შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 12 პირი.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული ვ.პ., 1974 წელს დაბადებული გ.კ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ს.ვ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1998 წელს დაბადებული ჯ.თ., 1997 წელს დაბადებული თ.წ., 1977 წელს დაბადებული ვ.ბ., 1989 წელს დაბადებული ს.ჯ., 1973 წელს დაბადებული, ჯ.წ., 1985 წელს დაბადებული ნ.ბ., 1976 წელს დაბადებული მ.ც., 1983 წელს დაბადებულ ა.ბ. და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.ც.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - პისტოლეტები, რევოლვერები, ავტომატი, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და მაყუჩი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 6 717 კოლოფი უაქციზო სიგარეტისა და 60 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.
აღნიშნული ფაქტების შესახებ საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ცხინვალში შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა მოაწყვეს საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ჩოჩიევზე, მისივე სამუშაო კაბინეტში. როგორც მოწმეები აცხადებენ, თავდამსხმელები ალან გაგლოევის — ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ძმის, ალიკ გაგლოევის — ახლო მეგობრები არიან.
თავდასხმის დროს ჩოჩიევს ემუქრებოდნენ გლოკის ტიპის იარაღით, თუმცა მისმა კოლეგებმა თავდასხმა აღკვეთეს.
მოწმეების თქმით, თავდამსხმელები სამნი იყვნენ. ორი მათგანი — ხოხ გაბარაევი და ოლეგ ჯაბიევი — წარსულშიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეში იყვნენ ეჭვმიტანილები, თუმცა ე.წ. პრეზიდენტის ძმასთან მეგობრობის გამო, მართლმსაჯულებას ხშირად თავს აღწევდნენ.
როგორც ცხინვალში აცხადებენ, თავდასხმის მიზეზი საბაჟოს ყოფილ მოკავშირე ჯგუფებს შორის კონტრაბანდის გამო წარმოშობილი დაპირისპირება გახდა — განსაკუთრებით სიგარეტის უკანონო შემოტანასთან და გავლენის სფეროების გადანაწილებასთან დაკავშირებით.
„საბაჟოს გავლით დიდი მასშტაბის კონტრაბანდა ხორციელდება. საქმე ძალიან, ძალიან დიდ თანხებთან გვაქვს. ჩოჩიევი სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ამ სქემებს. მასთან დაპირისპირებულ ჯგუფს სურდა, რომ ჩოჩიევი იძულებით გადამდგარიყო, მაგრამ როცა ვერ შეძლეს მისი დარწმუნება, გადაწყვიტეს ფიზიკური განეიტრალება,“ — აცხადებენ ცხინვალში.
მიუხედავად ამისა, ალექსანდრ ჩოჩიევი ყოველთვის ერთგულად უჭერდა მხარს ალან გაგლოევს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა სპეციალური ოპერაცია “ჩაჭერა”. შედეგად, პოლიციამ 11 ეჭვმიტანილი დააკავა. შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრის, ალან გუჩმაზოვის განცხადებით, მათგან ამოღებულია დიდი ოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ყალბი ავტომანქანის ნომრები და სხვა.
თუმცა დაკავებულებს შორის თავდასხმაში უშუალო მონაწილეები აღმოჩენილი არ არიან.
გენერალურმა პროკურატურამ თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა თავადაც აღიარებს, რომ უშუალო დამნაშავეები ჯერ კიდევ თავისუფლებაზე რჩებიან:
„გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ჩოჩიევზე თავდასხმის საქმეზე, რომელიც მის სამუშაო კაბინეტში მოხდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. საქმე აღძრულია ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის მუხლებით.“
ერთ-ერთი ადგილობრივი სამართალდამცველი, ანონიმურობის დაცვის პირობით, ვარაუდობს, რომ ჩოჩიევზე თავდასხმა შესაძლოა დადგმული ინციდენტი ყოფილიყო:
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თავდასხმა მხოლოდ სპექტაკლი იყო. სამხრეთ ოსეთის კრიმინალური სამყარო დაყოფილია სხვადასხვა ჯგუფებად, და ვფიქრობ, ამ სპექტაკლით მოიცილეს ის პირები, რომლებიც პრეზიდენტის ძმის ჯგუფში არ შედიოდნენ. სამართალდამცავებმა კარგად იციან, ვინ იყო ნამდვილი თავდამსხმელი, მაგრამ დაკავებულები სრულიად სხვები არიან.“ – აცხადებს წყარო.
კვლავ ალიკ გაგლოევის სახელი ფიგურირებს
ეს არც პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის ძმა, ალიკ გაგლოევი და მისი ახლო წრე პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან სისხლის სამართლის საქმეებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ნაწილმა კვლავ დაადანაშაულა იგი კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებაში.
ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ოსეთი“ კიდევ ერთხელ მოუწოდა პრეზიდენტს, მკაცრი ზომები მიიღოს დანაშაულებრივი ელემენტების წინააღმდეგ და ასევე პარლამენტს მიმართა სასწრაფო სესიის მოწვევის მოთხოვნით.
„ეს შემზარავი ინციდენტი კიდევ ერთხელ ამხელს სამართლებრივი უპასუხისმგებლობის და სრულად უკონტროლო მდგომარეობის სურათს. მომხდარი, სხვა რეზონანსულ შემთხვევებთან ერთად, პირდაპირი შედეგია მოქმედი ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის,“ — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
წყარო: Jamnews
დე ლა ოსას ქუჩაზე "ეფ ბი აის" თანამშრომლები დღის 13:00 საათზე გამოჩნდნენ. ოფიცრებთან ერთად ქართველი ბიზნესმენის სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც შევიდა. ექიმებს 47 წლის ალექსანდრე მოდებაძე მოკლული დახვდათ.
გამოძიების ინფორმაციით, 38 წლის პაატა ყოჩიაშვილმა, 46 წლის ზაზა ოთარაშვილმა და 52 წლის ბესიკ ხუციშვილმა მოდებაძის დაყაჩაღება ერთობლივად დაგეგმეს. სამართალდამცავი უწყებების ვერსიით, მძარცველებს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი მსხვერპლის წამების მეთოდიც. მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ სიკვდილის მიზეზი თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა გახდა.
მომხდარი მკვლელობის შემდეგ ვუდლენდ ჰილზი დღეს ამერიკული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. დე ლა ოსას ქუჩის მცხოვრებლები რეპორტიორებთან მოკლული მეზობლის შესახებ ჰყვებიან.
ლოს-ანჯელესის პოლიციის მონაცემებით, ეჭვმიტანილებმა ალექსანდრე მოდებაძის სახლი ნაძარცვით დატოვეს. FBI-ის აგენტებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების სამივე წევრი მკვლელობიდან რამდენიმე საათში აიყვანეს. სამივე მათგანი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული. სასამართლო პროცესების დასრულებამდე თითოეულ მათგანს 2 მილიონი დოლარის გირაო შეეფარდა.
მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრე მოდებაძე აშშ-ის მოქალაქე იყო და წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, სადაც ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. მოდებაძის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილებს ბიზნესმენის ვალი ჰქონდათ,რაც მკვლელობის მიზეზი გახდა.
წყარო: რუსთავი 2