უნგრეთმა და სლოვაკეთმა შესაძლოა, მხარი არ დაუჭირონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წარმომადგენლებისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ნაწილის გაგრძელებას. მათი მოქმედების ვადა 15 სექტემბერს იწურება.
უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციების გაგრძელების მხარდაჭერის სანაცვლოდ მოითხოვენ სიიდან ექვსი რუსი ბიზნესმენის ამოღებას.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, უნგრეთი მოითხოვს, რომ სანქციები მოეხსნას ოთხ რუსს, ხოლო სლოვაკეთი - ორს. მათ ვინაობას „ევროპეისკა პრავდას“ რესპონდენტები არ ასახელებენ.
გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ 2025 წლის 14 მარტს, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უნგრეთის მოთხოვნით ევროკავშირმა სანქცირებულთა სიიდან ამოიღო რამდენიმე პირი, მათ შორის ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის და, მინერალური სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, „ევროხიმის“ ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმირ რაშევსკი და რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიაროვი. უნგრეთმა სწორედ ამის შემდეგ დაუჭირა მხარი სანქციების გაგრძელებას.
უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს, რომელთა ხელმძღვანელებს, ვიქტორ ორბანს და რობერტ ფიცოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვთ, არაერთხელ შეუფერხებიათ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელება, ან ახალი შეზღუდვების შემოღება.
მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სახელმწიფოთა დიდმა ნაწილმა უარი თქვა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე, უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთისგან საწვავის შეძენას განაგრძობენ და ამას საკუთარი მოსახლეობის ინტერესებით ხსნიან.
ამჟამად ევროკომისია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობს. სააგენტო „ფრანს პრესის" წყაროთა თანახმად, გერმანიისა და საფრანგეთის წინადადებაა, რომ სანქციები დაუწესდეს რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილსაც".
სანქციების ამოქმედებას ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობა სჭირდება. უნგრეთი, დიდი ალბათობით, წინააღმდეგი იქნება.
წყარო: "რადიო თავისუფლება"
Tesla-მ თავისი აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკისთვის კომპენსაციის ახალი პაკეტი წარადგინა, რომლის ღირებულებამაც შესაძლოა დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი შეადგინოს, თუ კომპანია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გარკვეულ ამბიციურ მიზნებს მიაღწევს. ეს ნაბიჯი კომპანიის დირექტორთა საბჭომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისთვის დაახლოებით 29 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების ჯილდოს დამტკიცებიდან ერთი თვის შემდეგ გადადგა.
კომპანიამ გეგმა SEC-ში წარდგენილ დოკუმენტში შიეტანა, რომლის მიხედვითაც, მილიარდერს ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში დამატებით 12%-იანი წილის მიღება შეუძლია, რაც მასკის მიერ გასულ წელს წამოყენებული მოთხოვნის შესაბამისია.
კომპანიის განმარტებით, „ამჟამად არ არსებობს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც შეინარჩუნებს და წაახალისებს ილონს, მთელი ენერგია Tesla-ს მიუძღვნას,“ ამიტომ ცვლილებების დრო დადგა.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სრული კომპენსაციის მიღებას მასკი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მომდევნო 10 წლის განმავლობაში Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია დღევანდელი დაახლოებით 1 ტრილიონიდან 8.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.
ილონ მასკს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი საჯაროდ ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
წყარო: Forbes