გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1 118 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, კაკლოვანი ხილი, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი და მოცვი.
„ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 18.3 მლნ აშშ დოლარით (19%-ით) გაიზარდა და 113.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ზრდა, ძირითადად, თხილის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტით იყო განპირობებული. თხილის ექსპორტის ღირებულებამ 10.9 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და 33.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წვენების ექსპორტმა 4.4 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და 6.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, ევროკავშირში 23.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 2.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყნის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში წამყვან პოზიციას ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები იკავებს, მათ შორის სპირტიანი სასმელები - 172.6 მლნ აშშ დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვინოები - 165.6 მლნ აშშ დოლარი, მინერალური და მტკნარი წყლები - 114.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო უალკოჰოლო გაზიანი სასმელები - 112.9 მლნ აშშ დოლარი. სასმელებთან ერთად, ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვა პროდუქტებსაც. ქვეყნიდან ექსპორტირებულია კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) 59.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი - 46.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების და მოცვი - 45.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2025 წელს მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა რიგ აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია კარტოფილი, რომლის ექსპორტი 25.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 29-ჯერ გადააჭარბა გასული წლის მაჩვენებელს. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტში (ზრდა: 21.5 მლნ აშშ დოლარი; 23%), გადამუშავებული თხილისა და ფსტის (ზრდა: 18.8 მლნ აშშ დოლარი; 67%), კაკლოვანი ხილის (ძირითადად თხილი; ზრდა: 18.6 მლნ აშშ დოლარი; 46%), მოცვის (ზრდა: 17.6 მლნ აშშ დოლარი; 63%), ხოლო თესლოვანი ხილის (ძირითადად ვაშლი) ექსპორტში – 6.2 მლნ აშშ დოლარის ზრდა დაფიქსირდა, რაც 4.5-ჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან დასეტყვილ საღვინე ყურძენს - 1 კილოგრამს 1 ლარად, დღეიდან მიიღებს, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვისგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, პირველადი მონაცემებით, 150 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა.
„რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501 და ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე - 0322 193 283.
13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებულია 27 ათასი ტონა ყურძენი“, - აცხადებენ სააგენტოში.