საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში Google-ს სპეციალური გადამღები ჯგუფები 2025 წლის მარტიდან, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საქართველოს 24 ქალაქში 360-გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ.
„იგეგმება 15 000 კილომეტრის დაფარვა, მათ შორის ისეთი ქალაქების, როგორებიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, მესტია და სხვა, ძირითადი ფოკუსირებით გზებსა და მაგისტრალებზე.
საქართველოს ქალაქების 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების გამოქვეყნება 2026 წელს დაიწყება, რაც გააუმჯობესებს ნავიგაციას და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ვიზიტორებს შეეძლებათ, წინასწარ დაათვალიერონ საქართველო და უკეთ დაგეგმონ მოგზაურობა.
Street View-ს გამოსახულებები მოიცავს მხოლოდ საჯარო საკუთრებას, ასევე კერძო ტერიტორიებს, რომელთა ფოტოგრაფირების ნებართვაც არსებობს. გარდა ამისა, Google-ი უზრუნველყოფს მარტივად გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს, რათა ადამიანებმა მოითხოვონ თავიანთი სახლის, მანქანის ან საკუთარი თავის დაფარვა და მონიშნონ მათთვის შეუსაბამო/მიუღებელი გამოსახულებები განხილვისა და წაშლისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესებისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების საკითხზე.
დავით ნარმანიამ კომიტეტების წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სამართლებრივი ჩარჩოს, მომხმარებელთა საჩივრების კლასიფიკაციის, მოწყვლადი მომხმარებლის დაცვის მექანიზმებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სხვადასხვა სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 5 მარეგულირებელი უწყების მოსმენა გაიმართა. მოხსენებით წარდგნენ სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის სატრანზიტო როლს და დაკავშირებადობის ფუნქციას.
მთავრობის მეთაური „საქართველოს კაპიტალის“ აქციონერთა წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვაზე ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მათვის მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.