ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორისა და მსახიობის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ სინგერ რაინერის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მათ ლოს-ანჯელესის რეზიდენციაში მოხდა, სამართალდამცავებმა წყვილის ვაჟი, ნიკ რაინერი დააკავეს. მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
რობ რაინერი, 1947 წელს ბრონქსში დაიბადა, ლეგენდარული კომიკოსის, კარლ რაინერისა და მსახიობ-მომღერლის, ესტელ ლებოსტის ოჯახში. ის გახლდათ ისეთი საკულტო ფილმების რეჟისორი, როგორებიცაა: "როდესაც ჰარი შეხვდა სალის“, "პრინცესა პატარძალი“ და "რამდენიმე კარგი მამაკაცი“. ის ასევე ცნობილი მსახიობია ფილმებიდან "მგელი უოლ-სტრიტიდან“ და "უძინარნი სიეტლში“. სწორედ ამიტომ, გუშინ რაინერების დაღუპვამ და მათი ვაჟის დაპატიმრებამ მთელი ჰოლივუდი შოკში ჩააგდო.
1989 წელს გადაღებული "როდესაც ჰარი შეხვდა სალის“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რომანტიკულ კომედიად ითვლება, სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე შეხვდა რაინერი მომავალ მეუღლეს. რობსა და მიშელს სამი შვილი — ჯეიკი, ნიკი და რომი ეყოლათ.
მოგვიანებით მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ აკავებს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი ნიკ რაინერს: ის მიწაზეა და ხელბორკილები ადევს. 32 წლის ახალგაზრდას მშობლების სიცოცხლის ხელყოფაში ედება ბრალი. გამომძიებლების თქმით, მკვლელობის მოტივი ამჟამად უცნობია.
ნიკი ბოლო დროს სანტა-მონიკის სასტუმრო "The Pierside Santa Monica“-ში ცხოვრობდა. სწორედ აქ აღმოაჩინა პოლიციამ საეჭვო კვალი — სისხლიანი ზეწრები და სააბაზანო კაბინა. TMZ-ის ინფორმაციით, სასტუმროში შესვლამდე, დილის 4 საათზე, ნიკი მშობლებთან ერთად კონან ო’ბრაიენის საახალწლო წვეულებას ესწრებოდა, სადაც მათ შორის მწვავე კონფლიქტი მოხდა.თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაკავებული ღონისძიებაზე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ ბრალდებულს ნარკოდამოკიდებულება და ფსიქიკური ჯანმრთელობის არასტაბილური მდგომარეობა აღენიშნებოდა.
მედიის ცნობით, სწორედ ნიკის დამ, რომი რაინერმა, აცნობა სამართალდამცავებს, რომ მკვლელობის სავარაუდო ეჭვმიტანილი ოჯახის წევრი იქნებოდა, რადგან ნიკი "საფრთხეს წარმოადგენდა“.
გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ნიკი მშობლებთან ერთად ო’ბრაიენის მიერ გამართულ სადღესასწაულო მიღებაზე უკონტროლოდ იქცეოდა.
"ნიკი აშინებდა ყველას, ის იყო ექსცენტრიული და გამუდმებით ეკითხებოდა სტუმრებს, იყვნენ თუ არა მათ შორის ცნობილი სახეები,“ — განუცხადა ერთმა წყარომ PEOPLE-ს.
TMZ-ის ცნობით, ოჯახი თვეების განმავლობაში ცდილობდა ნიკის გამწვავებული ფსიქიკური აშლილობისა და ნარკოდამოკიდებულების პრობლემებთან ბრძოლას. ნიკმა ჯერ კიდევ 2016 წელს, 22 წლის ასაკში, აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ რეაბილიტაციის ცენტრში 17-ჯერ იყო ნამყოფი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უსახლკაროდ ცხოვრობდა.
78 წლის რობი და 70 წლის მიშელი დანის ჭრილობებით გარდაცვლილები ქალიშვილმა კვირას აღმოაჩინა. ისინი ბრენტვუდის ვილაში ცხოვრობდნენ. ნიკი ამდრომდე პატიმრობაში რჩება.
ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
"ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი შეშლილი ადამიანი იყო, ის ძალიან ცუდი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მე საერთოდ არ ვიყავი მისი გულშემატკივარი. ის ფსიქიკურად შეშლილ ადამიანს დაემსგავსა, ტრამპით შეპყრობილის სინდრომით. ვფიქრობ, მან კარიერაში საკუთარი თავი დააზარალა. მე საერთოდ არ ვიყავი რობ რაინერის გულშემატკივარი, არანაირად. ვფიქრობ, რომ ის ძალიან ცუდი იყო ჩვენი ქვეყნისთვის,“ — წერს ტრამპი.