2025 წლის III კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,666.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის სამ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 3,637.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 5.1%). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის III კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 14.3%-ით განისაზღვრა და 238.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.3%-ია. სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 36.3% და 28%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2025 წლის III კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 14.3%-ით შემცირდა.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მესამე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:
უძრავი ქონების შეძენა შიდა განვადებების გზით საქართველოში პოპულარული ხდება. იპოთეკების ნაცვლად, ბინის ყიდვის ამ გზას სულ უფრო მეტი მოქალაქე ირჩევს, რაც სპეციალისტების შეფასებით, გაცილებით რისკიანია.
„ეს არ წარმოადგენს სისტემურ რისკს ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით, თუმცა ცალკეული მოქალაქეებისთვის შეიძლება სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას.
მათი თქმით, მოქალაქეებმა შიდა განვადების გაფორმებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ვადიანობას და დაფიქრდნენ, რამდენად რეალისტურია გრძელვადიანი ვალდებულებების შესრულება.
„ერთ-ერთი ტენდენცია, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ, არის შიდა განვადებების პრაქტიკა. ბევრი მოქალაქე ბინის შეძენის ამ გზას ირჩევს. ხშირად ასეთი პროდუქტები მარკეტინგულად წარმოჩნდება, თითქოს უპროცენტო განვადებად, თუმცა ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი - უპროცენტო არაფერია. ადრე თუ გვიან, პროცენტი ფასში მაინც აისახება, რადგან დეველოპერს უწევს თანხის მოზიდვა სხვა ალტერნატიული წყაროებიდან, რაც საბოლოო ჯამში პროდუქტის ფასში აისახება. შესაბამისად, იაფი არ არის.
ასეთი შენატანები რეალურად არსებობს და გარკვეულწილად იპოთეკურ სესხებსაც ჩაანაცვლებს. ჯანსაღი პრაქტიკაა, როდესაც მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში ხდება შიდა განვადებით გადახდა, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ – დაფინანსების ბანკში გადატანა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკას ახასიათებს გარკვეული შოკები და იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს მომავალში დასჭირდებათ რეფინანსირება ან ბანკში გადასვლა, ეს ყოველთვის ხელმისაწვდომი შეიძლება ვერ იყოს, ამიტომ ასეთი რისკები არსებობს.
ეს არ წარმოადგენს სისტემურ რისკს ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით, თუმცა ცალკეული მოქალაქეებისთვის შეიძლება სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს. როდესაც მოქალაქეები შიდა განვადებას აფორმებენ, ყურადღებით უნდა შეაფასონ ვადიანობა. ბაზარზე უკვე გამოჩნდა 10-წლიანი შიდა განვადებებიც, რაც ვფიქრობ, ნაკლებად ჯანსაღი პრაქტიკაა. როგორც წესი, ბინის მშენებლობა 3 წელზე მეტხანს არ გრძელდება და შემდეგ დეველოპერს უწევს ამ თანხის ამოღება მოქალაქეებისგან, რაც დამატებით რისკებს ქმნის.
მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა შეაფასონ ის ორგანიზაცია, სადაც თანხას იდებენ - რამდენად გამძლეა ის ეკონომიკური შოკების მიმართ, მათ შორის როგორი იყო მისი წარსული გამოცდილება. ამასთანავე, საჭიროა, რომ მოქალაქეებმა ფინანსური ცნობიერება კიდევ უფრო აიმაღლონ, რათა უკეთ შეძლონ საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგების შეფასება.“ - განაცხადა უტიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქართულმა ბანკებმა სულ 32,565 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.4%-ით, ანუ 5,038-ით არის შემცირებული. თუმცა, იმის გამო რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3.3%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 2.8 მილიარდ ლარს შეადგენს (მატება 90 მილიონი ლარი).
BM.Ge
Pomona Organic – ქართული წარმოშობის ორგანული წვენების ბრენდი, რომელიც წლებია Amazon-ზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, მომავალი წლიდან აშშ-ის ნაციონალური სუპერმარკეტების ქსელებში გამოჩნდება.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ლევან კახაძე BM.GE-სთან ამბობს, Pomona Organic ამჟამად საქართველოში წარმოებულ წვენებს აშშ-ის ბაზარზე ყიდის და ამ დროისთვის, უკვე 10 მილიონზე მეტი ბოთლი აქვს რეალიზებული.
ინფორმაციისთვის, Amazon-ზე პროდუქციის შეკვეთის ღირებულება, რომელშიც 12 ბოთლი ორგანული წვენია, 50 დოლარი ღირს.
„Pomona Organic Juices-ის ბრენდი დაახლოებით რვა წლის წინ შევქმენით. ეს არის 100%-ით ორგანული, USDA სერტიფიცირებული პროდუქტი. პირველი ვიყავით, ვინც ქართული წვენი Amazon-ზე შეიტანა, და დღეს ათ მილიონზე მეტი ბოთლი გვაქვს გაყიდული“, – ამბობს ლევან კასრაძე.
მისი ინფორმაციით, ბრენდის პროდუქცია 24 სახეობის ორგანულ წვენს მოიცავს, მათ შორის ბროწეულის, ჭარხლისა და ალუბლის. კომპანია პარტნიორობს საქართველოში ორგანული წვენის საწარმოსთან, რომელიც ბიო და ორგანული სერტიფიკატის მქონე პროდუქტს აწარმოებს.
Pomona Organic უკვე ხუთი წელია Amazon-ის ოფიციალური მიმწოდებელია: “ჩვენ ხელი მოვაწერეთ სიეტლში Amazon-თან ხელშეკრულებას და დღემდე წარმატებით ვმუშაობთ როგორც მათი პირდაპირი მიმწოდებლები “, – აღნიშნავს კახაძე.
ბრენდის შემდეგი ნაბიჯი არის ონლაინ გაყიდვებიდან საცალო ქსელებში გასვლა. ამ მიზნით, Pomona Organic უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს Whole Foods Market-თან, რომელიც Amazon-ის ეკოსისტემაში შედის და ორგანული პროდუქტების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან რითეილერად ითვლება. კომპანია რა მასშტაბით შევა საცალო გაყიდვების სავაჭრო სივრცეებში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შესაძლოა, პროდუქტი ეტაპობრივად გამოჩნდეს სხვადასხვა შტატში, ან ერთდროულად ყველა რეგიონში.
BM.ge
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.8 მლნ აშშ დოლარი (860.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.1%-ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მათივე ცნობით, წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში გადმორიცხულია 2,691.4 მლნ აშშ დოლარი.
ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 144.3 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 11.7%-ს შეადგენს.
„ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში. ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, სექტემბერში აშშ-დან 21.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 59.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 38.2 მლნ აშშ დოლარი (103.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის სექტემბრის (33.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 224.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
სებ-ის ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება.
„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, ხოლო აგვისტოში 199.6 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-აგვისტოში წმინდა შესყიდვებმა 1,5 მლრდ შეადგინა. წმინდა შესყიდვების სექტემბრის სტატისტიკა კი 27 ოქტომბერს გამოქვეყნდება. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე – სექტემბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია. 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.2%-ს (877.8 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 377.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 ნოემბერს გამოაქვეყნებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.