ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
დაზიანება ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში დაფიქსირდა, სადაც მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა. შედეგად, ბზარები გაჩნდა როგორც სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე.
ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„აღნიშნულ მონაკვეთზე როგორც კი გზის ჩამოშლის საშიშროება გაჩნდა, ერთ სამოძრაო ზოლში მაშინვე შეიზღუდა ავტომობილების გადაადგილება. პირველ რიგში, მოეწყობა 40 მეტრამდე სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რის შემდეგაც ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. შეივსება გზის აღნიშნული მონაკვეთი და მოძრაობა აღდგება. პროექტი ივლისის ბოლოს მთლიანად დასრულდება. შედეგად, გადაადგილება იქნება უსაფრთხო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დროულად იმოქმედა და ყველაფერი გააკეთა პრევენციული ღონისძიებებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს.
ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია იმყოფებოდნენ.
სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის მე-4 კვარტლის N4, N5, N6, N45, N47 და N49 საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე განხორციელდება მარინა ჭყონია-სამარგულიანის ქუჩის მონაკვეთზეც.
საერთო ჯამში, 3 700 კვ.მ ფართობზე იგეგმება ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება, ბორდიურებისა და საპარკინგე სივრცეების მოწყობა.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, დაახლოებით 500 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე პროექტს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ქვემო სამგორის მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია წიკლაურთან ერთად გაეცნო.
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება პარალელური ქუჩების გავლით. უსაფრთხოების მიზნით სამუშაო არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
12-13 აპრილს ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. აღნიშნული მარშრუტების ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.