რადიო თავისუფლების რუსულმა საგამოძიებო უწყება “სისტემამ”დაადგინა, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის შვილი გიგანტური სახელმწიფო-სამრეწველო კონგლომერატის, “როსტექის” შვილობილ კომპანიაში მუშაობს - ეს კორპორაცია აწარმოებს იმ იარაღის უდიდეს წილს, რომელსაც მოსკოვი უკრაინასთან ომში იყენებს.
2016 წელს, სანამ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტს დაამთავრებდა, ილია მედვედევმა რუსულ ტაბლოიდ МК-სთან ინტერვიუში თქვა, რომ დიდ სახელმწიფო კომპანიაში მუშაობა არ უნდოდა.
თუმცა დღეს ის სწორედ ამას აკეთებს. 2022 წლის ოქტომბრიდან, უმცროსი მედვედევი, რომელიც ამ თვეში 30 წლის გახდა, РТ-Развитие бизнеса-ს" ( РТ-ბიზნესის განვითარება) დირექტორის მრჩეველია, ეს კომპანია კი “როსტექის” ნაწილია.
ის ინვესტიციებსა და აქტივებს მართავს და, ფედერალური საგადასახადო სამსახურის გაჟონილი მონაცემების მიხედვით, რომელიც “სისტემამ” შეისწავლა, მისი თვიური ხელფასი 270 000 რუბლია ($3 400).
ვლადიმირ პუტინმა 2008-2012 წელს პრეზიდენტად დიმიტრი მედვედევი დანიშნა, რათა ორი თანმიმდევრული საპრეზიდენტო ვადის კონსტიტუციური ლიმიტი აერიდებინა თავიდან. 2012 წელს პუტინი პრეზიდენტად დაბრუნდა და 2020 წელს ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც მას უფლებას მისცემდა, პრეზიდენტად 2036 წლამდე დარჩენილიყო.
პრეზიდენტობის დროს, მედვედევი ცდილობდა, თავი შედარებით ლიბერალურ და დემოკრატიული რეფორმების მხარდამჭერ მმართველად წარმოეჩინა. ახლა ის პუტინის მრჩეველთა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთის” თავმჯდომარეა. ის უკიდურესად აგრესიულად უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში და სოციალურ ქსელებში დასავლეთზე ღვარძლიან ტექსტებს და ბირთვული შეტევის მუქარებს ავრცელებს.
პუტინის მმართველ სტრუქტურებში მაღალჩინოსნების შვილები იმ სახელმწიფო კომპანიებში ან კერძო ფირმებში იწყებენ მუშაობას, რომლებიც პირდაპირაა ხელისუფლებასთან დაკავშირებული. ზოგი სამთავრობო პოზიციაზეც კი ინიშნება.
“როსტექის” დირექტორი, სერგეი ჩემეზოვი, პუტინთან დაახლოებული ადამიანია. ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ისინი აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა "კგბ-ს" ოფიცრებად მსახურობდნენ და დრეზდენში ერთსა და იმავე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდნენ. როდესაც ილია მედვედევმა РТ-Развитие бизнеса-ში დაიწყო მუშაობა, კომპანიის დირექტორი ალექსანდრ ნაზაროვი იყო - ჩემეზოვის ძველი ნაცნობი.
ილია მედვედევი დმიტრი მედვედევის და მისი ცოლის, სვეტლანა მედვედევას, ერთადერთი შვილია. ილია მედვედევის РТ-Развитие бизнеса-ს მიერ დაქირავების შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთებულა, არაფერი თქმულა იმაზე, როგორ მიიღო მან ეს სამსახური.
2012-2020 წლებში, პრემიერ-მინისტრობის დროს, დმიტრი მედვედევი პასუხისმგებელი იყო “როსტექთან” კომუნიკაციაზე. საინვესტიციო ფონდი კი, რომელიც დმიტრი მედვედევთანაა დაკავშირებული, “როსტექის” პარტნიორად ითვლებოდა.
2015-2019 წლებში, ილია მედვედევი გიგანტ ინტერნეტკომპანია VK-ში მუშაობდა, თუმცა ვერცერთმა თანამშრომელმა, რომლებსაც “სისტემა” გაესაუბრა, ვერ თქვა, რას აკეთებდა იქ მედვედევი: “სამსახურში ერთხელაც კი არ მინახავს”, - აღნიშნა ყოფილმა უფროსმა მენეჯერმა.
“როსტექი” VK-ში РТ-Развитие бизнеса-ს საშუალებით აქციებს ფლობდა, ხოლო იმ პერიოდში კომპანიის ერთ-ერთი აქციონერი ცნობილი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი იყო. 2019-2022 წლებში ილია მედვედევი მუშაობდა IT კომპანია “კრიპტონიტის” საინვესტიციო განყოფილებაში. კომპანია მაშინ უსმანოვს ეკუთვნოდა.
2022 წელს უსმანოვის წარმომადგენელმა უარყო მილიარდერის მჭიდრო კავშირები მედვედევის ოჯახთან და თქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა, ერთმანეთთან დაეკავშირებინათ უსმანოვი და ილია მედვედევის კარიერა, “მიკერძოებული” მიდგომა იყო.
“როსტექმა” და РТ-Развитие бизнеса-მ ამ თემაზე დასმულ კითხვებს არ უპასუხეს.
დმიტრი მედვედევი “ერთიანი რუსეთის” თავმჯდომარეა - ეს პარტია 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყნის მასშტაბით პუტინის პოლიტიკური კონტროლის ერთ-ერთ ძირითად ბერკეტად ითვლება. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში სულ რამდენიმე თვის დაწყებული იყო, როდესაც მედვედევის შვილი პარტიაში გაწევრიანდა. მოგვიანებით მას აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციები დაეკისრა.
2023 წელს “ერთიანმა რუსეთმა” განაცხადა, რომ ილია მედვედევმა კოორდინაცია გაუწია ვებგვერდის, “მე ვარ რუსეთში” შექმნას. ეს პორტალი უკრაინის იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის შეიქმნა, რომლებსაც პუტინი რუსეთის ტერიტორიებად აცხადებს.
თარგმანი: მარიამ ნოზაძე
წყარო: "რადიო თავისუფლება"
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაციის სრული ტექსტი გამოაქვეყნეს. დოკუმენტის ტექსტი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 8 აგვისტოს თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, აღიარონ და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
„მხარეები ადასტურებენ, რომ ყოფილი სსრკ-ის სოციალისტური რესპუბლიკების საზღვრები გახდა შესაბამისი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრები და აღიარებულია, როგორც ასეთად საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მხარეები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
მხარეები არ ახორციელებენ არანაირ ქმედებებს, მათ შორის დაგეგმვას, მომზადებას, წახალისებას და ისეთი ქმედებების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური ერთიანობის დაშლის ან დარღვევისკენ, მთლიანად ან ნაწილობრივ
ამასთან, მიღწეულია შეთანხმება, რომ მხარეები თავს შეიკავებენ ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარისგან, რომელიც მიმართული იქნება ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
მხარეები არ დაუშვებენ მესამე მხარის მიერ თავიანთი ტერიტორიის გამოყენებას მეორე მხარის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად, რაც შეუთავსებელია გაერო-ს ორგანიზაციის წესდებასთან.
ტექსტის მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი თავს შეიკავებენ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე, თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული კონკრეტული ვადა.
მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ გააგრძელებენ მუშაობას საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე და ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი თანხმდებიან, რომ არ განალაგებენ საზღვრის გასწვრივ ნებისმიერი მესამე ქვეყნის სამხედრო ძალებს.
საერთო საზღვრის დემარკაციამდე და მომდევნო დემარკაციამდე მხარეები განახორციელებენ ურთიერთშეთანხმებულ უსაფრთხოების ღონისძიებებსა და ნდობის განმტკიცების ზომებს, მათ შორის სამხედრო სფეროში, სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, მხარეები პირობას დებენ, რომ მხარეები გმობენ და იბრძოლებენ შეუწყნარებლობას, რასობრივ სიძულვილს და დისკრიმინაციას, სეპარატიზმს, ძალადობრივ ექსტრემიზმსა და ტერორიზმს მათი ყველა გამოვლინებით, თითოეული თავისი იურისდიქციის ფარგლებში.
მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას გადაწყვიტონ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და ძალადობრივი გაუჩინარების საკითხები, მათ შორის ასეთ პირებზე ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაციის გაცვლის გზით, პირდაპირ ან, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები სხვადასხვა სფეროში, რომელიც წარმოადგენს საერთო ინტერესს, მათ შორის ეკონომიკის, სატრანზიტო-სატრანსპორტო, ეკოლოგიის, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
სომხეთი და აზერბაიჯანი პირობას დებენ, რომ უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების სრულად იმპლემენტაციას და შექმნიან ორმხრივ კომისიას, რომელიც ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
ამასთან, მხარეები პირობას დებენ, რომ „ეს შეთანხმება არ შეზღუდავს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და ხელშეკრულებებიდან, რომლებიც დაიდო თითოეული მხარის მიერ გაერო-ს ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოებთან“.
ამასთან ერთად, „მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებები მათსა და ნებისმიერ მესამე მხარეს შორის არ მიაყენებს ზიანს ამ შეთანხმების მიხედვით გაწერილი ვალდებულებების შესრულებას“.
„თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებში მხარეები ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და ამ შეთანხმებით. არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, მიმართოს თავის ეროვნულ კანონმდებლობის დებულებებს, როგორც ამ შეთანხმების დაუცველობის გამართლებას. მხარეები, „საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ ვენის კონვენციის“ შესაბამისად, თავს შეიკავებენ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების მიზნებსა და ამოცანებს, მისი ძალაში შესვლამდე“, – ნათქვამია ტექსტში.
ამ შეთანხმების ძალში შესვლიდან ერთ თვეში მხარეებმა უნდა გაიწვიონ ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი პრეტენზიები, საჩივრები, აპელაციები, დავები, რომლებიც შეტანილია ნებისმიერ სამართლებრივ ფორუმზე და რომლებიც ეხება ამ შეთანხმების ხელმოწერამდე არსებულ საკითხებს.
„ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში მხარეებმა უნდა გაიწვიონ უკან, გააუქმონ ან სხვაგვარად მოაგვარონ ნებისმიერი და ყველა სახელმწიფოთაშორისი პრეტენზია, საჩივარი, აპელაცია, საქმისწარმოება და დავა, რომელიც შეტანილია ნებისმიერ იურიდიულ ფორუმზე ამ შეთანხმების ხელმოწერამდე მხარეებს შორის არსებულ საკითხებთან დაკავშირებით და არ უნდა მოახდინონ ინიცირება ასეთ პრეტენზიებს, საჩივრებს, აპელაციებს, საქმისწარმოებისა და არ უნდა იყვნენ ჩართულნი ნებისმიერი ასეთი პრეტენზიების, საჩივრების, აპელაციებსა და საქმისწარმოებაში, რომელიც შეტანილია რომელიმე მესამე მხარის მიერ მეორე მხარის წინააღმდეგ. მხარეები არანაირი ფორმით არ განახორციელებენ, წაახალისებენ ან არ მიიღებენ მონაწილეობას ერთმანეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში დიპლომატიურ, საინფორმაციო ან სხვა სფეროებში, რომელიც ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას და ჩაატარებენ რეგულარულ კონსულტაციებს ამ მიზნით“, – ვკითხულობთ ტექსტში.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც მხარეები გაცვლიან შეტყობინებებს შიდა პროცედურების დასრულების შესახებ, რომლებსაც ითვალისწინებს ხელმომწერი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრეზიდენტმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ ვაშინგტონში გაფორმებულ დეკლარაციას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც მოაწერა ხელი.
გარდა ამისა, აშშ-მა ასევე გააფორმა ორმხრივი შეთანხმება თითოეულ ქვეყანასთან ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ეკონომიკური თანამშრომლობის, საზღვრის უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის შესახებ.
შეთანხმება ასევე მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებას, განავითაროს სტრატეგიული ტრანზიტული დერეფანი სამხრეთ კავკასიაში.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ტრამპი წერს, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.
ცნობისთვის, მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ადგილად განიხილება არაბთა გაერთიანებული საამიროები, უნგრეთი, შვეიცარია და რომი.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
"მოუთმენლად ველი, რომ ვუმასპინძლო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ხვალ თეთრ სახლში, მშვიდობის ისტორიულ სამიტზე. ეს ორი ქვეყანა მრავალი წელია ომშია, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი მოიტანა. ბევრმა ლიდერმა სცადა ამ ომის დასრულება, ამ დრომდე - უშედეგოდ".
აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, მისი ადმინისტრაცია დიდი ხანია ესაუბრება ორივე მხარეს:
"ხვალ პრეზიდენტი ალიევი და პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი შემომიერთდებიან თეთრ სახლში „სამშვიდობო ხელმოწერის ცერემონიაზე“.
ტრამპი წერს, რომ სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერის გარდა, იქნება ორმხრივი შეთანხმებებიც, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს შეეხება:
"აშშ აგრეთვე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ერთად განსახორციელებლად, რომ ჩვენ შევძლოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალის სრულად გახსნა. ძალიან მეამაყებიან ეს მამაცი ლიდერები, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის სწორი საქმის კეთების გამო".
თავის პოსტს დონალდ ტრამპი კვლავ 8 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობის ხაზგასმით ასრულებს:
"ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ისთვის და მსოფლიოსთვის. ხვალამდე".
გავრცელებული ინფორმაციით, 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს, შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტს. გამოცემა NEXTA-ს ცნობით, სამი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
გამოცემა Washington Post-ის ცნობით, გამორიცხული არ არის, რომ მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ.
მედიით გავრცელებული ცნობებით, შეერთებული შტატების წინადადებაა, რომ ამერიკელი ოპერატორები ჩაერთონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლში, ე.წ. ზანგეზურის დერეფანში.
აშშ-მა სანქციები დაუწესა პალესტინის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებსა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის წევრებს.
აშშ-ის განცხადებით, ეს ჯგუფები ძირს უთხრიან სამშვიდობო ძალისხმევას.
ეს გადაწყვეტილება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უკრძალავს სანქცირებულ პირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოგზაურო ვიზების მიღებას, თუმცა კონკრეტული პირები არ დასახელებულა.
„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია, დავუწესოთ შედეგები და პასუხისმგებლობა მოვთხოვოთ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასა (PLO) და პალესტინის ადმინისტრაციას იმის გამო, რომ ისინი არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს და ძირს უთხრიან სამშვიდობო პერსპექტივებს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. მან ეს ოფიციალურად დღეს, 31 ივლისს აცნობა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას.
პალუცკასმა დატოვა მმართველი კოალიციის წამყვანი პოლიტიკური ძალის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაც.
პრემიერის გადადგომას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიებით გამოწვეული სკანდალი. ამ გამოძიების თანახმად, პალუცკასის და მისი ბიზნეს-პარტნიორის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ 200 ათასი ევროს შეღავათიანი კრედიტი მიიღო პრემიერ-მინისტრად პალუცკასის დანიშვნის შემდეგ. გარდა ამისა, პალუცკასის ოჯახთან კავშირის მქონე კომპანიამ ევროკავშირისგან მიღებული სუბსიდიის დიდი ნაწილი დახარჯა პალუცკასის კომპანიისგან შესყიდვებისთვის.
24 ივლისს ლიეტუვის პრეზიდენტმა ნაუსედამ პრემიერ-მინისტრ პალუცკასს ორი კვირის ვადა მისცა კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვებისთვის პასუხის გასაცემად.
ლიეტუვის ტელერადიოკომპანია LRT-ს ცნობით, პალუცკასმა დღეს, 31 ივლისს განაცხადა, რომ წარსულში შეცდომები ჰქონდა, თუმცა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პატიოსნად საქმიანობდა და სერიოზული დარღვევები არ დაუშვია. მან გადადგომის მიზეზად დაასახელა თავის ახლობლებზე შეტევები.
ლიეტუვის მედიასაშუალებების მიერ დღეს გავრცელებული ცნობებით, ფინანსურ დანაშაულთა გამოძიების სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს გადამდგარი პრემიერ-მინისტრის ძმის ცოლის კომპანია Dankora, რომელმაც ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსება გამოიყენა პალუცკასის მიერ დაფუძნებული კომპანია Garnis-ისგან აკუმულატორების შესაძენად.
46 წლის გინტაუტას პალუცკასი ლიეტუვის მთავრობას 2024 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.