მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. ცერემონია ანტიკურ რომაულ ამფითეატრზე - ვერონას არენაზე გაიმართა.
ოლიმპიურ დელეგაციათა ტრადიციულ აღლუმში საქართველოს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. საქართველოდან მედროშეები იყვნენ სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური - ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა და მოციგურავე ლუკა ბერულავა - ქართული სპორტის ისტორიაში საქართველოს პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ანასტასია მეტელკინასთან წყვილში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ზამთრის შემდეგი ოლიმპიური თამაშები კი საფრანგეთში გაიმართება.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში ქართული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა – პირველად ტოპ-5 საფეხბურთო ლიგისშეხვედრისას მოედანზე ერთდროულად ოთხი ქართველი იმყოფებოდა.
„პარი სენ-ჟერმენმა“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, „მეცს“ უმასპინძლა. თავიდან „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში თამაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილმა დაიწყო, მეორე ტაიმში კი შეცვლაზე პარიზელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელია (64), „მეცში“ კი გიორგი აბუაშვილი (66) და გიორგი ქვილითაია (79) შევიდნენ.
„პარი სენ-ჟერმენმა“ თამაში დამაჯერებლად მოიგო – ანგარიში დეზირე დუემ მე-3 წუთზეგახსნა, ბრედლი ბარკოლამ (45+3) სხვაობა გაზარდა, ხოლო საბოლოო შედეგი გონსალო რამოშმა (77) დააფიქსირა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ 23 ტურის შემდეგ 54 ქულა დააგროვა, „ლანსს“ (52) გადაასწრო და კვლავ პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო „მეცი“ (13) ბოლო პოზიციას იკავებს.
სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში სლალომში პირველი დაშვებისას ნინო წიკლაურმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა.
ქართველმა სამთო მოთხილამურემ გიგანტურ სლალომშიც იასპარეზა, ორი დაშვების ჯამში კი 49-ე შედეგი აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე არიან. ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარადგინა და მსაჯებისგან 75.46 ქულა დაიმსახურა.
პირველ ადგილზე გერმანელები მინერვა ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი არიან (80.01), მესამე პოზიციას კი კანადელები ლია პერეირა და მიშო ტრენტი იკავებენ (74.60).
ბერულავა-მეტელკინას წყვილი თავისუფალ პროგრამას დღეს წარადგენს. სწორედ აქ გაირკვევა მოიპოვებს თუ არა საქართველოსთვის პირველ, ისტორიულ მედალს ზამთრის ოლიმპიადებზე. შეჯიბრება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.