„საქართველოში პოლიტიკა მოკვდა!“ - არჩილ გამზარდია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ედუარდ სააკაშვილმა მთელი ჩვენი პოლიტოლოგების ბოდვები ძალიან მარტივად დასვა თავის ადგილას!“

ავტორი: თათია გოჩაძე

 „პოლიტიკა საქართველოში მოკვდა, დარჩა მხოლოდ რესურსები. პრინციპში, ყველაფერი მკვდარია - პოლიტიკური სექტორიც, სამოქალაქოც, ანალიტიკურიც, მედიაც და ა.შ. რაიმეს თქმასაც, მგონი, აღარ დარჩა აზრი“, - დაწერა ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ სოციალურ ქსელში... გამზარდიას განცხადების პათოსს, გარკვეულწილად, მოწმობს NDI-ის ბოლო კვლევაც, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არც მმართველი პარტია მოქმედებს და არც - ოპოზიცია. NDI-ის კითხვაზე: არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, რესპონდენტთა 56 %-მა აღნიშნა, რომ „არა“, 39 %-მა თქვა, რომ „კი“, 4 %-ის პასუხია „არ ვიცი“, ხოლო 2%-მა პასუხზე უარი თქვა...

რატომ „მოკვდა“ საქართველოში პოლიტიკა? - „ვერსია“ არჩილ გამზარდიას ესაუბრა:

- რაც NDI-ის კვლევებში ჩანს, იმდენად ცხადია, რომ კვალიფიციურ პროფესიულ დაკვირვებასაც არ საჭიროებს. ტოტალური უნდობლობაა ჩვენ გარშემო, ადამიანები უკმაყოფილონი არიან, უმრავლესობას არ მოსწონს მმართველი რეჟიმი, მაგრამ სხვაც არავინ მოსწონს. ქვეყანაში აღარ არის ნდობის მქონე სუბიექტი, ინსტიტუციაზე აღარაფერს ვამბობ და ამ უნდობლობაშია მოქცეული მედიასექტორიც, ასევე, სამოქალაქო სექტორიც, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტებიც. პრაქტიკულად, დარჩენილია რესურსების მქონე ინსტიტუციები და ინტუიტიურად ყველა ვგრძნობთ, რომ რაღაც შეიცვალა საზოგადოებაში, ქვეყანაში, სამყაროში. ახალი პოლიტიკური ეპოქა დადგა, მაგრამ ადამიანები მაინც ტრადიციული ხერხებით ცდილობენ თვითრეალიზებას.

მეთოდები, რითაც მედია წლების განმავლობაში მუშაობდა, მოითხოვს სხვა პრინციპის მიხვედრას და წარმოებას. პოლიტიკური ჯგუფებიც ერთი და იგივე მეთოდებით მუშაობენ 2000-იანების დასაწყისიდან. ყველაფერ ამას კი ვადა გაუვიდა და ეს ინსტიტუციები „ვადაგასული პრეპარატებივითაა“, რომლებსაც ან უკურეაქცია აქვთ ან უფუნქციონი არიან. ყველაფერი ეს, ნებისმიერი ტიპის კვლევაში აისახება, რადგან ყველაფერი სანახაობრივი გახდა...

- ოპოზიცია ამ კრიტიკას არ იღებს. ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ დაწერა, ვინც ოპოზიციას აბრალებს უფუნქციობას, პოლიტიკურად ბეციაო... ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან ამგვარი განცხადება სწორია?

- მგონია, რომ პირიქით, ნიკა ამას წლებია, ხვდება. მელია საინტერესო ლიდერი იმიტომაა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში სიახლის შეტანას ცდილობს. როგორც კი ის ენმ-ის ლიდერი გახდა, პარტიაში ახალი სახეები მიიყვანა, ცდილობდა მიხეილ სააკაშვილისგან ზომიერ დისტანცირებას, ახლებური მეთოდებით სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსა და სხვადასხვა სექტორთან ურთიერთობას. მელია ნაციონალური მოძრაობისთვის ერთგვარი ინოვაციური ვერსიაა.

რაც შეეხება გადაბრალებას, მე რომ მკითხოთ, უსარგებლო ტერმინია, ამ ეტაპზე. მარტივ რაღაცას ავხსნი - თანამედროვე პოლიტიკა არის სამომხმარებლო პოლიტიკა. პოლიტიკური ჯგუფები სერვისებს სთავაზობენ საზოგადოებას და ადამიანებს თუ უნდათ, შეიძენენ და თუ არ უნდათ - არა. უბრალოდ, სტანდარტული ბიზნესისგან განსხვავებით, პოლიტიკური მონოპოლიისა თუ ოლოგოპოლიის თემა უფრო აქტიურად ჩანს. მე, ამომრჩეველი, მომხმარებელი ვარ და თუ მხარი არ დაგიჭირე, ეს ჩემი ბრალი კი არ არის... ე.ი. არ ხარ საკმარისად მომხიბვლელი და არ „შევიძინე შენი პროდუქტი“. ეს ვერ გაითავისეს და პოლიტიკური ჯგუფები სულ იმას ამტკიცებენ, რომ ისინი არიან მართალნი და ჰგონიათ, რომ იაფი და მარტივი პროპაგანდის რეჟიმში, ამომრჩეველს აიძულებენ მხარდაჭერას. ასე მარტივი არაა, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ კონკრეტული მოტივაცია, რატომ უნდა შეარჩიონ თითოეული მათგანი. 2020 წელს კი მისცეს მოქალაქეებმა ხმა ძირითადად არასახელისუფლებო ძალებს, მაგრამ ამომრჩევლებმა ჩათვალეს, რომ ეს სრულიად საკმარისია და საპროტესტო აქციებზე ანუ ქუჩის პროტესტის ტრადიციულ ხერხზე უარი განაცხადეს. მხოლოდ რამდენიმე სხვა ტიპის დეკლარირების დროს გამოვიდა ხალხი მასობრივად ქუჩაში. ამით ადამიანებმა რაღაც გამოხატეს, მაგრამ პოლიტიკურ ჯგუფებს არ გაჰყვნენ.

პირიქით, ფაქტი ასეთია - პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა აუღონ ალღო სამოქალაქო დამოკიდებულებას. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ადამიანებს, რაც უნდა უძახო, რომ ისინი ცდებიან, მაინც არ დაუდგებიან გვერდით და არ მისცემენ ხმას. ამიტომ თუ გონიერება, პოლიტიკური პრაგმატულობა ეყოფათ პოლიტიკურ ჯგუფებს, უნდა გაუსწორონ თვალი იმ რეალობას, რომ რაც გინდა ავტორიტარული იყოს ეს ქვეყანა, მოქალაქეები იმდენს მაინც ხვდებიან, რომ უნდათ, მისცემენ ხმას, არ უნდათ - არ მისცემენ. ამომრჩეველზე ისრების გადატანა არაპრაქტიკულია. შეიძლება, პოლიტიკური ჯგუფი უფრო „სწორი“ იყოს, მაგრამ ეს თუ ვერ აპოვნინა მოქალაქეს და ვერ დააჯერა, აზრი არ აქვს.

- არჩილ, თქვენ კი ამბობთ, რომ პოლიტიკა საქართველოში მოკვდა, მაგრამ ერთი მხრივ, პარლამენტში აქტიური საკანონმდებლო მუშაობა მიმდინარეობს... ოპიზიციის ნაწილი კოალიციურ ჩანასახს ქმნის... ნაციონალური მოძრაობა ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და აქციებს აანონსებს. ყველაფერი ეს, ფასადური პროცესი გგონიათ? აქვე გკითხავთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ვადამდელი არჩევნების ასეთი რუტინული მოთხოვნა უკვე საღ აზრს მოკლებულია?

- ამ მოძრაობებს იმიტაციებს დავარქმევდი. კი, არის მცდელობები, მაგრამ ამ პროცესებში, ხშირად მახსენდება ზღვის გოჭი, რომელიც პატარა ბორბალში დარბის. მუდმივად მოძრაობს, მაგრამ ვერ გადაადგილდება ანუ ძალისხმევის ეპიზოდებს რომ ვხედავთ, არ ნიშნავს, რომ ეს რამე დინამიკას ქმნის, მინიმუმ, ადამიანების ნდობის მოპოვების კუთხით. ვეჭვობ, ახლანდელმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა საოცრება მოახდინონ ამომრჩევლის გულებში. ამიტომ, ეს უფრო იმიტირებული რეალობის განცდას მიჩენს. შედეგია მთავარი - რა იცვლება სახელმწიფოში, ამომრჩევლის ცნობიერებაში, ქვეყნის, პოლიტიკის განვითარებაში - არსებითი არაფერი.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, ვერ ვიგებ, რაზეა დაფუძნებული, ამ ეტაპზე. 2024 წლისთვის, წინასაარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ ასრულებს საკმაოდ ბევრ საკვანძო პროექტს და თუ პოლიტიკური ძალები აცნობიერებენ, რომ მმართველი ძალა მოცემულობას 2024 წლისთვის ისე წარმოაჩენს, რომ კიდევ უფრო სავალალო შეიძლება გახდეს ოპოზიციის პერსპექტივა, მაშინ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას თეორიული ბაზისი აქვს იმ ლოგიკით, რომ ხვალ შეიძლება, ნდობა უფრო შემცირდეს და მოვლენებს გავუსწროთ.

თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, 5%-იანი ბარიერი დარჩება, ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობის მოწადინება სრულიად გასაგები ხდება, რადგან ამ მოცემულობით, პარლამენტში შევლენ „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა, პატარა პარტიები ვერ შევლენ. „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა იქნება ერთი ოპოზიციური ძალა და ისე გამოვა, რომ მას მომავალში უფრო მეტი თეორიული პერსპექტივა ექნება, ვიდრე სხვა პარტიებს. ასე რომ, ვფიქრობ, ნიკა მელიას ამ მოთხოვნაში კონკრეტული მოტივები აქვს.

- მელიას რომ მოტივები აქვს, გასაგებია, მაგრამ საუბარია იმაზე, რამდენად რეალურად მისაღწევია ახლა ვადამდელი არჩევნები.

- ახლა შესაძლებელი არაა, მაგრამ შეიძლება, ამით პოლიტიკური კომუნიკაციების შესაძლებლობას, ან სხვა პარტიების ნაციონალურ მოძრაობასთან ინტეგრირების მეტ პირობას ქმნის. ისე, ახლა რეალისტური არაფერია. რეალისტური არის მხოლოდ ის, რომ ხელისუფლება რასაც გადაწყვეტს, ისე გააკეთებს და არაფერი მას არ შეეწინააღმდეგება. არაფერზე მგრძნობიარე არ არიან და ამიტომ, ახლა ძალისხმევის პერსპექტივა გათვალო იმ იმედით, რომ რამე ტიპის ზეწოლაა შესაძლებელი ხელისუფლებაზე, ამის პირობა არ დგას.

- ამოაყირავებს თუ არა არსებულ პოლიტიკურ ვითარებას მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ?

- არაფერს შეცვლის, რადგან ყველაფერი ეს უკვე განხორციელებულია. ყველაზე უკეთესი ანალიზი, რაც მინახავს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მოვისმინე მისი ვაჟისგან. ედუარდ სააკაშვილმა მთელი ჩვენი, პოლიტოლოგების ბოდვები ძალიან მარტივად დასვა თავის ადგილას. მან შეაფასა სწორედ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის როლი უკვე სხვა არის და სააკაშვილს ჰქონდა წარმოსახვითი განცდები და არა - რეალური... რომ მას პერსპექტივა ქართულ პოლიტიკაში არ აქვს. ეს ყველაფერი შეაფასა მისივე ვაჟმა, თავისმა ყველაზე დიდმა გულშემატკივარმა. მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიციები ცვლიდა ხოლმე მხოლოდ თავის პარტიაში რაღაცას მცირედით და „ოცნების“ პროპაგანდას აძლევდა მეტ რესურსს. თუმცა, დააკვირდით - „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილზე ფოკუსირებულ პროპაგანდას ნაკლებად ეწევა, პარტიასთან მიმართებაში საუბრობენ და ყველა სხვა პარტიის აფილაციას ცდილობენ მასთან. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არის მხოლოდ ის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მას ადამიანურად გულშემატკივრობენ, მაგრამ ეს ვიწრო სივრცეშია და არსებითი გარდატეხა აღარ ექნება.   

 ზოგადად, ადამიანებს, წლების განმავლობაში, ერთსა და იმავეზე აქცენტირება მობეზრდათ. ამიტომ, რა განცხადებაც უნდა გააკეთოს, იმის შესაძლებლობა აღარ აქვს, რომ განსაკუთრებული ფუნქცია შეასრულოს პოლიტიკურ პროცესში.