თურქეთის განათლების მინისტრის იუსუფ თექინის განცხადებით, სტამბოლში ორი დღით - ხუთშაბათსა და პარასკევს ყველა სკოლა დაიხურება. მიუხედავად იმისა, რომ მარმარილოს ზღვაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სკოლებში სერიოზული დაზიანება არ დაფიქსირებულა, სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება სიფრთხილის მიზნით იქნა მიღებული. გარდა ამისა, სკოლის ეზოები დროებით გაიხსნა მოქალაქეებისთვის, როგორც უსაფრთხო სივრცეები.
ამასთან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები რომლებიც მუშაობენ საჯარო დაწესებულებებში, ჩაითვლებიან ადმინისტრაციულ შვებულებაში მყოფად.
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად გზებზე, აეროპორტებში, რკინიგზასა და მეტროში არანაირი დაზიანება ან შეფერხება არ დაფიქსირებულა.
მიწისძვრისა და მიმდინარე მცირე ბიძგების მიუხედავად, სტამბულის ორივე აეროპორტი - სტამბოლი (IST) და საბიჰა გოქჩენი (SAW) - ნორმალურად მუშაობს: აფრენა და დაფრენა გეგმის მიხედვით ხდება, მასობრივი გაუქმებები არ არის და შეფერხებები მინიმალურია. მიწისძვრის შესახებ პირველადი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ზოგიერთ თვითმფრინავს დაფრენამდე დამატებით წრეზე წასვლა მოუწია.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ სამაშველო სამსახურებმა ოპერატიული შემოწმებები დაიწყეს. სტამბოლის დროით 15:00 საათამდე ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა. ხელისუფლება მოქალაქეებს სთხოვს, მოერიდონ ავარიულ შენობებს და კომუნიკაციისთვის გამოიყენონ SMS და ინტერნეტ მესენჯერები. ამასთან სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, პანიკის გამო 151 მოქალაქემ სიმაღლიდან გადახტომა სცადა და დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
დღეს, ადგილობრივი დროით 12:49 საათზე, სტამბოლში, სილივრის რაიონში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იყო მარმარილოს ზღვაში, სეისმური ცენტრის სიღრმე 6.92 კმ. ბიძგები იგრძნობოდა არა მხოლოდ სტამბოლში, არამედ მეზობელ პროვინციებშიც.
მთავარ შოკამდე 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, ხოლო შემდეგ - კიდევ ერთი, 4.4 მაგნიტუდის, ბუიუქჩექმეჯეს სანაპიროსთან.
The Wall Street Journal-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისგან რიგ დათმობებზე შეთანხმებას ითხოვს, რაც ომის დასრულების წინადადებების ნაწილია. ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნაა ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, ასევე – უარი ნატოში გაწევრიანებაზე და ნეიტრალური ზონის შექმნა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული წინადადებები უკრაინას 17 აპრილს, პარიზში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებმა წარუდგინეს. იმავე დღეს, წინადადებები ევროკავშირის მაღალჩინოსნებსაც გააცნეს.
WSJ წერს, რომ შეერთებული შტატები ახლა კიევის პასუხს ელის, რომელიც, სავარაუდოდ, ლონდონში მიმდინარე კვირის ბოლოს აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენელთა შეხვედრაზე გაჟღერდება. თუკი მხარეებს შორის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა, შეთავაზებები შესაძლოა მოსკოვსაც წარედგინოს.
დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებით, უკრაინა განიცდის ზეწოლას, რათა ომის დასრულების მიზნით, აღნიშნულ პირობებს მიმდინარე კვირაში უპასუხოს.
ამავე კონტექსტში, 18 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თუკი მნიშვნელოვანი პროგრესი არ იქნება მიღწეული მომდევნო კვირებში, ვაშინგტონი შესაძლოა დროებით შეწყვიტოს მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა.
ახალი ამბების სააგენტოებს აღარ ექნებათ მუდმივი ადგილი ჟურნალისტების ვიწრო ჯგუფში, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობას აშუქებს, იუწყება სააგენტო „როიტერსი“, თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდე, სააგენტოები „ასოშიეიტედ პრესი“, „ბლუმბერგი“ და „როიტერსი“ შედიოდნენ პრეზიდენტის გაშუქების მუდმივ ვიწრო ჯგუფში. თებერვალში თეთრმა სახლმა „ასოშიეიტედ პრესი“ ამორიცხა ასეთი ჯგუფიდან მას შემდეგ, რაც სააგენტომ უარი თქვა, ტრამპის ბრძანებისამებრ, „ამერიკის ყურედ“ მოეხსენიებინა აშშ-ის სამხრეთით მდებარე წყლები.
„როიტერსისთვის“ თეთრი სახლის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის თანახმად, თეთრი სახლის პრესმდივან კეროლაინ ლივიტს ექნება უფლებამოსილება, დღიდან დღემდე განსაზღვროს პრეზიდენტის საქმიანობის გამშუქებელი ჯგუფის შემადგენლობა, რომ „უზრუნველყოს პრეზიდენტის გზავნილების წვდომა სამიზნე აუდიტორიაზე და ღონისძიებებს დაესწრონ ის მედიასაშუალებები, რომლებსაც ცალკეულ საკითხზე შესაბამისი ექსპერტიზა გააჩნიათ“.
„ასოშიეიტედ პრესს“ 11 თებერვლიდან აეკრძალა პრეზიდენტ ტრამპის გაშუქება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტსა და საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე იმის გამო, რომ „მექსიკის ყურე“ „ამერიკის ყურედ“ არ მოიხსენია. თებერვალშივე სააგენტომ სასამართლოს მიმართა. 9 აპრილს ფედერალურმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თეთრი სახლი დაავალდებულა, „ასოშიეიტედ პრესს“ მისცეს სრული წვდომა პრეზიდენტის ღონისძიებების გასაშუქებლად. მოსამართლის განმარტებით, ხელისუფლებას არ შეუძლია სამაგიერო გადაუხადოს „ასოშიეიტედ პრესს“ იმის გამო, რომ მან არ მისდია პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებულებას მექსიკის ყურისთვის სახელის შეცვლაზე. მოსამართლე ტრევორ მაკფადენმა (ტრამპის მიერ დანიშნული მოსამართლეა), აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებაზე დაყრდნობით, დაადგინა, რომ, თუკი მთავრობა კარს უღებს ზოგიერთ ჟურნალისტს ოვალურ კაბინეტსა თუ თეთრი სახლის სხვა სივრცეში, დაუშვებელია იგივე სივრცეში არ დაუშვას სხვა ჟურნალისტები მათი თვალსაზრისის გამო.