ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ კვირაში გახდება ცნობილი, დადგება თუ არა მშვიდობა უკრაინაში.
მისი თქმით, ამის შემდეგ, შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლა გახდეს საჭირო.
„ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში. ამის შემდეგ, შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლა მოგვიწიოს“, - განაცხადა ტრამპმა თავის გამოსვლაში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დათანხმდება შვეიცარიაში, ავსტრიაში ან თურქეთში. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას სავსებით სამართლიანად მიაჩნია, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართოს ევროპის ნეიტრალურ ქვეყნებში, რადგანაც ომი უკრაინაში და ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს.
„მე ვთქვი, რომ ჩვენ დავთანხმდებით. შვეიცარია, ავსტრია – ჩვენ ვთანხმდებით. თურქეთი? თურქეთი ჩვენთვის ნატო-სა და ევროპის ნაწილია. და ჩვენ ამის წინააღმდეგები არ ვართ.
მოლაპარაკებების მოსკოვში ორგანიზების წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება ბუდაპეშტს, მე მეჩვენება, რომ დღეს ეს არ არის ადვილი. ეს იოლი არ არის, რადგანაც არსებობს ევროპის ყველა ქვეყნის ერთობა უკრაინის მხარდაჭერაში ომის დროს. სიმართლე რომ ვთქვათ, ბუდაპეშტი ჩვენ მხარს არ გვიჭერდა. მე არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის საწინააღმდეგო იყო, მაგრამ იყო უკრაინის მხარდაჭერის საწინააღმდეგო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მედია მანამდე წერდა, რომ აშშ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ჩატარების ადგილად ბუდაპეშტს განიხილავს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ევროპულ ქვეყნებს ლომის წილის აღება მოუწევთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფინანსური თვალსაზრისით. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ აქ ტვირთი ჩვენ უნდა ვიტვირთოთ. ვფიქრობ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ, თუ ეს საჭიროა ომისა და მკვლელობის შესაჩერებლად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ – და პრეზიდენტი ნამდვილად ელოდება – რომ ევროპა აქ წამყვან როლს შეასრულებს. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა: ნახეთ, შეერთებული შტატები მზადაა საუბრისთვის, მაგრამ ჩვენ არ ავიღებთ ვალდებულებებს, ვიდრე არ გავიგებთ, რა იქნება საჭირო ომის შესაჩერებლად. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამან, ევროპელებს მოუწევთ, ლომის წილი იტვირთონ. ეს მათი კონტინენტია, ეს მათი უსაფრთხოებაა
ზოგჯერ ლიდერების პირისპირ დასხდომას შეუძლია, გაარღვიოს ის ჩიხი, რისი გაკეთებაც მათ გუნდებს არ ძალუძთ. ვენსის თქმით, ორი საკითხია კვლავ მოსაგვარებელი.
პირველი – უკრაინამ უნდა იცოდეს, რომ მას კვლავ არ შეუტევს რუსეთი. უნდა იცოდეს, რომ მას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა მომავალში. რუსებს უნდათ ტერიტორიის გარკვეული ნაწილები, რომლის უმეტესი ნაწილი მათ აქვთ ოკუპირებული, მაგრამ ზოგიც არ აქვთ. ასე რომ, ეს მართლაც არის ის ადგილი, სადაც მოლაპარაკებები საჭიროა. უკრაინელებს უნდათ უსაფრთხოების გარანტიები, რუსებს უნდათ ტერიტორიის გარკვეული რაოდენობა“, – განაცხადა ვენსმა.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა.
„უკრაინის პრეზიდენტის აქ ყოფნა დიდი პატივია. ვფიქრობ, პროგრესი არის. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტთან კარგი შეხვედრა გვქონდა და არის შესაძლებლობა, რომ ეს რაღაც შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ ვლადიმერ პუტინისთვის წერილის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს უკრაინის პირველი ლედისგან, ოლენა ზელენსკასგან მელანია ტრამპისთვის განკუთვნილი წერილი გადასცა.
ევროპელი ლიდერები აპირებენ, მხარი დაუჭირონ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე. ამის შესახებ BBC და სხვადასხვა მედია, წყაროებზე დაყრდნობით წერს. ევროპელი ლიდერების უმეტესობამ უკვე დაადასტურა ვაშინგტონში ვიზიტი.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ.
ამ გზით უკრაინის მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ თავიდან აიცილებენ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საჯარო დაპირისპირების განმეორებას, რაც წლის დამდეგს მოხდა.
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ ერთობლივი წერილი გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებენ. გაგრძელდება აგრეთვე რუსეთზე სასანქციო წნეხი მანამ, სანამ ომი უკრაინაში გრძელდება:
"დღეს დილით ადრე, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენ და პრეზიდენტ ზელენსკის 15 აგვისტოს ალასკაში რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.
ლიდერები მიესალმნენ პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, შეაჩეროს მკვლელობები უკრაინაში, დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი და მიღწეული იყოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა.
როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, „შეთანხმება არ არსებობს, სანამ შეთანხმება არ იქნება“. პრეზიდენტ ტრამპის ხედვაა, რომ შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს მოლაპარაკებების დაწყება პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით, რომელსაც ის მალე შეხვდება.
ჩვენ ასევე მზად ვართ ვითანამშრომლოთ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის მოსაწყობად ევროპის მხარდაჭერით.
ჩვენ ნათლად ვიცით, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ურყევი გარანტიები, რათა ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომ აშშ მზადაა უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. მსურველთა კოალიცია მზადაა აქტიური როლი შეასრულოს. არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ან მესამე ქვეყნებთან მის თანამშრომლობაზე. რუსეთს არ შეუძლია ვეტოს დადება უკრაინის ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
უკრაინაზე იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება მის ტერიტორიაზე. საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალით.
ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ მეტი გავაკეთოთ უკრაინის სიძლიერის შესანარჩუნებლად, რათა მივაღწიოთ საბრძოლო მოქმედებების დასრულებას და სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას.
სანამ უკრაინაში მკვლელობები გრძელდება, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების და უფრო ფართო ეკონომიკური ზომების გაძლიერებას, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთის საომარ ეკონომიკაზე მანამ, სანამ არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.
უკრაინას შეუძლია დაეყრდნოს ჩვენს ურყევ სოლიდარობას, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესებს" - ვკითხულობთ ევროპელი ლიდერების - საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, ბრიტანეთის პრემიერის - ჯორჯა მელონის, გერმანიის კანცლერის - ფრიდრიხ მერცის, ბრიტანეთის პრემიერის - კირ სტარმერის, ფინეთის პრეზიდენტის - ალექსანდრ სტუბის, პოლონეთის პრემიერის - დონალდ ტუსკის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის - ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტის, ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.
პრესკონფერენციამ დაახლოებით 10 წუთს გასტანა - პუტინმა 8 წუთის განმავლობაში ისაუბრა, ტრამპის სიტყვა 3 წუთსა და 53 წამს გაგრძელდა. პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ. პუტინის და ტრამპის გამოსვლების შემდეგ ჟურნალისტებს არ მიეცათ კითხვების დასმის საშუალება.
პირველი სიტყვით გამოვიდა პუტინი, რომელმაც კონსტრუქციული უწოდა ტრამპთან მოლაპარაკებას და აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და მეგობრული ტონისთვის. პუტინმა აღნიშნა, რომ ტრამპთან ურთიერთგაგებას მიაღწია და უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა, არ დააზიანონ ახალგანვითარებული პროგრესი. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ შეხვედრის ალასკაში გამართვა ლოგიკური იყო, რადგან ის ორი ქვეყნის საერთო ისტორიის ნაწილია.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია - რომ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად უნდა აღმოიფხვრას ის, რასაც რუსეთი უწოდებს კონფლიქტის "გამომწვევ მიზეზებს". ეს მიანიშნებს, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას კვლავ არ თანხმდება.
ტრამპის განცხადებით, სამიტზე "დიდი პროგრესი" იქნა მიღწეული - თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის.
"არის ბევრი, ბევრი საკითხი, რომლებზეც შევთანხმდით - მე ვიტყოდი, უმეტესობაზე, რამდენიმე დიდ [საკითხზე] ჯერ ბოლომდე ვერ გავედით, მაგრამ წინსვლა გვქონდა", - თქვა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს ნატოელ პარტნიორებს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, დაელაპარაკოს ალასკის სამიტის შემდეგ.
პრესკონფერენციიდან ბუნდოვანი დარჩა, გამოიკვეთა თუ არა სამიტზე კონკრეტული ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში.
ალასკის სამიტთან დაკავშირებით ტრამპის მიერ საჯაროდ გამოცხადებული მიზნები მოიცავდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და პუტინის დათანხმებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, ომის დასრულების გზებზე მოსალაპარაკებლად.
ორი ქვეყნის დელეგაციებმა ალასკა დაგეგმილ დროზე ადრე დატოვეს.
სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ყურადღების ცენტრში მოქცეული სამიტის ამგვარი დასასრული თვალშისაცემ კონტრასტს ქმნიდა მის პომპეზურ დასაწყისთან - როცა პუტინი ალასკაში, საჰაერო ბაზაზე ჩავიდა, მას წითელი ხალიჩა დაახვედრეს, ტრამპი პუტინს გულთბილად შეეგება, ბაზაზე გადაიფრინეს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა.
პუტინი ძებნილია სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის (ICC) ორდერით - მას ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, უკრაინიდან ასობით ბავშვის გაყვანით. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და ტრიბუნალის ორდერს არ ცნობს.
რუსეთი და აშშ არ არიან ICC-ის წევრი სახელმწიფოები.
"რადიო თავისუფლება"