აზიური მოდა - სათვალე შუშის გარეშე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰონგ-კონგსა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, საკმაოდ მოდურია სათვალის ტარება, რომელსაც შუშები არ აქვს. დიდი ქალაქების ქუჩებში ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომელთაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარის შესაფერისი, ათასგვარი ფერის პლასტმასის ცარიელი ჩარჩოები უკეთიათ. როგორც ჰონგ-კონგელები ამტკიცებენ, სათვალე მინების გარეშე მოსახერებელი და შეუცვლელია, რადგან იდეალურად ერწყმის მათ ჩაცმულობას. გარდა ამისა, სუსტი სქესის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომელთაც მაკიაჟის გასაკეთებლად დრო არ აქვთ, სათვალის ჩარჩო შესანიშნავად უფარავთ თვალის ჩაშავებულ უპებს. შუშიანი სათვალე კი ხშირად იორთქლება და მას ტუში ან ხელოვნური წამწამები ეწებება.

ამ უცნაური მოდის ზოგიერთი მიმდევარი თვლის, რომ ცარიელი ჩარჩოები ვიზუალურად ადიდებს თვალებს, კარგი მხედველობის გამო კი მინები საერთოდ არ სჭირდებათ. გასაოცარია ისიც, რომ ვისაც ცუდი მხედველობა აქვს და სათვალეს ექიმი უწერს, უპირატესობას მაინც კონტაქტურ ლინზებსა და სათვალის ცარიელ ჩარჩოს ანიჭებს. ბევრი აზიელი პოპულარული მსახიობი თუ ტელეწამყვანი დადის ასე და მოსახლეობაც ცდილობს, არ ჩამორჩეს ამ უცნაურ მოდას. მით უმეტეს, რომ ასეთი სათვალე საკმაოდ იაფია - 4-დან 12 დოლარამდე ღირს და ის თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება.