საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, 20 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის დღის ბოლომდე ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მძღოლები იმოძრავებენ ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.
„ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.
გარდა ამისა, 24 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიისა და ათონელის ქუჩებზე.
შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით (ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გამოყენებით), ხოლო ვირსალაძის ქუჩიდან მშრალი ხიდისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით.
დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით საგზაო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც. კერძოდ, 20 მაისის 20:00-დან 21 მაისის 01:00 საათამდე, აგრეთვე, 21-22 მაისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერეამდე“ და შემდეგ უკუმიმართულებით, ხოლო მტკვრის ორივე სანაპიროდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე (ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთა).
რაც შეეხება ალტერნატიულ მარშრუტებს, კერძო ავტომობილების გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის, ასევე, მათი მიმდებარე ქუჩების დახმარებით.
ცვლილება შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას. კერძოდ, აღნიშნულ ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით.
გარდა ამისა, 24 მაისის 00:00-დან 27 მაისის 08:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები გია ჭანტურიას ქუჩამდე შეძლებენ გადაადგილებას, საიდანაც მარცხნივ მოხვევით, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხვდებიან და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტი პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 150 მოქალაქეს დაუფინანსდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, პროგრამა, ყოველ სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით მოქალაქე აფთიაქში მედიკამენტს იღებს.
„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის დაწყება საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის რიცხვები, არამედ თითოეული ადამიანია, ვისაც დახმარება სჭირდება. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქე, საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართავს.
„თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. რევმატოიდული ართრიტი რთული დაავადებაა. ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა ახლავს თან. როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება, მიიღოს თანამედროვე მკურნალობა, ეს მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის, ეს ცხოვრების დაბრუნებაა. ადამიანი ისევ ახერხებს მუშაობას, ოჯახზე ზრუნვას. ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, ზრუნვა მათ ღირსებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამა 2025 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.
საბურთალოს რაიონში, ოთარ ონიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა 4 მაისის 10:00 საათიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს. ინფრასტრუქტურულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.
ბუდაპეშტის ქუჩიდან ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილები გადაადგილებას გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და პეკინის გამზირის გავლით შეძლებენ, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ბუდაპეშტის ქუჩაზე მოხვედრას სიმონ კანდელაკის ქუჩის გამოყენებით მოახერხებენ.
ზურაბ ჟვანიას ქუჩიდან მირზა გელოვანის, ტაშკენტისა და ცხინვალის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ კანდელაკისა ან ლვოვის ქუჩების გავლით.