უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ინფორმაცია. აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.
მისი თქმით, მუშაობა ცალკეულ ჯგუფებში გაგრძელდება კონკრეტულ სფეროებზე ფოკუსირებით, რის შემდეგაც იგეგმება პოზიციების ერთობლივი სინქრონიზაცია.
„ჩვენ ვმუშაობთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაფიო დირექტივების ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ღირსეულ და ხანგრძლივ მშვიდობას. ჩვენ ვაცნობებთ სახელმწიფოს მეთაურს მოლაპარაკებების თითოეული ეტაპის პროგრესის შესახებ“, – წერს უმეროვი.
ცნობისთვის, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამმხრივი შეხვედრები 4-5 თებერვალს გაგრძელდებოდა.
მოლაპარაკების პირველ რაუნდზე აშშ-ის დელეგაციას წარმოადგენდა სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი; უკრაინული დელეგაციის წევრები იყვნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და მისი მოადგილე სერგეი კისლიცა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელი ანდრეი გნატოვი. რაც შეეხება რუსულ მხარეს, დელეგაციას მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი ხელმძღვანელობდნენ.
ნატო-ს გენერალური მდივან მარკ რუტეუკრაინაში იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში ეროვნული ხსოვნის სახალხო მემორიალს ეწვია.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მათ პატივი მიაგეს იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს.
„დამოუკიდებლობის მოედანი. ეროვნული ხსოვნის სახალხო მემორიალი. მემორიალი, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს გმირებს, მეომრებს, ჩვენს ხალხს, რომლებმაც დაიცვეს უკრაინა მტრისგან, იბრძოდნენ და უდიდესი მსხვერპლი გაიღეს ამ ომში. ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად დღეს პატივი მივაგე დაღუპული უკრაინელი დამცველების ხსოვნას. მარადიული პატივი ჩვენს მეომრებს. მარადიული მადლიერება მათი თავგანწირვისა და ქვეყნის დაცვისთვის. ჩვენი მოვალეობაა, შევინარჩუნოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნა“, – წერს ის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მონაწილეობით მორიგი სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 4 და 5 თებერვალს არის დაგეგმილი.
„უკრაინა მზად არის საგნობრივი საუბრისთვის და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ შედეგმა ომის რეალურ და ღირსეულ დასასრულს დაგვაახლოოს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში.
რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
მოსალოდნელი იყო, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 1 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართებოდა.
აშშ-ის ფედერალურმა საემიგრაციო ოფიცრებმა მინეაპოლისში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მოკლული 37 წლის ალექს პრეტია.
სახელმწიფო და ფედერალური უწყებები პრეტის სიკვდილამდე განვითარებული მოვლენების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოუმი აცხადებს, რომ აგენტებმა „თავდაცვითი გასროლები“ მას შემდეგ განახორციელეს, რაც პრეტი „აგრესიულად მოიქცა“.
მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი კი ფედერალური ხელისუფლების მიერ მოვლენების აღწერას „აბსურდს“ და „სიცრუეს“ უწოდებს.
შემთხვევის ადგილთან მთელი ღამის განმავლობაში მომიტინგეები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც პრეტის სახელს სკანდირებდნენ.
დაახლოებით 3 კვირის წინ, საემიგრაციო აგენტებმა ამავე ქალაქში რენე გუდი მოკლეს.
გაერთიანებული არაბთა საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დელეგაციების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმატებში მართავენ შეხვედრებს.
უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები აბუ-დაბიში უკვე მეორე დღეა იმართება. პირველი შეხვედრა გუშინ შედგა და გვიან ღამით დასრულდა. მოლაპარაკებებში ჩართულმა მხარეებმა შეხვედრას პროდუქტიული და კონსტრუქციული უწოდეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებებში ყველაზე პრობლემატური ტერიტორიული საკითხია. რუსები ითხოვენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასი მთლიანად დატოვონ. უკრაინელები უარზე არიან.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეგიდით შექმნილი ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭო“ ოფიციალურად დაფუძნდა.
ახალი სამშვიდობო ორგანოს დაფუძნების ცერემონია დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
სადამფუძნებლო დოკუმენტს ტრამპის გარდა ხელი უნგრეთის, არგენტინის, ბულგარეთის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, გაერთიანებულ არაბთა საამიროების, იორდანიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მონღოლეთის, პაკისტანის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა მოაწერეს.
„გილოცავთ, პრეზიდენტო ტრამპ! წესდება ახლა ძალაში შევიდა, და „მშვიდობის საბჭო“ ოფიციალურად საერთაშორისო ორგანიზაციაა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა ხელმოწერის ცერემონიის მსვლელობისას.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას ახდენს. ამ პროცესის ცენტრალური რგოლი ე.წ. „მშვიდობის საბჭო“ (The Peace Council) ხდება — ორგანო, რომელიც ტრადიციული ბიუროკრატიული მოდელებისგან განსხვავებით, სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ დიპლომატიას ეფუძნება.
საბჭო აერთიანებს სამხედრო სტრატეგიას, ეკონომიკურ ბერკეტებსა და პერსონალურ მოლაპარაკებებს ერთიან ჩარჩოში, რათა უზრუნველყოს ამერიკის ინტერესების გატარება გლობალურ კრიზისებში. მისი მიზანია რეალური სტაბილურობის მიღწევა არა მხოლოდ დებატებით, არამედ ძალთა ისეთი ბალანსით, სადაც მშვიდობის დარღვევა ნებისმიერი მხარისთვის კატასტროფულ ფასთან არის დაკავშირებული.
პრეზიდენტის ხედვით, „მშვიდობის საბჭო“ გარკვეულწილად სწორედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფუნქციურ შემცვლელად გვევლინება იმ კრიზისების მართვაში, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტები არაეფექტური აღმოჩნდნენ. ტრამპის პოზიცია ეფუძნება რწმენას, რომ მრავალმხრივი ორგანიზაციები ხშირად ბიუროკრატიულ ლაბირინთებში იკარგებიან. ამ კონტექსტში, საბჭო განიხილება როგორც ქმედითი ალტერნატივა, რომელიც არ არის დამოკიდებული ხანგრძლივ რეზოლუციებსა და წევრი ქვეყნების ურთიერთგამომრიცხავ ინტერესებზე. იგი გვთავაზობს „ამერიკულ მშვიდობას“, რომელიც გადაწყვეტილების მიღების სისწრაფით ცვლის ძველ საერთაშორისო დიპლომატიურ არქიტექტურას.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა მიიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სრული სია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია, უკვე გამოიკვეთა მხარდამჭერთა და ოპონენტთა ჯგუფები. ცნობილია, რომ თეთრი სახლის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს საფრანგეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, სლოვენიამ და შვედეთმა.
ვაშინგტონის ინიციატივას 23-მდე ქვეყანა დათანხმდა. მათ შორის არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი, ისრაელი, უნგრეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი. წევრთა ეს შემადგენლობა ხაზს უსვამს საბჭოს გავლენას განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ადმინისტრაცია იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც საბჭოს მუდმივი წევრობის სტატუსი სურთ, ფინანსური ვალდებულების შესრულებას — სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს.
რაც შეეხება ორგანიზაციულ სტრუქტურას, „მშვიდობის საბჭოს“ წესდების პროექტის მიხედვით, დონალდ ტრამპი იქნება ორგანოს პირველი თავმჯდომარე, რომელსაც ენიჭება ექსკლუზიური უფლება, გადაწყვიტოს, ვინ გახდება ჯგუფის წევრი. მართალია, დოკუმენტში გათვალისწინებულია გადაწყვეტილებების უმრავლესობით მიღების პრინციპი და თითოეულ სახელმწიფოს ერთი ხმა ექნება, თუმცა ყველა მნიშვნელოვანი დადგენილება საბოლოოდ თავმჯდომარის დამტკიცებას ექვემდებარება.
17 იანვარს თეთრმა სახლმა საბჭოს წევრების ნაწილი ოფიციალურად წარადგინა. ამერიკულ მხარესა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის კოორდინაციას განახორციელებენ:
• მარკო რუბიო — აშშ-ის სახელმწიფო მდივანი;
• სტივ უიტკოფი — პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი;
• ტონი ბლერი — გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
• ჯარედ კუშნერი — ბიზნესმენი და პრეზიდენტის სიძე.
ოქტომბერში წარდგენილი გეგმის თანახმად, საბჭოს თავმჯდომარის პოსტს თავად დონალდ ტრამპი დაიკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „მშვიდობის საბჭო“ იქნება პრეზიდენტის პირდაპირი მართვის ინსტრუმენტი გლობალურ პოლიტიკაში.