თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც „ტავ ჯორჯია“ მართავს, ავიაკომპანია EasyJet-მა ოპერირება დაიწყო. თბილისში ჟენევიდან პირველი რეისით Airbus A320 უკვე ჩამოფრინდა და პირველი მგზავრებიც ჩამოიყვანა. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ აღნიშნა, EasyJet თბილისს სამ ევროპულ ქალაქთან – ჟენევასთან, მილანთან და ლონდონთან პირდაპირი ავიარეისებით დააკავშირებს.
„ტავ ჯორჯია“ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი მიმართულებების განვითარებას ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე ჰქონდეთ წვდომა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია რომ EasyJet-ის ახალი დანიშნულების ადგილი სწორედ თბილისია და ეს ავიაკომპანია ჩვენს დედაქალაქს სამ ევროპულ ქალაქთან – ჟენევასთან, მილანთან და ლონდონთან პირდაპირი ავიარეისებით დააკავშირებს. ავიარეისები კვირაში ორჯერ სიხშირით შესრულდება. „ტავ ჯორჯიას“ გუნდი მაქსიმუმს აკეთებს, რათა მგზავრთნაკადის უპრეცედენტო მატების ფონზე შექმნილ გამოწვევებთან ადაპტირდეს და ავიაკომპანიებს უმაღლესი ხარისხის სერვისი შესთავაზოს“, – განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
„დღეიდან, 31 მარტიდან ოპერირება დაიწყო EasyJet Switzerland-მა, რომელიც ჟენევა-თბილისი-ჟენევის საჰაერო ხაზზე კვირაში ორჯერ სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს იფრენს. პირველი აპრილიდან, EasyJet UK შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ლონდონი-თბილისის საჰაერო ხაზზე, კვირაში ორჯერ – ყოველ სამშაბათსა და შაბათს. ასევე, პირველი აპრილიდან ყოველ სამშაბათსა და შაბათს მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე EasyJet Europe Airline BmbH შეასრულებს რეისებს.
EasyJet-ი ერთ-ერთია იმ ავიაკომპანიებს შორის, რომელიც ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ევროპულ ქალაქებთან დააკავშირებს. 2025 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტს რვა ახალი ავიაკომპანია ემატება. სწორედ ახალი მიმართულებების განვითარებისა და ავიაკომპანიებთან ეფექტიანი თანამშრომლობის გამო, გავლენიანმა პლატფორმამ Routes Europe 2025 თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ხუთ მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შეიყვანა“, – ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით საქართველოდან 15.4 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 9.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 13.3 ათასი ტონით (7.2-ჯერ), ხოლო ღირებულება - 8.3 მლნ აშშ დოლარით (6.9-ჯერ) გაიზარდა.
ქართული ვაშლის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (15 318 ტონა), 60 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია ყაზახეთში, 21 ტონა - თურქეთში და 3 ტონა - სომხეთში.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.