აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის თანახმად, თავდაცვის დეპარტამენტს „ომის დეპარტამენტის“ სახელწოდება დაუბრუნდა.
„ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო შესაფერისი სახელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაშია მსოფლიო ახლა. ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
პენტაგონი, რომელიც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ზედამხედველობს, 1947 წლამდე სწორედ ომის დეპარტამენტის სახელით არსებობდა. ის კაბინეტის დონის უწყებად 1789 წელს დაარსდა.
აღმასრულებელი დეპარტამენტების შექმნაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის კონგრესს ეკისრება. ამიტომ, სახელის ლეგალურად შესაცვლელად, კონგრესის თანხმობა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება იქნება საჭირო.
გართობის ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Walt Disney-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღიაროს ფედერალური სავაჭრო კომისიის ბრალი და საქმის სასამართლოში წაღების გარეშე, ჯარიმის სახით სახელმწიფო ხაზინაში $10 მილიონი ჩარიცხოს.
საქმე ეხება ამერიკის მთავრობის მიერ კომპანიის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებას, რომ Walt Disney-მ Youtube პლატფორმაზე არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ვიდეოები ისე განათავსა, რომ ისინი “Made For Kids”-ის კატეგორიაში არ მოაქცია. ამ ნაბიჯით კომპანიამ არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების დაცვის კანონი დაარღვია.
სიცხადისთვის, თუ ამერიკული კანონმდებლობა Youtube-სა და მსგავს პლატფორმებს სრულწლოვანი მომხმარებლების მონაცემების მოგროვების უფლება აძლევს, ეს თავისუფლება 13 წლამდე ასაკის ბავშვებზე არ ვრცელდება. არცერთ კომპანიას არ აქვს ნებართვა, მშობლის თანხმობის გარეშე მცირეწლოვანი შვილის შესახებ შეაგროვოს ინფორმაცია. Disney-მ კი 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მასალის ჩვეულებრივ Youtube-ზე განთავსებით გააჩინა საფრთხე, რომ ვიდეოების პლატფორმა მცირეწლოვანების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებდა. ეს კი არა Youtube-ის, არამედ Dinsey-ს ბრალი იქნებოდა. სწორედ მას ევალებოდა პარამეტრების სწორად მითითება.
Disney-სა და ამერიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში, კომპანია არამარტო $10-მილიონიან ჯარიმას გადაიხდის, არამედ “მაყურებლების დანაწილების პროგრამასაც” შემოიღებს და Youtube-ზე მასალების ატვირთვას მკაცრად გააკონტროლებს.
იტალიელი დიზაინერი ჯორჯო არმანი გარდაიცვალა. დიზაინერი 91 წლის იყო.
ეს ინფორმაცია მისმა კომპანიამ დაადასტურა განცხადებით: „უსაზღვრო მწუხარებით, არმანის ჯგუფი აცხადებს მისი შემქმნელისა და დამფუძნებლის გარდაცვალების შესახებ. ბატონი არმანი, როგორც მას ყოველთვის პატივისცემითა და აღფრთოვანებით მიმართავდნენ თანამშრომლები და კოლეგები, მშვიდად გარდაიცვალა, ახლობლების გარემოცვაში. ის დაუსვენებლად მუშაობდა უკანასკნელ დღეებამდე“.
რამდენიმე კვირის წინ, 91-ე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე, ფილტვების ინფექციის გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მკურნალობის კურსს გადიოდა საკუთარ სახლში, მილანში. სწორედ ამან აიძულა, რომ არ დასწრებოდა - რაც იშვიათად ხდებოდა ხოლმე - ივნისის კოლექციის ჩვენებას.
ვაშენებთ უკრაინას, რომელსაც ექნება საკმარისი ძალა, რომ იცხოვროს უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, რათა ამ მოედანზე, ჩვენი დამოუკიდებლობის მოედანზე, მათი დროშების ქვეშ, მათ მიწაზე, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე მშვიდობის ქვეშ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც უკრაინის მოსახლეობისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მაიდანიდან გაავრცელა:
"უკრაინელების შთამომავლები ასი წლის შემდეგაც ამ მოედანზე იდგებიან და პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავენ ყველას მიმართ ვინც უკრაინა დამოუკიდებლობისთვის ომში დაიცვა, ვინც მტკიცედ იდგა, ვინც შეძლო, ვინც გაიმარჯვა.
ასეთი მიზნისთვის ღირს ცხოვრება. სწორედ ამის მომხრე ვართ. გილოცავთ ამ დღესასწაულს, დიდი ქვეყნის დიდებულო ხალხო!“