობარი და მომავალი ცოლ-ქმარი ერთმანეთს სწორედ მან გააცნო. შემდეგ, როცა მათი რომანი გაიბა, ის გვერდზე გადგა, რასაც ადასტურებდა კიდეც.

„ჩემს მეგობარს თვალებზე ცეცხლმოკიდებული ჩირაღდანი მიადეს? ძალიან, ძალიან ვწუხვარ. საოცარი გოგოა, ვერ ვხვდები, ვის შეიძლებოდა ასე გაემეტებინა? მე სად ვიყავი მაგ დროს? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვიძიე შური, სისულეელეა, რადგან ორი წელია, გათხოვილი ვარ, შვილი მყავს, საყვარელი ქმარი და ძალიან ბედნიერი ვარ. მეტიც, არ მწყენია, როცა საქმრო წამართვა, თუ კაცი წამსვლელია, უნდა გაუშვა და ძალა არც მე დამიტანებია. ჩემს აზრს გეტყვით - ვიღაცას რაღაც შეეშალა, გამორიცხულია, ასეთი სულის ადამიანს მტერი ჰყოლოდა“, - განაცხადა ეჭვმიტანილმა და სამართალდამცავებიც მიხვდნენ, რომ იქ არ ეძებდნენ, სადაც  საჭირო იყო.

გოგონას ყველა დადებითად ახასიათებდა, უფრო ზუსტად, ძალიან დადებითად, ხოლო ის, რომ ქმარი მასზე გიჟდებოდა, იქიდანაც ჩანდა, რომ მან გააკეთა ყველაფერი, რათა ცოლისთვის ემკურნალა და როცა მას თვალი აეხილა, ყველაზე ბედნიერი იყო. ის საავადმყოფოდან არ მიდიოდა, პრაქტიკულად, იქ ცხოვრობდა და როცა ექიმებმა გოგონას დაკითხვის ნება დართეს ძალოვნებს, მოუთმენლად ელოდა, რას იტყოდა.

„როგორ მინდა, რომ იცნოს, როგორ მინდა, რომ იცოდეს, ვინ იყო ის არაკაცი... ამას არავის ვაპატიებ, ვინც უნდა იყოს, არ ვაპატიებ“, - ამბობდა ქმარი, მაგრამ... სამართალდამცავები პალატიდან ყურებჩამოყრილი გამოვიდნენ - გოგონას წარმოდგენა არ ჰქონდა, თავს ვინ დაესხა, მაგრამ იმდენად განიცდიდა მომხდარს, რომ სულ კანკალებდა და ექიმებს ისევ დამამშვიდებლის გაკეთება მოუხდათ.

საინტერესო ის გახლდათ, რომ გოგონას ძვირფასი ყელსაბამი ეკეთა და ვინმეს რომ მისი გაქურდვა დასჭირვებოდა, ამას მარტივად მოახერხებდა, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ეს არ იყო რიგითი შემთხვევა, ეს გახლდათ შურისძიება, მაგრამ ვინ და რატომ იძია შური გოგოზე, რომელსაც ყველა ძალიან, ძალიან დადებითად ახასიათებდა.

„რაღაც გვეპარება, რაღაც ცხვირწინ გვიდევს და ვერ ვხვდებით. ამიტომ, ბევრი, ბევრი უნდა ვიფიქროთ და იმ უმარტივეს რაღაცას მივხვდეთ, რაც საქმის გახსნამდე მიგვიყტვანს“, - ამბობდა გამომძიებელი და... მართლაც, ორი დღის შემდეგ, ჰაერში გამოეკიდა კითხვა, რომელზე პასუხიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დაკითხვაზე დაზარალებულის ქმარი დაიბარეს.

„თქვენ ამტკიცებთ, რომ ცოლთან იდეალური ურთიერთობა გაქვთ, ამას ამბობს ყველა, იმასაც ამბობენ, რომ თქვენი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელი იყო. მაშინ, რა მოხდა ისეთი, რომ იმ დღეს, თქვენს გარეშე, თქვენი ცოლი სადღაც, ტყის პირზე აღმოჩნდა. ვის უნდა შეხვედროდა და რატომ? სად იყავით იმ დროს და რატომ არ ახლდით მეუღლეს“, - გამომძიებელმა კითხვები სეტყვასავით დააყარა.

„იცით, ეგ მეც მაინტერესებს, მაგრამ ჯერ ჩემი გოგო ცუდადაა, არ მინდა, ასეთი კითხვებით დავტვირთო და ამიტომ, არც მიკითხავს. იმედი მაქვს, როცა გამოჯანმრთელდება, მერე მეტყვის. მნიშვნელობა არ აქვს, რომ სახე დაეწვა, რომ ვეღარ დაინახავს. მე ის მიყვარს, მე ის ბრმა მოვიყვანე და ახლაც მზად ვარ, მთელი ცხოვრება ხელით ვატარო“, - განაცხადა ქმარმა.

მოცდა აღარ შეიძლებოდა, ამიტომ გამომძიებელმა თავად ჰკითხა დაზარალებულს, ტყეში რას აკეთებდიო და მან მშივდად მიუგო, უბრალოდ, სასეირნოდ ვიყავი წასული. მას შემდეგ, რაც თვალი ამეხილა, ბუნების სილამაზით ვტკბებოდიო, მაგრამ მისი პასუხი აშკარად არადამაჯერებელი იყო. გამომძიებლები იმ კლინიკაში მივიდნენ, სადაც გოგონას ოპერაცია გაუკეთეს და...

„ეგ გოგო როგორ არ მახსოვს, ჩვენი ექიმის საცოლეა. ჰო, ვიცი, ქმარი ჰყავს, მაგრამ პირველი მამაკაცი, რომელიც  დაინახა, სწორედ ექიმი იყო და, ალბათ, ამის ბრალია, თავდავიწყებით რომ შეუყვარდა. ქმართან დაშორებას აპირებდა, როგორც ვიცი, მაგრამ რა ქნეს, ვერ გეტყვით“, - ჭორიკანა ექთანმა სამართალდამცავებს ყველაფერი წვრილად „ჩაუკაკლა“. ასე იქცა მთავარ ეჭვმიტანილად ქმარი, რადგან დაზარალებული მას აუცილებლად ეტყოდა, რომ დაშორება სურდა, ის კი ვერ აიტანდა. გამომძიებლები ქმრის დასაკითხად წავიდნენ და რაც მთავარია, აინტერესებდათ მისი ალიბი.

„მაინც მოხვედით ჩემამდე... აღარც ვაპირებ დამალვას, მინდა, ყველამ იცოდეს, როგორ ისჯებიან მოღალატე ქალები. მისი გულისთვის ყველაფერი გავწირე, მისი გულისთვის ექიმებს უამრავი თანხა შევტენეე, ეს შტერი კიდევ, მოვიდა და მეუბნება, თვალი რომ გავახილე, ბევრი რამ შეიცვალა და ექიმი მიყვარსო. გესმით? მე რომ არა, ვერასდროს აეხილებოდა თვალი და მერე მეუბნება, მორჩა, შენთან ცხოვრება აღარ მინდაო. ჰოდა, დავაბრუნე იქ, სადაც იყო, იმ რეალობაში და ახლა წაჰყვეს იმ კაცს, თუ წაიყვანს, მაგრამ არა, ჩემს გარდა, ეს გოგონა არავის უყვარს ისეთი, როგორიც არის“, -განაცხადა ქმარმა.

გამოძიებამ ექიმიც დაჰკითხა და მან დაადასტურა, რომ გოგონას შერთვას მართლაც აპირებდა და... უარზე არც ახლა იყო. რაც შეეხება თავად დაზარალებულს, როგორც მან მორიგი დაკითხვის შემდეგ თქვა, ქმარი დაემუქრა, თუ იტყვი, რომ ეს ყველაფერი მე გავაკეთე, სანამ დამიჭერენ, ექიმს მოვკლავო. სასამართლომ დამნაშავეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გოგონას კი რამდენიმე ოპერაცია კიდევ ჩაუტარეს, თუმცა ყველა უშედეგოდ.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე