პირველი შემთხვევა ნიდერლანდებში: პატიმრობა მიესაჯა ქართველს, ვინც ფესტივალზე ქალს ნემსით აბრუებდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიდერლანდებში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი გაიმართა: 31 წლის ქართველ კაცს ქალაქ ჰააგაში გამართულ ფესტივალზე, ქალისთვის ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ნემსით ჩხვლეტის გამო 5-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ეს ნიდერლანდებში პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ დაადასტურა, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება ნემსით უნებართვოდ შეიყვანა. მედიის ცნობით, მამაკაცი სავარაუდოდ ამ გზით ცდილობდა ქალი გაებრუებინა და შემდეგ მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

ინციდენტი ჰააგაში, ზუიდერპარკში ღია ცის ქვეშ გამართულ ცეკვის ფესტივალზე, 18 ივნისს მოხდა. კაცი შემთხვევის ადგილას დააკავეს. პოლიციამ მას კანქვეშა ინექციებისთვის გამოსაყენებელი ნემსი უპოვა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შპრიცი სხვადასხვა ნივთიერებას, მათ შორის კოკაინს და ჰეროინს შეიცავდა.
ბრალდებულმა აღიარა, რომ ნემსი თან ჰქონდა, თუმცა თავდასხმა უარყო. მისი თქმით, მას კბილის ტკივილი აწუხებდა და ნემსიც სწორედ ამისთვის სჭირდებოდა.

როგორც გამოცემა NU.nl წერს, რამდენიმემ მოწმემ დაინახა, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მამაკაცმა ნემსი რამდენიმე ადამიანს გაუკეთა, თუმცა სასამართლო მას მხოლოდ ერთ შემთხვევაზე ედავება.

„ჩვენ შედარებით ახალ ფენომენზე ვსაუბრობთ. საშინელებაა რაც ჩაიდინეთ, ეს დაუშვებელია. მკაფიო უნდა იყოს, რომ ამგვარ ქმედებას პასუხი მოჰყვება. ეს უნდა შეწყდეს.“ – განაცხადა მოსამართლემ სასამართლო პროცესზე.

შემთხვევის შედეგად დაზარალებულმა ქალმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. მედიკოსებმა მის ფეხზე წითელ წერტილი აღმოაჩინეს, რაც, როგორც მათ განმარტეს, ნანემსარია.

დაზარალებული თავს შეუძლოდ გრძნობდა, თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს.

წყარო - „ჯემნიუსი“