პროტესტი კუბაში — დემონსტრანტებმა კომუნისტური პარტიის ოფისი დაარბიეს
კუბის ცენტრალურ ქალაქ მორონში დემონსტრანტებმა კომუნისტური პარტიის შენობა დაარბიეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით 5 ადამიანი დააკავეს
პროტესტი საკვებზე მაღალი ფასებისა და ხშირი ელექტროენერგიის გათიშვების წინააღმდეგ გამართულ აქციით დაიწყო
კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ მოქალაქეთა მოთხოვნები „ლეგიტიმურია“, თუმცა ხელისუფლება ძალადობასა და ვანდალიზმს არ დაუშვებს
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული კრიზისი და ხანგრძლივი ელექტროენერგიის გათიშვები დიდწილად აშშ-ის ნავთობის ბლოკადით არის გამოწვეული
აშშ-თან ერთად კიდევ ბევრი ქვეყანა გააგზავნის სამხედრო ხომალდებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს საზღვაო ტრანსპორტისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ უკვე გავანადგურეთ ირანის სამხედრო შესაძლებლობების 100%, მაგრამ მათთვის მარტივია ერთი-ორი დრონის გაშვება, ნაღმის ჩაგდება ან ახლო მანძილზე მიქმედი რაკეტის გაშვება ამ საზღვაო გზაზე ან მათ სიახლოვეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმედ არიან დამარცხებულები,“ – წერს ტრამპი.
ტრამპმის თქმით, იმედი აქვს, რომ ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფო რეგიონში სამხედრო ხომალდებს გააგზავნიან.
„იმედია, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები, რომლებიც ამ ხელოვნური შეზღუდვით ზარალდებიან, ასევე გაგზავნიან ხომალდებს რეგიონში, რათა ჰორმუზის სრუტე აღარ იყოს საფრთხე ქვეყნის მხრიდან, რომლის სამხედრო ხელმძღვანელობაც სრულად განადგურებულია. ამასობაში, შეერთებული შტატები გააგრძელებს სანაპირო ზოლის ინტენსიურ დაბომბვას და ირანულ ნავებსა და ხომალდებს ჩაძირავს. ამა თუ იმ გზით, ჩვენ მალე მივაღწევთ, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ იყოს ღია, უსაფრთხო და თავისუფალი“, – წერს ტრამპი.
უკრაინა უნგრეთისგან მოითხოვს უკრაინელი ინკასატორების დაკავების დროს ჩამორთმეული ნაღდი ფულისა და ოქროს ზოდების დაბრუნებას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ინციდენტს „სახელმწიფო ბანდიტიზმისა და რეკეტის უპრეცედენტო აქტი“ უწოდა.
„ეს ფული არ ეკუთვნის უნგრეთს ან მის მთავრობას. ის ეკუთვნის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უკრაინულ ბანკ „ოსჩადბანკს“ და, შესაბამისად, უკრაინელ გადასახადის გადამხდელებს“, დაწერა მან სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე.
გუშინ „ოსჩადბანკმა“უნგრეთისგან ასევე მოითხოვა ინკასატორთა მანქანებისა და ძვირფასი ნივთების დაბრუნება, რომლებიც, განცხადების თანახმად, უკანონოდ იყო ჩამორთმეული. საფინანსო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ტრანსპორტირება განხორციელდა „ოსჩადბანკსა“ და ავსტრიის „რაიფაიზენ ბანკს“ შორის დადებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში და თავად ტვირთი განაბაჟეს საერთაშორისო ტრანსპორტირების რეგულაციებისა და მოქმედი ევროპული საბაჟო პროცედურების შესაბამისად.
„ვენიდან უკრაინაში გადატანილი თანხები „ოსჩადბანკს“ ეკუთვნის. ეს თანხები ბანკს უკრაინელმა მოქალაქეებმა და კომპანიებმა ანდვეს. ისინი უკრაინაში იგზავნებოდა მიმოქცევაში შემდგომი გამოყენებისა და ქვეყნის ნაღდი ფულის ბაზრის გაჯერების მიზნით“, ნათქვამია განცხადებაში.
5 მარტს უნგრეთში შვიდი უკრაინელი ინკასატორი დააკავეს ვენიდან უკრაინაში 40 მილიონი დოლარის, 35 მილიონი ევროსა და ცხრა კილოგრამი ოქროს გადატანისთვის. ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები ქვეყნიდან დეპორტირებული იქნებიან. 6 მარტს ინკასატორები სამშობლოში დაბრუნდნენ, თუმცა მანქანები და მათი შიგთავსი უნგრეთში რჩება.
კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები კვლავ გაუარესდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ შეწყვიტა უნგრეთისთვის რუსული ენერგორესურსების მიწოდება ნავთობსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით. უკრაინა აცხადებს, რომ ნავთობსადენი რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანდა. ბუდაპეშტი დარწმუნებულია, რომ მიწოდების შეწყვეტა პოლიტიკური მიზეზებით მოხდა. 6 მარტს დილით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-ის ეთერში განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარაგების ტრანზიტს შეაჩერებს მანამ, სანამ კიევი ნავთობსადენ „დრუჟბის“ ფუნქციონირებას განაახლებს. მან დასძინა, რომ უნგრეთი ასევე გააგრძელებს უკრაინისთვის ევროპული ფინანსური დახმარების დაბლოკვას.
წყარო: რადიო თავისუფლება
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის მტკიცებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 500-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
“ტრამპმა ნეთანიაჰუს ბოროტი იმპულსებით ამერიკელი ხალხი ირანის წინააღმდეგ უსამართლო ომში ჩაითრია. ახლა დაფიქრდეს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 500-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემდეგ, სლოგანი კვლავ „ამერიკა პირველ რიგშია“ თუ „ისრაელი პირველ რიგში“?“, - წერს ლარიჯანი X-ზე.
მისი თქმით, „ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა“.
„იმამ ხამენეის მოწამეობრივი სიკვდილი ძვირად დაგიჯდებათ“, - აცხადებს ალი ლარიჯანი.
ირანის უზენაესი ლიდერობის მთავარი კანდიდატი, მოჯთაბა ხამენეი, აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს საავადმყოფოებში იმპოტენციის გამო არაერთხელ მკურნალობდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 56 წლის მოჯთაბა მამის, ალი ხამენეის მემკვიდრედ დასახელებისთვის ემზადებოდა და ის ახალ სულიერ ლიდერად აირჩიეს. ალი ხამენეი რეჟიმის სხვა 48 მაღალჩინოსანთან ერთად ამერიკისა და ისრაელის მიმდინარე ერთობლივი ოპერაციის, „Epic Fury“-ს (ეპიკური რისხვა) შედეგად დაიღუპა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2008 წელს ლონდონში ამერიკის საელჩოსთვის გაგზავნილი საიდუმლო ბრიფინგის მიხედვით, რომელიც მოგვიანებით WikiLeaks-მა გაასაჯაროვა, ოჯახი მოჯთაბაზე მემკვიდრის გაჩენის შესახებ ზეწოლას ახდენდა.
ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, მოჯთაბა შედარებით გვიან, 2004 წელს დაქორწინდა. ეს, გავრცელებული ინფორმაციით, განპირობებული იყო „იმპოტენციის პრობლემით, რომელზეც მან დიდ ბრიტანეთში სამი ხანგრძლივი ვიზიტისას იმკურნალა და საბოლოოდ მოაგვარა“. აღნიშნული ვიზიტები ლონდონის „უელინგტონისა“ (Wellington) და „კრომველის“ (Cromwell) კლინიკებში განხორციელდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოჯახი მოჯთაბასგან შვილების სწრაფად გაჩენას ელოდა, თუმცა სამედიცინო მკურნალობისთვის ბრიტანეთში მეოთხე ვიზიტი გახდა საჭირო. ორთვიანი ყოფნის შემდეგ მისი მეუღლე დაორსულდა და ირანში დაბრუნებისას ჯანმრთელი ბიჭი შეეძინათ.
დაზვერვის მასალები ასევე დეტალურად აღწერს, თუ როგორ მუშაობდა მოჯთაბა მამის ჩრდილში უზენაესი ლიდერის ოფისში. ის მამასთან ერთად მგზავრობდა ირანში და მნიშვნელოვნად აკონტროლებდა მასთან წვდომას. რეჟიმის შიგნით მას განიხილავდნენ, როგორც ქმედით და ძლიერ ლიდერს, რომელიც ოდესმე მემკვიდრე გახდებოდა. იგი მჭიდრო კავშირშია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ხელმძღვანელობასთან.
თუმცა, სასულიერო თვალსაზრისით მოჯთაბა სუსტად ითვლება. დოკუმენტის მიხედვით, არ ელოდნენ, რომ ის თავისი განათლებით ოდესმე „მუჯთაჰიდის“ სტატუსს მიაღწევდა, მით უმეტეს — აიათოლას წოდებას. ანგარიშში ნათქვამია, რომ მოჯთაბამ კარგად იცოდა საკუთარი შეზღუდვების შესახებ და არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ერთპიროვნული უზენაესი ლიდერი გახდებოდა.
მიუხედავად ამისა, მამის გარდაცვალების შემდეგ, Iran International TV-ის ცნობით, ირანის ექსპერტთა ასამბლეამ, რომელიც 88 სასულიერო პირისგან შედგება, ის უზენაეს ლიდერად აირჩია. New York Times-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც „რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ასამბლეაზე ძლიერი ზეწოლა მოახდინა. თავად შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, რადგან ქალაქ ყუმში მდებარე შენობა, სადაც კრება უნდა გამართულიყო, დაიბომბა.
აღსანიშნავია, რომ თავად ალი ხამენეი დინასტიური მმართველობის წინააღმდეგი იყო. სიკვდილამდე მან საიდუმლოდ დაასახელა სამი პოტენციური მემკვიდრე, რომელთა შორის მისი ვაჟი არ ფიგურირებდა. ესენი იყვნენ: სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ღოლამ-ჰოსეინ მოჰსენი-ეჟეი, ადმინისტრაციის უფროსი ალი ასღარ ჰეჯაზი და ირანის პირველი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხომეინის შვილიშვილი — ჰასან ხომეინი.
ბოლო წლებში მოჯთაბა ირანის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. მისი ქონება, სავარაუდოდ, მილიარდებს აღწევს და ინახება არაბთა გაერთიანებული საამიროების, სირიის, ვენესუელასა და აფრიკის ბანკებში. მას ასევე აქვს დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ოქრო და ალმასები, ასევე ანგარიშები შვეიცარიის ბანკებში. იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან კრიპტოვალუტის გამოყენებით დუბაიში 328 მილიონი დოლარი გადარიცხა. მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი ჩინეთსა და ინდოეთში გაყიდული ნავთობის გადასახადებიდან მოდის.
მოჯთაბას ინვესტიციები მთელ მსოფლიოშია გაფანტული, მათ შორის ლონდონში, „მილიარდერთა უბანში“ მდებარე 40 მილიონ დოლარიან სასახლეში. ირანში ის ფლობს მიწებს თეირანის პრესტიჟულ უბნებსა და ქალაქ მაშჰადის მახლობლად. მის განკარგულებაშია კერძო თვითმფრინავი, ვერტმფრენი, მერსედესების ავტოპარკი და ცხენები.
მოჯთაბა ხამენეი 1969 წელს მაშჰადში დაიბადა და ირან-ერაყის ომში მსახურობდა. თეოლოგიას ქალაქ ყუმში სწავლობდა, სადაც მისი მასწავლებელი რადიკალი სასულიერო პირი, აიათოლა მუჰამედ თაყი მისბაჰ იაზდი იყო (ცნობილი როგორც „ნიანგი აიათოლა“), რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას უჭერდა მხარს.
მოჯთაბამ გავლენა 2009 წელს მოიპოვა, როდესაც ხელი შეუწყო არჩევნების გაყალბებას მაჰმუდ აჰმადინეჟადის სასარგებლოდ და მონაწილეობდა საპროტესტო „მწვანე მოძრაობის“ დარბევაში. Atlantic Council-ის შეფასებით, მას ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ისტორია აქვს.
2019 წელს აშშ-მა მას სანქციები დაუწესა მამის ოფისში მუშაობისა და უზენაესი ლიდერის ოფიციალური წარმომადგენლობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს ეჭირა არჩევითი სახელმწიფო თანამდებობა.