საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის იწყება პროექტი, სახელწოდებით „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის თაობაზე მათი ცნობიერების დონის ამაღლება. ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა შეხვედრა 5 საჯარო სკოლის 100-ზე მეტ მოსწავლესთან, სადაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს პროექტის მიზნობრიობა და მონაწილეობის პირობები. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მოეწყობა მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. ამასთანავე, მათთვის მოეწყობა საზაფხულო სკოლა. პროექტის პარტნიორია კორპორაცია „ქინძმარაული“. პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ პირველად 2024 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო 5 საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლემ. გამარჯვებულ 15 მოსწავლეს საჩუქრად პორტატული და პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ. ამასთანავე, მათთვის მოეწყო საზაფხულო სკოლა, რომლის ფარგლებშიც ეწვივნენ სხვადასხვა ენერგეტიკულ ობიექტს და ადგილზე გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპებს. სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი პრიორიტეტია ენერგეტიკის საკითხებზე სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლება, განახლებადი ენერგიების ათვისებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ მათი ინფორმირება, ამასთანავე პროფესიის არჩევისას ენერგეტიკის სექტორით მათი დაინტერესების გაზრდა.
2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა, - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
„მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში.
ოთხმა ავიაკომპანიამ დაიწყო საქართველოში პირდაპირი ფრენები - ლონდონი, ჟენევა, ციურიხი, მილანისა და პარიზის მიმართულებით.
გაზრდილია ავიაკომპანიების, მიმართულებებისა და ფრენის სიხშირეების რაოდენობა.
ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა (წყარო: საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია - STR global).
Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 1.5%-ით და საშუალო დღიური ფასი 7.9%-ით გაიზარდა (წყარო: RBNB)“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.
ევროკომისიამ დაადგინა, რომ კომპანიებმა „ეფლმა“ და „მეტამ“ ციფრული ბაზრების შესახებ ევროკავშირში მოქმედი კანონი დაარღვიეს. ჯარიმა 700 მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. კონკრეტულად, კომპანია „ეფლს“ – 500 მილიონის, ხოლო „მეტას“ – 200 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ, ევროკავშირში მოქმედი კანონით, სმარტფონების აპლიკაციების შემქმნელებს, რომლებიც საკუთარ პროდუქტს „ეფლის“ მაღაზიის – „ეფლ სთორის“ გამოყენებით ავრცელებენ, აქვთ ვალდებულება, უფასოდ მიაწოდონ ინფორმაცია მომხმარებლებს ალტერნატიული აპლიკაციების შესახებ, რომელთა ტელეფონში ჩატვირთვა „ეფლ სთორის“ გარეშეც არის შესაძლებელი. ასევე, აქვთ ვალდებულება, გადაამისამართონ მომხმარებლები ამ აპლიკაციებთან და მისცენ შესაძლებლობა, პროდუქტი „ეფლის“ ეკოსისტემის გარეთაც შეისყიდონ.
მომავალი კვირა განსაკუთრებით დატვირთული ევროკავშირისთვის იქნება, რადგან წევრმა სახელმწიფოებმა ბიუჯეტთან, ეკონომიკურ ზრდასთან, ინფლაციასთან და საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით უახლესი მონაცემები უნდა წარმოადგინონ. იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა, ბაზარზე არსებობს მოლოდინი, რომ სახელმწიფოების მხრიდან პოზიტიური მაკროეკონომიკური ინდიკატორების წარმოდგენა ევროპულ საფონდო ბირჟას დამატებით ზრდის სტიმულს მისცემს.
მომდევნო დღეების განმავლობაში საინტერესო სიახლეები გველის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რადგან ფედერალური რეზერვის მონეტარული საბჭოს წევრებმა FED-ის სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები უნდა გაავრცელონ. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებოა ის მოცემულობა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უწყების ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის გადაყენება სურს, რადგან ფედერალური რეზერვი, მისი შეფასებით, ზედმეტად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს და განაკვეთს იმ ტემპით არ ამცირებს, რა ტემპითაც ეს არის საჭირო.
დაძაბული კვირა ელით ჩინეთით დაინტერესებულ ინვესტორებსაც, რადგან ქვეყანამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკასთან დაკავშირებით უახლესი მონაცემები უნდა წარმოადგინოს და არსებობს მოლოდინი, რომ წლიურად FDI-ის მოცულობა 22%-ით იქნება შემცირებული. თუ რეალური მაჩვენებელი ამაზე უარესი აღმოჩნდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ჩინურ საფონდო ბირჟაზე პოზიტიურად არ აისახება.
უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორთათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება კორპორაციული სექტორი, რადგან მსხვილი კომპანიები კვარტალურ ანგარიშებს წარადგენენ. მათ შორის იქნებიან: Google, Tesla, SAP, Novartis, Boeing, RTX, Philip Morris, IBM, AT&T, Verizon, T-Mobile, Pepsico, AbbVie, Intel, Northrop Grumman, Capital One, და Moody's.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
წყარო: bm.ge
თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილის, ლინ ძის თანათავმჯდომარეობით სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობების, ასევე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე. კომისიის წევრებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს, განხილვის ერთ-ერთი თემა ასევე იყო შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი აღნიშნული დერეფნის განვითარებაში.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც დააწესა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან და ამით ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც სავაჭრო პარტნიორისა და სატრანზიტო ჰაბის“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლების და საინვესტიციო გარემოს, ასევე მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზი გაუსვა, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს უწყობს საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ბიზნესკავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და 1.92 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთმა მე-4 ადგილი დაიკავა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის.
სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა და ლინ ძიმ ხელი მოაწერეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომის ოქმს; კომისიის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ნებართვას. ამასთან, უახლოეს თვეებში დასრულდება მოლაპარაკება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ოქმთან დაკავშირებით. ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველომ ჩინეთის ბაზარზე პირველად გაიტანოს ისეთი პროდუქტები, რომლებზეც მაღალი მოთხოვნა არსებობს.
ლევან დავითაშვილმა ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი „თბილისის აბრეშუმის გზის“ მე-5 ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს გაიმართება.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.