ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორმა ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დარტყმების განხორციელების ბრძანება შაბათს გასცა. ოპერაცია Hawkeye Strike-ის ნაწილია და 13 დეკემბერს სირიაში აშშ-ის ძალებზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ სასიკვდილო თავდასხმაზე საპასუხო რეაქციაა.
„ჩვენი გზავნილი კვლავ მტკიცეა: თუ ზიანს მიაყენებთ ჩვენს მებრძოლებს, ჩვენ გიპოვით და გაგანადგურებთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ეცდებით მართლმსაჯულებას დაემალოთ“, - აღნიშნულია სარდლობის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დარტყმების ზუსტი ადგილი და მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ოპერაციას სოციალურ ქსელებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტიც გამოეხმაურა.
„ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს დავიხევთ უკან“, - დაწერა მან X-ზე.
ირანში საპროტესტო ტალღა, რომელიც 2025 წლის მიწურულს ეკონომიკური მიზეზებით დაიწყო, იანვარში ქვეყნის მასშტაბით მზარდ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. მიმდინარე მოვლენები წარმოადგენს იმ საზოგადოებრივი უკმაყოფილების გაგრძელებას, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, მათ შორის 2009 წლის, 2019 წლისა და განსაკუთრებით 2022 წელს მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაწყებული „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლების“ მოძრაობის დროს.
გადავწყვიტეთ მოგიყვეთ, როგორ დაიწყო და განვითარდა მოვლენები ბოლო ორი კვირის განმავლობაში.
28 დეკემბერი: საპროტესტო აქციებმა იფეთქა თეირანის ცენტრში მდებარე ორ უმსხვილეს ბაზარში. ამის მიზეზი ირანული რიალის კურსის მორიგი ვარდნა გახდა — 1.42 მილიონი რიალი 1 აშშ დოლართან, რაც ახალი ანტირეკორდია. ამან გააძლიერა ინფლაციური წნეხი და გამოიწვია საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების მკვეთრი ზრდა. უკმაყოფილებას ისიც ამწვავებდა, რომ დეკემბრის დასაწყისში მთავრობამ ფასები გაზარდა სახელმწიფო სუბსიდირებაზე მყოფ ბენზინზე.
29 დეკემბერი: ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, მოჰამედ რეზა ფარზინი, თანამდებობიდან გადადგა. პროტესტი თეირანიდან სხვა ქალაქებშიც ვრცელდება. პოლიცია დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებს.
30 დეკემბერი: აქციები მოიცავს უნივერსიტეტების კამპუსებს. პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი ბიზნეს-ლიდერებს ხვდება და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების პირობას დებს, თუმცა ხალხისთვის ეს დაგვიანებული ნაბიჯია.
31 დეკემბერი: ირანმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ახალ მმართველად აბდოლნასერ ჰემათი დანიშნა. ქვეყნის სამხრეთში მყოფი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქალაქ ფასაში გამართული აქციები ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ხალხის მასამ გუბერნატორის ოფისში შეაღწია და პოლიციელები დაჭრა.
1 იანვარი: ოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია საპროტესტო აქციების დროს პირველი მსხვერპლის შესახებ; ხელისუფლება აცხადებს, რომ სულ მცირე შვიდი ადამიანია მოკლული. ყველაზე ინტენსიური ძალადობა ქალაქ აზნაში, ირანის ლორესტანის პროვინციაში დაფიქსირდა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ქუჩებში ცეცხლწაკიდებული ნივთები და ისმის სროლის ხმა, რის ფონზეც ხალხი სკანდირებს: „უნამუსოებო! უნამუსოებო!“. ნახევრად ოფიციალური სააგენტო Fars-ი იტყობინება სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ. მომიტინგეების მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ბახტიარისა და ისპაჰანის პროვინციებიდანაც, ხოლო ლორესტანში მოკლულია გასამხედროებული „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (Basij) 21 წლის მოხალისე.
2 იანვარი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ პლატფორმაზე (Truth Social) წერს, რომ თუ ირანი „მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად დახოცავს“, ამერიკის შეერთებული შტატები „მათ გადასარჩენად მოვა“. ეს გაფრთხილება გაჟღერდა რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბეს. ტრამპის განცხადება დამატებითი განმარტებების გარეშე მოიცავდა მტკიცებას: „ჩვენი იარაღი დატენილია და მზადყოფნაში ვართ“ (We are locked and loaded and ready to go). ამავდროულად, აშშ-ში ბაზირებული „ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს“ (HRANA) მონაცემებით, საპროტესტო აქციებმა ირანის 31 პროვინციიდან 22-ში, 100-ზე მეტ ლოკაციას მიაღწია.
3 იანვარი: ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ხამენეი აცხადებს, რომ „მეამბოხეები თავის ადგილზე უნდა მოისვან“, რაც უსაფრთხოების ძალებისთვის რეპრესიების დაწყების „მწვანე შუქი“ ხდება. დაღუპულთა რიცხვი 15-მდე იზრდება, დაკავებულია 580 ადამიანი.
6 იანვარი: თეირანის დიდ ბაზარში მჯდომარე აქცია იმართება. სამართალდამცავები მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზით შლიან. დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე იზრდება, აქციებმა კი ქვეყნის 27 პროვინციას მიაღწია.
8 იანვარი: მთელი ირანის მასშტაბით ხალხი ფანჯრებიდან საპროტესტო შეძახილებს სკანდირებს და ღამის აქციებზე გამოდის. მთავრობა პასუხობს ინტერნეტისა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის სრული ბლოკირებით, რათა 85-მილიონიანი ქვეყანა გარე სამყაროს მოწყვიტოს.
9 იანვარი: ირანის ხელისუფლება მასშტაბური „წმენდის“ დაწყებას აანონსებს. უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ს მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, ხოლო დაკავებულია 2,300-ზე მეტი ადამიანი.
ირანის უმაღლესმა ლიდერმა 9 იანვრის გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეჟიმი დათმობაზე არ წავა. მან მომხდარს „უცხოური აგენტურის მიერ დაგეგმილი შეთქმულება“ უწოდა:
„ჩვენი მტრები იმედოვნებენ, რომ ირანელი ხალხი რევოლუციურ გზას გადაუხვევს, მაგრამ ისინი ცდებიან. უსაფრთხოების ძალებს აქვთ სრული უფლებამოსილება, დაიცვან წესრიგი. ვინც ქუჩებში ქაოსს თესავს და ისლამურ ღირებულებებს შეურაცხყოფს, უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ჩვენ ამ ამბოხს ბოლომდე ჩავახშობთ.“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კი თავის ბოლო მიმართვაში რეჟიმის ქმედებები პოლიტიკურ განაჩენად შეაფასა:,
„ის, რასაც ჩვენ ირანში ვხედავთ, რეჟიმის აგონიაა. აიათოლას მუქარა მხოლოდ მის სისუსტეზე მეტყველებს. 9 იანვარი დარჩება ისტორიაში, როგორც დღე, როდესაც ირანელმა ხალხმა საბოლოოდ გაიმარჯვა შიშზე. ჩვენი პოზიცია უცვლელია — ნებისმიერი მასშტაბური ძალადობა მომიტინგეებზე ამერიკისგან უმკაცრეს პასუხს გამოიწვევს. ირანი თავისუფალი იქნება.“
დღეს მსოფლიო ელოდება — გაბედავს თუ არა რეჟიმი იმ მასშტაბურ „წმენდას“, რომელიც დააანონსა, თუ ხალხის რევოლუციური ტალღა ისლამური რესპუბლიკის მმართველობას საბოლოოდ ჩააბარებს ისტორიას.
პარიზში გამართულ სამიტზე 6 იანვარს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებმა ხელი მოაწერეს მოქმედებების შესახებ დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ბრიტანული და ფრანგული ჯარების, სხვა ევროპელი მოკავშირეების ჯარებთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.
საფრანგეთის დედაქალაქში შეხვედრა ორგანიზებული იყო ე.წ. მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს კიევის მოკავშირე ქვეყნებს. მოლაპარაკებებს 35 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები დაესწრნენ.
არსებული ცნობით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები შეთანხმდნენ უსაფრთხოების ძირითად გარანტიებზე, მათ შორის აშშ-ის ხელმძღვანელობით მონიტორინგის მექანიზმზე და ევროპულ მრავალეროვნულ ძალებზე, რომლებიც განლაგდება რუსეთის მიერ მეზობლის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
„მნიშვნელოვანია, რომ დღეს კოალიციას აქვს არსებითი დოკუმენტები. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. არსებობს კონკრეტული შინაარსი: კოალიციის ყველა ქვეყნის ერთობლივი დეკლარაცია და საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის სამმხრივი დეკლარაცია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დოკუმენტზე საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად ხელმოწერის შემდეგ.
პარიზის შეხვედრამდე მომზადებული დოკუმენტის პროექტის შესახებ ანგარიშებში ნათქვამი იყო, რომ ის შეიცავდა უკრაინის დასავლელი მოკავშირეების მზადყოფნას, დათანხმებოდნენ გარანტიებს. საქმე ეხება კიევის მხარდაჭერის ვალდებულებებს, რუსეთის მხრიდან ახალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გამოყოფს ფორმულირებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „უკრაინის თავდაცვის უნარი გადამწყვეტია უკრაინისა და ევროატლანტიკური რეგიონის მომავალი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“.
შეხვედრის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ დისკუსიების ცენტრალური თემა იყო კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს ქარტიის მე-5 მუხლით შთაგონებული ვალდებულებების დაზუსტება.
შემოთავაზებული სისტემის მიზანია უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა მისი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებით და პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საიმედო მექანიზმის შექმნით, დასძინა მელონიმ. პარიზში მიღებული დეკლარაცია ხაზს უსვამს მომავალ მრავალეროვნულ ძალებში ქვეყნების მონაწილეობის ნებაყოფლობით ხასიათს. მელონიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იტალიის ჯარები პირდაპირ უკრაინის ტერიტორიაზე არ განლაგდებიან.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მსგავსი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გერმანული ჯარები შეიძლება შეუერთდნენ მომავალ მრავალეროვნულ ძალებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მეთვალყურეობისთვის, მაგრამ მხოლოდ ნატოს ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, რომელიც 6 იანვარს პარიზის სამიტს დაესწრო, განაცხადა, რომ კიევის მოკავშირეებმა „მნიშვნელოვანწილად დაასრულეს“ შეთანხმება უკრაინისთვის ომის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებზე. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ რუსეთთან ტერიტორიულ საკითხზე კომპრომისამდე მივლენ, რომელიც, უიტკოფის თქმით, „ყველაზე პრობლემურ სფეროდ“ რჩება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისთვის მშვიდობის შემთხვევაში დადგენილი უსაფრთხოების გარანტიების მიმართ ნდობას იმსახურებს. მაკრონის თქმით, საფრანგეთს შეუძლია უკრაინაში თავისი „რამდენიმე ათასი“ ჯარისკაცის გაგზავნა.
შეხვედრის შეჯამებისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა ბევრად ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, თუმცა ყველაზე რთული ეტაპები ჯერ კიდევ წინ არის. სტარმერი ირწმუნება, რომ დიდი ბრიტანეთი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის მიერ ინიციირებული ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ მონიტორინგში. მან განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო ცენტრებს შექმნიან ქვეყნის თავდაცვის საჭიროებების მხარდასაჭერად. სტარმერმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას, მათ შორის ნავთობით მოვაჭრეებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორგანიზატორების წინააღმდეგ დამატებითი ზომებით.
საფრანგეთში ჩასვლისთანავე, 6 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალი მოლაპარაკებები „უკრაინის უფრო მეტი დაცვისა და მისი პოზიციების გაძლიერებისკენაა მიმართული“. „ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერაზე და იმ ნაბიჯებზე ვართ დაყრდნობილნი, რომლებიც ჩვენი ხალხისთვის რეალური უსაფრთხოების გარანტიას იძლევა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
კიევი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ის ვერ იქნება უსაფრთხოდ ნატოს ურთიერთდაცვის შეთანხმების მსგავსი იმ გარანტიების გარეშე, რომლებიც ხელს შეუწყობდა რუსეთის შემდგომი თავდასხმებისგან შეკავებას. მოსკოვს სურს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება სამხედრო ალიანსებში უკრაინის გაერთიანებას გამორიცხავდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ადრე ჩამოთვლილ გარანტიებს შორის იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების 800 000-კაციანი შემადგენლობის შენარჩუნება, უკრაინის ევროკავშირში წევრობა და კიევის უსაფრთხოების უზრუნველყოფა „ცაში, ხმელეთზე, ზღვაზე“, ასევე ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორებში. გარდა ამისა, უკრაინა შეერთებული შტატებისგან იურიდიულად სავალდებულო, მათ შორის კონგრესის მიერ დამტკიცებულ უსაფრთხოების ვალდებულებებს ითხოვს.
"რადიო თავისუფლება"