ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში უკვე მერვედ იმართება.
არჩევნებში წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, 35%-იანი მხარდაჭერით, „პროგრესული ბულგარეთის“ ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს, რომელიც ევროსკეპტიკურადაა განწყობილი და ასევე ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.
მან პრეზიდენტის თანამდებობა იანვარში დატოვა და არჩევნებში ჩაერთო, რომელიც რიგგარეშედ იმართება მას შემდეგ, რაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე წინა ხელისუფლება დეკემბერში გადადგა.
არჩევნებში მანდატების მოსაპოვებლად კიდევ ცხრა პარტია იბრძვის.
კიევში, გოლოსეევსკის რაიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი, ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
„კიევში, სუპერმარკეტთან სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ამ დროისთვის 10 ადამიანია ჰოსპიტალიზებული ჭრილობებითა და ტრავმებით. ყველას უტარდება სამედიცინო დახმარება. ოთხი მძევლის გადარჩენა მოხერხდა. ოპერატიული გამოძიების იმედი გვაქვს. უკრაინის ეროვნული პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ. შინაგან საქმეთა მინისტრსა და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს დავავალე, საზოგადოებას მიაწოდონ ამ საქმესთან დაკავშირებით გადამოწმებული ინფორმაცია“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, კიდევ ხუთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
მიწოდების შეზღუდული მოცულობის ფონზე, აშშ-ში მეორადი ავტომობილების ფასები იზრდება. საავტომობილო ინდუსტრიის ბარომეტრის, Manheim-ის ინდექსის მიხედვით, საბითუმო აუქციონებზე გაყიდული ავტომობილების ფასები გასულ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წლის ზაფხულის შემდეგ დაფიქსირებულ უმაღლეს ნიშნულს წარმოადგენს.
ინვენტარიზაციის მონაცემებით, მეორადი ავტომობილების მარაგები მარტის თვეში 40 დღის ნიშნულზე დაბლა ჩამოვიდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2026 წლის მინიმუმს წარმოადგენს და გასული წლის დონეს ჩამოუვარდება.
თებერვლის მონაცემებით, მეორადი სატრანსპორტო საშუალების საშუალო ფასი 25,287 დოლარს შეადგენდა. შედარებისთვის, ახალი ავტომობილების საშუალო ღირებულება 49,100 დოლარს აჭარბებს, რაც ახალი მაქსიმუმია.
ახალი ავტომობილების მაღალი ღირებულების გამო, მომხმარებელთა დიდი ნაწილი მეორადი ავტომობილების ბაზარზე ინაცვლებს, რაც ფასების ზრდას იწვევს.
ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა. ამის შესახებ მან მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
„არჩევნების შედეგები ნათელი და მტკივნეულია პარტიისთვის.
ჩვენ არ ვნებდებით! არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დავნებდებით! [...] არჩევნების შედეგები ჯერ საბოლოდ არ არის ცნობილი, თუმცა მაინც ნათელი და გასაგებია. ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ გვერგო. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას" - განაცხადა მან
მანამდე ორბანის მთავარმა ოპონენტმა, პიტერ მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა:
"მადლობა უნგრეთს! პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამარჯვება ტელეფონით მოგვილოცა"
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა იმ გემის ბლოკირებას, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდებიან“.
მან აღნიშნა, რომ ბლოკადა უახლოეს მომავალში დაიწყება და მას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.
ტრამპის თქმით, მან ასევე გასცა ბრძანება, რომ საერთაშორისო წყლებში გამოავლინონ და დააკავონ ის გემები, რომლებიც ირანს სრუტეში გავლისთვის გადასახადს უხდიდნენ. მან ასევე პირობა დადო, რომ აშშ ჰორმუზის სრუტის განაღმვას დაიწყებს.
„ნებისმიერი ირანელი, რომელიც ჩვენ ან სამშვიდობო გემებს ესვრის, პირდაპირ ჯოჯოხეთში გაიგზავნება!“ - დასძინა ტრამპმა.
აშშ და ირანი 8 აპრილის ღამეს შეთანხმდნენ, რომ საბრძოლო მოქმედებებს ორი კვირით შეწყვეტდნენ. ზავის ერთ-ერთი მთავარი პირობა ჰორმუზის სრუტის გახსნა იყო, რომელზეც მსოფლიო ნავთობის მიწოდების მეხუთედი მოდის. შეთანხმების მოქმედების პირველ დღეს ირანმა რამდენიმე გემი გაატარა, რის შემდეგაც სრუტე ლიბანზე ისრაელის დარტყმების გამო კვლავ დაიკეტა.
როგორც გამოცემა The Wall Street Journal-ი იტყობინებოდა, ომის რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანი ზოგიერთ გემს სრუტეში გავლისთვის ბაჟის სახით ერთ მილიონ დოლარს სთხოვდა. გამოცემის ინფორმაციით, ამ საფასურის გადახდაზე დაახლოებით 250 გემი დათანხმდა. ძირითადად, სრუტეს ირანული გემები და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები გადიოდნენ.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 13:00 საათისთვის რეკორდულ 54.1%-ს მიაღწია. 2022 წელს იგივე მაჩვენებელი 40%-ს შეადგენდა.
ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 07:00, 09:00, 11:00 საათებზეც.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, პარტია Fidesz-ის ლიდერმა, ბუდაპეშტში დღეს დილით მისცა ხმა და განაცხადა, რომ კმაყოფილია მაღალი აქტივობით - "ეს დემოკრატიის გამარჯვებაა. რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს, მით უკეთესია".
ორბანის პარტიის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური პარტია Tisza-ს ლიდერმა, პეტერ მაგიარმა ასევე დღეს დილით მისცა ხმა. მისი თქმით, რეკორდულად მაღალი აქტივობა და მშვიდი და გამჭვირვალე არჩევნები მის პარტიას გამარჯვებაში დაეხმარება.
"თუ ეს არჩევნები მშვიდ და კანონიერ გარემოში ჩატარდება, მაშინ Tisza და შესაბამისად, უნგრეთი ამ არჩევნებს მოიგებს" - განაცხადა მან.
აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებები პაკისტანში ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დასრულდა, მიუხედავად „რიგი შინაარსიანი დისკუსიებისა“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.
„ცუდი ამბავი ის არის, რომ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, ეს გაცილებით უფრო ცუდი ამბავია ირანისთვის, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის“, - უთხრა ვენსმა ჟურნალისტებს პაკისტანიდან გამოფრენამდე.
მისივე თქმით, აშშ-მა ნათლად განმარტა, თუ სად გადის მათი „წითელი ხაზები“ და სად არიან მზად კომპრომისისთვის, ირანმა კი ვერ დაამტკიცა, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს. ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ თავის საბოლოო წინადადებას კვლავ ძალაში ტოვებს. ამის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის მოლაპარაკებების შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აშშ-მა „სამხედრო თვალსაზრისით გაიმარჯვა“.
ირანმა დაადასტურა, რომ შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა თეირანში აღნიშნავენ, რომ ეს დიალოგზე საბოლოო უარს არ ნიშნავს და დიპლომატიის წარმატება „მეორე მხარის მიდგომის სერიოზულობაზეა“ დამოკიდებული.