თბილისის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.
მისი თქმით, უფასო სკრინინგი ჩაუტარდება დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას, ბოლო 15 წელია, თავი დაანებეს.
„ჩვენი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროექტების საშუალებით არაერთ ოჯახსა და ადამიანს დავეხმარეთ. თბილისის მერია ამჯერად ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა პირველი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება და მას „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას, ბოლო 15 წელია, თავი დაანებეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სკრინინგის პროგრამის დეტალები, მათ შორის ასაკი, ონკოლოგიის, რადიოლოგიისა და პულმონოლოგიის დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განისაზღვრა. ასევე, შეირჩა წამყვანი კლინიკები და საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტები.
„სკრინინგის ფარგლებში ჩატარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომელსაც ორი რადიოლოგი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წაიკითხავს. განსხვავებული შეფასების შემთხვევაში, მესამე რადიოლოგის ჩართვით, კონფერენცია გაიმართება. ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩასართავად თბილისის მერიამ წამყვანი კლინიკები შეარჩია, რომლებიც საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტების და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ ეტაპზე პროგრამას თბილისის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარე 16 სამედიცინო დაწესებულება მოემსახურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ ფილტვის კიბო, ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს და 70 პროცენტამდე ზრდის სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელს.
სამგორის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.
ამჟამად, მიხეილ გახოკიძის ქუჩის მიმდებარედ 3 400 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მიმდინარეობს გზის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში, გაფართოვდა გზის გამტარიანობა, 65 გრძივ მეტრზე მოეწყობა საყრდენი კედლები, დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი, მოწესრიგდება ბორდიურები, მოეწყობა ავტოპარკი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის ყოველდღიური გადაადგილების პირობები. პროექტის საერთო ბიუჯეტი 450 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე მოადგილესთან, ზურაბ თამლიანთან და გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.
ვარკეთილის მეურნეობაში, ახმეთ მელაშვილის ქუჩის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
ამჯერად, ტროტუარების მოასფალტება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 3 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორფენიანი ასფალტის დაგება, ბორდიურის მოწყობა, წყალარინებისა და სადრენაჟე სისტემის მონტაჟი.
პროექტის საორიენტაციო ღირებულება 540 000 ლარს შეადგენს.
ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
დაზიანება ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში დაფიქსირდა, სადაც მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა. შედეგად, ბზარები გაჩნდა როგორც სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე.
ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„აღნიშნულ მონაკვეთზე როგორც კი გზის ჩამოშლის საშიშროება გაჩნდა, ერთ სამოძრაო ზოლში მაშინვე შეიზღუდა ავტომობილების გადაადგილება. პირველ რიგში, მოეწყობა 40 მეტრამდე სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რის შემდეგაც ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. შეივსება გზის აღნიშნული მონაკვეთი და მოძრაობა აღდგება. პროექტი ივლისის ბოლოს მთლიანად დასრულდება. შედეგად, გადაადგილება იქნება უსაფრთხო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დროულად იმოქმედა და ყველაფერი გააკეთა პრევენციული ღონისძიებებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს.
ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია იმყოფებოდნენ.
სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის მე-4 კვარტლის N4, N5, N6, N45, N47 და N49 საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე განხორციელდება მარინა ჭყონია-სამარგულიანის ქუჩის მონაკვეთზეც.
საერთო ჯამში, 3 700 კვ.მ ფართობზე იგეგმება ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება, ბორდიურებისა და საპარკინგე სივრცეების მოწყობა.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, დაახლოებით 500 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე პროექტს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ქვემო სამგორის მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია წიკლაურთან ერთად გაეცნო.
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება პარალელური ქუჩების გავლით. უსაფრთხოების მიზნით სამუშაო არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.