„არ გაპატიებ, მოგკლავ!“
ახლა, ჩვეულებრივი ამბავია, რომ ორსული ქალი ირჩევს კლინიკას, ირჩევს გინეკოლოგს, რომელიც მთელი ორსულობის განმავლობაში ეხმარება, რჩევებს აძლევს, მართავს პროცესს და შემდეგ, მშობიარობასაც თავად იღებს. მერე მიდის განხილვა, რომელი გინეკოლოგი სჯობს, რომელი კლინიკა უფრო კომფორტულია... არადა, იყო დრო, როცა პირდაპირ სახლში მშობიარობდნენ, ბებია-ქალი ჰყავდა სოფელს, ან მეზობელ სოფელს, მას ეძახდნენ, ის იღებდა მშობიარობას და ასე იბადებოდნენ, იზრდებოდნენ ბავშვები. ახლაც, ამ ეპოქაში, წელიწადში ერთხელ მაინც, ისე ხდება, რომ მშობიარეს ექსტრემალურ სიტუაციაში უწევს ბავშვის გაჩენა, ან სასწრაფო დახმარების მანქანაში, ან სახლში იმიტომ, რომ წასვლას ვეღარ ასწრებს, ანდაც მეუღლის, მეგობრის, ნათესავის მანქანაში, როცა სამშობიაროსკენ მიდის, მაგრამ მისწრების შანსი აღარაა.
სწორედ ასე, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო ქალს და სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა, თუმცა მიხვდა, რომ შესაძლოა, მათ მოსვლამდე ყველაფერი დასრულებულიყო, ამიტომ აბაზანა წყლით აავსო, შიგ ჩაწვა და როცა ექიმები ბინაში შევიდნენ, ბავშვი უკვე გაგუდული იყო, დედამ ვერ მოასწრო ვერაფრის გაკეთება, რადგან ცოდნა არ ჰქონდა და როცა ბავშვი ნახევრად გამოვიდა, ის წყალში გაიგუდა. ექიმები ბევრს ეცადნენ ჩვილის აზრზე მოყვანას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და სიკვდილი დააფიქსირეს. ამ დროს ბინაში ოჯახის უფროსიც მოვიდა და როცა უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, კედელს თავი ურტყა, შემდეგ კი, ისე, რომ არაფერი უკითხავს, ექიმს, რომელსაც გარდაცვლილი ბავშვი შეხვეული ეკავა ხელში, ყველას თანდასწრებით უთხრა - „შენი ბრალია, არ გაპატიებ, მოგკლავ!“
რა თქმა უნდა, ყველამ ჩათვალა, რომ ეს გაბრაზებულმა მამაკაცმა ცხელ გულზე თქვა, მაგრამ ზუსტად სამ დღეში, ექიმი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ მას იარაღიდან ესროლეს.
„სახლში სულ ერთი და იგივე გზით ვბრუნდები, ავტობუსის გაჩერებიდან სკვერს ვკვეთ და სადარბაზოში შევდივარ. გუშინ საღამოსაც ასე მოვიქეცი, სკვერი გადავკვეთე და გასროლის ხმა გავიგე. უკან მოვიხედე და იმ ჩვილის მამა დავინახე, რომელიც ზუსტად სამი დღის წინ გარდაიცვალა. მას ვიღაც კაცი ეჭიდავებოდა, იარაღის წართმევას ცდილობდა. ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე ნაბიჯს ავუჩქარე და ლამის სირბილით შევვარდი სადარბაზოში. მერე რა მოხდა, არ ვიცი, ღამე შიშით გარეთ ვერ გამოვედი, დღეს კი, ტაქსი გამოვიძახე, სადარბაზოსთან გავაჩერებინე, ჩავხტი და აქ მოვედი“, - განაცხადა ქალმა.
რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს და რადგანაც ზუსტად იცოდნენ, ვინ იყო თავდამსხმელი, მის დასაკავებლად წავიდნენ. მამაკაცი სახლში იმყოფებოდა და სამართალდამცავების დანახვამ, ცოტა არ იყოს, გააკვირვა, შემდეგ კი, როცა მიზეზი გაიგო, გაიღიმა და მათ უხმოდ გაჰყვა.
„არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ ბავშვის გარდაცვალების რეალური მიზეზი გავიგე და გადავწყვიტე, რომ ვალდებული ვიყავი, იმ ექიმისთვის ბოდიში მომეხადა. გარდა იმისა, რომ მოკვლით დავემუქრე, ძალიან ბევრი ვაგინე. ამიტომ, ველოდებოდი, შინ როდის დაბრუნდებოდა. დავინახე, ავტობუსიდან რომ ჩამოვიდა, სკვერში რომ შემოვიდა და მისვლა დავაპირე, მაგრამ დავინახე, რომ მას ვიღაც კაცი უთვალთვალებდა, ამიტომ დავაყოვნე და როცა იმ კაცს გასცდა, დავინახე, როგორ ამოიღო მან მიზანში და როგორ უპირებდა სრულას. იარაღზე ხელი ავუკარი, თუმცა მაინც გაისროლა, მერე ჭიდაობა დავუწყე, მაგრამ გამექცა. ახლა, თქვენ მეუბნებით, რომ მისი მოკვლა მინდოდა, მაგრამ ასე არ არის. კარგი, მე ნუ გამიშვებთ, დამაკავეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ იმ ექიმის მოკვლა უნდათ და ცოტა ხანს მაინც, დაცვა დაუყენეთ და ჩემი სიტყვების სისწორეში დარწმუნდებით. არა მგონია, მისი მოკვლის მსურველმა ხელის ერთი შეშლის შემდეგ გადაიფიქროს“, - განაცხადა დაკავებულმა.
ეჭვმიტანილი იმდენად მშვიდად საუბრობდა,რომ გამომძიებლებს ეჭვი გაუჩნდათ, სიმართლეს ამბობსო. ეჭვი მას შემდეგ უფრო გამყარდა, რაც ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მის ხელებზე დენთის კვალი არ იყო ანუ კი იყო, მაგრამ არა იმ ოდენობით, რომელიც მაშინ რჩება, თუ ადამიანს იარაღი თავად უჭირავს. ამიტომ, დაკთხვაზე ექიმიც დაიბარეს, დაკავებულის მინათხრობი მოუყვეს და ჰკითხეს, ხომ არ გაქვს ეჭვი, რომ შენს მოკვლას სხვა ცდილობდესო?
„მთელი ღამე ვფიქრობდი, ახლაც ვფიქრობდი და... ალბათ, ეს რომ ვიცანი, იმიტომ, ვთქვი, ჩემს მოკვლას ცდილობდა-მეთქი, მაგრამ ახლა რომ აღვიდგინე, იარაღი მართლა მეორე მამაკაცს ეკავა ხელში და ეს ცდილობდა წართმვას, მაგრამ ეს მერე, მოგვიანებით აღვიქვი. ღმერთო, წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლება სურდეს ჩემი მოკვლა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემს ხელში ვიღაცამ დალია სული. პრინციპში, ის ბავშვიც, როცა მივედი, უკვე გარდაცვლილი იყო და წარმოდგენა არ მაქვს, ვინ უნდა მერჩოდეს. ქმარი მე არ მყავს და შვილი, ჩემთვის, მარტო ვცხოვრობ, არავის არაფერს ვუშავებ“, - ატირდა ქალი.
პოლიციას ეჭვმიტანილის დაკავების მიზეზი უბრალოდ აღარ ჰქონდა და ამიტომ, მისი გაშვება დააპირეს, თუმცა მანამდე სთხოვეს, ეგებ, დაფიქრდე და იმ მამაკაცის სახე აღიდგინო, ვინც ექიმის მოკვლას ცდილობდაო.
„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის კაცი ნასვამი იყო, არყის სუნად ყარდა, ეგებ, ამიტომაც მოქმედებდა ცოტა დაუფიქრებლად და ღიად, თორემ შეეძლო, ხის უკან ისე დამალულიყო, მე არ შემემჩნია. სახეზე, ალბათ, წამით მოვკარი თვალი, თან უკვე ბნელოდა. არ ვიცი, ვერ გეტყვით... ჩვეულებრივი, საშუალო სიმაღლის, ჩემი აღნაგობის კაცი იყო, არაფრით გამორჩეული, შავი ქურთუკი ეცვა, ქუდი ეფარა და არყის სუნი ასდიოდა. შარვალი? ალბათ, ჯინსი“, - ამ მონაყოლში სამართალდამცავებისთვის საინტერესო ბევრი არაფერი იყო.
რაღა თქმა უნდა, ექიმს ორი ოპერმუშაკი მიამაგრეს, თანაც ისე, რომ ქალმა არაფერი იცოდა. მან კი მოითხოვა, დამიცავითო, მაგრამ ცივი უაარი მიიღო. ეს გადაწყვეტილება გამომძიებლებმა იმიტომ მიიღეს, რომ ექიმს ცხოვრების ჩვეულებრივი წესით ეცხოვრა, არაფერი შეეცვალა, რათა პოლიციისთვის ძაფის ის ბოლო მიეცა, რომელიც დამნაშავის დაკავებამდე მიიყვანდა.
ორდღიანი თვალთვალის შემდეგ, ოპერებმა საინტერესო პატაკი დაწერეს. მართალია, ექიმი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა, მაგრამ იმ კლინიკის მთავარ ექიმს ჰყვარობდა, სადაც მუშაობდა. იმავე კლინიკაში მუშაობდა მთავარი ექიმის ცოლი და როგორც მოგვიანებით, მოკვლევით გაირკვა, ცოლის გარდა, ამ ურთიერთობაზე ყველა ჭორაობდა. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ... ხომ შეიძლებოდა, შურისძიება ცოლს გადაეწყვიტა? მაგრამ, ექიმს, გინეკოლოგ ქალს, სად უნდა ეპოვნა, ან როგორ უნდა გასულიყო „ქილერზე“, რომელიც ამას იკისრებდა და რაც მთავარია, მკვლელობაში ხომ თანხა იქნებოდა გადასახდელი, თან არცთუ მცირე. ასეთი თანხა კი ქალს საბანკო ანგარიშებზე არ ჰქონდა, „ქეშად“ კი... საეჭვო იყო, „ქეშად“ ფული ჰქონოდა და ქმრის ნებართვის გარეშე აეღო, შენი საყვარლის მკვლელობა უნდა შევუკვეთოო.
მომხდარიდან სამი დღე გავიდა, მაგრამ ქალის სიახლოვეს აღარავინ გამოჩენილა. ერთი გაფიქრება, სამართალდამცავებმა ისიც კი იფიქრეს, ეგებ, პირველად დაკავებულმა კარგად მოგვატყუა და დაზარალებულსაც რამე მოეჩვენაო, მაგრამ ეს ხავსზე მოჭიდებას უფრო ჰგავდა. ცოტა ხანში, ოპერებმა თქვეს, რომ საავადმყოფოსთან ერთი საეჭვო გარეგნობის მამაკაცი წრიალებდა და წელზე ხელს ისე იკდებდა, თითქოს იარაღს ისწორებდა. გაჩნდა ეჭვი, რომ ეს სწორედ ის „ქილერი“ იყო. ძალოვნებმა სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს. გინეკოლოგს დაურეკეს და გააფრთხილეს, რომ გარეთ არ გამოსულიყო, ცოტა ხანში კი, კლინიკაში ორი ქალი შევიდა, რაც არავის გააკვირვებდა. ერთი პოლიციელი იყო, მეორე - პროფესიონალი ვიზაჟისტი. მას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა იმისთვის, რომ პოლიციელი გინეკოლოგისთვის დაემსგავსებინა, სამართალდამცავს მისი სამოსი მოერგო, ჯავშან-ჟილეტი ჩაეცვა და კლინიკიდან გამოსულიყო. რა თქმა უნდა, კლინიკის ეზო გადაცმული თანამშრომლებით იყო სავსე.
თავდამსხმელი ხრიკს წამოეგო, როგორც კი „მიხვდა“, რომ კლინიკიდან მისი მსხვერპლი გავიდა, დაახლოებით, ათ ნაბიჯზე მიუახლოვდა, იარაღი ამოიღო და სანამ იქვე მდგარი პოლიციელი ხელს აუკრავდა, გასროლა მოასწრო. ტყვია პოლიციელ ქალს ჯავშან-ჟილეტში მოხვდა, დარტყმამ ის წააქცია, თავდამსხმელს კი უკვე ოთხი ძალოვანი უგრეხდა ხელებს. საბედნიეროდ, პოლიციის თანამშრომელი მხოლოდ სილურჯეებით გადარჩა, თავდამსხმელი კი...
„დედა მყავს ცუდად, ბევრი წამალი და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ჩემი მეზობელი ქალი ექიმია, ამ კლინიკაში მუშაობს, მთავარი ექიმის ცოლია და ის უსასყიდლოდ მკურნალობდა, წამლებიც უსასყიდლოდ მოჰქონდა. მერე მითხრა, თუ გინდა, ეს ყველაფერი გაგრძელდეს, ერთი ქალი უნდა მომაშოროო, იარაღი და ქალის სურათი მომცა, მაგრამ უხეირო მკვლელი გამოვდექი“, - განაცხადა დაკავებულმა.
სასამართლომ უხეირო „ქილერს“ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მკვლელობის შემკვეთ ქალს კი, 9 წელი მისცეს.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე