სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „T’way Air“-ი სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განხორციელებას გეგმავს. ავიაკომპანიამ შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო.
"საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კერძოდ 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით Airbus A330-ის და Boeing B777-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. სულ, ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რვა ავიარეისის განხორციელება იგეგმება.
აღსანიშნავია, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური არარეგულარული რეისები 2024-2025 წლების განმავლობაშიც შესრულდა კორეული ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ. 2024 წელს, ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 1077 მგზავრი, ხოლო 2025 წელს - 2233 მგზავრი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა",- აღნიშნავენ სააგენტოში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრები Aqualia-ს რეგიონულ დირექტორს, ხოსე ენრიკე ბოფილს და შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”(GWP) გენერალურ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოსს შეხვდნენ.
სემეკში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიმდინარე გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება/რეაბილიტაციას, წყვეტების შემცირებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სალიცენზიო არეალში Aqualia-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შედეგად, გამოიცვალა პრობლემატური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რამაც რიგ ქუჩებზე უზრუნველყო წყალმომარაგების გაუმჯობესება.
გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმაგანიხილეს სამომავლო გეგმები. კერძოდ, იმსჯელეს მომდევნო წლებში განსახორციელებელ ინვესტიციებსა და არსებული გამოწვევების ერთობლივად დაძლევის საკითხებზე.
მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა - სურსათი, მედიკამენტები და საწვავი და ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, ვინაიდან პესტიციდების ფასი და ხელმისაწვდომობა პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის წარმოების თვითღირებულებაზე, ფერმერთა კონკურენტუნარიანობასა და სასურსათო პროდუქტების ფასებზე.
„ჩვენი შეფასებით, საქართველოში აღინიშნება როგორც მაღალი ფასები პესტიციდებზე, ისე ჭარბი მოხმარების პრაქტიკა. ორივე მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერებთან, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე უახლოეს მომავალში შექმნის სამართლიან სისტემას, ესაა ჩვენი მიზანი და ამოცანა, რომელიც პესტიციდებზე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასებს უზრუნველყოფს. მადლობა მინდა, გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უკვე გაწეული სამუშაოსთვის. ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი გამოწვევაა და დარწმუნებული გვაქვს, რომ გვექნება ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით,“- განაცხადა პრემიერმა.