აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა და ირანელ ხალხს მიმართა. ტრამპმა მათ ხელისუფლების საკუთარ ხელში აღებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის განცხადებით, ამის შესაძლებლობა ირანის მოქალაქეებს ამერიკის სამხედრო ოპერაციების დასრულებისთანავე მიეცემათ.
ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ Truth Social-ში გავრცელდა, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ირანელი ხალხისთვის ისტორიული შანსია.
„როდესაც ჩვენ დავასრულებთ, აიღეთ კონტროლი თქვენს მთავრობაზე. ის თქვენი გახდება. ეს, სავარაუდოდ, თქვენი ერთადერთი შანსი იქნება მომდევნო თაობების განმავლობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საფრანგეთი 35 რუსულ ვებგვერდსა და არხზე წვდომას დაბლოკავს.
საფრანგეთის აუდიოვიზუალური და ციფრული კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ (ARCOM) გამოაცხადა გადაწყვეტილება, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, 35 რუსულ მედია ვებგვერდზე, ტელევიზიასა და რადიოსადგურზე წვდომის დაბლოკვის შესახებ სტრიმინგ პლატფორმების მეშვეობით.
მედიის ცნობით, სანქცირებულ ვებგვერდებს შორისაა „სპუტნიკ ნიუსი“ და „ნიუს-ფრონტი“.
ARCOM-მა ასევე სთხოვა საძიებო სისტემებს, დაბლოკონ ოთხი სტრიმინგ პლატფორმის გვერდი, რომლებიც უზრუნველყოფენ წვდომას სანქცირებული რუსული ტელევიზიისა და რადიოს სერვისებზე.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფრანგულმა თანამგზავრულმა ოპერატორმა, Eutelsat-მა შეწყვიტა რუსული არხების, NTV-Mir-ის, Rossiya 1-ისა და Channel One-ის ტრანსლირება. 2022 წლის მარტში ARCOM-მა ასევე შეწყვიტა რუსული მედიასაშუალების, RT-ს ფრანგულენოვანი ვერსიის, RT France-ის ტრანსლირება.
ტაივანელი კაცი ცოლს ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო დაშორდა. კაცის თქმით, მისი ცოლი, ლინი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ბანაობდა და იხეხავდა კბილებს.
სასამართლოზე კაცმა თქვა, რომ ის დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო, რადგან წყვილს სექსი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მისი ყოფილი ცოლის ბანაობის შემდეგ ჰქონდა.
გასაკვირი არაა, რომ ცოლ-ქმარს, დაახლოებით 10-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, შვილიც არ ჰყოლია.
მექსიკაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ქვეყნის უმსხვილესი ნარკოკარტელის ლიდერის მკვლელობამ, რასაც წინ სისხლიანი სპეცოპერაცია უძღოდა, ქვეყნის რამდენიმე შტატში ნამდვილი ქაოსი და შეიარაღებული დაპირისპირებები გამოიწვია. კარტელის მეთაურის სიკვდილის შემდეგ, დაჯგუფების წევრებმა საპასუხო იერიშები წამოიწყეს, რის შედეგადაც მექსიკის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში ვითარება კონტროლიდან გამოვიდა.
კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა ათეულობით სატვირთო ავტომობილი და ავტობუსი გაიტაცეს, ცეცხლი წაუკიდეს და ცენტრალური მაგისტრალები ჩახერგეს. პარალელურად, დაფიქსირდა თავდასხმები სამთავრობო შენობებსა და პოლიციის განყოფილებებზე, თვითმხილველები კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უწყვეტი სროლის ხმას ადასტურებენ. შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობაში პანიკაა – ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, რადგან შეწყვეტილია სასწავლო პროცესი და დაიხურა სავაჭრო ცენტრები თუ აეროპორტები.
ექსპერტების შეფასებით, ლიდერის ლიკვიდაციამ კარტელის შიგნით ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა, რის გამოც ახლა გავლენისთვის ერთმანეთს არა მხოლოდ სამართალდამცავები და კრიმინალები, არამედ დაჯგუფების შიგნით არსებული სხვადასხვა ფრაქციებიც უპირისპირდებიან. პარალელურად, მეტოქე კარტელები ცდილობენ დასუსტებული დაჯგუფების ტერიტორიების ხელში ჩაგდებას, რაც კონფლიქტის მასშტაბებს კიდევ უფრო ზრდის.
მექსიკის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით ეროვნული გვარდიისა და არმიის დამატებითი ქვედანაყოფების მობილიზება უკვე გამოაცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანი წესრიგის აღდგენა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაა, რადგან ქვეყანა კრიმინალური ტერორის წინაშე პოზიციებს არ დათმობს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შეტაკებების შედეგად არიან გარდაცვლილები და დაჭრილები როგორც სამართალდამცავებს, ისე თავდამსხმელებს შორის, საერთაშორისო საზოგადოება კი მექსიკაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გლობალურ 10%-იან ტარიფებს 15%-მდე ზრდის.
ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში დაწერა.
„აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მრავალთვიანი ფიქრის შედეგად ტარიფებთან დაკავშირებით გუშინ გამოქვეყნებული აბსურდული, ცუდად შედგენილი და სრულიად ანტიამერიკული გადაწყვეტილების საფუძვლიანი, დეტალური და ამომწურავი განხილვის შემდეგ, ეს განცხადება ჩაითვალოს იმის დასტურად, რომ მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ ვზრდი გლობალურ 10%-იან ტარიფებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა უმეტესობა ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელად „ძარცვავდა“ შეერთებულ შტატებს (ვიდრე არ გამოვჩნდი მე) სრულად დასაშვებ და სამართლებრივად გამყარებულ 15%-მდე“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის 3 აპრილს დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.