ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება მოვახერხოთ ფასების დაწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ქსელური მარკეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია, მოქალაქეებზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს.
„ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს თავის საქმიანობას, ეს ეხმარება ეკონომიკას, დასაქმებას ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში. რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა. მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86 პროცენტს. ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში - 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასევე, კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.
შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ დღეს არსებული საქართველოს დერეფნით ტვირთების გადაზიდვა, სულ მალე სომხეთის დერეფანზე გადაინაცვლებს. ამის შესახებ მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი მოითხოვა. წერს Report-ი.
ილჰამ ალიევმა შეახსენა დამსწრეებს, რომ აზერბაიჯანმა ყაზახეთიდან და რუსეთიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა.
„ახლა კი ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა სომხური მხარისგან, რათა უზრუნველვყოთ ტრანზიტი სომხეთიდან რუსეთში. ამგვარად, ჩვენი დერეფანი დე ფაქტო ცალმხრივად გავხსენით. დიახ, ახლა გადაზიდვები საქართველოზე გადის, მაგრამ დადგება დღე, როცა ისინი სომხეთის გავლით წავა. და დადგება დღე, როდესაც სომხეთი განახორციელებს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანიდან, და ეს დღე არც ისე შორს არის“.
მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტს რეგიონი და უახლოესი მეზობლები წარმოადგენენ: „ძალიან მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლებში ჩვენ შევძელით ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა – ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მშვიდობა დამყარდა, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და საექსპორტო ოპერაციები“.
8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. მათ შორის არის Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), რომლის მიზანიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირება იყო. ეს იგივეა, რასაც აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებენ, რაც რეალურად არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან. თავის მხრივ ამერიკას "ტრამპის მარშრუტზე" კონტროლი 100 წლით უნდა. აღსანიშნავია, რომ "ტრამპის მარშრუტი" მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას რკინიგზას, საავტომობილო გზასდა ენერგომილსადენებს.
bm.ge
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,052.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.2%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 4,690.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 6.0%).
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის IV კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 13.8%-ით განისაზღვრა და 145.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.6%-ია.
სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 37.0% და 31.6%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2025 წლის IV კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 23.7%-ით შემცირდა.
რუსეთის ხელისუფლება აზოვის ზღვის გავლით საზღვარგარეთული კრუიზების აღდგენაზე განიხილავს — ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შესაძლებელია აზოვის ზღვის გავლით უცხო სახელმწიფოებში კრუიზების აღდგენა. ადრე არსებობდა საკრუიზო მარშრუტი მარიუპოლი - ბათუმი. სამგზავრო ნავმისადგომის აღდგენის ან მშენებლობის შემთხვევაში, აღნიშნული მარშრუტი შესაძლოა აღდგეს“, — ნათქვამია დოკუმენტებში. აღსანიშნია, რომ მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მიერაა ოკურებული უკრაინის ტერიტორიაა.
სამთავრობო დოკუმენტის მიხედვით, ამგვარი კრუიზების განხორციელებისთვის საზღვაო ხომალდის „მუსტაი კარიმის“ გამოყენებაა შესაძლებელი.
„აზოვის ზღვის აუზის ტერიტორიაზე რვა პორტი მდებარეობს - მარიუპოლი, ეისკი, კავკაზი, ტემრიუკი, ბერდიანსკი, აზოვი, დონის როსტოვი და ტაგანროგი. ამასთან, სამთავრობო დოკუმენტებში დაზუსტებულია, რომ სამგზავრო გემების მისაღებად სპეციალიზებული ნავმისადგომი მხოლოდ ტაგანროგშია, ხოლო ეისკისა და მარიუპოლის პორტებმა ასეთი გემების მიღების შესაძლებლობა დაკარგეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: BM.ge
ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP, რომელიც საერთაშორისო აეროპორტების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია მსოფლიო ბაზარზე, თბილისის აეროპორტის განვითარების მომდევნო ეტაპის ფარგლებში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიც არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში განახლებული პირობებით გააგრძელებს.
აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ფილიპე პასკალი, TAV Airports-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი და სხვა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ფრანგულ სახელმწიფო კომპანია Groupe ADP-თან საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმოადგენს მაღალი ნდობისა და საერთო სტრატეგიული ხედვის საფუძველზე ჩამოყალიბებულ პარტნიორობას, რომელიც სრულად ასახავს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს სამოქალაქო ავიაციის განვითარების მიმართულებით. სახელმწიფოსა და Groupe ADP-ის წევრ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ შორის არსებული 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა პარტნიორობის ახალი, გაფართოებული ეტაპის საფუძვლად იქცა, რაც მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მდგრად განვითარებას, მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას და საქართველოს, როგორც ავიაციის რეგიონული ჰაბის პოზიციის განმტკიცებას.
აღნიშნული თანამშრომლობის შედეგია უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP განახორციელებს. 2027–2031 წლებში ფრანგი პარტნიორები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურული გაფართოებისა და ოპერაციული განვითარების ძირითად ასპექტებს განსაზღვრავს, რაც 2031 წელს, ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებამდე ოპერირების განახლებული პირობებითა და გაუმჯობესებული მიდგომებით გაგრძელებას ითვალისწინებს.
ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის მასშტაბური გაფართოება, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის. პარალელურად, თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი.
ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას — დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, აეროპორტის მმართველი კომპანია უზრუნველყოფს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ახალი ავიამიმართულებების განვითარებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვისთვის.
აღნიშნული ინვესტიცია მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას, მისი ოპერაციული შესაძლებლობების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას და საქართველოს, როგორც რეგიონული ავიაციური ჰაბის პოზიციის გაძლიერებას. პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს, გაზრდის ქვეყნის დაკავშირებადობას, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესმობილობის განვითარებას და შექმნის დამატებით ეკონომიკურ სარგებელს სახელმწიფოსთვის.
სახელმწიფოსა და ფრანგულ Groupe ADP-ს შორის პარტნიორობის ახალი ეტაპი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიის მიმართ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული 5 წლის განმავლობაში.
„5 წლის მანძილზე ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3% და ჩვენი ნომინალური ეკონომიკა 16 მლრდ დოლარიდან გაიზარდა 37.5 მლრდ დოლარამდე. რა თქმა უნდა, განვითარების ეს ტემპი იძლევა იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო აქტიურად ვიზრუნოთ ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაზე. დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, დღევანდელი დღე გვაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენი განვითარების ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება მომავალში. მადლობას ყველას, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ეკონომიკის სამინისტროს, ყველას, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. წარმატებები მინდა გისურვოთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.