მთავრობამ „ანაგი“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა, რისთვისაც სამშენებლო კომპანიამ ბიუჯეტში 260 870 ლარი უნდა გადაიხადოს. 12 აგვისტოთი დათარიღებული 1320-ე მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, რომ კომპანია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 3 თვით გათავისუფლდება და „ანაგი“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში ეწერის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 200 000 მ³ ქვიშა-ხრეშის მოპოვებას შეძლებს.
მოპოვებული ქვიშა-ხრეში კი სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკისა ან/და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების სახსრებით დაფინანსებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტის შეზღუდულ ვადებში შესასრულებლად უნდა გამოიყენოს. თუმცა დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის რომელი პროექტის შესრულებისთვის მიეცა კომპანიას კონკრეტულ ლოკაციაზე წიაღისეულის მოპოვების უფლება.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ "ანაგმა" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორ კვირაში მინერალური რესურსების სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მოპოვებული რესურსის მოცულობების შესახებ ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.
Air Arabia Abu Dhabi-მ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეები გაზარდა. აგვისტოს თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აბუ დაბიდან ფრენები კვირაში 8-ჯერ უკვე სრულდება. ხუთშაბათობით კი ავიაკომპანია დღეში ორჯერ იფრენს. სამომავლოდ, Air Arabia Abu Dhabi თბილისის მიმართულებით სიხშირეების კვირაში 10-მდე ზრდას განიხილავს. ავიაკომპანია ფრენის სიხშირეებს, ასევე აზერბაიჯანის მიმართულებითაც ზრდის.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ მომხმარებელს მეტი არჩევანი შესთავაზოს და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა პირდაპირ და ხელმისაწვდომ მგზავრობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქსა და საქართველოს შორის.
,,ბაქოსა და თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მუდმივ მიზანს გავაძლიეროთ რეგიონული ქსელი და უზრუნველვყოთ მეტი კომფორტი და მოქნილობა მომხმარებლებისთვის.
ეს ორი დინამიკური ქალაქი კვლავ რჩება პოპულარულ მიმართულებად, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების მცხოვრებლებისთვის, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. განახლებული განრიგები კიდევ უფრო გააძლიერებს ტურიზმსა და მოგზაურობას შორის კავშირებს და შექმნის უფრო მარტივ და ხელმისაწვდომ მგზავრობის გამოცდილებას,-‘’ნათქვამია Air Arabia ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ადელ ალ ალის გავრცელებულ განცხადებაში.
Air Arabia ახლო აღმოსავლეთის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს და ფრენებს შარჟა-თბილისი-შარჟას მიმართულებით ასრულებს. 2021 წლიდან კი საქართველოს ბაზარზე Air Arabia-ს შვილობილი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-მ დაიწყო ოპერირება, რომელმაც პირდაპირი საჰაერო გზით ერთმანეთს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქები დააკავშირა.
თავდაპირველად ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით ოპერირებდა, ამ ეტაპზე, კი აბუ დაბიდანუკვე კვირაში 8 სიხშირით სრულდება ფრენები. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით კიდევ რამდენიმე სიხშირის დამატებას განიხილავს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია აბუ დაბი-თბილისის-აბუ დაბის მიმართულებით 50 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთის ქალაქ ავაზაში, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების მხარდამჭერ გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. 6-წუთიან განცხადებაში კობახიძემ ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის ბიზნესკლიმატსა და იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რასაც საქართველო ყველა მხრიდან ხმელეთით შემოსაზღვრულ ქვეყნებს სთავაზობს.
მისი თქმით, საქართველო დღეს უკვე თანამშრომლობს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას, რომლებსაც, სხვადასხვა სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, 2.2 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე უხსნის წვდომას.
"ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო, ისტორიულად წარმოადგენდა ბუნებრივ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად გვაქცევს, რომელიც კონტინენტებს აერთიანებს და ბაზრებს აკავშირებს.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ამჟამად 2.2 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე გვაქვს", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მიზანია, იქცეს მრავალფუნქციურ ჰაბად, რაც ქვეყანას დამატებით ღირებულებას შესძენს და სწორედ ამ მიზნის მხარდასაჭერად სრულდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.
საქართველოს ხედვა არის ნათელი: არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ — ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი — კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი. ჰაბი, რომელიც დამატებით ღირებულებას წარმოადგენს მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე. ეს გულისხმობს შესაძლებლობების განვითარებას სასაწყობო მეურნეობებში, გადამმუშავებელ საწარმოებში, ამწყობ საამქრეობსა და რეალიზაციის ქსელში, რაც საქართველოს უბრალო სატრანზიტო ქვეყნიდან აქცევს რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განუყოფელ ნაწილად.ეს მიდგომა ქმნის სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს ზღვაზე გასასვლელის არმქონე პარტნიორებისთვის — ეს არის ურთიერთმოგებიანი მოდელი, სადაც ეფექტიანობის ზრდა სარგებელს აძლევს რეგიონული ვაჭრობის ეკოსისტემის ყველა მონაწილეს.
მრავალფუნქციურ და მრავალ მიმართულებიან ჰაბად ქცევის ჩვენეული ხედვა მხარდაჭერილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც განაპირობებენ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის ზრდას. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მშრალი პორტები — ყველა ეს პროექტი აძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ როლს აზიასა და ევროპას შორის მდებარე შუა დერეფანში", - განაცხადა პრემიერმა.
კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ძალისხმევა, ტრანზიტულ ჰაბად იქცეს, უკვე მსოფლიო დონეზეა აღიარებული, რასაც ადასტურებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის სრული მზაობის მქონე“ ქვეყნების შეფასება, რომელშიც, მისი თქმით, საქართველო სამ წამყვან ქვეყანას შორის მოიაზრება. კობახიძის თქმით, აღიარებულია ქვეყნის ბიზნესგარემო თავისი საგადასახადო შეღავათებითა და სამართლის უზენაესობით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
🔹 „ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
🔹 ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.
🔹 საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ:
▪️ პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები.
▪️ პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი.
▪️ მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი: ინვესტორს მრავალჯერ გადაუვადდა მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადები. დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას.
▪️ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა.
▪️ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ინვესტორების (მათ შორის, ამერიკული საინვესტიციო ფონდის) მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია.
🔹 აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
🔹 საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟში წააგო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ.
🔹 პარიზის არბიტრაჟმაც სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები და პირიქით, მათ დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ, მათ დაკისრებული თანხაც გადაიხადეს, რითაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ანაკლიის პორტი მათი ბრალეულობით ვერ განხორციელდა“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ონფორმაციაში.
ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ბოლო წლებში სურსათის ფასები მკვეთრად მატულობს, რაზეც წარმოების გაზრდილი ხარჯები და მიმდინარე გეოპოლიტიკური კონფლიქტები მოქმედებს, თუმცა, Environmental Research Letters-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფასების ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამინდის ექსტრემალური პირობებიც.
მკვლევართა ჯგუფმა 18 ქვეყნის მასშტაბით 16 ისეთი საკვები პროდუქტი გამოავლინა, რომლებიც 2022-2024 წლებში უპრეცედენტო სიცხის, გვალვისა და წვიმიანობის გამო, ყველაზე მეტად გაძვირდა.
საქმე ისაა, რომ 2024 წელი პლანეტისთვის რეკორდულად ცხელი იყო, როცა გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა პრეინდუსტრიული პერიოდის საშუალო მაჩვენებელს 15℃-ით. საპირისპიროდ, უპრეცედენტოდ ძლიერი წვიმა და წყალდიდობები ფიქსირდებოდა დიდ ბრიტანეთში, პაკისტანსა და ავსტრალიაში. სწორედ ამინდის ეს პირობები აძვირებს საკვებ პროდუქტებს. მაგალითად, ექსტრემალურ ამინდს ნათესების განადგურება შეუძლია, რაც მოსავლიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს.
კვლევის თანახმად, 2024 წლის იანვრიდან თებერვლამდე დიდ ბრიტანეთში კარტოფილის ფასი 22%-ით გაიზარდა, რაც მკვეთრად წვიმიანი სეზონით იყო განპირობებული. გასული წელი დიდი ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. მეცნიერების შეფასებით, უპრეცედენტო ნალექის ალბათობა აქ კლიმატის ცვლილების შედეგად 10-ჯერ გაიზარდა. მანამდე, 2022 წელს, ქვეყანაში ექსტრემალური სიცხის ტალღაც დაფიქსირდა, როდესაც ტემპერატურამ 40℃-ს პირველად მიაღწია. 2025 წელს კი ბრიტანეთს რეკორდულად თბილი გაზაფხული ჰქონდა.
ამასთან, 2024 წლის იანვარში, იტალიასა და ესპანეთში ზეითუნის ზეთზე ფასი წლიურად 50%-ით გაიზარდა, რასაც წინ უსწრებდა მწვავე გვალვა 2023 და 2022 წლებში. ცხელი და მშრალი ამინდის გამო, ესპანეთში, რომელიც მსოფლიო მარაგების 40%-ზეა პასუხისმგებელი, ზეითუნის ზეთის წარმოება 2022 წელს 50%-ით შემცირდა. მაღალმა ტემპერატურამ ზეთისხილის ხეები ყვავილობის პერიოდში გაანადგურა, გადარჩენილ მცენარეებზე კი ნაყოფი ნორმაზე მცირე ზომის გაიზარდა.
ექსტრემალურმა ამინდმა საკვების წარმოებაზე გავლენა იქონია ევროპის მიღმა ქვეყნებშიც. მაგალითად, უპრეცედენტო ტემპერატურები დაფიქსირდა სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში, რამაც საგრძნობლად გააძვირა კორეული კომბოსტო და იაპონური ბრინჯი. ბოსტნეულის წარმოების ფასები 80%-ით გაიზარდა აშშ-შიც, სადაც ამ პროდუქციის მთავარ მწარმოებელ შტატ კალიფორნიაში ექსტრემალურ გვალვას ებრძოდნენ.
ექსტრემალურმა სიცხემ გავლენა იქონია კაკაოსა და ყავის მწარმოებელი ქვეყნების კლიმატზეც, რამაც ორივე პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
კვლევაში, რომელიც ექვსი ევროპული კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობით მომზადდა, ხაზგასმულია, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ფასნამატები საზოგადოებასა და სურსათის უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი სწრაფად ადაპტირდეს ახალ გამოწვევებთან.
bm.ge