ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან - ეს იყო ძალიან ნაყოფიერი საუბარი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„პრეზიდენტმა პუტინმა მომილოცა მე და შეერთებულ შტატებს დიდი მიღწევა - მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, რაზეც, როგორც მან თქვა, საუკუნეების განმავლობაში ბევრს ოცნებობდა. მე ნამდვილად მჯერა, რომ წარმატება ახლო აღმოსავლეთში დაგვეხმარება მოლაპარაკებებში რუსეთთან და უკრაინასთან ომის დასრულების მიზნით. პრეზიდენტმა პუტინმა მადლობა გადაუხადა პირველ ლედის, მელანია ტრამპს ბავშვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართულობისთვის. მან განაცხადა, რომ ეს საქმიანობა გაგრძელდება. ჩვენ ასევე დიდი დრო დავუთმეთ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობაზე საუბარს - როცა უკრაინასთან ომი დასრულდება.
საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას გაიმართება ჩვენი მაღალი დონის შეხვედრა. შეერთებული შტატების საწყის შეხვედრებს უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. შეხვედრის ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული. შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან ერთად შევხვდებით შეთანხმებულ ადგილას - ბუდაპეშტში, უნგრეთში - რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ომის დასრულება. პრეზიდენტ ზელენსკის მე ხვალ შევხვდები, სადაც განვიხილავთ ჩემს საუბარს პრეზიდენტ პუტინთან და სხვა მრავალ საკითხს. მე მჯერა, რომ დღეს სატელეფონო საუბარმა მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა“, - დასძინა მან.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ მას პროკურატურაში განუცხადეს. ფრანგული მედიის ცნობით, სარკოზი სასჯელს საფრანგეთის დედაქალაქში, ლა სანტეს ციხეში მოიხდის.
სარკოზის განაჩენი გასაჩივრებული აქვს და სასამართლო პროცესი მოსალოდნელია მომდევნო თვეებში. სარკოზი ციხეში დარჩება, თუ სააპელაციო სასამართლოს მისი გათავისუფლების გადაწვეტილებას არ მიიღებს.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა 25 სექტემბერს მიუსაჯა. ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე, გაამართლა.
სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა. ის საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ციხეში სასჯელს მოიხდის.
„ჰამასმა“ 20-ვე გადარჩენილი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ეს ორ ეტაპად მოხდა. თავიდან „ჰამასმა“ წითელ ჯვარს 7 მძევალი გადასცა, შემდეგ კი დარჩენილი 13. ისრაელის მხარისთვის გადაცემის შემდეგ მძევლები სამედიცინო შემოწმებას გადიან, მერე კი ახლობლებს ხვდებიან.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე გათავისუფლებულის ფოტოც გამოაქვეყნეს.
შემდეგ ეტაპზე ისრაელში ტყვეობაში დაღუპული 27 მძევლის ცხედარს მიიღებენ. ისრაელს ასევე გადაეცემა 2014 წელს მოკლული ჯარისკაცის ნეშტი.
შეთანხმების მომდევნო ეტაპი ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ციხეებიდან 2 ათასამდე პალესტინელს გაუშვებენ.
აშშ ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა:
"2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან ან უფრო ადრე, ჩინეთის მიერ განხორციელებული შემდგომი ქმედებების ან ცვლილებების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფს დაუწესებს, რომელიც დაემატება ჩინეთის მიერ ამჟამად გადახდილ ნებისმიერ ტარიფს. ახლახან გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა ვაჭრობის საკითხში უკიდურესად აგრესიული პოზიცია დაიკავა მსოფლიოსთან მიმართებით და ისინი 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან მასშტაბური ექსპორტის კონტროლის დაწესებას აპირებენ პრაქტიკულად ყველა მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე.
ეს გამონაკლისის გარეშე ყველა ქვეყანას ეხება და, ცხადია, მათ მიერ წლების წინ შემუშავებული გეგმა იყო. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია საერთაშორისო ვაჭრობაში და მორალური სირცხვილია სხვა ერებთან ურთიერთობისას. ასევე, 1-ელ ნოემბერს ჩვენ დავაწესებთ ექსპორტის კონტროლს ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან პროგრამულ უზრუნველყოფაზე. შეუძლებელია, დაიჯერო, რომ ჩინეთი ასეთ ზომებს მიიღებდა, მაგრამ მათ ეს გააკეთეს და დანარჩენი უკვე ისტორიაა“
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, მაქსიმიალიან კრას თანაშემწე ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ჯიენ გოუ ბრიუსელში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრისა და ევროდეპუტატის, ბუნდესტაგის წევრ მაქსიმიალიან კრას თანაშემწედ ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა,
დრეზდენში გამართულ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 2019-2024 წლებში ჯიენ გოუ აგროვებდა კონფიდენციალურ ინფორმაციას და ჩინეთის ხელისუფლებას უგზავნიდა.
თავად ბრალდებული დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ ჩინეთის დაზვერვასთან არ თანამშრომლობდა. ევროდეპუტატმა მაქსიმიალიან კრამ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი თანაშემწის მიმართ წაყენებული ბრალდების შესახებ მედიიდან შეიტყო.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
დათვლილია ხმების 62.62 პროცენტი.
მოლდოვის ცესკო-ს ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუსპროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ 43.45 პროცენტით პირველ ადგილზეა.
მეორე ადგილს ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს 28.89 პროცენტით.
საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“ მესამე ადგილზეა 8.68 პროცენტით. „ჩვენი პარტია“ 6.54 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებს. მეხუთე ადგილზეა „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია 6.02 პროცენტით.